სულმოუთქმელად ველი დილას,
ღამემ დამღალა, აცეკვდეს სხივი
შენს თვალებში, ღიმი მომგვაროს,
დამასვენებდეს ნეტავ იმ დღეს
მტანჯველი ფიქრი, ხელში დავწურავ
შენი სულის ფერად სამყაროს.
გამინათდება, უსათუოდ გამინათდება
სულის კუნჭული, სადაც სძინავთ
შავ-თეთრ დემონებს, ადამის სახით
ჩასაფრებულებს, რომელთა ხილვა
ისევ მაშფოთებს, დედას მაგონებს
და ბავშვობას, აკვნის არტახებს, ქალთა სალონებს,
საღებავის სუნს, მეტროს ვაგონებს,
სოფლის ბილიკებს, თავსაფრით ბებოს,
დოს, ხაჭაპურებს, დაზვინულ ფერდობს.
სხეულში იძვრის მამულის სიყვარული,
მოჭიდებული ხეებს, სიმინდის ყანებს,
ვენახის ჭიგოებს, აღარ მინდობენ
მოგონებები, დაამინდობენ...
ისევ შენთან ვარ, გამეჩხირა
ყელში აკვანი, ღვინის მარანი,
ცხენის უზანგები, ჭრელი მუთაქები,
ჩხირები, საქსოვი ძაფები,
ალვები, ჭადრები, კაკლები,
ჩურჩხელა, თათარაში ნავლები,
ნეტავ რა ვპოვე მე ამაზე უფრო მაგარი?!
დავტოვე მიწა, მამა-პაპის ნაამაგარი,
მეძახის, მელის კვირტი ყოველი,
შენში ვარ, შენზე გულით მლოცველი.
No comments:
Post a Comment