Tuesday, November 8, 2016

მე აღარ მიყვარს

მე აღარ მიყვარს მარტოობის ცივი სიჩუმე
და სულის სიმთა უსასოო მწარე კივილი,
ცისფერ ვენებში შედედდება უტყვი ტკივილი
უსიცოცხლობის, უმზეობის... ბოლო ღიმილის... 

ცამ ჩამოუშვა წვიმების ფარდა

ჩემი გული ჩემს სხეულში ძევს, მაგრამ ყვავები მაინც კორტნიან...


ცამ ჩამოუშვა წვიმების ფარდა,
ჩემს გულს დააწვა ფიქრები დარდად,
ზღვაზე გემებმა დაუშვეს აფრა, -
დროს მივტირივარ, ცრუსა და აფრაკს.

შემოიხედე ჩემს გულში

შემოიხედე ჩემს გულში და იპოვი ღამეს, -
ცრუ იმედების, ცრუ ოცნების, სიზმრების პატრონს,
გადახლართული ტოტებიდან კვლავ მოჩანს მთვარე,
მისი სხივი კი ვეღარ ათბობს გაყინულ თითებს, -
მხოლოდღა ანცობს.

გაზაფხულზე მზე დააჭყეტს ყვითელ თვალებს

გაზაფხულზე მზე დააჭყეტს ყვითელ თვალებს,
იძირება მის სიღრმეში მწვანე ბაღი...
მთებმა თუმცა გამოკიდეს ბაირაღი,
თეთრ ნაფლეთებს მალე შეჭამს იალაღი.

არაკს სხლავდა ეზოპე

ამ ცხოვრების ბილიკი გადალახე ქილიკით,
ნუღარ გაასერიოზულებ, არაკს სხლავდა ეზოპე,
ჩვენი ბედის განკარგვა ჩვენს ხელში არ ყოფილა,
რომ გგონია აქა ხარ, თურმე გაღმა მიდიხარ.

Friday, November 4, 2016

გაზაფხულზე

გაზაფხულზე, როცა ჩემი ხელისგულებიდან წავა სიცივე
და ჩემი თმები ზეთისხილივით ოქროსფრად ალაპლაპდება,
სულში შემოვა ველურ ქართა თბილი ნაკადი, ათამაშდება,
შეუერთდება სისხლის ჩქროლას, მდინარესავით აზვირთებულს,
გულში იების ამოფეთქვას დაელოდება, შეიკუმშება, ხან გაიშლება,
მერე კი, სავსე სიყვარულით, მწიფე ალუბლად მთელ ქვეყანას მოეფინება.

Thursday, November 3, 2016

ხმა ამოიღე, არწივო!

ხმა ამოიღე, არწივო,
ტრფიალო მთათა მაღალთა,
შენი მართვენი დადედლდნენ,
რომ ჩამოსულან ბარადა,
ლეშისმჭამელნი გამრავლდნენ,
ჩვენვე ვქცეულვართ ლეშებად,
კეთილი სიტყვა, საქმენი
სხვებისთვის არ გვემეტება,
გვჯიჯგნის და გვათრევს მავანი,
სულს გვაძრობს შიდა მტერია,
მართვენი, მთაში მღერალნი,
ჩხავიან, აღარ მღერიან.
ჩამოგვიფრინე, არწივო,
მთიდან დაბერე ნისლები,
ჰაერი გაიწმინდება,
ჩვენც ავივსებით იმედით.