Monday, January 19, 2026

მაიას რჩევები

 ადამიანებთან ურთიერთობის მრავალწლიანი გამოცდილება დამიგროვდა და მინდა რჩევებიც მივცე ახალგაზრდებს.

მაიას რჩევები:
1. ახალგაზრდობაში დროს ვკლავდი, არ ვიცოდი რაში დამეხარჯა, დღეს ვცდილობ დრო გავაცოცხლო, რაც შეიძლება მეტი მოვასწრო, ამიტომ გაუფრთხილდით დროს. ყველაზე დიდი განძია ამქვეყნად ღვთისგან ბოძებული.
2. დადებული პირობა, მიცემული სიტყვა ყოველთვის შეასრულეთ, რომ სხვას გული არ ატკინოთ, ვიღაცა ხომ ელის მათ შესრულებას, აუცილებლად მოგეკითხებათ. არის შემთხვევები, რომ პირობის შესასრულებლად სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მდგომნი დაბრუნებულან.
3. მატერიალურის დევნაში ბევრს ავიწყდება სულიერებაზე ზრუნვა: ავიწყდებათ მშობლები, და-ძმები, ახლობლები და ნათესავები, არადა რამდენი ადამიანი კვდება ჩვენს ნატვრაში, ნეტავ ერთხელ დამანახაო, ვიყოთ ყურადღებიანები, ზოგჯერ ერთ თბილ სიტყვას შეუძლია გადაარჩინოს ადამიანი.
4. ნუ მისცემთ ნებას შურს და სიძულვილს თქვენზე გაიმარჯვოს. აპატიეთ, მტერიც რომ გეგონოთ, ამით თქვენს სინდისს დაიმშვიდებთ და ეს საქციელი შეიძლება იმ თქვენთან დაპირისპირებულ ადამიანსაც გამოადგეს. თქვენ თვითონ გადადგით ნაბიჯი შერიგებისაკენ.
5. ნუ გააკეთებთ ცუდ საქმეს, ბუმერანგივით უკან დაგიბრუნდებათ, სხვა დროს და სხვა ადგილას, თქვენ თუ არა, შვილებს და შვილიშვილებს, ,,ბებიას ნაჭამმა ტყემალმა, შვილიშვილს კბილი მოკვეთაო", ბრძენი იყო ჩვენი წინაპარი.
6. თუ თქვენ ყველას სიყვარულით უცქერით, გიყვართ ყოველი სულდგმული, თქვენ ბნელში მდგარი სანთელივით ხართ, გზას უნათებთ გარშემომყოფებს, დარჩით ასეთად, სამყაროს ჭირდება თქვენნაირი ადამიანები.
7. სხვისი არაფერი გინდოდეთ, ნუ მოიპარავთ, ნუ წაართმევთ. იმაზე მეტს დაკარგავთ, ვიდრე გგონიათ, თუ ფულს არა, ჯანმრთელობას და სიცოცხლესაც კი. მშივრების და იმედწართმეულების სულები არასოდეს დაგტოვებენ.
8. ჩვენი სიცოცხლე სამყაროსთვის რამდენიმე წუთია, გავლიოთ სიკეთის კეთებაში, არავინ იცის, ვის როდის მოგვივა აღსასრული. კარგად მაინც მოგვიხსენიებენ სიკვდილის შემდეგ.
9. ვაკეთოთ საყვარელი საქმე, თუნდაც წუთები დავუთმოთ მას დღის განმავლობაში, შეიძლება მან უფრო მეტი წარმატება მოგვიტანოს, ვიდრე ძირითადმა, რასაც შემოსავლის წყაროდ მივიჩნევთ.
10. იმქვეყნად არავინ არაფერს წავიღებთ, ვერც სასახლეებს, ვერც მიწებს, ვერც ბიზნესს, შვილები და შვილიშვილები კიდევ რას იზამენ, არავინ იცის, ამიტომ ჩვენს სამშობლოს მოვახმაროთ ქონება და სიმდიდრე, ყველაზე კარგ გადაწყვეტილებად მიმაჩნია, ისტორიაში მაინც ჩაიწერება ჩვენი სახელები.
მაია დიაკონიძე
18.01.2025 წელი

No comments:

Post a Comment