Friday, December 3, 2021

ვიცი, რომ მეძებ! (სატრფიალო)

 

ვიცი, რომ მეძებ, ფორიაქში დღეები ცვდება

და ეს ფიქრებიც გრძელი არის და უსასრულო,

გზას შენ მინათებ, შენ ერთს, სულით უმანკოს გეტრფი,

ნუთუ, ერთხელაც არ გინდა რომ კვლავ მინახულო.

 

შემოეჭირა ქამრებივით ყინვა ამ ხეებს

და შიგნით წყალი გაიყინა, შეწყვიტა დენა,

ასე ჩემს გულში გამქრალია თითქოს სიცოცხლე,

როცა ვერ გიმზერ, როცა თვალებს შენსას ვერ ვხედავ.

 

ვიცი რომ მეძებ,  იოლი კი არის ეს ძებნა?!

ვინ მოგატყუა, ვინ დაგადო თვალზე შალითა,

შენ შენთვის კერავ უსიცოცხლო დეკემბრის დილას, -

რა იცი, იქნებ ახმაურდეს ტრფობის ძალითაც. 


Thursday, December 2, 2021

ასეა წუთისოფელი

 შენ, ჩემო გულო, დაწყნარდი, 

ნუ ღელავ, ნუღარ ფრთხიალობ,

შენ ვინაც  გიყვარს, სხვა უყვარს,

სხვის ბუდეზედა ფრთიანობს,

ასეა წუთისოფელი,

გულში ეჟვნებად ჟღრიალებს,

გგონია მისწვდი ცის კიდეს,

ტკივილით აგახმინებს.




ეს სიყვარული ზღაპრად დარჩება (სატრფიალო)

 

ეს სიყვარული, ჩვენი ულევი,

ალბათ მითებში, ზღაპრად დარჩება,

ჩვენ მივყვებოდით ქუჩებს სხივებად,

ეს იყო ჩვენი სიზმრის ახდენა.

 

ჩვენ მივფრინავდით ცაში ღრუბლებთან,

სხეულებს რძეში ვაბანავებდით

და გაისმოდა ნაზი სიმღერა,

ანგელოზები ჩვენთვის გალობდნენ.

 

ჩვენ თვალებიდან ვსვამდით წყაროს წყალს,

თაფლით ვივსებდით პირსა და ტუჩებს,

და ბრყინვალება ამ სიყვარულის

ხალხს უნათებდა ბინდიან ქუჩებს.

 

მე მოვდიოდი, რომ დამენახე,

შენც ჩემი სულის დანახვა გსურდა,

და შევერიეთ წვიმად ერთმანეთს,

ასე დავრჩებით, ძვირფასო, მუდამ.




იმედის ქარტია (სატრფიალო)

მე არ შემიძლია არაფრის დაწერა,

დუმს ჩემი გული და ეს ჩემი გრძნობებიც,

თუ კი შენ არ ძალგიძს არაფრის გამხელა,

"ადიოს", ნახვამდის, ვერ დაგელოდები.

ძველ ქუჩებს ჩავუვლი მწუხარე იერით,

შევხედავ, ცაზე რომ ვარსკვლავი ანთია,

ნეტავი იქიდან შენ ხომ არ მიღიმი

და ისევ მიგზავნი იმედის ქარტიას.

 


 

ლაჟვარდებში ერთად ვისხედთ (სატრფიალო)

ლაჟვარდებში ერთად ვისხედთ ჩვენ ამ ღამით
და ღრუბლები შემოგვეწყო ბალიშებად,
შენ იყავი სულთანი და ჩემი შაჰი,
მე კი ფერხთით გეშლებოდი ყვავილებად,
და მომწყვიტე, როგორც ლურჯი ნაზი ია,
ყველა სურვილს და ოცნებას შემაყარე,
მგონია რომ მე შენს გვერდზე ისევ მძინავს,
თორემ ახლაც როგორა ვგრძნობ შენს დიდ მკლავებს.



Wednesday, December 1, 2021

"ტკბილი მისია!", ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 

,, ტკბილი  მისია! "

 

1 . შენი  კოცნები, ვით  ცის  მანანა,

როცა  ბაგეზე  დამეფინება,

ჩემი  მგონია მთელი  ქვეყანა,

რადგან  უფალმა ასე  ინება!

2 . შენეულ  ამბორს და  მოფერებას

სულ  სხვა  აქვს  ჩემთვის წონა  და  ფასი...

ვერ  მომცემს ამდენ  ბედნიერებას

სხვა  ლამაზმანთა კოცნა  ათასი!

3 . და  არც  მჭირია, საკმარისია,

ჩემთვის  შენეულ ტუჩების  გემო...

ეს  შენ  გერგუნა  ,,ტკბილი  მისია"

და  არ  მომაკლო, -- სიცოცხლევ  ჩემო!

ელგუჯა ციგროშვილი .

ქ . თესალონიკი .

7 . 10 . 2021 წელი .

შენ ჩემი ზღვა ხარ, წყნარი და მშვიდი,

მე ერთი ცელქი პატარა ზვირთი,

მოგევლები და გიჩეჩავ ქოჩორს,

აგრევ და დაგრევ, ვწყნარდები ბოლოს.

 

შენს ძლიერ მკერდზე  ვისვენებ მაშინ,

მოგიალერსებ, მივწვდები ნაპირს,

მერე კი ისევ ზევითკენ ვიწევ

და ვისვრი შხეფებს ცასავით ცისფერს.