Wednesday, July 24, 2013

მე უსაშველო მოლოდინს ვითვლი


მე უსაშველო მოლოდინს ვითვლი,
გაცივებულა სისხლი  ძარღვებში,
როგორც ნაწვიმარ მიწაზე სოკო,
ისე მრავლდება დარდის მარცვლები.
ღრუბელმა პირი შეიკრა მქისედ,
აღარ ჭიკჭიკებს ცაში მერცხალი,
მე კი ქარივით სამოსელს ვიცვლი
და შენს დანახვას ისევ ვიჩქარი.
ვიცი, დაეწვა ფარვანას ფრთები,
როცა სინათლის შუქი იხილა,
შენკენ სავალი ოცნების გზებიც,
დიდი ხანია გაქრა ფიქრიდან.

წარსულს დაედო თანდათან მტვერი


წარსულს დაედო თანდათან მტვერი,
და კვალს გავყვები ნაფეხურების,
რომლებიც გულში ტოვებენ ველებს,
ხან ღალატის და ხან ერთგულების.
ჩამოეცალა სამოსი ვნებას და მაშინ,
როცა სულ მთლად გაშიშვლდა,
ალმოდებული ყაყაჩოს ფურცლებს
ქარმა თვალებით ცისკენ ანიშნა.
ცივა იქ, სადაც ჭკნება სურვილი,
და მონდომებას აღარ აქვს ძალა,
ავდევნებივარ ყინვას და ქარბუქს,
ჩემი სხეული მიწისკენ მძალავს.

Sunday, July 21, 2013

უფალს ვთხოვ შველას


გარბოდა დრო და მეც მუხლებზე ბევრჯერ დავეცი,
და არავისთვის არ მინდოდა მეთხოვა შველა,
ალბათ ამიტომ წამოვკარი  ისევ  ქვას ფეხი,
აღარც კი ვჩანვარ, დავრჩი ციდა ბალახის ხელა.
გაძვალტყავებულ ბედს მივანდე საქმენი ჩემნი,
გონს რომ მოვედი, სინანულის წუთები დგება ,
აღარ მწამს ფიცი, ეხლა უკვე ბევრი რამ ვიცი,
მუხლზე  დამდგარი, თვალზე ცრემლით,
უფალს ვთხოვ შველას.

ოცნების სახლი


მე მეჩვენება, ალუბლების ზეცაში ვცხოვრობ,
ზღაპრის გმირი ვარ და ყვავილებს ღრუბლებში გავშლი,
ფერიასავით ჯადოსნური ჯოხით ვთამაშობ, -
იქნებ ოდესმე ავიშენო ოცნების სახლი...

Saturday, July 20, 2013

რომ ამეხდინა ოცნება ჩემი


რძისფერ ღრუბლებში ისე გავები,
რომ ამეხდინა ოცნება ჩემი,
გავხდი ცოტათი ახალგაზრდული,
უფრორე ნაზი და ღიმილმფენი....

Friday, July 19, 2013

ფიქრი, რომელიც მაწვალებს წლები


გადმოფრინდება ჩიტივით მაცნე
და თითქოს ციდან წვეთები ჟონავს,
როგორც დახეთქილ ჭერიდან წყალი,
ჩემს გულშიც წვიმს და ვიხსენებ ლოცვას.
ცრემლებით ვიკლავ დროდადრო წყურვილს,
ყოფაცხოვრების ვაგვარებ საქმეს,
თევზივით ვცურავ ხანდახან წყალში,
ხან პირგამშრალი ვაწყდები ნაპირს.
თავს ზევით, ვხედავ, არაა ძალა,
რომ დამიყუჩოს ტკივილი ძვლების,
წვიმს ჩემს გულში და ზეციდან ჟონავს
ფიქრი, რომელიც მაწვალებს წლები...

სამშობლოს


შენ არასოდეს მოგაკლდება ფერები მზისა,
ოქროს და ვერცხლის პალატებში ქარივით იშვი,
ვაზის ლერწი ხარ, ჩუქურთმებში ამოქარგული,
პურის ყანა ხარ, მთების წყარო, ღმერთების  შვილი.