Friday, October 7, 2016

მე მირჩევნია

დავმარცხდე, დაე, კულისებში ვისმინო ტაში,
ამ სამყაროს თუ მხოლოდ ტვირთის ტომარად ვერგე,
სხვებს ჰქონდეს დიდი ოვაცია, ფაფარა რაში,
მე მირჩევნია, ჩემს გარშემო სიყვარულს ვთესდე!

სანამ იწვიმებს (სატრფიალო)

სანამ იწვიმებს, მანამ მაკოცე,
სანამ იქუხებს, მანამ მიმღერე,
თორემ გაატანს ელვა ჩემს გულში
და მერე მკვდარსაც ვერ მომინელებ!
ვერ მომიგონებ, მაგრამ დაგტანჯავს
ჩემი ცასავით ლურჯი თვალები,
ზღვაში რომ შეხვალ ანდამატივით
მიგიზიდავენ ჩემი მკლავები.
შემოგხვევ მძლავრი, შმაგი ვნებებით
ახმაურდება მთელი სამყარო,
ვიცი, ძვირფასო,შენც დამნებდები,
და იასამნის სუნით დაგათრობ.
ამიტირდები და ატირდება 
ყველა ტალღა და ყველა ნაპირი, 
და იმ ცრემლებით მოგაგონდები 
გულამომჯდარი თოთო ბავშვივით.


Thursday, October 6, 2016

გული არ აქვს

გულიანად ვტიროდი და ვიცინოდი გულიანად,
ემოცია სხვა არ მესმის, - ყველა საქმეს გული ახლავს,
ზოგი ვითომ იცინის და სიმწრისაგან ცრემლებს ყლაპავს,
მაგრამ ხვდები ძალზე გვიან, რომ საერთოდ გული არ აქვს.

Wednesday, October 5, 2016

ეს ცხოვრება

სხვისი წილი მე არ მინდა,
არ ვთხოულობ ბევრზე ბევრს,
ლუკმა-პურის ფული მქონდეს,
არ დავეძებ სასახლეს,
სხვას თუ უნდა თვითმფრინავი,
მე "ოპელიც" მეყოფა,
თხილის გულსაც 9-ზე გავყოფ,
ვუწილადებ მეგობარს,
სახლის რემონტს ვერ ვაკეთებ,
თავზე ჭერი მენგრევა,
დაიბუდა ნაპრალებში
ღამის თეთრმა პეპლებმა,
სამსახური მე არა მაქვს,
პერსპექტივაც ნულია,
თუ კი ორმოცს გადაცილდი,
ბედიც განსაზღვრულია,
არ გიღებენ, არ გისმენენ,
არც არავის ჭირდები,
პიკასოც რომ ააყენა,
დაკიდებდნენ კირთებით.
ყველა ვნატრობთ, გადავიქცეთ
ოლიგარქთა ძიძებად,
შვილს თუ გინდა გამოადგე,
სამუშაოც იქნება.
ავად ყოფნას ამ ჩვენს დროში
არ ვუსურვებ არავის,
წამალსაც რომ ვერ იყიდი,
აღარა გწამს არაფრის,
ოცნებებში დამტყდა ფრთები,
ოცდაათი წელია
იმედებიც გამიცრუვდა,
აღარც მადევს ფერია.







ლირიკა

სისხლისფერ ღრუბელს შემოარტყა შოლტები ქარმა,
არ დააცალა მოსვენება, ისე დაცალა,
მის ნაზ სხეულში წვიმა ჩასახა, გაამეტსახა,
ქვეყნიერებას სიყვარულის ძილი მოჰგვარა,
ლირიკის გვარად.



Tuesday, October 4, 2016

ხუმრობა მეგონა

ხუმრობა მეგონა,  თურმე არ ყოფილა,
ტკივილით ამევსო გული და ძარღვები...
იქნება მომცემდეს სამყარო ფაიტონს, -
აწყვეტილ ცხენებით ზეცაში გავქრები.



Monday, October 3, 2016

მხოლოდ ერთხელ დავიკვნესე!

სათითურით ვკემსე წყლული,
დამრჩა დღენი უსახური,
კოჭი ძაფი გავათავე,
ვერ განვდევნე გზიდან მავნე.
ავიკეცე კაბის კალთა,
შემოვიკარ ქამრის ბალთა,
ცოდვა-მადლი ისე ვთესე,
დღენი გავიუკეთესე,
მოლაღური იჯდა ხეზე,
მკითხა:- რატომ ტირი ესე?
-არა ვტირი, ჩიტო, სესე,
მხოლოდ ერთხელ დავიკვნესე!