Tuesday, October 16, 2012
მტერმა რომ ვეღარ დალეწოს
ბალახმა გადაუარა ვენახს, ბოსტანს და საყანეს,
წყალი, ჰაერი მოაკლდა თესლს, ცივ მიწაში ჩანაგდებს,
-სადა ხარ, ჩემო მერცხალო, რად არ აშენებ ბუდეებს?
-სახლებს პატრონი არა ჰყავს, ვინ ააშენებს ზღუდეებს,
მტერმა რომ ვეღარ დალეწოს, აღარ წაიქცეს საყანე,
კვლავ უპატრონოდ არ დარჩეს ჩვენი სახლი და სახარე,
მოგელი ჩემო გლეხკაცო, მკლავღონიერო, ვაჟკაცო,
ქებათა-ქება იმ მიწას, შენ რომ კვლავ უნდა ახარო,
მოფრინდი ჩემო მერცხალო და გაზაფხული გვახარე,
აღარ დარჩება საჯიჯგნად ჩვენი მიწა და საყანე,
დაიზრდებიან ბარტყები, ერდოზე შემოსხდებიან,
აკვანში მძინარ პატარას ჭიკჭიკით ლექსებს ეტყვიან,
პირველ სიმღერას უმღერენ ღვთის სადიდებლად მსხდარები,
შენ გაგიმარჯოს პატარავ, ღმერთმა გიკურთხოს მკლავები!
ეკალი ვარ
ეკალი ვარ, ვარდის ტოტზე ამოსული,
სილამაზის სადარაჯოდ გამოსული,
სამტროდ მოსულს ვუთავაზებ ორკაპ დანას,
მოყვარესთან ვითამაშებ ,,არიფანას".
კიბორჩხალამ გამოუშვა საცეცები,
ჩვენს საუნჯეს ემუქრება გაცეცებით,
მე, ეკალი, დავღვრი სისხლს და დავმუნჯდები,
ვერას მიზამს ტყვია-რკინის საცეცები.
Sunday, October 14, 2012
ესე: ყველანი დამნაშავე ვართ!
არა, არ მითხრა, რომ სიძულვილმა დაგაბრმავა,
რომ ვეღარ არჩევ ტყუილს და მართალს,
რომ რეალობის შეგრძნება დაკარგე და ცაში დაფრინავ.
ადამიანებს ძალან გვიყვარს სხვების კრიტიკა,
მაგრამ ჩვენს თავზე ლაპარაკი - არა. ჩვენ ხომ ყოველთვის მართლები ვართ ?!
მართალ კაცს კი, ვერაფერს ეტყვი, ვერაფერს გაუბედავ!
ო, როგორი გულცივები გავხდით. ოღონდ საკუთარი
სიამრთლე დავამტკიცოთ და ყველაფერს ვიკადრებთ.
არგუმენტები თუ არ გვყოფნის, სხვა ადამიანებს სიამოვნებით
გავატარებთ ხორცის საკეპ მანქანაში, არ მოგვერიდება, არ შეგვეცოდება,
მერე კი ჰუმანიზმზე ვლაპარაკობთ.
ეს რა კადრები ვნახეთო, აღშფოთებულია მთელი საქართველო,
მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბევრი იგივეს გააკეთებდა,
იმიტომ, რომ ჩვენი სიმართლე უნდა დავამტკიცოთ,
იმიტომ, რომ გულის სითბო გვაკლია,
იმიტომ, რომ ჩვენი თავი უფრო გვიყვარს, ვიდრე სხვები,
იმიტომ, რომ გვინდა ჩვენმა შვილებმა უკეთესად იცხოვრონ,
სხვისი შვილები კი -არ გვაინტერესებს,
იმიტომ. რომ ღმერთის სიყვარული არ არის ჩვენს გულებში.
ყველამ ჩავიხედოთ საკუთარ სულში და მივხდებით,
ყველანი დამნაშავე ვართ !
დედას
კაბის ნაოჭო, დედის კალთას შემონატარო,
თეთრო ფიქალო, მარმარილოვ, ნატიფ-ნათალო,
თითების კონავ, ცხოვრებისგან ნატანჯ-ნაწამო,
ზღვა სიყვარულო, პურის ყანავ, ოქროს თავთავო,
ღიმილიანო, ნაზ ფერებში გადაცრეცილო,
ზამთრის ბაღებო, დედის თმებად ჩამოფენილო,
ვაზის ლერწებო, ყინვისაგან გაუტეხელო,
ციხე-კოშკებო, მომხდურთაგან აუღებელნო.
მუხავ ძლიერო, სისხლით, გენით ჯან-ღონიერო,
დედა ამყოფე, ადღეგრძელე, ღმერთო ძლიერო!
Saturday, October 13, 2012
სულებს წყლული გასჩენია
იმ ჭრილობებს რაღა ვუყოთ,
სხეულებს რომ ამჩნევია,
საქართველოს გული ტირის,
სულებს წყლული დამჩნევია...
ცრემლი გვდის და გამშრალ ველებს
იარებად ამჩნევია,
კლდეებს კავკასიონისას
ნაპრალები დასჩენია...
შავი ზღვიდან კვნესა ისმის,
ზვირთებს დარდი გასჩენია,
ქართლის დედას პატარები
უდაბნოში დარჩენია,
შეძრწუნებულ მაღალ მთებსაც,
ცრემლი სისხლად დადენია,
ჩვენი მიწის ბაღ-ვენახი
წითლად უფერადებია,
საქართველოს გული ტირის
ჩვენს სულს წყლული დამჩნევია,
ღვთის სამართალს მოვესწრებით,
ზეცას სისხლით აწერია.
Tuesday, October 9, 2012
პატარა ზურიკოს
ფრინდი, ფრინდი, ჩემო მტრედო,
დედის კალთას ხელი ჰკარი,
მაგ პატარა თათუნებით
ღრუბლის ფთილას მიეკარი,
გამოისხი მერცხლის ფრთები,
მზეს თვალები ჩაუკარი,
ქარვის მძივად დაეკიდე,
ცის თაღს ხელი ჩამოჰკარი.
ჩანგიც გაუმზადებია
დედამიწას, მთების წვერზე
ჩამოჯექი, დაიმღერე,
უთათუნე თეთნულდს წვერზე,
ფეხი გაუსვ-გამოუსვი,
ჩვენებური დაუარე,
შენს ნატერფალს დასცქეროდეს,
უღიმოდეს მზე და მთვარე,
გაიზარდე, დავაჟკაცდი,
საქართველო გაახარე!
ქარი
ქარი, გიჟი, მოვარდება, ღრუბლებს შავ დღეს დააყრის,
გარეკავს და გამორეკავს, ამოსუნთქვას არ გვაცლის,
შარაგზაზე მიმავალ ქალს კაბის კალთას აუწევს,
ჩიტბატონას ფრთებს დააცლის, დედას აკვანს დაურწევს.
მიფრინდება-მოფრინდება ღობე-ღობე მძრომელი,
სულში უნდა ჩაგვახედოს, დაგვანახოს ყოველი,
გულის კუნჭულს მიადგება, შიგნით ცეცხლსაც დაანთებს,
მერე ლხენით და სიცილით ცივ ყინულებს ჩააფენს.
ქვიშით, ქვებით ამოავსებს სრუტეებს და ნაპირებს,
მეზღვაურებს, ზღვაში შთენილთ, შიშისაგან აყვირებს,
თვალზე ცრემლით წავიკითხავთ შავარშიან აფიშებს.
ქარი ზოგჯერ აგვატირებს, ხან კი - შვებას მოგვიტანს,
გაცხელებულ გულს აგრილებს, ხან კი - ცოდვებს მოგვკითხავს...
ქარო, იქნებ დაარბიო ციხე-ბასტიონები,
ქაჯებს ომი განუზრახავთ, ფეხზე დავდგეთ ყოველი:
იმერელი, აჭარელი , ხევსური თუ ფხოველი.
ავთანდილსაც, ტარიელსაც, ფრიდონს ისევ მოველით.
Subscribe to:
Posts (Atom)






