მარიამ ბუკისციხელი სახალხო გმირი ქალია, რომელმაც თავი გამოიჩინა ქვეყნის შინაურ და გარე მტრებთან ბრძოლაში. საარაკო გახდა მისი შებრძოლება ქალიშვილების მოსატაცებლად მისულ ოსმალ აბრაგთა რაზმთან, რომელშიც დახმარება გაუწია ასევე ბუკისციხელმა სახალხო გმირმა, დავით გურგენიძემ.
ბუკისციხელსა მარიამს რომ გააცოცხლონ, სწადია,
ქართველ ქალ-ვაჟთა მწეს და მცველს, მათ დედასა და გადიას.
ცხარე ცრემლებად იღვრება, დიდი ფიქრი და ჯავრი აქვს...
იავარქმნილა სოფელი, დამეწყრილა და დავსილა, -
ოსმალოები ზეობენ, მზის საბრძანებელს ერჩიან,
ნატრულობს კაცი საწყალი ქვეყანას მძლეს და ერთიანს,
არის ტყვედ წასხმა, ტაცება, მოწამე მაღლა ღმერთია,
გურიის წარმტაც სოფლებში ხეც დარჩენილა ბერწია.
ბუკისციხელი მარიამ, ქალ-ვაჟთა მცველი, გადია,
ცხრა ასულს სხვენში მალავდა, მტერს რომ ებრძოდა ხანჯლიანს,
განძი რომ იყო, იცოდა, მზის გულზე წერდა ქარტიას, -
კბილით დაეცვა შვილები, წინ დახვედროდა ცხრა ტყვიას.
დამდუღრა, დააქვესკნელა მომხდურთა მთელი რაზმია,
საწყალობელნი გახადა, თარეში არ აპატია,
თავზარდაცემულ ოსმალოთ ხმლით ჩაეგება დათია,
სწორუპოვარი ვაჟკაცი, გურგენიძეთა გვარიდან,
ჭირი მდინარემ წაიღო, სადღაც შორეთში გარიყა,
დღეს ისევ მოგვბრუნებია, რჩება სამშობლო ყარიბად.
ბუკისციხელსა მარიამს რომ გააცოცხლონ, სწადია,
ჭეშმარიტებას ღაღადებს მუდამ მლოცველი ქალია:
- განძი აქ უნდა დარჩესო, - ცრემლი ჩამოსდის დარდიანს,
- ძალით მიჰყავდათ ტყვეებად, დღეს თავის ფეხით გადიან
ახალგაზრდები სხვა ქვეყნად, იქ ჭამენ ლუკმას მადიანს,
ვის უტოვებენ სამშობლოს, გაგებაც არა სწადიათ!
მტერს მტერი ერქვა, დღეს მტერი ვეღარ გავიგეთ ვინ არის,
რჩეული გოგო-ბიჭები ხანს ჩვენი ხელით მივგვარეთ,
ბედის ბორბალმა ჩვენს თავზე უხვად აფრქვია სიმწარე,
ანი და ჰოე ამ ქვეყნის მაინც ვერაფრით ვისწავლეთ.
შვილები, როგორც ლამპარნი, ღვთის სადიდებლად დაანთეთ,
მათი გულები ამ ქვეყნის სიყვარულისთვის გააღეთ,
გმირ წინაპართა საქმენი ჟამთმდინარებას გაარღვევს,
თვალშეუდგამი ნათელი გააცისკროვნებს დარბაზებს.
----------------------------
ბუკისციხელსა მარიამს ცრემლი ჩამოსდის დარდიანს,
- სამშობლოს ისევ ვჭირდები, გამაცოცხლეთო, მადლია,
გადავრჩებითო, ღვთის ნებით, გულს ნუ დაიმჩნევთ ნატყვიარს,
მაინც ავდგები, დავნაცრავ მტერს აშარსა და ავზნიანს!
No comments:
Post a Comment