Tuesday, August 29, 2023

სარკეში შევყურებ!

 სარკეში შევყურებ დიდხანს

ჩემს თავს, ვით თეთრ მაღალ მყინვარს,
და სარკეს, ვით ბოშა მკითხავს,
პასუხს ვთხოვ, ნეტავი ვინ ვარ?!
მათოვს და სივრცეში ვილტვი,
მაქმანებს მისწორებს ზეცა,
წარსულში მაბრუნებს ფიქრი,
იქნებ ის ბავშვი ვარ დღესაც.
მაია დიაკონიძე
15.08.2023 წელი

ისევ სახუნარო, ციფო და ომბალო

 ისევ სახუმარო: ჩემს მეუღლეს ტყემალი უყვარს ძალიან, გვთხოვს ბევრი ომბალო უქენითო. ამას წინ მოვიმარაგე, ბლომად შევიძინე, გავახმე, პარკში შევინახე და კედელზე დავკიდე. ვიყიდე ტყემალი, ჩამოვხსენი პარკი, სადაა ომბალო, ღერებია დარჩენილი. თურმე ჩვენი ძვირფასი ციფუნია კატა ყოფილა ომბალოს მოყვარული, ახლაც პარკს ეცა, შიგნით თავი ჩაყო და კრუტუნებს. ყველაფერი გამიგია და ომბალოს მოყვარული კატა პირველად ვნახე. აგერ ისიც საკუთარი პერსონით.

მე და სამშობლო, ესსე

 პატარაობიდან ფანატიკურად ვიყავი შეყვარებული ჩვენს სამშობლოზე, ვერც წარმომედგინა, სხვაგან მეცხოვრა. მახსოვს, როგორც წითელდიპლომიანს, შემომთავაზეს ასპირანტურის სამწლიანი კურსი ლენინგრადში გამევლო, ისე შევშინდი, საქართველოში წელიწადში ორჯერ თუ ჩამოვიდოდი, უარი ვთქვი. სტუდენტობისას ერთი გერმანელი გავიცანი, საკმაოდ შეძლებული, სახლი არა მარტო გერმანიაში, შვეიცარიაშიც ჰქონდა. დასავლეთ გერმანიიდან იყო. ხელი მთხოვა, მაგრამ იმ წუთშივე ,,სამშობლო ხევსურისა" გამახსენდა და უარი ვტკიცე. დღეს მგონი პირიქითაა, ბევრი მშობელი ბედნიერია, , შვილი თუ საზღვარგარეთ გათხოვდება. ყველას ავიწყდება ,,უცხოობაში რაა სიამე", მაგრამ დრო შეიცვალა, ღირებულებები გადაფასდა, ვერავის ცხოვრებაში ვერ ჩაერევი. დათხოვდნენ ქართველი ქალები საზღვარგარეთ, ზოგი - გერმანიაში, ზოგი - ამერიკაში, ზოგი - საბერძნეთში, ზოგი - კანადაში. იკარგება გენოფონდი. რაც ძალიან სამწუხაროა, იყვირე, წერე, იკითხე, ნეტავ თუ აქვს რამეს აზრი? მარტო ჩემს სამეზობლოში სამი ქალი გათხოვდა უცხოეთში, ორი - ამერიკაში, ერთი - საფრანგეთში. კიდევ კარგი, ჩემს სოფიკოს ამის სურვილი არ აქვს, ის კი არა და, კატეგორიული წინააღმდეგია ამ პროცესის. ,,რუსთაველის პროსპექტზე სიარული ნუ მოგვიშალოს ღმერთმა", სულ ამას ვლოცულობ.

შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, ესსე

 დღე მშვიდობისა, ჩემო მეგობრებო, გუშინ ღამე ფერისცვალება დადგა, წვიმა წამოვიდა, გავგრილდით, გვესიამოვნა, მერე კი ღამით სიზმრებმა და ფიქრებმა არ მომასვენა. შოვში დატრიალებული უბედურება გამახსენდა და ფარ-ხმალი დავყარე, მივხვდი, რომ სანდო არც ადამიანია და არც ბუნება. მახსოვს, თბილისში მომხდარი წყალდიდობის მერეც ადამიანი ვერ გრძნობს თავის პასუხისმგებლობას ქვეყნიერების წინაშე. დაიღუპნენ ადამიანები, დაიღუპნენ ცხოველები, ის დანაკლისი აუნაზღაურებადია. ღმერთმა მაპატიოს, რასაც ვამბობ, მაგრამ არ შეიძლება ვეფხვს წინ დავუდგეთ და ფოტოაპარატი ვაჩხაკუნოთ, რას იზამს ის?! შეგვჭამს, მერე კი ამის გულისთვის, სხვა ვერაფერი მოვიფიქროთ და მოვკლათ. ვეფხვია ჩვენი ბუნება, მოუხელთებელი, ზოგჯერ კატასავით ნაზი, გაგვიგორდება წინ, თავს მოგვაფერებინებს, მაგრამ მეორე წუთში ის გაშმაგებული ცხოველია, რომელსაც შეუძლია დაგგვლიჯოს, დაგვფლითოს, ნაკუწებად გვაქციოს. ადამიანი ვერა და ვერ აცნობიერებს მის ძალას. შოვის ტრაგედიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ წუთია წუთისოფელი, წამებში, წუთებში გაქრა ბევრი ადამიანის სიცოცხლე. ეს ფერისცვალება ჩვენი სულიერი კათარზისის დღე უნდა გახდეს, ჩვენი გარდაქმნის, ჩვენი სულიერი ამაღლების.

ვერაფერი შეაჩერებს მეწყერს,
თუ არავინ არ საუბრობს ღმერთთან...
ასე ვფიქრობ...
გილოცავთ, მეგობრებო, ფერისცვალებას, ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს ჩვენთვის, ეს ტრაგედია უკანასკნელი ყოფილიყოს ქართველებისთვის, და არა მარტო ჩვენთვის.
გაუფრთხილდეთ სიცოცხლეს, რომელიც ასე ფაქიზია, გაუმარჯოს სიცოცხლეს!
მაია დიაკონიძე
19.08.2023 წელი

ესსე, ქართველები და ხელოვნება

 სულ მიკვირდა ქართველების დამოკიდებულება ხელოვნების მიმართ. მინახავს ადამიანები, რომელთაც უთქვამთ, ძირითადად, ახალგაზრდებს, პლაკატების დაკიდება გვირჩევნია სახლში, ვიდრე სურათებისო, გახსოვთ, ფიროსმანის ნახატებს არავინ არაფრად აგდებდა და რომ არა რამდენიმე ნიჭიერი, ხელოვნების დამფასებელ- შემფასებელი ადამიანი, ფიროსმანის ნახატების უმრავლესობა დაკარგული იქნებოდა, თუ ახლაც არაა ბევრი გამქრალი. მახსოვს , როცა ფიროსმანის სახლ-მუზეუმში ჩავედით ექსკურსიაზე სიღნაღში, აბსოლიტურად ერთ ადამიანსაც კი არ შეუხედავს ნახატებისთვის, არც ბავშვებს, არც - დიდებს. გიდმა სინანულით მითხრა, უცხოელები ჩამოდიან, ლამის ყველა ნახატის სახელი ზეპირად იციანო. ერთხელ ერთ-ერთი წიგნის პრეზენტაციაზე ჩემი სოფიოს ილუსტრაციები მქონდა გატანილი. საერთოდ არავინ დაინტერესებულა. მაშინ როცა ახალგაზრდა მხატვარს მხარდაჭერა სჭირდება.

არ ვიცი, მამაჩემი სოფელში იყო დაბადებული და გაზრდილი, მაგრამ ისეთი ღრმა სიყვარული, რაც მას ხელოვნების, ფერწერის მიმართ ჰქონდა, იშვიათად მინახავს. საუკეთესო ალბომები გვქონდა უცხოელი მხატვრების, საკმაოდ ძვირი ღირდა, ჩვენი ოჯახი კი ხელმოკლე იყო. ეს არ უშლიდა მამას, ჩვენთვის ხელოვნება, ფერწერა, პოეზია შეეყვარებინა. ვფიქრობ, რომ ოჯახიდან იწყება ყველაფერი. როცა არაჩვეულებრივ ლამაზ ნახატებს სულ 15 მოწონება აქვს, ვფიქრობ, რომ მთლად კარგად არაა საქმე. ხელოვნება რომ განვითარდეს, მას კარგი შემფასებელ- დამფასებელი ჭირდება.

ესსე, რატომ ჯობია ქათმის კვერცხი ბატისას?!

 მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, დღე მშვიდობისა და ბედნიერებისა მინდა გისურვოთ! ესეც ჩემი ხუმრობა: როგორც ვიცით, იხვის, ბატის, ინდაურის და ქათმის კვერცხებს შორის ქათმისა ფასობს ყველაზე მეტად და რატომ?! ქათამი თავის კვერცხებს რეკლამას უკეთბს, კაკანებს და კაკანებს, ზოგჯერ გულს გაგვიწყალებს კიდეც! ბავშვობაში მის კაკანს ველოდებოდით ხოლმე, ბებიაჩემი მეტყოდა, არიქა, კვერცხი დაუდვია ჩვენს ვარიკას, წადი მოიტანე, გოგლიმოგლს გაგიკეთებო! როგორ მიყვარდა გოგლიმოგლი, ვერც წარმოიდგენთ! მაღაზიაში ნაყიდ კვერცხს სულ სხვა გემო აქვს, სოფლისას - სხვა! და თუ რამდენიმე ქათამი აკაკანდებოდა ეზოში, ჩვენი, ბავშვების, სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა! ახლა კი რეკლამაზე მინდა გესაუბროთ, თვითრეკლამას დიდი როლი ენიჭება დღესაც, თუ სხვა არ გიკეთებს, შენ მაინც უნდა იშრომო ამ კუთხით! ფშაური ანდაზა მახსენდება; ,,სადაც არა ვთქოდიო, იქ არცა ვჩნდოდიო". დღეს ჩემს ლექსს შემოგთავაზებთ:

ნეტავ სიზმარია?!
ჩემს თვალში არეკლილს მზერას ვერ გაცილებ,
შენს თვალშიც მოვჩანვარ, - თეთრი ბეგონია,
ზეცაში იკვრება ღრუბლები საძილე,
ნეტავ სიზმარია თუ ასე მგონია.
მოვდევ ამ ბილიკებს, ხელშუა მიქრები,
და მხოლოდ კრისტალებს ვხედავ მე ბროლისას,
და როგორც გზამკვლევნი, გეძებენ ფიქრები,
თურმე სულ აქავე, ჩემს გულში მყოლიხარ.
მაია დიაკონიძე
21.08.2023 წელი

სტუმარი ქუთაისიდან და ლიტერატურული კონკურსები

 დღეს ქუთაისიდან გვყავდა სტუმარი, ახალგაზრდა, პერსპექტიული, ოთხი შვილის მამა, განათლებული, ჭკვიანი, ღმერთმა უმრავლოს ქართველებს ასეთები. მისი გოგონა- ვერონიკა ტყეშელაშვილი ერთ წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა ჭადრაკში ახალგაზრდებს შორის. ჰოდა მხიარულების შემდეგ სოსო ერთი წუთით აივანზე გავიდა, ეცა ბზიკი და უკბინა. აი, ასეთია შანსი ჩვენთან ლიტერატურულ კონკურსებზე მოგების, თან იმდენი კონკურსია, ყველგან რომ აგზავნო ნაწარმოებები, მარტო ეგ დაგღლის. მგონი თავიანთვის და თავისი ნაცნობებისთვის აწყობენ. თუ სულ შენ იმარჯვებ, ნუღარ გააგზავნი რა, გავიგეთ რომ მაგარი ხარ!