ნაკვალევი თოვლში
-, გუჯა, ჩააკითხე თამრიკოსა, ერთად ვისაუზმოთ, რაით არა ჩანს ეს გოგო?! - ეუბნებოდა მამა შვილს, თან თვალით აჩვენებდა, დროზე წადიო. ცოლს მაგიდა უკვე გაეწყო და ქმრის ბრძანებას ელოდებოდა, სუფრასთან მოეწვია შვილები.
- რა ქნას, ისვენებს, ქალაქიდან კვირაში ერთხელ ჩამოდის ხოლმე, დააძინეთ ეს ქალი, როცა უნდა, მაშინ ამოვა. - სიყვარულით ამბობდა ცოლი.
- ამ სიცივეში, მთელი ღამე თოვდა, ან ბუხარი როგორ დაანთოს, ან საჭმელს როდის გააკეთებს?! ამოვიდეს აქ იყოს... - ნერვიულად იწიწკნიდა ულვაშებს სტეფანე.
- ჩავალ, მამი, ნუ ნერვიულობ - უთხრა გუჯამ მამას, ზევიდან არც არაფერი მოიცვა, პულოვერით და ყელზე მოხვეული შარფით ჩაირბინა კიბეები, ქვევიდან გელას - ძმას ანიშნა, შენც წამოდიო, მაგრამ იმან, დედას ვეხმარები კაკლის დატეხვაშიო, მოიმიზეზა, მარტო ჩაუყვა გზას. დიდი თოვლი დაედო. სოფელში მხოლოდ ძაღლების ყეფა ისმოდა. კაცის ჭაჭანება არ იყო.
ფრთხილად მიუყვებოდა ახალგაზრდა ოღრო-ჩოღრო ბილიკებს. 800 მეტრი იყო თამრიკოს სახლამდე. რამდენიმე წუთში დაფარა მანძილი.
ჭიშკართან დაიძახა: - თამრიკო, გღვიძავს, მამა გეძახის, ამოდი, ისაუზმეო.
თამრიკოს თავი გამოჩნდა მეორე სართულის ფანჯრის მინაში, ძლივძლივობით გააღო ფანჯარა, თოვლს ჩაეჭედა.
- გუჯა, ჩავიცმევ და წამოვალ, აბა, აქ რა ვაკეთო მარტომ?!
- კარგი, კარგი, - გამოეხმაურა ბიძაშვილი. სახლამდე ძლივძლივობით მიაღწია, - ნიჩაბი სად არის? ცოტა გავათავისუფლებ თოვლისგან ეზოს, ჭიშკრამდე ბილიკს გავკვალავ. - უთხრა.
-- მანდ არის სადღაც მიყუდებული, კედელთან პირველ სართულზე. - დაუძახა ქალმა.
- სანამ მოემზადები, საქმეს გავაკეთებ.
- შვილები რომ მყავდეს, ხომ ისინი მოაგვარებდნენ მაგ საქმეს, - სინანულით წარმოთქვა ქალმა. თვალებში ცრემლი აუკიაფდა. - ბავშვების ნაფეხურებით იქნებოდა ეზო სავსე.
- რა გიშლის მერე, გოგო, გათხოვდი, - შეუძახა ბიძაშვილმა. - ჭკუა გაკლია თუ სილამაზე, იმ შენს უნივერსიტეტში ერთი კარგი ბიჭი ვერ იპოვე?!
- ვერა, ვერ ვიპოვე. - გულდაწყვეტით ჩაილაპარაკა ქალმა.
ცოტა ხანში ბიძაშვილები აღმართს შეუყვნენ.
გავიდა წლები. მძიმე სენმა წაიყვანა იმქვეყანას ქალი. სახლს წლების მანძილზე არც მომვლელი გამოუჩნდა და არც პატრონი. თოვლს ჩაეზნიქა სახურავი, გადაეფარა ეზო.
- ბიჭო, ნიჩბები გადმოიღე, - დაუძახა მამამ შვილს. - სახლი გადავთოვლოთ, არ ჩაინგრეს სახურავი, დედაბოძი თუ წაიქცა, რაღას ვუშველით?!
პატარა თამრიკომ გაღებულ ჭიშკარში შეაბიჯა.
- მამა ეს სახლი ვიყიდეთ?! - არა, მამა გენაცვალოს, გვაჩუქეს კეთილმა ადამიანებმა, წასაქცევად დაენანათ, ეტყობა, - დაუძახა მამამ და ნიჩბები შეიტანა ეზოში. პაპა უკვე სახლის სახურავზე ამძვრალიყო.
თამრიკომ პატარა ძმას ჩაჰკიდა ხელი და თეთრ თოვლში მათი პატარა ნაკვალევიც გაჩნდა. ღმერთმა ამრავლოს...
ციდან ლოცავდა თამრიკო პატარებს.
-
No comments:
Post a Comment