Monday, September 22, 2014

მე შემოდგომის ფოთოლი ვარ! ( ვუძღვნი ემიგრანტებს)

მე შემოდგომის ფოთოლი ვარ, - მცივა და მტკივა,
ქარმა შორეთში, უგზოუკვლოდ, ფრენით წამიღო,
სხვის მიწა-წყალზე შევეხიზნე სიჩუმეს სტუმრად,
სამშობლოს ფერებს  მონატრებად მხრებზე დავიწყობ.
გამოლეულა მოთმინება, სიზმრებში ვტირი
დედას, უნახავს, (გულმოკლული დატოვებს სოფელს),
სულის ძაფები, გამობმული მშობლიურ სახლთან,
არ დაწყვეტილა, - სასოებით ეკვრიან შორეთს.
ფრესკები ძველი ეკლესიის ისევ მელიან,
ვფიქრობ შვილებზე, - უდედობის აჩნიათ დამღა.
ეს განშორება გასაოცრად სისხლისფერია, -
გულს შეეპარა ტკივილი და ცხოვრებით დაღლა...
მცივა და მტკივა,მხოლოდ ეკრანს ვეხები ხელით,
სინაზის, წყენის, სიყვარულის ლექსებს ვღიღინებებ,
შემოდგომის ქარს გამოვყვები ისევე ფრენით,
მშობლის საფლავზე უსასოო ცრემლით ვიტირებ.


Saturday, September 20, 2014

ისევ ვიპოვე სინათლე ჩემში

ქოლგას გამიხსნის ოქტომბრის ზეცა,
ზედ წვიმის წვეთი ლეკურსა ცეკვავს,
ძირს დაცვენილი ფოთლების ფერში,
ისევ ვიპოვე სინათლე ჩემში.

Friday, September 19, 2014

მონატრება (მოთხრობა)

     თავზე ლურჯი ცა მეხურა, მაგრამ თითქოს ჩემი არ იყო, რაღაც აკლდა, პირს სიამოვნებისაგან ვაწკლაპუნებდი, წინ მაყვლოვანი გადაშლილიყო, შავი ნაყოფი ცვარივთ ეყარა ბუჩქებს, კალათას გავავსებ, ბავშვებს გავახარებ,- ვფიქრობდი, ეკლებს არ ვეპუებოდი,ხელით ვწევდი ტოტებს, ფეხებსაც ვახმარდი, მალე დავსისხლიანდი, მაგრამ ტკივილს ვერ ვგრძნობდი, მახსენდებოდა ჩემი ბიჭის გაშავებული პირი და მხიარული სახე, ნეტა წამომეყვანა, -ვფიქრობდი, სისხლი მომაწვა სახეში, გამახსენდა, რომ ვერ დადიოდა, თბილისში ექიმებმა ცერებრალური დამბლა დაუდგინეს, ამ ავადმყოფობის სახელიც კი ძლივს დავიმახსოვრე. ტირილი მომინდა, მაგრამ გავხედე მაყვლოვანს, წარმოვიდგინე, როგორ გაიხარებდა ბავშვი და საქმე განვაგრძე. ორი ბიჭი მყავს, ერთმანეთზე უკეთესები, უფროსი კარგად სწავლობს სკოლაში, ენაცვალოს დედა, ისიც ჩაიგემრიელებს პირს, თორემ იმ პაწაწკინტელა სამოსახლოში, ომის შემდეგ რომ მოგვცეს, რა ხილი უნდა ჭამო, მართალია დიტომ ხეხილი ჩაყარა, მაგრამ ეგ როდის იქნება, ამიტომ მიწევს ტყეში სიარული, იქნებ შვილებს რამე მივუტანო,- ვფიქრობდი ნაღველით. ეჰ, ჩვენს ცხოვრებას თუ ცხოვრება ჰქვია, იმოდენა სახლ-კარი, ბაღ-ვენახი დავტოვეთ და ახლა აქ, პატარა მიწის ნაგლეჯზე ვცხოვრობთ,  ღმერთო, არ გეგონოს რომ უმადური ვარ, მიხარია რომ გადავრჩით,თუმცა ამდენი დარდისაგან ხეიბარი  შვილი შემეძინა. მერე რამდენი დაიღუპა.., რამდენი დასახიჩრდა,,, მაგრამ მაინც მინდა გითხრა, ჩემი სახლ-კარი მენატრება, ჩემი ჭალა, ჩემი ვენახი, ჩემი კარ-მიდამო, ჩემი მიწა, მერე როგორ გვიყვარდა ერთმანეთი მეზობლებს... ვინ იტყოდა, მე ქართველი ვარ და ის ოსიო...მეც ოსი ვარ, მაგრამ ვისზე ნაკლებად მიყვარს საქართველო?! ძნელია ავადმყოფი ბავშვის თბილისში ტარება, მასაჟები ჭირდება, ფული არა გვაქვს, ქმარი საშოვარზე თურქეთში წავიდა, მაგრამ იქაც ბევრი ვერაფერი იხეირა.ამას წინათ თამბაქოს პლანტაციებში მუშაობდა, მასთან ერთად ორი კასპელი კაცი ყოფილა, ერთს მეორესათვის 300 თუ 400 ევრო ესესხებინა, მსესხებელის შვილი გათხოვილიყო და ცოლმა ფული შემოუთვალა, ამანაც თურმე მევალეს ფულის დაბრუნება მოსთხოვა, მეორე დღეს ის უბედური ყელგამოჭრილი იპოვეს. იმ ამბის მერე ჩემს ქმარს იქ აღარ დაედგომებოდა, ეს ქართველები ვინა ყოფილანო, უკვირდათ თურქებს, რა დრო დადგა, რომ ქართველი კაცი ტვირთად დაწოლია დედამიწას და აგორებული ქვასავთ მოწყვეტილა....ფიქრისაგან ტვინი გამეხვრიტა, ისევ ჩემს საქმეს მივუბრუნდი, ყანებიდან მწყერის ხმა იმოდა, ჟრუანტელმა დამიარა ტანში, უფალო, არ მოაკლო საქართველოს ხვავი და ბარაქა, ადღეგრძელე და ადიდე. ჩემი ბიჭიც კარგად იქნება, ვჩურჩულებდი, - უცებ ყველაფერი განათდა, მზე ღრუბლებიდან გამოსულიყო, თავზე ხილაბანდი შემოვიჭირე და სავსე კალათით დავადექი სახლისაკენ მიმავალ გზას.

Thursday, September 18, 2014

ხტუნვა-ხტუნვით მოდის წვიმა

ხტუნვა-ხტუნვით მოდის წვიმა,
ყველა მინდორს დაურბინა,
მწყურვალ ველებს მისცა შვება,
მიწას ნაზად ეფერება.
ვარდმა გახსნა გულის კარი,
იღიმება დედოფალი,
მოანდომა ბულბულს სტვენა,
წვიმა ბრწყინავს ფერადებად.
თავს უკრავენ ზამბახები,
წყალს იწოვენ განაზებით,
სადღაც არ წვიმს შორიახლოს,
უნდა წვიმა მიეახლოს.

ჩამჩურჩულებენ იასამნები (ერთსტროფიანი)

აჰა, დამდგარა სიცოცხლის ბოლო,
კვლავ უსახური მოჩანს ლანდები,
"ვერ შეასრულე ორკესტრში სოლო",
ჩამჩურჩულებენ იასამნები.

ესიზმრება დიდი კატა (საბავშვო)

შხაპუნია მოდის წვიმა,
თაგუნიას ტკბილად სძინავს,
ესიზმრება დიდი კატა,
სასაცილო პულტით მართავს.

წკაპა-წკუპით მოდის წვიმა (საბავშვო)

წკაპა-წკუპით მოდის წვიმა,
თამუნიამ დაიძინა,
ესიზმრება ტყე და მდელო,
გოგო არის სასახელო,
ეს რა მოაქვს მშრომელ გოგოს?
გაუვსია კაბის კალთა,
ნაწვიმარზე სოკოების
კრეფას ვეღარ აუთავდა.


Sunday, September 14, 2014

სახუმარო ლექსები





გოგოვ, შენი სილამაზით
ეკალს სისხლად ვედები,
სამეგობროდ გამოუშვი
ფრთაფარფატა მტრედები.



გულში კოცონს დაგინთებდი,
თავსაც შეგაყვარებდი,
რომ მქონოდა მაყვალივით
გიშრისფერი თვალები.


მელამ გაჰკრა კბილი მამალს,
დარჩენილხარ პირღია,
ვიღას ეტყვი, რომ საქათმე
შენ თვითონ გაგიღია.


საპალნე მაქვს მოკიდული,
კაცსაც არ ვებრალები,
სააღდგომოდ ვიქეიფებთ
ჩემნაირი ქალები.



დედა არ ამბობს ტყუილს!

მინდოდა მეთქვა, -  რაა,
ფასი არა აქვს მართალს?!
დედა ტყუილისთვის მსჯის,
მასწავლის სიტყვას მართალს!
ცრუს და მაცდურის ხიბლს,
ვეტყვი ყოველთვის არას,
დედა არ ამბობს ტყუილს,
ყოველთვის ამბობს მართალს!

დიდებული ნიკორწმინდა

თვალით ვეძებ ნიკორწმინდას,
ადგილია იგი წმინდა,
გზას გვისახავს, როგორც ბრძენი,
ტაძარია მადლის მჩენი.
აქ უვლიათ სეფექალებს,
ვკოცნი იმათ ნატერფალებს,
დამჩნევია უკვდავებად
ყვავილები უკარება.
ხელებს მიწვდის, მდუმარება,
უსაზღვრობას ებარება,
დიდებული ნიკორწმინდა,
თითქოს ციდან ჩამოფრინდა!

Wednesday, September 10, 2014

მონატრება (ვუძღვნი მეგობარს)

შემოდგომის ქარს არ მოუწევს ჩემი ლოდინი, -
ერთად ვიცეკვებთ და ფურცლებად ფოთლებს ავკინძავთ,
ყველა მათგანზე ეხატება ჩემი ღიმილი, 
როგორც უსიტყვო მელოდია ლურჯი ღამისა.
თმებში ჩარჩენილ ხელის სითბოს ვგრძნობ,
როგორც რომ იმ დღეს,
იმედით, სევდით მიყურებდნენ შენი თვალები,
ვეღარ გიშველე. ახლა გიწვევ სიზმრებში ისევ...
იქ ვერასოდეს, ვერასოდეს დამემალები.
შემოდგომაა, ვიღაც თითებს მიცურებს თმაში...
თუ შენ ხარ ისევ, -  გულის სითბო გინდა გამიყო,
ქარი გამიწვევს საცეკვაოდ ნაცნობი მარშით...
ზეცის კარებთან მონატრების ფიქრებს დაგიწყობ.

Tuesday, September 9, 2014

გზის პირას იდგა მდუმარე ვერხვი

გზის პირას იდგა მდუმარე ვერხვი,
აფრთხობდა ქარი, გრიგალი, ყინვა,
შერჩენილ ფოთლებს ათბობდა მზეში,
იმედს მიწაში დაედო ბინა.

ნიკორწმინდას! (ხალხურ მოტივებზე)

შევცქეროდი ნიკორწმინდას,
ჩუქურთმებში დავიკარგე,
ცხრა ძმა, ცხრა და მომტიროდა,
არ წამოველ, არ ვინაღვლე,
იქ დარჩენას არა სჯობდა, -
ახლოს იყო ცათა სარკე.

მარიამს (ღვთიშობელს)

შენი აჩრდილი მუდამ თანა გვდევს,
თურქი და სპარსი რწმენით დავნაცრეთ,
პირში ჩავჩარეთ მახვილი მდევრებს,
შენს სიტყვას, ლოცვას უხილავს ვენდეთ.
ხელში ავიღეთ ღვთიური წიგნი და
საგალობელს ზეცაში ვიტყვით,
საკმევლის სუნი მოგვიყვანს შენთან,
ციურო მადლო, იესოს დედავ!

Monday, September 8, 2014

მე სიტყვებს ვეძებ!

მე სიტყვებს ვეძებ,
ვით მკურნალი -
მთაში ბალახებს...
მინდა გიპოვო,
უსაასრულოდ
მინდა გაცოცხლო...
რაც არ რგებიათ
ამქვეყანად
ბარე ათასებს, -
ყველა ნოტსა
და სიმღერაში
ცრემლად დაგტოვო.

მიყვარხარ!(ჩანახატი)

ვჩუმდები, იმიტომ რომ არ ვიცი, რა გიპასუხო,
იმიტომ, რომ მიჭირს შენი ყურება, როცა ბრაზობ,
იმიტომ, რომ დედამიწა მრგვალია და
ყველაფერი ერთ წერტილში იყრის თავს,
ყველაფრის საწყისი და დასასრული სიყვარულია,
აზრის დაბადება არაფერია, თუ ღირსეული ბოლო არ მოუძებნე,
ამიტომ ვჩუმდები და გელოდები,
იქნებ შენ ხარ ჩემთვის ყველაფრის დასაწყისი და ბოლოც...
მიყვარხარ!

ქალი ხარ, თუ ალმასი ხარ (სიმღერა)

ქალი ხარ, თუ ალმასი ხარ,
ისევ ისე ლამაზი ხარ,
არ გეცვალა ფერი, ხორცი,
ქარი ისევ ისე გკოცნის,
ისევ ისე გეფერება
ეს სამყარო, ნატვრის თვალო,
ქალი ხარ, თუ ალმასი ხარ,
მენატრები, დედოფალო!

მიხარია, ლამაზო (სიმღერა)

მიხარია, ლამაზო,
მზე ოქროს ტახტს გთავაზობს,
ქარი ოქროს საყურეს 
როგორც ფოთოლს წაგაძრობს,
თუ არ შეწყვეტ ცელქობას,
თუ არ დამორჩილდები,
ტუჩის საცხის გარეშე
უფერული იქნები.

Friday, September 5, 2014

შემოდგომის საღამო (სიმღერა) შეასრულა მაია სიჭინავამ

აკინძულა ფოთლები,
მზე ღრუბლებში თამაშობს,
დავახვედრე ოცნება
შემოდგომის საღამოს.
თვალებს აღარ ვუჯერებ,
ცა ლიმონის ფერია,
ქარმა ცეკვით გაგვართო
მე და ჩემი ფერია.
ოქროსფერი ხალიჩა
ფეხქვეშ რბილად გვეგება,
შემოდგომის საღამო
ხონჩით მოგვეგებება.

Tuesday, September 2, 2014

აღარა მაქვს ძალა, ღონე

აღარა მაქვს ძალა, ღონე,
ამ ცხოვრებამ გამთელა,
ჩემს სულს ფრთები გამოვასხი,
დარდი დამრჩა ნაკერად.

ნატვრის თვალო (სიმღერა)

ქარი ხარ, თუ გრიგალი ხარ,
თვალმომწონე, ნატვრის თვალო,
გადავლახე ქარაფები,
რომ ჩაგიკრა გულში, ქალო.