Sunday, July 7, 2019

სულში სული ამოვიღე

სულში სული ამოვიღე,
ჩემთვის დიდი განძია,
რომ მოგიძღვნა, ჩემო კარგო,
ქვეყნის თვალი რად გქვია?!
სამაისო ვარდიც შენ ხარ,
იაც, იასამანიც,
ტურფა ხარ და სასურველი,
ვეღარ ვპოვე სამანი.
სპარსი, რუსი თუ ოსმალო,
გიმიზნებენ ბადიას,
სულში სული ამოვიღე,
მოგცემ, რაც მაბადია.

საღათას ძილი (ბავშვობის მოგონებებიდან)

  როცა გავიღვიძე, პირველად ბებიას ფირუზისფერი თვალები შემომეფეთა, დაჟინებით შემომცქეროდა სახეში, გარშემო მოვატარე თვალები, ახლა დედა დავინახე, მამა, ჩემი და-ძმები, გამიკვირდა, რა ხდება-მეთქი, როგორც გარშემომყოფების ლაპარაკით  მივხვდი, ორი დღე და ღამე მძინებია, ახლაც ძალით გაუღვიძებივარ, თვალები რომ არ გამეხილა, ალბათ, საავადმყოფოში გამაქანებდნენ, ისე იყო ყველა აფორიაქებული. - რა ხდება? - თითქმის ჩურჩულით ვიკითხე, ხმა რომ ამოვიღე, კიდევ ერთი სიხარულის საბაბი გახდა, შეძახილებმა გამაყრუა. ლოგინში წამოვჯექი, ყურებზე ხელები ავიფარე და გავიღიმე. მკოცნიდნენ, მეფერებოდნენ რიგ-რიგობით, - როგორ შეგვაშინე, - მითხრა დედამ, - რა იყო, მატარებელში სულ არ გეძინა? - მკითხა მამამ და ყური ამიწია, რა თქმა უნდა, მოფერებით, ისე ყურის აწევა კი უყვარს, როცა ვაბრაზებ, ალბათ, იმიტომ მაქვს დიდი ყურები. - გავიფიქრე და მხიარულად დავიწყე რატრატი, - მართალა, სულ არ მეძინებოდა მატარებელში, ზევით რომ ვიწექი, მეშინოდა არ გადმოვვარდნილიყავი და ვინმეს არ დავცემოდი თავზე, გახსოვთ, შარშან რომ გადმოვვარდი? -  ხომ არაფერი მოგსვლია, ვერ დაივიწყე ეს ამბავი? თანაც არავის დაუძალებია ზევით დაწექიო, შენ გინდოდა თვითონ, - მიპასუხა დედამ და ალერსით გადამისვა თავზე ხელი, - მიხაროდა, ყველა რომ მეფერებოდა, მედიკო დაჟინებით შემომაცქერდა  თვალებში და ყურში ჩამჩურჩულა, - მე მეგონა მოკვდი და ჩუმად ვტიროდი, დედას რომ არ დაენახა, ია კი მეჩხუბებოდა, რა გატირებს, ცოცხალია, ალბათ, საღათას ძილით დაიძინა, შეიძლება ოცი წელიც ეძინოსო, ამაზე კი, კიდევ უფრო ვბრაზდებოდი, რა კარგია, რომ გაიღვიძე, წამოდი ბაღში, ალუბალი დამიკრიფე, ვერ ვწვდები. - გამეცინა, - ავდგები, შევჭამ და წავიდეთ. - ვუთხარ. ია მორცხვად მიღიმოდა, ბიჭები, უკვე დამშვიდებულები, მამას ეპორჭყიალებოდნენ, მხრებზე შემოგვისვი და სასეირნოდ წაგვიყვანეო, მამამ თვალი ჩამიკრა და წავიდა. ავდექი, ჩემს ბებიას, თეთრთავსაფრიანს, უკრაინულ ბლუზაში გამოწყობილს უკვე მოიესწრო ჩემთვის სუფრის გაწყობა, თეთრ გადასაფარებელიან მაგიდაზე ქვაბიდან ახალამოღებული ალუბლის ვარენიკები მიყურებდნენ და საოცარ სურნელს აფრქვევდნენ, მაგიდას მივუჯექი და ხარბად შევისრუტე ალუბლის ცხელი ტკბილი წვენი, ასეთ ვარენიკებს ვერავინ აკეთებს, ჩემი კატია ბებიას გარდა, ერთი რაია დეიდა თუ ჯობნის, ჩვენი თბილისელი მეზობელი, იმისი უფრო დიდებია, გავიფიქრე. ია და მედიკო, მაგიდასთან მიმსხდარნი, გახარებულები მიყურებდნენ პირში, - ხედავ, საჭმელსაც ჭამს, - უთხრა მედიკომ იას, - კარგი იქნებოდა საღათას ძილით დაგეძინა, შენი სათამაშოები ჩემი გახდებოდა, რომ გაიღვიძებდი, რაღაში დაგჭირდებოდა? - მითხრა იამ და თეთრი კბილები დაკრიჭა, რა თქმა უნდა, ხუმრობდა.

სევდა (ნოველა)

   სევდა დაჰყვებოდა მამა-შვილის ურთიერთობას, იმიტომ რომ დედა მათთან აღარ იყო,  მის მშობიარობას გადაჰყვა, მამა კი ამას, ალბათ,  ვერასოდეს აპატიებდა, ამიტომაც დაინახავდა თუ არა, სევდა ეღვრებოდა თვალებში, განუზომელი სევდა, რომელიც გულს აავადებს, აწვრილებს, ისე აწვრილებს, რომ ძაფივით ხდება, და ალბათ, ერთხელ სადღაც გაწყდება ხოლმე კიდეც, მოძველებული ძაფივით.ხომ გაგიგიათ: "გული ჩამწყდაო". ასეც მოხდა, ნათესავებმა წაიყვანეს, მამა მოგიკვდაო, სევდას სევდა დაემატა. მისი სევდა არ წვრილდებოდა გულივით, ისიც გაგეგონებათ, "გული გამიწვრილდაო", არ პატარავდებოდა, პირიქით იზრდებოდა, ახსენდებოდა, როგორ სეირნობდა მამასთან ერთად ზღვის ნაპირზე თავის პატარა ძაღლთან ერთად, იმ საბედისწეო დღეს თოლიებისთვის პური იყიდეს, დაფშვნეს და წყალში გადაყარეს, ნაწვიმარზე ასფალტი ათასფრად ციმციმებდა, მამის თვალებში სხვადასხვაფრად ირეკლებოდა, მოსწონდა გოგონას მამასთვის თვალებში ცქერა, ორივე ხელს შემოხვევდა ხოლმე კისერზე და აცქერდებოდა ღრმა თვალებში, სევდას იჭერდა, ახლაც ჩააცქერდა, მაგრამ სევდა ვეღარ დაინახა, სიხარული უფრო ჩანდა, გაუკვირდა, რა იცოდა რომ მეუღლესთან მოსალოდნელი შეხვედრის სიხარულის ზეიმი იდგა იქ, წინასწარ ჰქონდა გადაწყვეტილი თავის მოკვლაო, დაასკვნა გოგონამ. ნეტავ, ჩემს თვალებში თუ ჩადგებაო როდისმე სიხარულის ზეიმი...
    გაიზარდა, გათხოვდა. ვაჟი ეყოლა, ათასფრად აუციმციმდა თვალებში სიხარულის  ცრემლები. ბიჭს მამის სახელი დაარქვა. უყურებდა და ხანდახან სევდიან მზერას გააყოლებდა,  მშობელს აგონებდა. მამასთან დაშორების სევდა ხომ უსაზღვროა და არასოდეს მთავრდება.

Saturday, July 6, 2019

მე ვარ ნიავი (ერთსტროფიანი)

ფოთლების რიგში დამალული მე ვარ ნიავი,
გულს მომიფონებს ყვირილი და ზათქი მდინარის
და კალაპოტი მისი მაბნევს, მაშინებს მხოლოდ,
თავისუფლებას ჩვეული ვარ, ეს მელის ბოლოს.

Friday, July 5, 2019

ობელისკები

მდუმარედ დგანან ობელისკები,
მათ სიდიადეს ვერ დახრის ქარი,
გადაუვლიან მხოლოდ წვიმები, 
გულებში ცრემლის დადგება ღვარი.
დუმილში ომის გუგუნი ისმის
და არემარეს ცეცხლი ედება,
ცა, დაბურული პირქუში ნისლით,
მათ კვარცხლბეკებთან განიკვეთება.
ობელისკებში ჩაკირულ ვარამს
გადაცრეცილი დროშის ფერი აქვს,
დგანან და უხმოდ ელიან კვლავაც
გმირთა აჩრდილებს, დედებს ცრემლიანს.
მდუმარედ დგანან ობელისკები,
მათ სიდიადეს ვერ დახრის ქარი,
გადაუვლიან მხოლოდ წვიმები, 
გულებში ცრემლის დადგება ღვარი.




Tuesday, July 2, 2019

წაუკითხავი დამრჩა

წაუკითხავი დამრჩა, ვხვდები, ორიოდ ბწკარი,
ძველ ბილიკებზე დამჭირდება ისევ გამოვლა,
გულს ჩარჩენილი ისრები და დოზები შხამის,
რატომ მივიღე, მინდა შევძლო ამის ამოხსნა.

Monday, July 1, 2019

თითები ეძებს... (ერთსტროფიანი)

თითები ეძებს სიმს და კლავიშებს,
რომ ააჟღეროს ძველი რიტმები,
ვერ შევასრულე შენთვის ბოლერო,
ვერ ამოვხსენი ლოგარითმები.