სახუმარო:
31 დეკემბერია, ფაციფუცში ვართ, უეცრად გათბობის სისტემა გამოირთო. ვის დავურეკოთ ახლა, ვინ მოვა, ვფიქრობთ?! ერთ ხელოსანს შევეხმიანეთ, ქალაქგარეთ ვარ, სამ იანვრამდე არ ვიქნები ქალაქშიო, მეორეს დავურეკე, შვიდ საათამდე მოვალ აუცილებლად, მისამართი გამოგზავნეო. გავიხარე. გახდა 6 საათი, არ ჩანს. ვურეკავ, მპასუხობს, ახლა მოვიდე თუ მეკვლედ ახალ წელსო. ვითომ ხუმრობს. მე ისტერიული ტონით, ახლა მობრძანდით მეთქი. ავუხსენი, რა პრობლემა აქვს ბაკს, მივხვდი ყველაფერსო. ერთ საათში მოვალო.
რეკავს ერთ საათში, ვუხსნი, მანქანა სად დააყენოს, მეჩხუბა, არასწორედ გამაჩერებინე მანქანა, რას მასწავლი, რაც არ იციო. არ მივაქციე ყურადღება, ერთი სული მაქვს, გათბობის ბაკს შეხედოს. მოიტანა რაღაც ლურჯი ჩემოდანი, რაღაც მოწყობილობა, შავი, პისტოლეტის მაგვარი. ბაკი გახსნა, კლაპანი აქვს გამოსაცვლელი, სამამდე ვერ ვიშოვიო, რისთვის მოდიოდა, ვერ გავიგე, თუ ნაწილები არ ჰქონდა. ჩვენ ბაკს რომ უყურებდა, თან მესენჯერში ვიღაცის ბაკს ათვალიერებდა და უხსნიდა, როგორ უნდა გაეკეთებინათ, სანამ არ შევახსენე, ჩვენც გვეჩქარება მეთქი, ყურადღებას არც გვაქცევდა.
ოჯახში ჭიქა ავაწევინეთ, ისე ხომ არ გავუშვებდით, დაიწყო ბაქიაობა, მე ცოლთან ,,გაიასნებული" მაქვს სიტუაცია, ნარკომანი არ ვარ, მაგრამ ღვინო, დუდუკი და ქალები ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ახალ წელს ჯერ ოჯახში შევხვდები, მერე გათხოვილ შვილებთან მივალ, მერე მკვდარი ძმის შვილებს მივულოცავ და ბოლოს, ჩემს საყვარელ ქალთან უნდა მივიდეო. სასმელი არ დაულევია, რულზე ვზივარ, ისეთი ცუდი სიმთვრალე მაქვს, შეიძლება ვინმე მოვკლაო. თან გაგვაფრთხილა, სამში პახმელიაზე ვიქნები, დილით დამირეკეთ და შემახსენეთ თქვენი თავიო.
ასეთი პერსონაჟი დიდი ხანია არ მინახავს, გაოგნებული ვუყურებდი.
წავიდა, ათ წუთში ვხედავთ, ის შავი პისტოლეტის მაგვარი მოწყობილობა დარჩენია. ვურეკავ, ბატონო, რაღაც მოწყობილობა დაგრჩათ მეთქი. ვერაფრით მიხვდა, რაზეა ლაპარაკი. მოკლედ, მანქანას გავეკიდე, ეზოდან არ იყო გასული იმ შავი პისტოლეტით. როგორც იქნა, ფანჯარა ჩამოწია, კარგა ჩანს უყურა, ჩემიაო, აღიარა და გამომართვა.
მაგ კაცს როგორღა დავურეკავდი, სხვა ხელოსანი გამოვიძახე სამში, ნაწილები იმ წუთშივე შეუცვალა ბაკს, კი მივეცი 250 ლარი, მგონი ბაკის ფასი, მაგრამ იმ კაცთან საქმის დაჭერა განა შეიძლებოდა?!
No comments:
Post a Comment