ფიფქებით და ფიქრებით
საშობაოდ ვივსები,
წმინდის მადგას ნათელი,
დამტრიალებს ფანტელი.
ღმერთი იშვა ბეთლემში, -
საუკუნო ცხონება
მოგვანიჭა კაცის ძეთ, -
გაგვინათა გონება.
მოკაშკაშე ვარსკვლავმა
სიხარული მოგვფინა,
ჩვენს გულებშიც გიზგიზებს
კელაპტარი, "ოდილა.
ოდილა და ოდილა,
ოდელია, დელია",
ზამთრის ღამე სითბოს გვგვრის,
ანგელოზნი მღერიან.
აიტაცა ნათელში
ცამ ეჟვანი მჟღერია,
სამუდამოდ დაშრება
მწუხარების ცრემლია.
"ოდილა და ოდილა,
ოდელია, დელია,"
ცხვრების ფარას მოუძღვის
ზნეკეთილი მწყემსია,
სიყვარულის ზეობა
მიწყივ დაუწესია.
ქვეყნად ყველა სიმდიდრე
მისი ფეხის მტვერია,
შევეგებოთ მესიას, -
ის სიკეთის მთესია,
"ოდილა და ოდილა,
ოდელია, დელია."
No comments:
Post a Comment