Saturday, October 26, 2024

სილამაზის საიდუმლო (ჩანახატი)

 სილამაზის საიდუმლო

(ჩანახატი)
ბებიას ქერა თმები ჰქონდა, ოქროსფერი, მაგრამ ადგილ-ადგილ ვერცხლისფერი შეჰპარვოდა. ოქრო და ვერცხლი ერთმანეთს ენაცვლებოდა. როცა თმებს ივარცხნიდა, თვალმოუშორბლივ ვუყურებდი, მეგონა ადრე, სანამ პაპა და ბებია დაქორწინდებონენ, ის მზეთუნახავი იყო, რომელიც პაპამ,, თეთრ ცხენზე ამხედრებულმა, მოიტაცა. მართლაც თეთრი ცხენი ჰყავდა პაპას. ჩემი ბავშვური ფანტაზია შორს მიდიოდა და მეგონა, სავარცხელი, რომლითაც ბებია თმას ივარცხნიდა, ჯადოსნური იყო, აბა, რატომ იყო ასეთი ლამაზი?! მოვიპარავდი, ღამით ბალიშის ქვეშ დავიდებდი და ჯადოსნურ სიზმრებს ვნახულობდი. მეორე დღეს ბებია აყვირდებოდა, სად გაქრა ჩემი სავარცხელიო, მორცხვად მივურბენინებდი, განშორება კი არ მინდოდა მასთან.
ქალაქში წამოსვლის წინ ბებიამ ეშმაკურად გადმომხედა და მითხრა: ვიცი, ჩემი სავარცხელი მოგწონს, წაიღე, თუ გინდაო.
მას მერე შენახული მაქვს ეს სავარცხელი, გადავისვამ თმებზე და მზეთუნახავი ვხდები, როგორც ბებიაჩემი.
მაია დიაკონიძე
7.10.2024 წელი

No comments:

Post a Comment