Friday, May 31, 2019

ხელში მედო ზურმუხტ-ლალი

ხელში მედო ზურმუხტ-ლალი,
გავატანე ქარს და ნიავს,
გაჭიმულა გულში ლარი,
ატეხილა რია-რია,
- გულო ჩადექ საგულესა, 
- ბებო თავზე მავლებს ნახშირს,
ისევ ის თუ გადამარჩენს,
დავრჩე მინდა გულით ბავშვი.

Thursday, May 30, 2019

გოგო მაია და კატის კნუტი (ბავშვობის მოგონებებიდან)

   გოგო მაიას ძალიან უყვარს კატები და საერთოდ, ცხოველები, ფრინველებიც. თქვენ წარმოიდგინეთ, მწერებიც, მათთანაც თამაშობს. როცა სოფელში ბებიასთანაა, მინდორში გასული, პეპლებს დაჭერობანას ეთამაშება, კალიებსაც დასდევს. გადახტება კალია ბალახის ერთი ღეროდან მეორეზე, მიეპარება, უკანა ფეხებში სტაცებს ხელს, ფართხალებს კალია, შეეცოდება მაიას და გაუშვებს, გადახტება კალია ისე შორს, გოგონა ვეღარ ხედავს, ამიტომ თავს ანებებს მასთან თამაშს. ახლა პეპელას გამოედევნება, ჩაუსაფრდება, როდის დაჯდება ყვავილზე, მერე, როცა პეპელა ფრთებს მოკეცავს, სტაცებს ხელს, მაგრამ იცის, დიდხანს არ უნდა ეჭიროს, პეპელას ფრთები დაუზიანდება და ისეთი ლამაზი აღარ იქნება, მალე იმასაც უშვებს ხელს. ჭიამაიები ხომ მისი საყვარელი მწერებია, მათ სახელში ხომ მისი სახელი ურევია, "მაია", ამიტომაც განსაკუთრებით უყვარს, დაიჭერს, ხელზე დაისვამს და ეკითხება: "ჭია, ჭია, მაია, დღეს როგორი დარია? თუ ჭია ადგილზე დარჩა, ცუდი ამინდი იქნება, თუ გაფრინდა -კარგი, ასე უთხრა ბებიამ, ამიტომაც მაიამ ყოველთვის იცის, როგორი ამინდი იქნება, ის კი არა და, ბაყაყები თუ ძალიან ყიყინებენ, იწვიმებსო,  კიდევ ერთი წვიმის ნიშანი აუწყა მოხუცმა, ამიტომ როცა ძალიან ყიყინებენ, ეხვეწება ხოლმე, ნუ ყიყინებთო, წვიმა არ უყვარს გოგონას, მინდორში ხომ ვეღარ ირბენს?!
     ახლა ისევ კატებს მივუბრუნდეთ, ქალაქში, იმ კორპუსის ეზოში, სადაც მაია ცხოვრობდა, ერთ დღეს დედა კატა გამოჩნდა პატარა კნუტით. ორივე ძალაინ ლამაზი იყო. უნდოდა მაიას, კნუტს მოფერებოდა, მაგრამ დედა კატა კნუტს არავის აკარებდა, ყველას წინ გადაუდგებოდა, ვინც მიუახლოვდებოდა, კუდს შემართავდა, ბეწვი აეშლებოდა, ყველა ერიდებოდა მასთან შებმას, კნუტიც უსაფრთხოდ გრძნობდა თავს დედის გარემოცვაში. სად მალავდა შვილს, ისიც არავინ იცოდა. ერთ დღესაც კატა დაიკარგა. შეწუხდა გოგონა, კნუტი მშიერი დარჩებაო, დიდხანს იარა, ეძება, მაგრამ ვერ იპოვა. მეორე დღეს ეზოში მყოფს კნავილი შემოესმა, ხმას მიჰყვა და ერთი ავტოფარეხის კუთხეში კნუტი შეამჩნია, მშიერი, გაწამებული, დედის ლოდინით დაღლილი საფარიდან გამოსულიყო, არავინ წაიყვანოსო, გაიფიქრა გოგონამ, ხელში აიყვანა და სახლში წავიდა. უვლიდა, აჭმევდა, ეთამაშებოდა, კნუტიც შეეჩვია მაიას. ერთი კვირის შემდეგ დედა კატა დაბრუნდა ეზოში, შვილს ეძებდა, ტიროდა. მაიას არ უნდოდა კნუტის სახლიდან გაშვება, მაგრამ დედამ  უთხრა, ცოდოა დედა კატა, ეს ერთი შვილი ჰყავს, დარდით მოკვდებაო. რაღა ექნა მაიას, ჩაუყვანა კნუტი დედას, მათი შეხვედრის სცენას მთელი ეზო უყურებდა, ისეთი გულისამაჩუყებელი იყო.  ბევრი ეფერა შვილს დედა კატა, კნუტიც სიხარულით შეჰკნაოდა. მაია იქვე იდგა და ცრემლებს ყლაპავდა. მოულოდნელად კატა გოგონასთან მივიდა და მუხლებზე გაუხახუნა თავი, ამით მადლიერებას გამოხატავდა, მიხვდა მაია. მას მერე დედა კატა მარტო მაიას აძლევს კნუტთან თამაშის უფლებას. უხარია, რომ გამორჩეულია სხვა ბავშვებს შორის. 

ლალიკო (საბავშვო მოთხრობა)

                               ლალიკო

ლალიკო ვერა და ვერ იძინებდა, სტუმრად მისულს რამდენიმე ლეიბი დაუგეს და ბუმბულებში ჩაფლულს, მასპინძლის ვარაუდით, უნდა ღრმად ჩასძინებოდა, მას კი ერთი აზრი აეკვიატა, რადგან არ მეძინება, იქნებ მეც პრინცესა ვარ მუხუდოს მარცვალზეო. ის ზღაპარი გაახსენდა, პატარა გოგონა რომ ვერაფრით იძინებდა, რადგან ქვეშაგების ქვეშ ერთი მუხუდოს მარცვალი იდო. ამით ხანშიშესული დედოფალი და მეფე მიხვდნენ, რომ ნამდვილ პრინცესასთან ჰქონდათ საქმე, თუმცა გოგონას არც სადედოფლო კაბა ეცვა და არც გვირგვინი ედგა თავზე და სასახლეშიც თავიდან ბოლომდე წვიმაში ამოლუმპული მივიდა. თვითონ მან, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად იცოდა, რომ ნამდვილი პრინცესა იყო და ამას არც მალავდა, რაც დადასტურდა კიდეც, - ნამდვილი პრინცესა ხომ ისეთი ნაზი უნდა იყოს, რომ ლეიბების ქვეშ ერთი პატარა მუხუდოს მარცვალიც იგრძნოს. ლალიკომ ტუჩები დაბერა, გაბუტულის სახე მიიღო და გაიფიქრა, ხვალვე გამოვაცხადებ, რომ მეც პრინცესა ვარო. ადრე გაღვიძებულს მასპინძლისთვის უნდოდა ეთქვა, გუშინ მთელი ღამე არ დამეძინა თქვენს ბატის ბუმბულებიან ლოგინში, ესე იგი პრინცესა ვარო, მაგრამ უზრდელობა იქნებოდა ასეთი საქციელი, მასპინძელი ხომ შეწუხდებოდა ამის გამო, სტუმარმა რატომ ვერ მოისვენაო, ამიტომ არც აცია, არც აცხელა და პირდაპირ გამოუცხადა ვანო ძიას, პრინცესა ვარო და ხელი გაუწოდა საკოცნელად. ძიას ცოტა კი გაუკვირდა პატარა ლალიკოს საქციელი, მაგრამ არაფერი შეიმჩნია, ფუმფულა ხელზე აკოცა, მერე ხელში აიტაცა და პირის დასაბანად წაიყვანა, იმიტომ რომ პრინცესებიც იბანენ ხელ-პირს, თანაც განსაკუთრებით გულმოდგინედ, ისინი ხომ ყველაზე ლამაზები უნდა იყვნენ! მერე საუკეთესო სავარძელიც დაუდგა ლალიკოს მაგიდასთან, საჭმელიც საუკეთესო ჭურჭლით მიართვა, მერე ზღაპრებიც წაუკითხა, თან შეჰპირდა, ჩემი ლევანი და შენ რომ გაიზრდებით, დაგაქორწინებთო, როგორც იმ ზღაპარშია, "პრინცესა მუხუდოს მარცვალზეო", გოგონას ეშმაკურად გაეღიმა, ძია ვანო, ალბათ, მიხვდა, რომ ნამდვილი პრინცესა ვარო და გახარებულმა მშობლებს დაუწყო ლოდინი. მალე ისინიც გამოჩნდნენ. ახალშემოსულებს ძია ვანომ გამოუცხადა, რომ მათი ქალიშვილი ნამდვილი პრინცესა არის და განსაკუთრებულ მოპყრობას იმსახურებს. პატარა ლალიკო ეტლში ჩასვეს, ნამდვილ ეტლში, ორი ცხენი შეაბეს, რომლებიც ბაფთებით მორთეს და ასე მიაბრძანეს გოგონა სახლში. სახლში მისული ლალიკო, რომ იტყვიან, ბუზს არ ისვამდა თავზე: ბებია სუფრას უწყობდა, დედა აცმევდა და ხდიდა ტანსაცმელს, მამას სასეირნოდ გაჰყავდა. ხელჩაკიდებული მამა-შვილი იქვე ახლოს მდებარე ტბის ნაპირას სეირნობდა, საღამოობით ზღაპრებს უკითხავდა. გავიდა ერთი კვირა, გოგონამ მოიწყინა, საწყლად იყურებოდა ფანჯრიდან, ბატებთან და იხვებთან თამაში მოენატრა, ცუგაც მხიარულად უყეფდა გარედან, სახლში ხომ არ უშვებდნენ, პრინცესას გააჭუჭყიანებს თავისი ბინძური თათებითო. ერთადერთი მეგობარი ფისო შემორჩა, ფანჯრის რაფაზე მწოლიარე. მინდორში სირბილიც მოენატრა პეპლის საჭერი ბადით ხელში, საღამოობით ციცინათელებით სავსე ცა. ერთ დილას გოგონა ტირილით ადგა ფეხზე, - აღარ მინდა პრინცესობა... - გულამოსკვნით ქვითინებდა. მთელი ოჯახი გარს შემოეხვია, აწყნარებდნენ, ესიყვარულებოდნენ, - შენ ყოველთვის ჩვენი პრინცესა იყავი და იქნები, - ეუბნებოდა მამა, - არა აქვს მნიშვნელობა, რას გააკეთებ, ბლის ხეზე დასკუპდები თუ მდინარეზე ივლი საბანაოდ სხვა ბავშვებთან ერთად, ამას პრინცესებიც აკეთებენ. - მთავარია სიკეთე თესო, - ეუბნებოდა ბებია, - პრინცესებიც თამაშობენ და სწავლობენ, - ეუბნებოდა დედა. - ლალიკომ თვალებზე ცრემლი მოიწმინდა, სათითაოდ ჩაეხუტა დედას, მამას, ბებიას. მერე გარეთ გავიდა და ხიდან თუთის კრეფა დაიწყო.

5/30/19 9:33 AM

ვანო (საბავშვო მოთხრობა)

                          ვანო

   ბიჭს, რომელზედაც მინდა მოგიყვეთ, ვანო ერქვა და არც ისე დიდი იყო, მაგრამ თავისი თავი დიდი ეგონა და ყველას დიდკაცურად ელაპარაკებოდა. აი, მაგალითად, - ბიჭო, მოდი შენ აქ, თხილი გამირჩიე და მაჭამე! - უფროსებს ეცინებოდათ მის საქციელზე, მიდიდოდნენ პატარა ვანოსთან, თხილს დაუმტვრევდნენ, დაურჩევდნენ   და მიაწოდებდნენ. ისიც სიამოვნებით და თვალების ნაბვით მიირთმევდა. თავის ტოლებს რომ ასე ელაპარაკებოდა, არც მათ სწყინდათ, იმიტომ რომ მისი საქციელი ჩვეულებრივი ეგონათ, ისინიც ერთი ნამცეცები იყვნენ.  თხილის გატეხვა მათაც ისევე უჭირდათ, როგორც ვანოს. ხან ხელში დაირტყავდნენ ქვას, გასხლტებოდა თხილი, ხან გარჩევის დროს თითებს დაიწიწკნიდნენ, მოკლედ, როცა ვანოს თხილის ჭამა მოუნდებოდა, დიდი ვაი-ვუშველებელი იდგა ხოლმე ეზოში. დედა, მამა, ბებია და პაპა შორიდან უთვალთვალებდნენ და ერთ დღესაც გადაწყვიტეს ბიჭისთვის ჭკუა ესწავლებინათ. თხილის მაგივრად კაკალი გამოუტანეს საჭმელად. ვანო ბიჭი მიხვდა, რომ მისი ტოლები და მასზე პატარები კაკალს ვერ დაუმტვრევდნენ, უფროსებისთვის უნდა მიემართა. ორღობეში ბიჭებმა გაიარეს. - მოდით აქ, კაკალი გამიტეხეთ! - დაუძახა ბიჭმა ომახიანად. ეს ხმა საიდან ისმისო, გაუკვირდათ ბიჭებს, თითქოს ვერ დაინახეს ვანო, ჩაიარეს. ახლა მატუაანთ ციცინო გამოჩნდა, ეზოში შემოვიდა, დილარა ბებიას საქსოვი ჩხირები სთხოვა. მასაც დაუძახა ვანომ, - მოდი, კაკალი გამიტეხეო. იმანაც, ვითომ ვერ დაინახა, ბიჭუნას არ მიაქცია ყურადღება. ნუთუ ვერ მხედავენო? გაიფიქრა ვანო ბიჭმა და იქვე მდგომ და-ძმებს უბრძანა, კაკალი დაამტვრიეთო. მიესივნენ პატარები, მაგრამ კაკალს ვერაფერი უქნეს. კეთილი ინება ვანო ბიჭმა და ქვას თვითონ მოჰკიდა ხელი. კაკაკლს ადგილი შეურჩია და დაჰკრა. გატყდა კაკალი, ვანო-ბიჭს არც ხელი უტკენია და არც ფეხი. ეს რა კარგი ყოფილა, კაკლის გატეხვაო. მიადგა, ამტვრია და ამტვრია, პატარებს დაურიგა. უფროსები შორიდან შესცქეროდნენ ბიჭს და გული სიხარულით ევსებოდათ. მას მერე ბიჭუნა თხილს და კაკალს თვითონ ამტვრევს, არჩევს, სხვებსაც ურიგებს და თვითონაც ჭამს.

5/30/19 9:30 AM

Tuesday, May 28, 2019

ნანობ და გტკივა

ნანობ და გტკივა და მაინც ცოდავ,
ეს თუა ღვთისგან სასჯელი დიდი,
სულის ბრძოლაში სხეულთან, ხორცთან,
დაიხატება ზეცისკენ ხიდი...


სისხლიანი ზღვა

უნაპირობიდან უნაპირობაში გადავდივარ,
დუღს. დასასრული არ უჩანთ ტალღებს,
ყვინჩილასავით დაიკლა მზე და
სისხლიან ზღვაში მივცურავ ეხლა.

Monday, May 27, 2019

პოეტებს ზოგჯერ დუმილით კლავენ...

პოეტებს ზოგჯერ დუმილით კლავენ,
ზოგს ძირს უთხრიან მქუხარე ტაშით,
მოაზომებენ გვირგვინებს მცირეთ, დიდს
აცილებენ გლოვით და მარშით.
მტყუანს და მართალს გაარჩევს ხვალე,
ძველ ფოლიანტებს როდესაც აშლის.