Tuesday, October 14, 2014

გაუმარჯოს იმ ქართველს!

გაუმარჯოს იმ ქართველს,
დღეს შრომით რომ აღამებს,
სამშობლოზე ფიქრებში,
არც დღე სძინავს, არც ღამე.
ვაზის ლერწებს გადაწნულს
შემოგვავლებს ხეივნად,
ხეჭეჭურს და გულაბ მსხალს
ნაზად მოეფერება.
ჩვენი სახლის ერდოზე
გაიხარეს მერცხლებმა,
ოქროსთმიან ბიჭუნას
მზემ თვალებში შეხედა,
დაინახა, მომავლის უნდა
გვქონდეს იმედი,
სასახელო იზრდება,
ჭიკჭიკებენ ჩიტები.
ფრთებს გაიშლის ყანები,
ავ თვალს არ ენახვება,
ჩემი ბებოს ღიმილი,
ცისარტყელას გაჰყვება,
გაუმარჯოს იმ ქართველს,
მთას რომ არ ცვლის ბარზედა,
ყვავილებით დაპენტილ
ველს ღრუბლებში აჰყვება.


Thursday, October 9, 2014

ცეკვავდა ქარი

სიმებზე გულის ცეკვავდა ქარი,
აფერმკრთალებდა ფერების გამას,
ნისლი და დარდი წურავდა ზეცას
ძირს დაშვებული წვიმების ფარდად.

Tuesday, October 7, 2014

ნინო ჭავჭავაძეს

ფერების გამა, ცხოვრების დრამა,
სახეზე ჭმუნვამ დაგატყო კვალი,
რა ხელმა გხატა, ლექსების გარდა,
ბუნებამ გავლო ოვალი, მკრთალი..
თვალი- გიშერი, წამწამი- ტევრი,
სიკვდილს გაუწყებს სიტყვები მდევრის
და ოხშივარი სავსეა გესლით,
სუნთქვა ვერ იგრძენ, სხეულით, მერცხლის.
ძაძით მოსილო, ასულო მზისა,
არც მიწისა ხარ და არც რომ ცისა,
სიყვარულისთვის ტანჯულო, ქალო,
შენ უკვდავების გამხდარხარ წყარო.

Sunday, October 5, 2014

ღრუბლიან ზეცას გავყვები უბრად

უშენოდ ყოფნა არასდროს მსურდა,
მე მაპატიე, თუ ვერ გითხარი,
შემოიპარა სიკვდილი ქურდად,
ჩამომეფარა თვალზე ტიხარი...
სხივებში შენი დანახვა მსურდა,
ძაძით მოსილმა ვეღარ გიცანი,
ღრუბლიან ზეცას გავყვები უბრად,
გულს დასობია შავი ისარი.,

ქართველ გმირს!

შენ, საქართველოს იმედო,
შენ, საქართველოს ხატო,
ტკივილებს როგორ უძლებო,
გული გამოგყვა ფართო.
შენ სიყვარულში დაგლიეს,
გადაქცეულხარ სულთქმად,
შენი ჭირიმე, ლომგულო,
სულის სიმებზე უკრავ.

Saturday, October 4, 2014

ჩემი ხარ და არც ჩემი ხარ!

ჩემი ხარ და არც ჩემი ხარ,
საფირონის სადარო,
თვალებს ქარი დაგიკოცნის,
ლამაზ იას ჰგავხარო.
მთაზე მოლი დაფენილი
ემაგ კაბის ფერია,
მზე და მთვარე დაფერფლილი
ცისკიდურზე გელიან.

Friday, October 3, 2014

ჭრელი ჩაგიცვამს კაბაი!

ჩემი ხარ თუ არც ჩემი ხარ,
მზისა სხივების სადარო,
ქარი აგიწეწს კულულებს,
იას ლურჯთვალას ჰგავხარო,
ჭრელი ჩაგიცვამს კაბაი,
მთას შასდგომიხარ მოლიანს,
ჭინკა გიცეკვებს ქორწილში,
დევი საჩუქარს მოგიტანს.