Saturday, December 3, 2016

ანდროს ისტორიებიდან (სისხლის ყივილი)

    წელს 14 ივლისს 56 წლის გავხდი, ძალიან ვამაყობ, რომ ამ დღეს დაიბადა ორი დიდი ქართველი მწერალი, ვაჟა-ფშაველა და ნოდარ დუმბაძე. მაინცდამაინც იმ დღეს კბილი ამომვარდა, სისხლით ამევსო პირი. ნოდარ დუმბაძის მოთხრობა "სისხლის ყივილი" გამახსენდა. მეც ვიგრძენი სისხლის ყივილი, მშობლების სახეები წარმოვიდგინე.  ალბათ არ არსებობს ადამიანი, ვისაც წინაპართა საფლავებზე არ უნდა დაიმარხოს, ბევრჯერ გამიგონია, ნეტა, დედაჩემის გულზე დამასაფლავა, ან ნეტა, მამაჩემის გულზე დამასაფლავაო. ამას მაინც ძირითადად ასაკოვანი ხალხისგან გაიგონებ, თორემ ახალგაზრდისთვის სულერთია სად დაასაფლავებენ, რაც ასაკში შედიხარ უფრო ხშირად იხსენებ მშობლებს და გულიც წინაპართა საფლავებისკენ მიგიწევს, კარგი იყო ხალხი ერთ სოფელში რომ ცხოვრობდა, საგვარეულო სასაფლაოები იყო და წინაპართა ენერგიით გაჟღენთილი მიწა კვებავდა მომავალ თაობებს, ძალას მატებდა. თაობები იზრდებოდა იმ მიწაზე, იბადებოდნენ, კვდებოდნენ, ისევ იქ იმარხებოდნენ, მამა-პაპათა გვერდზე. დღეს ყველაფერი შეიცვალა, ხალხი სოფლებიდან დაიძრა. ზოგი სად გადაიკარგა, ზოგი სად. დარჩა უპატრონო საფლავები, ბალახმა გადაუარა მიწას. მოგვტირიან, მაგრამ ჩვენ არ გვესმის მათი ტკივილი, გული გაგვხევებია და გაგვქვავებია. დროის უქონლობის თუ გულგრილობის გამო წელიწადში რამდენჯერმე თუ ვეწვევთ სასაფლაოებს, ძირითადად, აღდგომას და გვგონია ჩვენი ვალი მოვიხადეთ. მიცვალებულ მშობლებს ჩვენს საცხოვრებელ ადგილებთან ახლოს ვმარხავთ, შორს წასვლა რომ არ დაგვჭირდეს, არც არის გასაკვირი, სულ სხვა ცხოვრება დადგა, დუხჭირი და არაფრისმთქმელი. მამაჩემი 66 წლის გარდაიცვალა, დიდებული ადამიანი იყო, რჩეულთა შორის რჩეული, არ არსებობს კაცი, რომელიც მას იცნობდა და დიდი სიყვარულით არ გაეხსენებინოს, სიკეთით სავსე იყო,  ნამდვილი რაინდი, სერვანტესის დო კიხოტს მაგონებდა, მახსოვს, ტირილის გარეშე ვერ უყურებდა მელოდრამას. ჩემს რძალს, მაიასაც ასეთი მგრძნობიარე ხასიათი აქვს, ერთი-ორჯერ შევამჩნიე, რაიმე ფილმს უყურებდნენ და ორივეს ღაპა-ღუპით ჩამოსდიოდათ ცრემლები. მაიასგან არ გამკვირვებია, ქალია, მამაჩემისა კი გამიკვირდა, ეს ვაჟკაცი კაცი, რა მგრძნობიარე ყოფილა-მეთქი., დედაჩემი 87 წლის ხდებოდა, რომ გარდაიცვალა, უაღრესად ენერგიული და თავისებური პიროვნება გახლდათ. რამდენი წლისაც არ უნდა იყოს მშობელი, ყოველთვის გული გწყდება, მათ გახსენებაზე ძარღვებში ჟრუანტელი გივლის, სისხლის ჩქროლას გრძნობ, რომელსაც ახსნას ვერ მოუძებნი.. დიღმის სასფლაოზე დავასაფლავეთ ორივე, მამაჩემი დედამისის გვერდზე წევს, ალბათ ბედნიერია. მამაიდაჩემიც იქ არის დასაფლავებული, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები. ბაბუაჩემი, ანდრეი დიმიტრიჩი, თავის მშობლებთან დავასაფლავეთ ბახვში, ასე უნდოდა, მათ გახსენებაზე ნაღველი შემომაწვა, ცუდად მენიშნა კბილის ამოვარდნა, ვიფიქრე, ნეტავ ჩემი მშობლები  თავისთან ხომ არ მეძახიან-მეთქი. წელს თუ გადავრჩი, მერე მალე აღარ მოვკვდები , გავიფიქრე და ღმერთს პატიება შევთხოვე ჩემ მიერ ჩადენილი ცოდვებისათვის.

Friday, December 2, 2016

ანდროს ისტორიებიდან (მე და ჩემი ძმა დათო)

    მე და ჩემი ძმა დათო ტყუპები ვართ, მე ათი წუთით ადრე დავიბადე, მაგრამ იმ ათ წუთში მოვასწარი წონის აკრეფაც და ხმისაც, მაგრამ ჭკუით კი ნამდვილად ჩემმა ძმამ მაჯობა. ის პროფესორი და დოქტორია, მე კი ინსტიტუტიც ძლივს დავამთავრე. თურმე ისე ომახიანად ვყვიროდი და ვტიროდი, მშობლებს სულ ხელში ვეჭირე, ერთხელ მამაჩემს, რომ გავეჩერებინე, აკვანი ზურგზე შემოუდგამს და ისე დარბოდა სახლის გარშემო. ძუძუსაც გამეტებით ვჭამდი, აბა, ერთი არ მოეცათ! საწყალ დათოს თურმე აღარ ყოფნიდა რძე და ოთხი თვიდან ხელოვნურ კვებაზე გადაიყვანეს, იწვა თავის ლოგინში წყნარად და აბა ვინ  მიაქცევდა ყურადღებას?! სამაგიეროდ მე დიდ პატივში ვიყავი, ერთს დავიღრიალებდი და მთლი ოჯახი ფეხზე იდგა: მამაჩემი, დედაჩემი, იდა მამიდა, ნინა ბებია, ანდრო ბაბუა, მარუსა ბებია -  მამაჩემის მამიდა და კიდევ სხვა ნათესავები. ყველა ჩვენს სამსახურში იყო, ჩვენი ავად გახდომის ძალიან ეშინოდათ, რადგან მანამდე ჩვენს მშობლებს  შვილი, ბიჭი,  დაეღუპათ ფილტვების ანთებით, 4-5 თვის ასაკში, იმ ღამეს მამაჩემს ღმერთისთვის უთხოვია, ტყუპი შვილები მომეციო და აუხდა კიდეც სურვილი,ჰოდა წარმოიდგინეთ, ჩვენზე რა დაფეთებულები იქნებოდნენ, აგვიყვანეს ძიძები, გადიები, ექიმები ყოველ დღე გვაკითხავდნენ და ჩვენს ჯანმრთელობას ამოწმებდნენ. წელიწადში ორ-სამ აგარაკს გვიცვლიდნენ, აუცილებლად მივდიოდით მთაშიც, ზღვაზეც.  ჩვენს გადასაყვანად შავ ვოლგას ქირაობდა ბაბუაჩემი, უკანა სკამებზე ჩემთვის აწყობდნენ ლოგინს, ანდრო მგზავრობას ვერ იტანს, გული არ აერიოსო და ასე დაწოლილი კომფორტულად ვმგზავრობდი. ჭამა იცოცხლე მიყვარდა და დათოზე ბევრად დიდი ვიყავი ტანად, ამიტომ ყოველთვის ვჩაგრავდი, დათვივით დავტორავდი ხოლმე, აბა, პატარას რა მესმოდა?! მაგრამ მერე ჩვევაში გადამივიდა და არც დიდობაში ვაკლებდი ხელს. მარტო არასოდეს გვტოვებდნენ, ამ დიდმა ბელმა ამ თაგვივით ბავშვს არაფერი ატკინოსო. ნინა ბებიას, რატომღაც მე უფრო ვუყვარდი და რაც არ უნდა დამეშავებინა, არაფერს მეტყოდა, დათოს კი - პირიქით, სჯიდა ხოლმე. დედას ეს ძალიან სწყინდა, მაგრამ დედამთილს საყვედურს როგორ ეტყოდა?! მარუსა ბებიასაც ჩემკენ უფრო ჰქონდა გული, ამიტომ მამიდამ და ანდრო ბაბუამ დათოზე აიღეს შეფობა, არ დაგვეჩაგროსო. სწავლისკენ სწრაფვა რომ შეამჩნიეს, მთლად გადაირივნენ, ორივე სწავლული ადამიანი იყო, ამიტომ ყველაფერს აკეთებდნენ, რომ კარგი განათლება მიგვეღო. რა თქმა უნდა, არფერში გვარჩევდნენ, ერთად მიგვიყვანეს ინგლისურზე, შვიდი წელი ვიარეთ, მაგრამ შემმოწმებელი არავინ გვყავდა და სამი  თუ ოთხი სიტყვა, რაც იქ ვისწავლე იყო:, "ჰუ იზ ჯონს მაზერ?" დათო უფრო მოწადინებული ბავშვი იყო, გიტარაზეც დაიწყო სიარული, გამოსდიოდა კიდეც, მაგრამ მე დავცინოდი, ამიტომაც ცოტა ხანში თავი დაანება. მამიდა ხშირად გვატარებდა თეატრში სპექტაკლებზე, ოპერისა და ბალეტის თეატრსაც ხშირად ვსტუმრობდით ხოლმე, მაგრამ "არა შეჯდა მწყერი ხესა" და რომ გავიზარდეთ, ქუდს თუ შეგვიგდებდნენ, ალბათ გამოსატანად შევიდოდით. მამამ გერმანული პიანინოც გვიყიდა, იქნებ დაკვრა ისწავლოთო, მაგრამ ყურიც არ შეგვიბარტყუნებია, საათობით პიანინოზე ხელების ტყაპუნს ნამდვილად არ ვაპირებდით, სამაგიეროდ მოწევა ცხრა წლის ასაკში დავიწყე. ვიღაცამ დედაჩემს ამბავი მიუტანა, შენი ბუთხუზა ბიჭი სიგარეტს ეწეოდაო, დედაჩემმა ვერ დაიჯერა, მაგრამ ერთხელ თვითონ გამომიჭირა და საშინლად მცემა, რაზეც ბაბუასგან საყვედური მიიღო, ეგ აღზრდის მეთოდი არ არისო. დათოს სიგარეტის მოწევა 19 წლამდე არ დაუწყია, მშობლების და ბაბუასი ერიდებოდა, განსაკუთრებით ბაბუასი, ანდრეი დიმიტრიჩი რას იტყვისო და ამ ამბავს დიდხანს საგულდაგულოდ მალავდა. ბაბუა ისე გარდაიცვალა, რომ ვერც გაიგო ამის შესახებ. მაგრამ რომ დაიწყო, სანამ ინფარქტი არ მიიღო 56 წლის ასაკში არ მოეშვა, დღე და ღამე უწკლაპუნებდა, როგორც დედაჩემი იტყოდა, ორი "პაჩკა" არ ყოფნიდა დღეში. მე და ჩემს ძმას მუდმივად რთული და დაძაბული ურთიერთობა გვქონდა ერთმანეთთან. მე მისი ქცევა და ხასიათი არ მომწონდა და იმას ჩემი, ძალიან განსვავებული ადამიანები  ვიყავით და ვართ. სკოლაში და სტუდენტობის პერიოდში სულ უკან დამდევდა, რამე შარში არ გაყოს თავიო, თავის ჭკუით მაკონტროლებდა, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ინსტიტუტებში ვსწავლობდით. ახლა ვხვდები რომ ჩემი სიყვარულით აკეთებდა ამას, მე კი არ ვაფასებდი მის ჩემდამი ერთგულებას და თავდადებას. ყოველთვის ერთ ოთახში გვეძინა ხოლმე ძმებს, მაგრამ იმას ღამით მუსიკის მოსმენა უყვარდა, მაშინ მოგეხსენებათ ყურსასმენები არ იყო, მამამ იაპონური მაგნიტოფონი გვიყიდა, რადიოსთან ერთად. ასეთი ძალიან ცოტას თუ ჰქონდა თბილისში. ჰოდა, ტვინი მქონდა წაღებული "ამერიკის ხმითა" და "აბბათი", მე ძილი მიყვარდა და ვინც ძილში ხელს შემიშლიდა, ჩემი პირველი მტერი იყო. წავკინკლავდებოდით, დავწვებოდით ცალ-ცალკე ოთახებში, მაგრამ უერთმანეთოდ მაინც ვერ ვძლებდით და ისევ იწყებოდა ჩემი ტანჯვა. მართალია, ხანდახან ტყუილუბრალოდაც ხვდებოდა ჩემგან ჩემს ძმას, მაგრამ სამაგიეროდ ჩემი შიშით უბატონოდ ხმას არავინ სცემდა. მაგის პრეროგატივა მხოლოდ მე მქონდა. მართალია, ცოლები რომ მოვიყვანეთ, დედაჩვენი და მამიდაჩვენი ჩვენს ჩხუბს რძლებს აბრალებდნენ ხოლმე, მანამდე არასოდეს ჩხუბობდნენო, მაგრამ ეს ასე ნამდვილად არ იყო. მერე ჩვენმა ცოლებმა ამის ამსახველი დოკუმენტური მასალაც ჩაიგდეს ხელში.  რუსთავი 2-ის ჟურნალისტი გიორგი გაბუნიას მამა ჩვენს იტალიურ ეზოში ცხოვრობდა, ფოტო და კინომოყვარული იყო, იმ დროს ჩვენს ეზოში ცხოვრება დუღდა და გადმოდუღდა. სხვადასხვა ეროვნების და სხვადასხვა ხასიათის ადამიანები გვერდიგვერდ ვცხოვრობდით სიამტკბილობაში, ერთმანეთის გასაჭირი ვიცოდით და ერთმანეთს ვეხმარებოდით კიდეც. ამის შესახებ ფილმიც გადაიღო, ჩვენი ოჯახის ცხოვრების კადრებიც მოხვდა შიგ.  ჩვენ, მე და დათო, პატარები ვართ დაფიქსირებული. სახლში რომ მოვიტანეთ ეს კასეტა, მთელი ოჯახი დავსხედით და მოვემზადეთ მის საყურებლად, მაშინ მამიდაჩემიც ცოცხალი იყო, დედაჩემიც. დაიწყო ფილმი, ჩანს მე როგორ ვუბათქუნებ დათოს, მოკლედ ერთი-ორი ჩავაზილე, ბევრი ვიცინეთ, მაგრამ ყველაზე სასაცილო ის იყო, რაც ფილმის ნახვის შემდეგ თქვა დედაჩემმა, - ხედავთ, ერთმანეთი როგორ უყვარდათ, სულ არ ჩხუბობდნენო! როცა ნატამ და მაიამ გაოცებულებმა კითხვით მომზირალი თვალებით გადახედეს, უპასუხა, ეგ ჩხუბი სიყვარულით იყოო.

ანდროს ისტორიებიდან (ჩემი შვილიშვილი - ანდრიუში)

   მთელ ქვეყანაში ყველაზე ძალიან მიყვარს ჩემი შვილიშვილი, პატარა ანდრო. მიკვირს, რით დავიმსახურე ასეთი ბედნიერება?! მიხარია, ჩემი სახელი რომ დაარქვეს, თუმცა ცოტა სახეშეცლილი - ანდრია! ცხონებულ ბაბუაჩემსაც ანდრო ერქვა, ანდრეი დიმიტრიჩს ეძახოდნენ, ჩვენი პატარა ანდროც ანდრეი დიმიტრიჩია. მამიდაჩემი, იდა, მე და ჩემს ტყუპისცალ ძმას, დათოს გვეძახდა ჩემი მზე, მთვარე და ვარსკვლავებიო! მაშინ მიკვირდა ასეთი მეტაფორებით მეტყველება, მაგრამ  ახლა მეც ასევე  ვუწოდებ ჩემს შვილიშვილს: ჩემი მზე, მთვარე და ვარსკვლავები და ნამდვილად არ ვამეტებ. დედაჩემი, ქეთევან სევერიანეს ასული, ჭკუას კარგავდა შვილიშვილებზე, იშვიათად გაუჯავრდებოდა, რაც არ უნდა გაეკეთებინათ, ჩვენთან, შვილებთან,  შედარებით მკაცრი იყო, მაგრამ ალბათ არასაკმარისად, მე რომ ასეთი უნიათი გავიზარდე, შვილიშვილისთვის საჩუქარიც ვერ მიყიდია, ის ამბობდა, არ ვიცი ვისი სიტყვებია, შვილი მშობლის გულია, შვილიშვილი - გულის გულიო. ნამდვილად ასე ყოფილა! დიდხანს ველოდით შვილიშვილის გაჩენას მე და ნატა, თავიდან დიმიტრი და მისი მეუღლე, თამუნა თითქოს არ ჩქარობდნენ ამ საკითხის გადაწყვეტას და როცა გავიგე, ჩვენი რძალი ფეხმძიმედ იყო, ცას ვეწიე სიხარულით, ყოველ დღე ღმერთს მადლობას ვუხდიდი ასეთი საჩუქარისთვის.არ ვიმჩნევდი, მაგრამ თამუნას მშობიარობაზეც ძალიან ვიღელვე და ვინერვიულე, რომ დაქორწინდნენ, დედაჩემი მეუბნებოდა, ეს პატარა გოგო ბავშვს როგორ გააჩენსო?! მაგრამ ყველას აჯობა, 3 კილოგრამი და 700 გრამი დაიბადა ჩვენი ბიჭი, თანაც 2 კვირით ადრე ამშობიარეს, კლინიკის მთავარ ექიმს, გაგუასაც კი შეეშინდა, ეს ბავშვი ისე სწრაფად იზრდება, მერე მართლა გაუჭირდება გაჩენაო. თამუნა ფეხმძიმობის ბოლო დღემდე მანქანას ატარებდა, ისეთი ყოჩაღია, მე კი შიშისგან ჩემი მემართებოდა ხოლმე, მაგრამ ახალგაზრდებს ჩვენი სატკივარი არ ესმით და ჩვენ - მათი, ასე დაუწესებია ბუნებას, თითქმის ყოველდღე დავდივარ დიღომში ბავშვის სანახავად. ძირითადად, ფეხით, შორი გზა არ არის, ბიჭი ძალიან მომწონს, რომ იტყვიან, - კაი ტიპია! მეუბნებიან, შენ და შენს ძმას გგავთო პატარაობაში, მაგრამ მე ამ მსგავსებას ვერ ვხედავ, უფრო თამუნას ჰგავს. ნატა რძალთან გადასახლდა, მოხმარება ჭირდება. მეც მჭირდება მოვლა და ქალის ხელი, მიჭირს ნატას გარეშე ცხოვრება, მაგრამ ხმას როგორ ამოვიღებ, ის ხომ ჩემთვის ყველაზე ძვირფას არსებას უვლის, ჩვენს ანდრიუშის, როგორც თვითონ ეძახის. მეც ასე მეძახის, ამიტომ ეს ამბავი კიდევ უფრო მსიამოვნებს. ვმღერი, ვცეკვავ ჩვენს პატარა ბიჭთან, თავიდან გაკვირვებული მიყურებდა ხოლმე, მაკვირდებოდა, ალბათ ფიქრობდა, ვინ არის ეს მომღიმარი თავმოტვლეპილი კაციო, ახლა გულიანად იცინის, მეც ვიცინი მის სიცილზე, მგონია, სიცოცხლე მემატება, აღარ მინდა სიკვდილი, მაგრამ თუ მაინც გარდავიცვალე, მეცოდინება, რომ ჩემი ნაწილი დარჩა ამ ქვეყანაზე.

მე გადავხაზე ყველა ტკივილი!

მე გადავხაზე ყველა ტკივილი,
მინდა, გათენდეს დილა ლამაზი, -
შემომეგებოს ჩიტი ჟივილით,
გულში დამენთოს ლალი ათასი.

მატკინეს, მაგრამ არ წავშალე მათი სახელი,

მატკინეს, მაგრამ არ წავშალე მათი სახელი, 
ლახვარი ჩამცეს, თუმცა რაღა საკითხავია,
საქართველოსაც აღარ დარჩა ხმების გამცემი,
ჩემი გული კი, რა ხანია უკვე მკვდარია.



სამყაროს თითქოს დაადეს ლუქი

სამყაროს თითქოს დაადეს ლუქი
და ვიძირებით უღვთო ჭაობში...
მხოლოდ შენს გულში ეძებე შუქი
სიბინძურიდან ქვეყნის გამოხსნის.
ათას სანთლებად დანთებულ გულებს
დავადებთ ქართულ ჭირნახულ ურემს,
გავკვალავთ გზას და ღვთისაკენ მავალს
ათას ანგელოზს ჩვენს შორის ვნახავთ.

ლექსი - ტირილი

მინდა დავწერო ლექსი - მოთქმა, ლექსი - ტირილი,
ვიღას ადარდებს ჩვენი ქვეყნის დარდი, ტკივილი...
უნდათ აივსონ ჯიბეები განძით, დოლარით,
დარჩა სამშობლო უპოვარი... დგას მათხოვარი.
გადმოზნექილა ვაზის ძირი, თავს ხრის მიწამდე,
კაცს ეხვეწება: - "გადაგარჩენ, ისევ მიწამე!"
- იალაღებზე ახლა სხვათა ცხვარი ბალახობს,
საკუთარ თავს და ჩვენს საფიცარს რადგან ვღალატობთ.