Sunday, August 31, 2014

იქნებ ერთხელ შემომხედო (სიმღერა)

სისხლისფერი ტუჩები გაქვს,
მზის სხივი გაქვს თვალებში,
თმებს გიწეწავს ნიავ-ქარი,
რომ დაგახრჩოს ალერსში.
ყვავილებით შემოწნული
ველი ფეხქვეშ გეგება,
იქნებ ერთხელ შემომხედო,
მაკოცნინო, ეგება.



Thursday, August 28, 2014

ქარივით მოგეპარები (სიმღერა)

ქარივით მოგეპარები,
კულულებს მიგიყრ-მოგიყრი,
თვალებში მზის შუქს დაგინთებ,
ვაზს ჰგავხარ ახალამოყრილს,
ყურძნის მტევნებად დაგწურავ,
ცრემლი გდიოდეს სიამის,
როგორც ბარტყს, ფრთებქვეშ დაგმალავ,
დავკოცნი ტუჩებს, ალუბლის.

მარიამს! (ღვთიშობელს)

ჩვენო სისხლის წვეთო,
ჩვენო დედოფალო,
ჩვენო სიყვარულო,
დიდი ღმერთის დედავ,
თვალი გადმოავლე
შენს წილ საქართველოს,
მუხლზე დაჩოქილი
თხოვნას ვერა ვბედავთ.
მოგვეც სასოება,
გული გაგვინათე,
მტერი დავამარცხოთ
რწმენით, ნება-ნება,
ჩვენო სისხლის წვეთო,
ჩვენო დედოფალო,
შენი თვალთა შუქით
გული გვეთანგება.


Tuesday, August 26, 2014

სამართალი ნუთუ ქვეყნად არ არის?

ამ ცხოვრებამ უსინდისოდ ამოგვსვარა ტალახში,
უვიცს ოქროს ტახტი მისცა, დაასვენა ბაღნარში,
ჭკვიანი კი, მშიერია, ვეღარ შეჭამს არახისს,
ვერ გავიგე, სამართალი, ნუთუ ქვეყნად არ არის?

Saturday, August 23, 2014

პატარა თინათინს

თინათინო, თინათინო,
მინდა მუდამ გაიცინო,
მზემ გიკეროს ოქროს კაბა,
ქარი იის ღილებს აბამს,
თვალებს ჰქონდეს მთვარის შუქი,
ცამ მოგაცვას ლურჯი ქურქი,
მარგალიტებს ვერ მალავდეს,
ტუჩი, ლალი, ფერად მუქი..

Monday, August 18, 2014

გულში ბოროტი დაგიდის ჭია

არ ვიღებ ბოდიშს, სათქმელი ითქვა,
გულში ბოროტი დაგიდის ჭია,
არა გაქვს ღმერთის რიდი და კდემა,
შენში ეშმაკი უზანგებს ჭედავს,
რომ ჯოჯოხეთის გამოგწვას ცეცხლში,
დაგაწყევლინოს ბედი და თავი...
სულს ნუ წაიწყმედ, გამართე ბრძოლა,
ღვთის დახმარებით გამოხვალ ნაპირს.

დაუნდობელო ცხოვრებავ!

დაუნდობელო ცხოვრებავ,
ტანჯვა, წამება მანახე,
ზოგჯერ ცრემლებად დამღვარე,
ხან შავი მიწით მანაყრე,
ვერ გავუძელი დუხჭირ ბედს,
უფსკრულთან გავითანაბრე,
ორმოს ვუთხარი სათქმელი,
კაცთან რომ ვერა გავაწყვე.

Sunday, August 17, 2014

თოკი გამოვაბი იმედს

მუხლზე დაჩოქილი დგახარ, საქართველო,
გზები, დაბზარული, დგანან ნაპირებად...
ტბებად დაქცეული სისხლი წინაპრების
ზღვასთან შეერთებას ცრემლით აპირებდა..
სული სავსე არის დარდით, კაეშანით,
გენი ქართველობის ქრება, იკარგება,
თოკი გამოვაბი იმედს ჯაგრიანი, -
იქნებ დავიჭირო, თორემ გვიანდება.

Saturday, August 9, 2014

ყმაწვილებს

ღმერთმა დაგვინთო ცოდნის ლამპარი,
გზას გაგვინათებს იესოს სიტყვა,
წყვდიადს დაბორკავს, მზეს ამოწვერავს,
ოქროს სხივებით დაფერავს მიწას.
შრომა და ჯაფა ნუ დაგვზარდება,
პური არსობის მოვიმკოთ ძვირად,
სიკეთით, სწავლით, კაცთმოყვარებით,
სამოთხის ბაღში დავიდებთ ბინას.

Monday, August 4, 2014

ათინათი(საბავშვო)

ათინათი, ათინათი,
მზეს დაადო ფისომ თათი?
თუ სხივებმა გაიწვიეს
სათამაშოდ ჩვენი ბატი,
ვინ დაასწრებს რომ შეჭამოს
ოქროსფერი ფერთა კანტი,
არ აცლიან, ერთურთს სცემენ
ჩვენი ფისო, ჩვენი ბატი,
მზემ ხის წვერზე გადინაცვლა,
უმალ გაქრა ათინათი,
შერცხვენილი ფისუნია
ახლა გარბის ოთხი თათით.

Sunday, August 3, 2014

ვარდი დამზრალი (თინიკოს!)

ვარდი დამზრალიც, ვარდია ისევ, -
ვერ შეედრება მას სხვა ყვავილი,
ის სადედოფლო კაბაში რჩება,
თუნდაც დააკლდეს ფერუმარილი.
საამო არის მისი სურნელი,
დამსგავსებია საკმეველს, ემბაზს.
გრძნობით უმღერის ნაზი ბულბული,
მხოლოდ ყვავები ბედავენ ყეფას.

თინათინს

თინათინს გული სტკენია,
წლებმა წაიღო სილაღე,
ვარდი წითელი დამზრალა,
ეკლები დარჩა სინაზე,
მაგრამ ფურცლები ნაზია,
არ დაჰკარგვია ფერ-ხორცი,
ის სამურაბე ვარდია,
მზე ყვირიმალებს უკოცნის.

ტყემ ტყეს გადსცა ამბავი

ტყემ ტყეს გადასცა ამბავი,
უთხრა მთისა და ბარისა,
მზეთუნახავზე უამბო,
ნიავმა იუკადრისა,
ეგ ჩემი გულის სატრფოა,
დავფოფინებ და ვანაზებ,
ცუდი არა სთქვათ მასზედა,
დაგაცლით ტოტებს ლამაზებს.
ტყეს გაეცინა, ლაღობით
ფოთლები გააშრიალა,
ვაჟს შეშა მიაქვს საზამთროდ,
ცხრა ზღვა და ცხრა მთა იარა,
თავის საყვარელს აამოს,
მტერს დაამჩნია იარა,
ახლა კერიას დაუნთებს,
გაზაფხულს წავა იალაღს.

Saturday, August 2, 2014

მხოლოდ რწმენა

გადახსენი ჩემო მიწავ, შენი გულის პერანგი,
დაგიშუშო ჭრილობები, მტერი გცემდა ვერაგი,
შეგიხვიო სუფთად, ნაზად, ზედ დაგადო მალამო,
სული ჩემი ნუ წარწყმდება, მინდა გულით გაამო.
ვერ დავითვლი ლეგიონებს, დღესაც ისევ გესევა,
შინ და გარეთ გძარცვენ, გგლეჯენ, მერე გვხდიან მდევრებად,
ჩამოსულან უცხო ტომის მრჩეველნი და მქირდავნი,
ჩვენ ერს უნდა შეასწავლონ მცნება ქრისტეს იგავის,
რომ ცუდია სუსტის, ჩვილის, ქვრივ-ობოლის დაჯაბნა,
ევროპაში ძლიერ გვიჭირს ადგილების დაჯავშნა,
რუსთაველის სამშობლოში ჩვენა გვხდიან ფაფანაკს,
მხოლოდ რწმენა დაგვიმკვიდრებს სამოთხეში აგარაკს.

Friday, August 1, 2014

მე წვიმა მიყვარს

მე წვიმა მიყვარს,
ახლაც წვიმს,
ზომა ემატა წყალს,
ხან გზებზე მიედინება,
ხან შეერთვება ზღვას,
მოდი, ნუ გაგიკვირდება, -
ჩემს გულს კვლავ
გვალვა კლავს.

დიდ თამარს

შენ საქართველოს სულისთქმა იყავ,
გულზე იებით, გადანაყარით,
მხრებს გიმშვენებდა ნაწნავის სიგრძე,
შუბლზე გეწერა, ქალი- თამარი.
ანთებულ სანთელს გამსგავსა ზეცამ,
აკვნიდან შუქით, გამონაყოლით,
ჩვენ გვიმზადებდი უტკბილეს ნექტარს,
რუსთველის ლექსებს, სხივად აკონილთ..
შენ საავდარო ხედნე, ღრუბელი,
მტერი დასეტყვე სიტურფით, თვალის,
ერს დაახურე ნატვრის საბანი,
შემოკერილი ლოცვების სალტით.
შენ მაღლა ზიდე მშობელის ტვირთი,
ყველა ქართველის იყავი დედა,
მეოხ გვყავ ღმერთთან, დიდო წმინდანო,
გამარჯვების გზა გავლიოთ ერთად.

გულზე ყვავილივით მიმიწვინე

გულზე ყვავილივით მიმიწვინე,
თავზე წვიმა დამდის, საავდარო,
კაბა დამისველდა ოქროსფერი,
მზემ რომ დამიტოვა სადარბაზოდ.