Thursday, July 31, 2014

ფარჩებად ჰყრია

ტიროდა ზეცა და ლურჯი ფარჩა,
სადღაც შორეთში, მთის იქით დარჩა,
ზღვას შემოსცმია ფერები მწუხრის,
აფრები, თითქოს, ქედს უხრის წუხილს..
გაუტაციათ შავ ზვირთებს ბავშვი,
დედის ცრემლები აწყდება ნაპირს,
პატარას თვალი შემორჩა ღია,
მისი სამოსი ფარჩებად ყრია.

რადა ლაღობ, უფლის ჩიტო?!

-რადა ლაღობ, უფლის ჩიტო,
რად ჭიკჭიკებ, რადა მღერი?!
-დილით ბიჭი დაიბადა,
ასახელოს უნდა ერი!
მამულს რწმენით ემსახუროს,
ღვთიურ სიტყვას მისცეს ფასი,
სიყვარული ჰქონდეს მუდამ
ჯერ ღმერთის და მერე კაცის.

ციცქნა ბიჭი(საბავშვო)

ციცქნა ბიჭი მუშტებს იქნევს,
ემუქრება კატის ცინტალს,
შენ დარჩები კოკროჭინა,
მე მივწვდები ღრუბლის ფთილას,
რომ გავხდები მუხის ხელა,
კუნთს დავიდებ ბატიბუტად,
მე დავდგები გამრჯე კაცი,
შენ კი, ივლი უსაქმურად.
თაგვის ჭერა შენ არ იცი,
თევზი ვეღარ მოგართვიო,
ანკესი რად გამიფუჭე,
სარჩენი მყავს ოჯახიო.

მუხრანის ზემოთ

მუხრანის ზემოთ ტყე არის ლურჯი,
მუხრანის ქვემოთ მწვანეა მდელო,
გზებზე თამაშობს, ბინდს იკრებს ნისლი,
მგზავრს, გვიან მავალს, მგელივით მტერობს.
მშვილდად მოზიდულ მთებს ვეტყვი სალამს,
ყაყაჩოს, წითელს, ჩავიკრავ გულში...
გთხოვ მაპატიო, ღმერთო, ყოველი,
რაც არ მესმოდა ურწმუნოს, გუშინ.

Wednesday, July 30, 2014

მე არ გპატიობ

მე არ გპატიობ, გულს, გატეხილს,
სარკეში ჩემი ცხოვრების ნატეხებს ვხედავ,
მაგრამ მაინც მიჭირს მათი გადაგდება,
ისინიც შენი ნაჩუქარია.


Sunday, July 27, 2014

დეპრესია (სახუმარო)

მომერია დეპრესია,
პრესის ქვეშ ვარ
შინ და გარეთ,
ირგვლივ მუქი ფერებია, -
ეს სამყარო მიგებს მახეს.
ეს რა იყო, არ ვიცოდი,
სევდა ისევ მომეძალა, -
ღამით სულმთლად აღარ მძინავს,
ამერია დრო და ხანა.
ნეტავ ჩვენი წინაპრები
თუ იცნობდნენ ამგვარ საფრთხეს...
გამოწერდნენ შვილებისთვის
იმთავითვე  თოხის აბებს.

Saturday, July 26, 2014

ღალატი (სახუმარო)

როგორც ქარი, ბნელ ოთახში,
დიდ მარულას გამართავს,
ზოგი ქმარიც, თუ  ენდობი,
ღალატის ქსელს დაართავს,
მერე თვითონ გაებმება,
ხდება სხვისი მორჩილი,
შენს ქმარს, ქალო, სხვას ნუ მისცემ,
თორემ გელის "პროფილი".

ღმერთო!

ღმერთო, არა მსურს მე მოსვენება,
მინდა გავწიო ჭაპანი, ტვირთი,
დილით მზემ მინდა სხივი მაყაროს,
ღამემ დამატკბოს ვარსკვლავთა ხიბლით.
მთამ მინდა მასვას წყაროს ნაჟური,
ზღვამ დამარწიოს, მიმღეროს ნანა,
შვილთა ისმინონ სიტყვა ქართული, -
სიმართლის ჯვარით იარონ მარად.

Friday, July 25, 2014

მძინავს თუ მღვიძავს

მძინავს თუ მღვიძავს,
შენში ვარ მარად,
როგორც აპრილი...
დავისადგურე და
ფერებად დავრჩი:
იისფერ, წითელ,
მოლურჯო გამად...

Thursday, July 24, 2014

იესოს

შენ სიყვარული გვასწავლე, წრფელი,
შენ აღტაცების მოგვეცი ძალა,
შენ გადაპენტე ოცნების ველი,
შენ მოგვეც ძალა, ვერ ვიგრძნოთ დაღლა.
შენ დაამშვენე იებით სული,
შენ დაამარცხე გრძნეული, ურჩი,
გრძნობებავსილი ვეტრფით სამყაროს,
რომელიც ბრწყინავს შენეულ შუქით.

ოცნების გემი

მეჩეჩზე დარჩა ოცნების გემი,
რიფზე დაიმსხვრა ანძა და კიჩო,
ცხოვრების აღმართს მივყვები რყევით, -
ვხედავ თვალნათლივ, - არავინ მინდობს.
ფერად სიზმრებში მინდა გათენდეს,
ბავშვობის სურათს შევმატო ფერი,
თავი ჩავუდო დედას კალთაში
და კვლავ მარწევდეს ოცნების გემი.

Tuesday, July 22, 2014

შენ!

აპრილმა ველი გაავსო ლხენით,
მაისმა კოცნით - ვარდის სამყარო,
მე ყვავილივით სხივებით ვთბები...
ნუთუ არ გინდა, დარდი გამყარო...

Sunday, July 20, 2014

სულის ტკივილი

მე არ მაწუხებს ყინვა და თოვლი, -
სულის ტკივილი მამძიმებს მხოლოდ,
რატომ არა ჰგავს ცხოვრება მინდვრებს,
ყვავილებად რომ ამკინძოს ბოლოს...
აყვავდებოდეს ნუში და ფშატი,
თეთრი ფიფქების გავეხვე ნისლში,
სხივმა გაადნოს გულში ყინული,
რომელიც მწვავს და ძარღვებში მივლის.

Friday, July 11, 2014

წვიმდა და ცრემლი ცვიოდა ციდან

წვიმდა და ცრემლი ცვიოდა ციდან,
ედინებოდა მშვენიერ  სახეს,
დარდი სხეულში ბილიკებს თხრიდა, -
წმინდა სიყვარულს დაუგეს მახე.

Thursday, July 10, 2014

სამყარომ ვაზი ცრემლად დაწურა

მინდა ჩავიცვა სხეულზე შავი, -
გულში სიბნელემ დაისადგურა...
უცნაურ ველზე გაშლილა დარდი, -
სამყარომ ვაზი ცრემლად დაწურა.

სინანაული

ღრუბლებში ფრენას არავინ გვიშლის,
მაგრამ ოცნებას დასწვია ფრთები,
ჩვენივ ქმედების მოსავალს ვიმკით, -
ვეღარ შევცქერით მომავალს ლხენით.
შენდობას ვითხოვთ, ვასველებთ ბალიშს,
იქნებ უფალმა წყალობა გვიყოს,
ჩვენს შვილებს მისცეს კეთილი დღენი, -
სინანული ხომ სამყაროს იპყრობს.

Tuesday, July 8, 2014

შემოდგომა (სულის პეიზაჟი)

ფეხქვეშ ფოთლების მეგება წყება
და შემოდგომის მამცნობს დადგომას,
ხეთა სხეულზე სამყარო ცვდება,
სულში ცრემლების ღარი დატოვა.



ვარდის სურნელმა დამათრო

ვარდის სურნელმა დამათრო,
სამოთხის კარი გამიღო,
ჩემს სულს ნათელი მოჰფინა,
დარდი მდინარემ წაიღო.

დავრჩი მარტო

საიდან მოდის და საით მიდის
ჩემი ფიქრები, ოცნების წყარო,
ხან გამაქანებს თავდავიწყებით,
ხან სამოთხეში მოხვედრას ვჩქარობ.
ფრთებს გავისწორებ, როგორც მერცხალი,
სულის ფრთხიალით ვეწვევი მნათობს,
ძირს დავეშვები და მაშინ ვხვდები,
დამწვია ფრთები და დავრჩი მარტო.

Sunday, July 6, 2014

გაშავებულა ალგეთის წყალი

აღმართულია გლოვის დროშები,
გაშავებულა ალგეთის წყალი,
კლდემ შემომხედა უტყვი ვედრებით,
უსამართლობამ დაუვსო თვალი.
მთაში გაისმის ქუხილი,  გრგვინვა,
გულს კი არ ესმის, ჩუმია ექო,
კვლვ შემოსძახეთ, მთანო მაღალნო,
ტალახმა, ჭუჭყმა როდემდე გვლეკოს?!

გამონათქვამები

სიყვარულია დიდი შენდობა,
თუ კი ამისთვის ძალა გეყოფა.

სულგრძელ ადამიანს სულში ვერ ჩააფურთხებენ.

გაშალე მხრები, გაასწორე კისერი, აწიე თავი და გაეშურე შენი მიზნისაკენ,
წინ ვერავინ დაგიდგება.

რწმენა ყველაზე დიდი ძალაა ამქვეყნად.

შეუნდე, აპატიე და შენც ვერ მიხვდები, როგორ დაიწყებ ზეცაში ფრენას.


ჩემი სკოლა

თეთრი საყელო, სასკოლო ფორმა,
შეკრული თმები დიდი ბაფთებით,
წიგნების დასტა, დაფასთან გასვლა,
დღიური, სავსე ხუთიანებით.
ამისთვის დიდი, უზღვავი შრომა,
უძილო ღამე, ბეჯითად სწავლა,
თავს არ ვზოგავდი, რომ შემძლებოდა
ცხოვრების გზაზე თამამად გავლა.


სიყვარულს კაცი ამქვეყნად იმკის

თავზე მევლება პეპლების წყება
და უსასრულო ფიქრების ჯაჭვით,
მივეშურები იქ, სადაც ცხელა,
იქ, სადაც ტალღა ევლება ნაპირს.
მშობლიურ გემზე მგზავრი ვარ მხოლოდ,
ერთი მათგანი, ვინც ღმერთის შიშით
მტერს აპატია ყველა შეცდომა
და დიდ სიყვარულს ამქვეყნად იმკის.

Saturday, July 5, 2014

მამას

ღრუბლის ფთილაში გამხვიე,
ზედ დამახურე საბანი,
ნანას მიმღერებს ქარი
და მაკოცებს იასამანი.
სამოთხის ბაღში ვყოფილვარ,
რად არ ვიცოდი, მამაო,
ის შუქი ჩემზე გადმოდის,
ღმერთთან რომ მიგიყვანაო.


Friday, July 4, 2014

მე უსაშველო მოლოდინს ვითვლი

სწყურიათ ველებს, ელიან წვიმას,
ხეების ზემოთ ჩამოდგა ბინდი,
მე მოლოდინმა ისე დამღალა,
სამყაროს ვუცქერ ტანჯვით და რიდით.
სწყურიათ ველებს, ელიან წვიმას,
წვიმის წვეთებთან მეწყვილედ ვივლი,
კვლავ ეშველებათ გამომშრალ ველებს,
მე უსაშველო მოლოდინს ვითვლი.

წვიმს შეუწყვეტლად

წვიმს შეუწყვეტლივ, ღრუბელი მახრჩობს,
ბურუსში ფიქრებს ჩავკიდე ხელი,
გამოვკლებივარ ყველა მეგობარს,
მზიან ცხოვრებას დააკლდა დღენი.

Thursday, July 3, 2014

ევროპაში დარჩენილ ახალგაზრდებს

არასოდეს, არასოდეს, - გაჯიუტდი, როგორც ვირი,
არასოდეს ჩამოვალო, - დაჟინებით ასე გვითვლი,
არასოდეს შევხედავო საქართველოს მთას და ბარსო,
-რა განახეს უკეთესი, რომ აჯობა ანჩის ხატსო?!
შენი სული დაბნეულა, მარცვალ-მარცვალ გაფანტულა,
ზნე ქართული შეგიცვლია, შემოგვყურებ ერთობ მტრულად,
ვინც სამშობლოს უღალატებს და კაცობას ფეხქვეშ თელავს,
რომ დარჩება მარტოდმარტო, ის ეყოფა დასასჯელად.

აფრინდი ზევით

აფრინდი ზევით, თუ შეგწევს ძალა,
ნუ დაიმძიმებ ცოდვებით სხეულს,
ქრისტეს ნაკვალევს მისდიე მარად, -
ღმერთი არ ტოვებს ანგელოზთ რჩეულს.