Saturday, September 14, 2019

ერთით მეტი ვარ ყველაზე(სიმღერა) შეასრულა მაია სიჭინავამ, ამირან გოდერძიშვილის კომენტარით

ეს ლექსი ,,ხვარამზეობისთვის" დავწერე
ერთით მეტი ვარ ყველაზე

თავზე მეტადაც მიყვარხარ,
მსურს, მოვისროლო ბადე,
ბედის ვარსკვლავს რომ მიჰყავხარ,
იმ ბილიკებზე დაგხვდე,
განა, ყომრალი ფიქრია
ნაოცნებარი ბევრის,
ნიავზე სწრაფად მიქრიან
საათები და წლები,
წაწალს წაგართვა მიჯნური,
ჩამოვაბურო ფარდა,
რომ ვეღარსაით დაგლანდოს,
ჩამოიღვენთოს დარდად.
ერთით მეტი ვარ ყველაზე, -
ასე არავინ გნატრობს,
შენი თვალების მინანქარს
მსურს შევხაროდე მარტო,
ცის სილურჯეს და ზღვის სივრცეს
სასწაულად რომ იტევს...
ჩავიძირები, მოვკვდები
და გავცოცხლდები ისევ.
ცა გინანავებს მზის აკვანს
და მზესთან ერთად გარწევს...
რა სავალალოდ შემომხვდი
ბრმა წუთისოფლის გზაზე!
მაია დიაკონიძე
14.09.2014 წელი
შეიძლება იყოს შემდეგის ილუსტრაცია: 1 ადამიანი
ყველა რეაქცია:
10


ამირან გოდერძიშვილი
რა ყოფილა ეს ,,ხვარამზეობა”, რომ ამდენი შედევრები იქმნება, ჯერ გუშინ ქალბატონმა ეთერ სადაღაშვილმა გამხადა ლექსის უნახავი და დღეს კი ქალბატონმა მაია დიაკონიძემ მომიღო ბოლო,
,,ცა გინანავებს მზის აკვანს
და მზესთან ერთად გარწევს’
რა სავალალოდ შემომხვდი
ბრმა წუთირსოფლის გზაზე!”——პოეტური ხელოვნების უმაღლესი მწვერვალია, მხოლოდ ეს სტრიქონები კი არა, მთლიანად ლექსი!!!!
,,ერთით მეტი ვარ ყველაზეო”——კარგია რომ თქვენი კალმისა და თავის ფასი გცოდნიათ უნიჭიერესო ქალბატონო მაია!!!!
უფალმა დაგილოცოთ გული და გონება, ქართული პოეზიისუფრო მეტად გასამშვენიერებლად!!!!
13.10.2024 წელი




შემოდგომა (ერთსტროფიანი)

გაბაწრულ დღეებს გაბაწრული მივყვები უკან,
სტანდარულ ქუჩებს შემოაკლდათ დღე და  წესრიგი,
ფოთლებს იტაცებს ქარიშხალი ურცხვად და ურჩად,
ბროწეულებსაც გაუციათ სისხლით ტარიგი.

Wednesday, September 11, 2019

ცას რომ აცვია მოსასხამი, მეც მინდა მქონდეს ( ხვარამზეობისთვის კონკურსისთვის)

ცას რომ აცვია მოსასხამი, მეც მინდა მქონდეს!

ცას რომ აცვია მოსასხამი, მეც მინდა მქონდეს,
ლურჯ აბრეშუმზე ვარსკვლავების მესხდეს ქიმები,
მთვარეს კი, როგორც ერთგულ დობილს  ტკბილი ბავშვობის,
თავს შემოვივლებ, ფიანდაზად გავეფინები.
ციცინათელებს მოვიზიდავ ბაფთების ქნევით,
იციან... მათთვის წლების წინათ იყო ნიშანი, -
თავს დაგვდგომოდნენ ციცქნა ბავშვებს ნათლის სვეტებად,
მყარად რომ გვევლო, არ ჩაგვშლოდა მიწა-ქვიშანი.
შემოვუძღვები ორღობეში მაშვრალ ნისლა ხარს,
ბებოს გავძახებ, დახურული გახსნას ჭიშკარი,
იდუმალებად გადაფენილ სხივთა სუდარას
ხელში ჭმუჭნის და თითქოს სინჯავს ღამე მისანი.
დაჭიმულ ნერვზე, როგორც ჩანგზე, ჩამოვკრავ თითებს,
მოგონებები ტალღებივით აირევიან,
გული ვერაფრით დაიოკებს ჯადოსნურ ფერებს
და სისპეტაკეს აკაციის ყვავილებიანს.
მივურბნინებ პაპას დოქით ცივ-ცივ წყაროს წყალს,
აჭრიალდება აივანზე თხმელის ფიცარი
და ძველებური აღტყინებით ისევ დამლოცავს...
ოქროს თმის ღერებს დამიკოცნის ანცი ნიავი.
ცას რომ აცვია მოსასხამი, მეც მინდა მქონდეს,
ლურჯ აბრეშუმზე ვარსკვლავების მესხდეს ქიმები...
მთვარეს კი, როგორც ერთგულ დობილს  ჩემი ბავშვობის,
თავს შემოვივლებ, ფიანდაზად გავეფინები.
მაია დიაკონიძე
11.09.2019 წელი







ერთსტროფიანები

ნაწნავები დამეყარა წვიმის,
ცის თვალები აღარ იყო ლურჯი,
შავი იყო სახისფერიც იმის,
მეხს ისროდა, როსღა იყო მუნჯი.

           -------------------------
მიყვარდა იგი, რაც შენ გიყვარდა,
ახლა იგივე მწარედა მგესლავს,
ვხედავ უკვე, რომ არაფერია,
ის რაც მომწონდა ყველაზე მეტად.

              ---------------------------
ლამის სულში ჩამისახლდეს ეშმა,
რომ მომგვაროს სამუდამო რული,
ვერ ვხედავდე ჩემი ქვეყნის სევდას,
ვერა ვგრძნობდე ჩემი ხალხის წუხილს.

                    ------------------------
სულში ბობოქრობს შაითანის შავი მორევი,
ეშმა მომძახიან, - უსუსურო, ვერ მომერევი,
- მაგრამ უღრუბლო ზეცისაკენ ვარსკვლავი მიწვევს,
შავ ტალახთან და კუპრის ზღვასთან ბრძოლები მიწევს.

               _______________________
წვიმის მერე მომიწოდებს 
რწმენისაკენ დღე მზიანი,
მაინც ვერ ვერევი ღამეს,
მაინცა ვარ სევდიანი.

               -----------------------
სანამ მზე ელავს, სანამ მზე. ბრწყინავს,
სულ შევცქეროდეთ მარადს და დიადს,
სული მუდმივად ზეცისკენ ფრენდეს,
არ აწყდებოდეს სიბნელის კედელს.

                 -----------------------------
მამა-პაპათა სალოცავებს ედებათ მტვერი,
არ მოექცევა ასე დედას, არამც თუ გერი,
შვილები ამო დიდებისთვის ვიბრძვით და ვწუხვართ,
მშობელი ჩვენი სხვისგან ელის სითბოს და ლუკმას.


                    ----------------------
ვგრძნობ, რომ ლაპარაკს არა აქვს აზრი,
მეფობს სიყალბე და მეფობს ფარსი,
ანტისხეულებს ვერ ებრძვის ერი
და თავს ვიწყნარებთ მხოლოდ თვითგვემით.


                 ----------------------------------

სანთელი გამინათებს ღამეს,
ცას შეაკვდება ლოცვა,
წუხელის იმ ველებზე გნახე,
ნაზად რომ ვეხებოდით მოცხარს.


               -------------------------
მე გიხატავდი დილას და მზესაც,
მერე ღრუბლებსაც ვსერავდით ფრანით,
რომ დავატარებ ამ გულში დღესაც,
წუხელ მესიზმრა სულ ერთი წამით.


               -------------------------------------
გეძებ და გეძებ, 
ჰე, უფალო,
ვერ გპოვე ვერსად,
იქნებ ჩემს გულში დაივანო,
ვიცხოვროთ ერთად!













დავიგვიანე!

იმას ვერ იტყვი, რომ ძალიან დავიგვანე,
აღმოსავლეთით მზის სხივებსაც გადავასწარი,
შიშველი ხელით მივკაფავდი ბარდს და ლიანებს,
მხრებზე მოვიცვი ხან სიცხე და ხანაც - ავდარი.
გადაჩვეულმა სიპ კლდეებზე მარტოდ ხეტიალს,
გული მივანდე სიყვარულის ცისფერ ქალღმერთებს,
მინანავებდა ცივი ქარი ნატანჯ-ცრემლიანს,
ხიდქვეშ ვათევდი უსასრულო პირქუშ ღამეებს.
ქარს გავატანე ყველაფერი, ცოდვისმაგვარი
და ოქროსფერი შემოდგომით გული ავივსე,
ავახმაურე სიმღერებით ვრცელი ტრამალი,
შენ კი, ძვირფასო, გაღიმებაც აღარ მაღირსე!
წვიმის წყალი ვსვი ეკლესიის ყველა ფრესკიდან,
სულს მიამებდა სამრეკლოდან ზარი ტაძარის,
ქარს რომ ვატანდი, ის სიტყვები ლოცვად ვაქციე,
დავიგვიანე, მაინც მოსვლა ვერ მოვასწარი.





Sunday, September 1, 2019

ღიმილი არდაბრუნების

გადამხმარ ჭადარს დაეკიდა
მსუბუქი მძივი ლურჯი წვიმების
და მისი კაბა იყო ისეთი ნაზი, ისეთი სადა,
როგორც ღიმილი არდაბრუნების.

ნუთუ, კვლავ მოხვალ ოდესმე ჩემთან?!

ნუთუ, კვლავ მოხვალ ოდესმე ჩემთან,
ზღვა სიყვარულით ჩამხედავ თვალში,
მხრებზე დამაწყობ გადაღლილ ხელებს
და მეტყვი: კარგო, მიყვარდი მაშინ!
გავნაპირდებით გვირილის ველზე,
ღალატის ყვავილს ჩამიწნავ თმაში
და განშორების თეთრი სუმბულით
კვლავ გაჭენდები უბელო რაშით.