Friday, August 25, 2017

რატომ არისო საქართველო ასე ლამაზი?!

მზით განფენილა სილამაზე ასე ულევი,
ლორთქო ბალახად ამოზრდილა თითო უჯრედით,
რომ მოეტანათ რუდუნებით ჩვენთან ოდითგან
ქართველი ქალის გასაოცრად ნაზი სურნელი.
ენაცვლებოდნენ ერთურთს ტურფა გარიჟრაჟები,
ტინის კლდეებად იზრდებოდნენ მათი ვაჟები,
იცავდნენ მიწას, ასაზრდოებს დღესაც ამ ბაღებს,
მოჩითულ ველებს და სამოთხის ცხრაკლიტულს აღებს.
ტბაში მცურავი გედისფერი თეთრი დუმფარა
ქარსაყოლილი დედოზარის ძვრა და სულთქმაა,
პირშეუკრავი ჭრილობა და ცრემლის ბუდეა,
ამონაზარდი დაღუპულის დედის უბიდან.

რატომ არისო საქართველო ასე ლამაზი?! -
დასაბამიდან მტერ-მოყვარეს მუდამ უკვირდა...
სხვას ვის სჩვევია გატაცებით მზესთან თამაში,
ნისლდაფენილი ტაფობები სხვას ვის უხილავს?!
ცად აღმართულან მწვერვალები ლურჯი მელნებით,
როგორც ბრძენკაცებს ისე შვენით თეთრი წვერები,
შემოუნახავთ ნააზრევი ძველთა შუმერთა,
რომ ყმაწვილთათვის მოეყოლათ ძველი ლექსები.

და ირწეოდა სარწებელი ქარში, წვიმაში...
საოცრად წრფელი იდგა დედა ხატის წინაშე,
მისი მანდილი სისხლის ტბებში ველზე გაშლილი
აფრთხობდა მომხდურს ჭირვეული თოთო ბავშვივით.
როცა შვილები ლერწმებივით ტყდებოდნენ ველზე,
კრავდნენ დატეხილთ და აგებდნენ იმ ძვლებით მესერს,
რომ გასჩხეროდა მტერს და მავანს ფხებივით ყელში,
რომ დაენთხიათ ბალღამი და უვნებელთ მერე
ქართველ ვაჟკაცთა სადიდებლად ეწერათ ესსე, -
ეტარებინა მათი ბედი სამყაროს მხრებზე.
ღამეს ერთვოდა მწუხარება შაოსან ქალთა,
ქვეყანას ამას იფარავდა ღვთიშობლის კალთა.

ეს იყო უწინ, არცთუ ისე დიდი ხნის წინათ,
თუმცა გარდასულს, გარინდებით, არასდროს სძინავს,
ღვინო ჩამდგარა საწნახელში, შხეფად იღვრება,
ქურანა რაშის ნატერფალი ღრუბლებს მიჰყვება...
თითო უჯრედი ამოგვძახის ზათქით და მეხით,
- ნუ მისერავთო დამდუღრულ გულს, გაუშვით ხელი,
თითო ნაწილი თუ ატომი ყოველდღე კვდება,
ნუთუ ეს არის ქართველობის უკვდავი ნება?

ბუ კი ღამეში იმ ასულს თუ ვაჟკაცს დაეძებს,
რომელიც ისევ გააცოცხლებს შოთას ტაეპებს,
ქართული მიწის ლაღ წიაღში გამოზრდის ხანძთელს,
ნიკოფსიიდან დარუბანდით დარისხავს ზარებს,
ცას აამაღლებს უსასრულოდ ვრცელსა და ამაყს,
ღვთით მივიწყებულ საჯიხვეებს დაასვამს დამღას,
მზით განფენილა სილამაზე ასე ულევი,
ჭრელ-ჭრელ მინდვრებად ამოზრდილა თითო უჯრედით.







No comments:

Post a Comment