Thursday, November 30, 2017

სიმღერა

სურვილს თუ კი აჰყვები,
სურვილს თუ კი აჰყვები,
საჰაერო ბუშტივით
მაღლა იფრენ, გაქრები.
ვეღარავინ გიპოვის,
ვეღარავინ გიპოვის,
ამიტომაც გაფრთხილებ,
ამიტომაც ვფრთხილობდი.
თუ კი ვერ დაინახე,
მე რომ ამას ვცდილობდი,
მაინც არა გავნე რა
ჩემი გულახდილობით.
სურვილს თუ კი აჰყვები,
სურვილს თუ კი აჰყვები,
ზევით წახვალ ბუშტივით
და უკვალოდ გაქრები.





ნაღვერდალივით გამოგვწვავენ...

ვერ გამიგია, ამა ქვეყნის ავან-ჩავანი,
ცხოვრება ჩვენი, - ჩავაბაროთ უნდა თავანი,
თუ კი გამოცდას წარმატებით გავართმევთ თავებს,
ზევით, სულ ზევით, ღმერთთან ახლოს გახსნიან კარებს.
არა და, ქვევით დაგვხვდებიან ტოლუმბაშები
ფიალებით და თავ-ფეხისთვის დიდი ქაფჩებით.


Monday, November 27, 2017

დამატება თუ ქვემდებარე?!

დამატება თუ ქვემდებარე?!
მოვასუფთავე განსჯის არე,
ქვე და მდებარე არ მომწონს სიტყვა,
მოისმის მასში უფალის რისხვა.
ქვემდებარეა ვიღაცის ხელში
ხან სიკეთის და ხან ავის მქნელი,
დამატებად რომ მამყოფა მგონი,
უკეთ წარვმართო ჭკუა და გონი, -
წამოვაშველო კარგისმქნელს სიტყვა,
ბოროტს ვეახლო უმძიმეს ტვირთად,
ოღონდ მინდა ვიყო პირდაპირი,
რომ არ მქონდეს ქვემდებარის რიდი.
ირიბად სიტყვის თქმა თამაშია,
როცა ქვეყანაში განგაშია.



,

ბუტაფორია

ზეცაში ვუმზერ მთვარის მხოლოდ ბუტაფორიას
და ვარსკვლავებიც ხელოვნური არის, მგონია,
რატომ ვიყავი ოცნებებში იმათ იმედად, -
გამღვიძებოდა, ასე გვიან, ღმერთმა ინება,
ცეცხლიც კი ვნების, თურმე არის ბუტაფორია,
სიყვარული და მეგობრობაც, ხელოვნურია,
რატომ ვიყავი, ასე მყარად, იმათ იმედად,
რად არ გავყევი ტკბილ ზღაპრებში ჩემს დიდ დიდედას.


Sunday, November 26, 2017

აღარ მაშინებს შემოსვლა ზამთრის...

ფერუცვლელია გარშემო ყველა,
იასამანი ყვავილობს მხოლოდ,
აღარ მაშინებს შემოსვლა ზამთრის,
იმის ყვავილებს ვუმზერდე ოღონდ...

სიურრეალისტური ფანტასმაგორია

სიურრეალისტური ფანტასმაგორია,
ბრეტონის თუ არაგონის აგონია, -
ქვეცნობიერშია განაჩენი,
იმას წავუმძღვაროთ დანარჩენი,
გზა ყინვიანი და მოლიპული,
შენს ტვინში არის დალამბული,
სხვა არაფერი დაგრჩენია,
სიზმრად ჩაიძირო, რაც შენია.

Saturday, November 25, 2017

ექოდ მოისმის

ზარდამცემ ოხვრას მოუცავს თორღვა,
- დაგუბებულხარ, დარდების წყალო,
გულს დასცემიხარ ბებრად და კოჟრად,
ქვეყნის წარწყმედა როდემდე ვმალო?!
ზარდამცემ ოხვრას მოუცავს თორღვა,
სიკეთით შვილთა ვეღარა ხარობს,
ექოდ მოისმის იმისი მოთქმა,
გარშემო ტყეებს სიცივით აზრობს.