Monday, September 28, 2026

ამცნობთ საქართველოზე (პატრიოტული)

 ჩემი თავი მეგონა უძლეველი სიმაგრე 

და თუ ასე კენჭებად მიწყივ დავიშლებოდი,
გავხდებოდი ყვავების და ყორნების სამიზნე,
ჟამთა სიავისაგან მიწით ავივსებოდი,
არ მეგონა ნამდვილად, შუბლი მქონდა მაღალი,
ქონგურებზე არწივნი დაეძებდნენ ჩეროებს,
ზოგჯერ ცათა სილურჯეს დავცქეროდი მაღლიდან,
ყაყაჩოებს ვუმზერდი, გვირილების მდელოებს.
აღარც მომსვლელი არის, აღარც ბრძოლის ყიჟინა,
სოფლად ვინც დარჩენილა ეხეტება მძინარე,
მე კი ათასწლეულმა ისე გამანიავა,
კალთაში ჩავეშლები აქაფებულ მდინარეს.
მოდით, ხელი შემახეთ ( არც თუ ისე ნაზი ვარ),
კენჭი კენჭს მიაწებეთ, ცად აზიდეთ ლოდები,
ჩემთან გიხმობთ სუყველას, ვინც ლელო ბურთს გაიტანთ
და ქუხილით სამყაროს ამცნობთ საქართველოზე. 
მაია დიაკონიძე
5.09. 2026 წელი

Saturday, September 26, 2026

ეფინებოდა წვიმები სოფელს

ეფინებოდა წვიმები სოფელს
ეფინებოდა წვიმები სოფელს
და ჩემს გულს სევდა-ჭმუნვისკენ ხრიდა,
გადავყურებდი მდელოებს ,,სოველს",
ძაღლი დამარხულ ხელნაწერს თხრიდა.
და წამკითხველიც არ იყო ვინმე,
გამოეჭამა სოფელი ვირთხას,
წვიმა არხევდა გიტარის სიმებს,
ძაღლი ჩემს გულზე სამარხებს თხრიდა.
მაია დიაკონიძე
26.09.2026 წელი

მინიმა

 ახლა სოლოს ცეკვავს წვიმა მაგიდაზე,

ერთ დროს ბებიების ხაჭაპური ეწყო.

მინიატურა

 მინიატურა

სკოლაში გოგოებმა თავიანთი სიზმრები მოყვნენ, ზოგს მონატრებული ბებია დასიზმრებოდა, ზოგს თავისი კატა, ზოგს ზოოპარკი. სოფოსაც უნდოდა მეგობრებისთვის სიზმარი მოეყოლა, მაგრამ ენა არ მოუბრუნდა, არ შევაშინო ბავშვებიო. იმ ღამეს ეშმაკი ესიზმრა, შორს იჯდა და ჯოჯოხეთს აყურებინებდა, როგორ ატყავებდნენ ადამიანებს, როგორ აწამებდნენ. გახსენებაზე გოგონას ტანში გასცრა. დედას მოუყვა დილით ეს სიზმარი. გაოცებულმა დედამ ჰკითხა, როგორიაო ეშმაკი. დიდი, მოწითალო, რქებით და ჩლიქებით, ტანით ადამიანს ჰგავს, ტანზე ძველებური წვივებამდე შარვალიც კი ეცვა. - უპასუხა სოფომ. იმ დღეს ჩახატა კიდეც.
განა შეიძლება, ბავშვებს ეშმაკები ესიზმრებოდნენ?! გაიფიქრა დედამ და პირჯვარი გადაიწერა.

Thursday, September 24, 2026

მინიმა

როგორც ყოველთვის, მლიქვნელობის
ვმოსილვართ სენით,
ჯვარს ვაკრავთ ქრისტეს, მივესევით,
როგორც ტურები,
მონანიებაც გვიანდება,
ვერაფრით გვშველის
და ერთურთისკენ ხელებს ვიშვერთ
საყვედურებით.
მაია დიაკონიძე
23.2026 წელი

                      -------------------------------

ზღაპარში არის: ,,კომბლებსა თლის და აწყობს ჭერში",

ჩვენ კი იმ გმირი კომბლესაკენ არც ვიყურებით.

მინიმა

 სანამ სჭირდები, გიცინიან, გუნდრუკს გიკმევენ,

გაქებენ პირში, პირს უკან კი გაქილიკებენ,
არ დაჭირდები, იქნებ გითხრან სალამი არც კი,
მაგრამ იგივეს მოიმკიან ეფექტით სარკის.
მაია დიაკონიძე
23.09.2026 წელი

Wednesday, September 23, 2026

ბეჟო ბეჟიტაშვილმა დაწერა სიმღერა

 ვარსკვლავი გაბრწყინდა ცაზე

შობის ღამე დგებაო,

დიდებსაც და პატარებსაც

ყველას გვემღერებაო.

ღამე არის ჯადოსნური,

ციმციმებენ სანთლებიო,

ბრჭყვიალებენ ნათურები,

გააქვთ აურზაურიო.

გაიხსნება ზეცის კარი, 

ძირს წამოვა ფანტელიო,

ყველას პირზე გვაკერია

ყრმა იესოს სახელიო..

ჩვენც ალილო შემოვძახოთ,

მადლი ვუძღვნათ გამჩენსო,

საიდუმლო საიდუმლოდ

აღარ უნდა დარჩესო.

დიდი და პატარა მღერის, 

ალილო და ალილო,

დაგებედოთ დიდ სუფრებზე

ბარაქა და ხვავიო.


.



Tuesday, September 22, 2026

რატომღაც

 რატომღაც!

რატომღაც შევმოსილვარ
დღეს მე თეთრი ფერებით,
თოვლის ქალად ვქცეულვარ
და ვერ მივხვდი ამასაც,
მეხვევიან ფიფქები, -
უსამშობლო გერები
და სულ ზევით მიიწევს
ამ ცხოვრების თამასა.
თეთრ მუნდირში ხეები
დგანან გაყურსულები,
ყინვამ კიდვ ერთი ძის
სიცოცხლე რომ წაიღო,
ვხედავ: ცაზე ვარსკვლავნი,
მთვარე ალურსმულები,
აქ მთავრდება ზღაპარიც;
,,იყო და არა იყო".
მაია დიაკონიძე
21.09.2026 წელი

რატომღაც, სიმღერა (დაწერა ხელოვნურმა ინტელექტმა)

 რატომღაც!

რატომღაც შევმოსილვარ
დღეს მე თეთრი ფერებით,
თოვლის ქალად ვქცეულვარ
და ვერ მივხვდი ამასაც,
მეხვევიან ფიფქები, -
უსამშობლო გერები
და სულ ზევით მიიწევს
ამ ცხოვრების თამასა.

რატომღაც შევმოსილვარ
დღეს მე თეთრი ფერებით,
თოვლის ქალად ვქცეულვარ
და ვერ მივხვდი ამასაც,
მეხვევიან ფიფქები, -
უსამშობლო გერები
და სულ ზევით მიიწევს
ამ ცხოვრების თამასა.
თეთრ მუნდირში ხეები
დგანან გაყურსულები,
ყინვამ კიდვ ერთი ძის
სიცოცხლე რომ წაიღო,
ვხედავ: ცაზე ვარსკვლავნი,
მთვარე ალურსმულები,
აქ მთავრდება ზღაპარიც;
,,იყო და არა იყო".

თეთრ მუნდირში ხეები
დგანან გაყურსულები,
ყინვამ კიდვ ერთი ძის
სიცოცხლე რომ წაიღო,
ვხედავ: ცაზე ვარსკვლავნი,
მთვარე ალურსმულები,
აქ მთავრდება ზღაპარიც;
,,იყო და არა იყო".

ვხედავ: ცაზე ვარსკვლავნი,
მთვარე ალურსმულები,
აქ მთავრდება ზღაპარიც;
,,იყო და არა იყო".

აქ მთავრდება ზღაპარიც;
,,იყო და არა იყო".

,,იყო და არა იყო".


Monday, September 21, 2026

მინიმა

 თუ დამრჩა კიდევ მეგობარი, არავინ იცის,

თვითონ დაიხლის ბრძენი კაცი ნაგანის ტყვიას,
აქ პრიმატების მანჭვას ვუმზერ, უაზრო სიცილს,
ჩემს სადიდებელს როცა უკვე უდედო ჰქვია.
მაია დიაკონიძე
20.09.2026 წელი

ბედია (სატრფიალო), სიმღერა

ბედია
შენს მკლავებში მოქცევა
როგორ მომნატრებია,
ჩვენი შორი-შორს ყოფნა,
მეუბნები, ბედია.
თაიგულებს მიგზავნი
ხმაწკრიალა ლექსების,
დამრჩა ერთი მიზანი —
მუზად დავრჩე ეგების.
იქნებ ასე დავცალო
სიყვარულის მჭიდები,
ეკლები დამაცალო,
როცა ასე მჭირდები.
შენს მკლავებში მოქცევა
როგორ მომნატრებია,
ჩვენი შორი-შორს ყოფნა,
მეუბნები, ბედია.
მაია დიაკონიძე
20.09.2026 წელი



Saturday, September 19, 2026

ნეტავ, შენ რა გაკვირვებს?! (პატრიოტული)

ნეტავ, შენ რა გაკვირვებს?!
ნეტავ, შენ რა გაკვირვებს,
მეგობარო ქართველო?!
თუ კი პირი შეუკრავთ
იორსა და ალაზანს,
სადა ხართ, არწივებო,
არწივების მართვენო,
დარჩენია მამული
გადამთიელ ავაზაკს.
ნეტავ, შენ რა გაკვირვებს,
მეგობარო, ქართველო?!
დაელია შენს ზეცას
სიყვარულის მარაგი,
ჰოი, ჩვენო სახლო და
უპატრონო საბძელო,
აღარ შხუის თერგი და
აღარ მოჰყეფს არაგვი.
მაია დიაკონიძე
19.09.2026 წელი

Tuesday, September 15, 2026

მეგონა (პატრიოტული)

 მეგონა

მეგონა, სახლი მქონდა,
არა მქონია არც ის,
მეგონა, ეზო მქონდა,
ისიც ყოფილა ცარცის.
ვათვალიერებ რონდას,
ლისაბონსა და პარიზს,
რაც რომ მეგონა მქონდა,
მხოლოდ რუკაზე არის.
მაია დიაკონიძე
14.09.2026 წელი

გაუფასურდა სიტყვა (შეგონებებიდან)

 გაუფასურდა სიტყვა

(შეგონებანიდან)
გაუფასურდა სიტყვა,
არ სდევს კაცური საქმე,
არ შეგაშინოთ წიხლმა, -
ეს ვირი ამბობს სათქმელს.
ან რას ელოდით მისგან,
ის ვერ გახდება რაში,
რას იჯერებდით იმას,
ვერ ერკვეოდით რაშიც.
მაია დიაკონიძე
13.09.2026 წელი

Saturday, September 12, 2026

ყვარლის მთებო! (ეძღვნება ილია ჭავჭავაძეს) (შოთაობისთვის)

ყვარლის მთებო!
(ეძღვნება ილია ჭავჭავაძეს)
ვინა თქვა, რომ ჩვენ გავიყარენით,
ვინა თქვა, ჩემგან სიშორით ყოფნა,
მარტო თქვენ დაგრჩათ ჩემი თვალები,
მარტო თქვენ დაგრჩათ ჩემი ღრმა ხსოვნა.
მე თქვენგან ვუმზერ მამულს დაღალულს,
ვით ცხვარს ღამეში, უმწეოდ შთენილს,
თქვენს შუბლებს ვხედავ, ფიქრით დაღარულს,
მჭმუნვარე სახეთ, მკაცრსა და კეთილს.
ისევ ნავარდობს ქარი ღრუბლებში,
თავები ზევით და ზევით მიგაქვთ,
თქვენი ჭაღარა ბამბის ქულები
შვებად დააწვიმს იორს და ლიახვს.
მაგრამ რად გინდა, დაცლილა ხალხით
სოფლები, შუქი აქა-იქ მოჩანს,
აქედან მესმის ტირილი ღალღის,
მშრომელ კაცს ჭინკა და ეშმა ბოჭავს..
ერთმანეთს ცვლიან კაცთა სახენი,
ვჭვრეტ ლუარსაბსაც, არჩილსაც, კესოს,
და ახლა ნეტავ, საით ამხედრდი,
ტკივილიანო მამულო ჩემო?!
მე აქ დავრჩები, ჰე, ყვარლის მთებო,
მე ხომ ვერავინ ვერ გამყრის თქვენთან,
ლაჟვარდში ისევ გაიფრენს წერო
და ქართველებო, მოგიხმობთ ჩემთან!
მაია დიაკონიძე
30.08.2024 წელი





Monday, September 7, 2026

დაბრუნდით!

 დაბრუნდით!


- დაბრუნდით! - კერა გეძახით,
ილიასი და აკაკის,
თითქოს შეასხეს ქეძაფი,
დადარდებია არავის.

გულო, შენ რაღას ყრანტალებ,
- კვდებაო ჩვენი მამული, -
სახლი სიცივით კანკალებს,
გეძახით, ძმებო, - დაბრუნდით!..
მაია დიაკონიძე
7.09.2026 წელი

დაბრუნდით! მინიმა

 დაბრუნდით, ხალხო, თორემ დაინგრა,

გადაუარა ქარმა, გრიგალმა,
იმ ძველმა სახლმა ჩუმად რაც მითხრა,
რად გაიგონა მხოლოდ უფალმა.
მაია დიაკონიძე
6.09.2026 წელი

Sunday, September 6, 2026

მინიმა

 ***

გაუფასურდა ჩემს თვალში ბევრი,
ოქრო მეგონა მბზინავი მზეზე,
შემარცხვენელი ყოფილა ერის,
ობობა სჯობნის მცოცავი ჭერზე.
მაია დიაკონიძე
5.09. 2026 წელი

სირცხვილი არის!

სირცხვილი არის!
როცა შენს მამულს ღალატობ,
გაყიდე ღობის სარიც,
ქონება შენს სახლს ამატო,
ვგონებ, სირცხვილი არის.
ქვეყნის მებრძოლის ცხენისთვის
შენ არ დაგირტყამს ნალი,
პირთ გიკოცნია მტერისთვის,
ვგონებ, სირცხვილი არის.
თვალ-მარგალიტით თამაშობ,
ქვეყნის ზურმუხტით, ლალით,
სისხლი ქართველის გააშრო,
ვგონებ, სირცხვილი არის.
გონზე მოეგო, ისა სჯობს,
ამრევო სხვისთვის კვალის,
ბევრი გიგორებს, ვხედავ. კოჭს,
ფუი, სირცხვილი არის!
მაია დიაკონიძე
5.09.2026 წელი



დაურ ბუავას დედაზე!

 მძიმე პოსტი უნდა დავწერო.

როცა დაურ ბუავას პანაშვიდზე მივედი 1 სექტემბერს, სადღაც პირველი-ორი საათი იქნებოდა, მოვალეობად ჩავთვალე ,, წავიდე,მეც იქ მივიდე,სამძიმარ ვუთხრა შვილისა..."ძალიან ცოტა ხალხი დამხვდა სარიტუალო დარბაზში. დაურის დედას მივუჯექი გვერდზე. მომიყვა, როგორი კარგი, თბილი შვილი ჰყავდა. სულ დედა -მამას გაიძახოდაო. გოგოებიც მყავს, მაგრამ ასეთი ყურადღებიანი არცერთი არ იყოო. მითხრა, 19 დეკემბერსაა დაბადებული ნიკოლოზობას და სულ ვეუბნებოდი, წმინდა ნიკოლოზი გიცავს-მეთქი. იქაც წმინდა ნიკოლოზის მფარველობის ქვეშ იქნება, დარწმუნებული ვარ. ვიცით, როგორი სიცოცხლისმოყვარული, მხიარული, ჭკვიანი, ნიჭიერი ბიჭი იყო დაური. მისი ვიდეოებიდან ჩანს. უყვარდა აფხაზები და უყვარდა ქართველები, რადგან ჩვენ ერთნი ვართ. მისმა ბრძოლამ უკვალოდ არ უნდა ჩაიაროს!
დედამ - ხათუნა კონჯარიამ (ასე დაიწერა ფეისბუქში, არ ვიცი, რამდენად მართალია), ჩვენ მოგვანდო დაური, ქართველებს. იმედები გავუცრუეთ, ვერ მოვუარეთ. მაინც კიდევ ერთხელ გვენდო და თავისი მკვდარი შვილი ჩვენ დაგვიტოვა. იმედი მაქვს ქართველი ერი ამ მზეჭაბუკს სათანადო პატივს მიაგებს. მის საქმიანობას და ღვაწლს ქართული სახელმწიფოს წინაშე ვერანაირი უსუსური ცილისწამებანი ვერ გადასწონის.
ვიცი, ქართველმა დედებმა ძალიან გულთან მიიტანეს დაურ ბუავას გარდაცვალება და იბრძოლებენ მისი საფლავი სათანადოდ იყოს მოწყობილი, მოვლილი, ხოლო დაურს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭოს. სხვის იმედზე ნუ ვიქნებით. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული!
დავაფასოთ გამორჩეული ადამიანები, თუ გვინდა ჩვენმა სახელმწიფომ იარსებოს, შევქმნათ გმირობის ახალი ისტორია!

დილა

 დილა

ცას ბროწეული მოასკდა,
ღრუბელთ ჭურები გაივსო,
აზუზუნდება როცა სკა,
გვეწვევი დილავ, აისო.
გადათეთრდება ზოგან მთა,
ცხვრის ფარა ზედ იალაღობს,
მადლობა მინდა ვუთხრა მათ,
ვინც ბუნებას არ ღალატობს.
ვისაც ჯერ კიდევ გული აქვს,
უცემს არაგვის რბოლაზე,
მათი უკვდავი სულია,
ბრწყინავს, ვით სხივი ოლარზე.
მაია დიაკონიძე
6.09.2026 წელი

პრემია ,,მუხრანი" 2026 წელი

 #ლიტერატურულიკონკურსი

#მუხრანისპრემია_პოეტურიმინიატურები
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს კონკურსს ,,მუხრანის პრემია-პოეტური მინიატურები.“
🔸კონკურსი იმართება პოეტურ და პროზაულ მინიატურაში. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს 18 წლის ასაკიდან.
კონკურსანტს უფლება აქვს ნაწარმოები წარადგინოს მხოლოდ ერთ-ერთ ნომინაციაში (პოეზია, ან პროზა). პოეტური ტექსტის ავტორს, არ აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს მინიატურული მოთხრობის ნომინაციაში და პირიქით.
📖საკონკურსოდ წარმოდგენილი ლექსი უნდა შეიცავდეს მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 6 სტრიქონს. თითოეულ ავტორს ამ ნომინაციაში შეუძლია გამოაგზავნოს არაუმეტეს 3 ტექსტისა.
📖საკონკურსოდ წარმოდგენილი პროზაული ტექსტი უნდა შეიცავდეს მაქსიმუმ 50 სიტყვას (გამოიგზავნება მხოლოდ 1 მოთხრობა). მინიატურას უნდა ახასიათებდეს შეკრული კომპოზიციური სტრუქტურა (დასაწყისი, კულმინაცია, დასასრული), აზრობრივი სიღრმე.
🔸 საკონკურსოდ წარმოდგენილი ნაწარმოებები უნდა იყოს გამოუქვეყნებელი.
🔸საკონკურსო ნაწარმოები უნდა გამოიგზავნოს ელექტრონული ფორმით მისამართზე: mukhranispremia@gmail.com, ავტორის სახელისა და გვარის, სამუშაო, საცხოვრებელი ადგილის ან სასწავლებლის მითითებით. ნაწარმოების გამოგზავნის ბოლო ვადაა 15 სექტემბერი.
🔸გამარჯვებულ ნაწარმოებებს (პირველი, მეორე, მესამე პრემია) გამოავლენს ჟიური.
- პირველი პრემია-1250 ლარი;
- მეორე პრემია -1000 ლარი;
- მესამე პრემია-750 ლარი;
- საუკეთესო პროზაული მინიატურა - 750 ლარი.
🔸გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება მიმდინარე წლის შემოდგომაზე, სოფელ არგვეთში, მუხრან მაჭავარიანის სახლ-მუზეუმში.
👉დამატებითი ინფორმაციისათვის
ტელეფონის ნომრები:
5 77 97 74 63
599 99 91 63
ელ-ფოსტა: mukhranispremia@gmail.com.

ლიტერატურული პრემია ,,მუზა" 2026 წელი

 

მწერალთა სახლი აცხადებს კონკურსს ლიტერატურული პრემიის „მუზა“ 2026 მოსაპოვებლად

თარიღი : 04.09.2026

 

დანართი №1

 

საქართველოს კულტურის სამინისტროს კონკურსის 

„ლიტერატურული პრემია - „მუზა"

 

საკონკურსო დებულება

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს კულტურის სამინისტროს კონკურსის „ლიტერატურული პრემია - „მუზა" (შემდგომ - კონკურსი) საკონკურსო პირობებსა და კონკურსის ჩატარების წესს.

 

მუხლი 2. კონკურსის მიზნები

კონკურსის მიზნებია:

ა) ქართული ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა;

ბ) ქვეყანაში საგამომცემლო სექტორის მხარდაჭერა;

გ) ხელოვანთა შემოქმედებითი საქმიანობის წახალისება;

დ) ქართველი ავტორების პოპულარიზაცია და ახალი, ნიჭიერი ავტორების გამოვლენა.

 

მუხლი 3. კონკურსის ჩატარების პერიოდულობა და განმახორციელებელი

1. კონკურსი ყოველწლიურია და ცხადდება ყოველი წლის სექტემბრის თვეში. 

2. კონკურსის განმახორციელებელია საქართველოს კულტურის სამინისტროს (შემდგომ - სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - მწერალთა სახლი (შემდგომ - მწერალთა სახლი).

3. მწერალთა სახლი კონკურსს ატარებს ამ დებულებით დადგენილი წესით.

4. კონკურსის განხორციელების მიზნით დაფინანსება გამოიყოფა შესაბამისი პროგრამის ფარგლებში, სამინისტროს მიერ მისთვის განსაზღვრული საბიუჯეტო ასიგნებებიდან, მწერალთა სახლის მომართვის საფუძველზე.

5. ამ დებულებით განსაზღვრული საკონკურსო განაცხადით წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა და კონკურსთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია ცხადდება მწერალთა სახლის მიერ, კონკურსის გამოცხადებასთან ერთად, ყოველწლიურად.

 

მუხლი 4. საკონკურსო პირობები 

1. კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში:

ა) წლის საუკეთესო რომანი;

ბ) წლის საუკეთესო პროზაული კრებული;

გ) წლის საუკეთესო პოეტური კრებული;

დ) წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა/ესეი;

ე) წლის საუკეთესო დებიუტი (აღმოჩენა);

ვ) წლის საუკეთესო თარგმანი;

ზ) წლის საუკეთესო კრიტიკა/რეცენზია;

თ) წლის საუკეთესო პიესა/ინსცენირება;

ი) წიგნის საუკეთესო დიზაინი;

კ) წლის საუკეთესო ინოვაციური ლიტერატურული პროექტი;

ლ) ქართული მხატვრული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა"-„კ" ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ნომინაციებში საკონკურსო განაცხადის წარდგენის უფლება აქვთ:

ა) საქართველოში კერძო სამართლის იურიდიული პირის სახით რეგისტრირებულ გამომცემლებს/საგამომცემლო სახლებს; 

ბ) საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ლ" ქვეპუნქტით განსაზღვრულ ნომინაციაში პირის წარდგენის მიზნით საკონკურსო განაცხადის წარდგენის უფლება აქვთ:

ა) საქართველოში კერძო სამართლის იურიდიული პირის სახით რეგისტრირებულ გამომცემლებს/საგამომცემლო სახლებს; 

ბ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.            

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა"-„დ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ნომინაციებში განიხილება კონკურსის ჩატარების წელს წიგნად გამოცემული ან ამავე წელს შექმნილი და ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი ქართულენოვანი ლიტერატურული ნაწარმოები.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ნომინაციაში განიხილება ამ მუხლის მე-4 და მე-6-მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული მასალა, რომელიც შესრულებულია დებიუტანტი ავტორის მიერ.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ნომინაციაში განიხილება კონკურსის ჩატარების წელს წიგნად გამოცემული ან წიგნის ამავე წელს თარგმნილი და ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი ქართულენოვანი ლიტერატურული თარგმანი.

7. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ნომინაციაში განიხილება კონკურსის ჩატარების წელს ქართულ ენაზე წიგნად გამოცემული ან/და პერიოდულ გამოცემაში გამოქვეყნებული ლიტერატურული კრიტიკა/რეცენზია.

8. ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ნომინაციაში განიხილება კონკურსის ჩატარების წელს როგორც წიგნად გამოცემული, ასევე გამოუქვეყნებელი ქართულენოვანი ნაწარმოები, მათ შორის, ისეთი, რომელიც ჯერ არ დადგმულა თეატრალურ სცენაზე.

9. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ნომინაციაში განიხილება კონკურსის ჩატარების წელს გამოცემული წიგნის დიზაინი.

10. ამ მუხლის პირველი პუნქტის „კ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ნომინაციაში განიხილება კონკურსის ჩატარების წელს შექმნილი და ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი პროექტი.

11. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ლ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ნომინაციაში განიხილება განმცხადებლის მიერ ნომინაციაში წარდგენილი პირის შემოქმედების მნიშვნელობა ქართული მხატვრული ლიტერატურის განვითარებისთვის და მისი როლი თანამედროვე ქართული მხატვრული ლიტერატურის პოპულარიზაციაში. 

12. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა"-„კ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ თითოეულ ნომინაციაში საკონკურსოდ შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ ერთი ავტორის მიერ შექმნილი ნაწარმოები, კრებული, თარგმანი, კრიტიკა/რეცენზია, დიზაინი ან პროექტი.

13. კონკურსი არ ვრცელდება სასწავლო და სამეცნიერო ლიტერატურაზე.

14. თითოეულ ნომინაციაში პრემიის ოდენობა შეადგენს 6 378 (ექვსი ათას სამას სამოცდათვრამეტი) ლარს (კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გათვალისწინებით).

15. ერთი და იგივე პირის სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვების შემთხვევაში, პრემია გაიცემა თითოეული ნომინაციისათვის ცალ-ცალკე.

 

მუხლი 5. საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენის წესი

1. კონკურსში მონაწილეობის მიზნით განმცხადებელმა საკონკურსო განაცხადის სახით უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები: 

ა) განცხადება მწერალთა სახლის დირექტორის (შემდგომ - დირექტორი) სახელზე, ამ ბრძანების დანართი №3-ის შესაბამისად;

ბ) საპროექტო განაცხადის ფორმა (ინფორმაცია ნაწარმოების შესახებ), ამ ბრძანების დანართი №4-ის შესაბამისად, რომელსაც თან უნდა ერთოდეს: 

ბ.ა) საკონკურსო განაცხადის იურიდიული პირის მიერ წარდგენის შემთხვევაში, ნაწარმოების ავტორის წერილობითი თანხმობა ნაწარმოების კონკურსში მონაწილეობის თაობაზე, შესაბამისი ნომინაციის მითითებით;

ბ.ბ) გამოქვეყნებული საკონკურსო მასალის არსებობის შემთხვევაში, მისი ხუთი ეგზემპლარი, მატერიალური სახით, რომლებიც უკან არ დაბრუნდება;

ბ.გ) გამოუქვეყნებელი საკონკურსო მასალის შემთხვევაში, მისი სრული PDF დოკუმენტი;

გ) ფიზიკური პირის შემთხვევაში პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო მეწარმე ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში - ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან. თუ პირს საგადასახადო კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული აქვს შესაბამისი სტატუსი - აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) ამ დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ლ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ნომინაციაში - ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დოკუმენტაციასთან ერთად ნომინაციაში წარდგენილი პირის წერილობითი თანხმობა და მისი შემოქმედებითი ბიოგრაფია;

ე) მწერალთა სახლის მიერ მოთხოვნილი სხვა დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

2. ფიზიკური პირის მიერ საკონკურსო განაცხადით შეიძლება წარდგენილ იქნეს მხოლოდ მის მიერვე შექმნილი/თარგმნილი საკონკურსო მასალა, შესაბამის ნომინაციაში.

3. საკონკურსო განაცხადები მიიღება ქართულ ენაზე მწერალთა სახლში მატერიალური სახით, მისამართზე: ქ. თბილისი, მაჩაბლის ქ. №13 ან ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: contest@writershouse.ge.

4. განმცხადებელი უფლებამოსილია, საკონკურსო განაცხადი წარადგინოს კონკურსის სხვადასხვა ნომინაციაში მხოლოდ ერთი საკონკურსო განაცხადით.

5. კონკურსის ერთ ნომინაციაში დასაშვებია მხოლოდ ერთი საკონკურსო განაცხადის წარდგენა.

6. განმცხადებელი უფლებამოსილია, შეცვალოს წარდგენილი საკონკურსო განაცხადი ან/და დამატებით წარადგინოს დოკუმენტაცია კონკურსის ფარგლებში განაცხადების მიღების ვადის დასრულებამდე.

7. საკონკურსო განაცხადით წარდგენილი მასალების, მათ შორის, ნაწარმოებისა და წარდგენილ წიგნში შეტანილი მასალების/ინფორმაციის გამოყენების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობასა და მასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებზე სრულად პასუხისმგებელია განმცხადებელი.

 

მუხლი 6. კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის წესი

1. ამ დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა"-„კ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ნომინაციებში კონკურსის გამარჯვებულად ცხადდება კონკურსის ფარგლებში წარდგენილი ნაწარმოების, კრებულის, თარგმანის, კრიტიკის/რეცენზიის, დიზაინის ან პროექტის ავტორი, ხოლო იმავე პუნქტის „ლ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ნომინაციაში, ნომინაციაზე წარდგენილი პირი - ავტორი/ლიტერატორი.

2. კონკურსის გამარჯვებულებს გამოავლენს და დირექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს საკონკურსო კომისია (შემდგომ - კომისია).

3. კომისიის გადაწყვეტილება გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ მტკიცდება დირექტორის ბრძანებით. ამავე ბრძანებით კონკურსის გამარჯვებული ჯილდოვდება ამ დებულებით განსაზღვრული პრემიით, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.

4. კონკურსის გამარჯვებულს გადაეცემა სიგელი, ამ ბრძანების დანართი №2-ით განსაზღვრული ფორმის შესაბამისად.

5. საკონკურსო განაცხადის შემოტანიდან კონკურსის დასრულებამდე პერიოდში, ამ დებულების მე-4 მუხლის მეორე პუნქტის „ბ" ქვეპუნქტით განსაზღვრული განმცხადებლის, ასევე, ამ დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ლ" ქვეპუნქტით განსაზღვრულ ნომინაციაზე წარდგენილი პირის გარდაცვალების შემთხვევაში, საკონკურსო კომისია განაგრძობს წარდგენილი განაცხადის განხილვას და გამარჯვებულად გამოვლენის შემთხვევაში, გარდაცვლილი განმცხადებლის/ნომინაციაზე წარდგენილი პირის სახელზე გაიცემა მხოლოდ ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სიგელი.

6. კომისია იტოვებს უფლებას, გამონაკლისის სახით დაუშვას ერთ ნომინაციაში ერთზე მეტი გამარჯვებულის გამოვლენა, რა შემთხვევაშიც გაიყოფა ნომინაციისთვის განსაზღვრული პრემია.

 

მუხლი 7. კომისიის შემადგენლობა და გადაწყვეტილების მიღების წესი

1. კომისიის შემადგენლობა მტკიცდება დირექტორის ბრძანებით ყოველ წელს. კომისიის წევრები ლიტერატურის სფეროს აღიარებული სპეციალისტები არიან. კომისიის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს სამინისტროს მიერ შერჩეული წარმომადგენელი. დირექტორი უფლებამოსილია სხვადასხვა წელს კომისიის წევრად მიიწვიოს ერთი და იგივე სპეციალისტი.

2. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება 5 (ხუთი) წევრით.

3. კომისიის შემადგენლობა კონფიდენციალურია კონკურსის შედეგების გამოცხადებამდე. 

4. კომისიის თავმჯდომარე, ასევე, მისი არყოფნის შემთხვევაში, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი განისაზღვრება დირექტორის ბრძანებით კომისიის შემადგენლობიდან. 

5. კომისიის მდივნის ფუნქციას ასრულებს დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული პირი.

6. კონკურსის ფარგლებში რეგისტრირებული განცხადებების განხილვასა და შეფასებას კომისია ასრულებს განცხადებების მიღების ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 3 (სამი) თვის ვადაში. 

7. კომისიის ყველა წევრი ვალდებულია წერილობით დაადასტუროს, რომ ინტერესთა კონფლიქტის გამოვლენის შემთხვევაში იმოქმედებს ამ დებულებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში, კომისიის წევრი ვალდებულია, დაუყოვნებლივ განაცხადოს თვითაცილების შესახებ, დირექტორის წინაშე. კომისიის წევრი, რომელმაც განაცხადა თვითაცილების შესახებ არ იღებს მონაწილეობას კონკურსის შესაბამის ნომინაციაში განაცხადების განხილვაში.

8. კომისია თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია. არავის აქვს უფლება ჩაერიოს კომისიის წევრის საქმიანობაში ან/და მოახდინოს მასზე რაიმე ზეგავლენა.

9. კომისიის წევრის ინტერესთა კონფლიქტის გამოვლენის ან სხვა ობიექტური გარემოების არსებობისას, დირექტორი უფლებამოსილია შეცვალოს კომისიის წევრი.

10. კომისია უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.

11. კომისია გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო განაცხადების ქულებით შეფასების საფუძველზე, ამ მუხლის მე-12 პუნქტით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით. ერთ ნომინაციაში წარდგენილი განაცხადების თანაბარი ქულებით შეფასების შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის შეფასება.

12. კომისიის მიერ საკონკურსო განაცხადების შეფასება ხორციელდება 15 ქულის ფარგლებში, შემდეგი კრიტერიუმებით: 

 

ა) ამ დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა"-„კ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ნომინაციებში:

 

№

შეფასების კრიტერიუმი

ქულა

1.

საკონკურსო განაცხადის შესაბამისობა კონკურსის მიზანთან 

0-3

2.

წარდგენილი საკონკურსო მასალის მხატვრული ღირებულება 

0-12

სულ:

15

 

ბ) ამ დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ლ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ნომინაციაში:

 

№  

შეფასების კრიტერიუმი

ქულა

1.

ნომინაციაში წარდგენილი პირის შემოქმედების კულტურული და ეროვნული მნიშვნელობა

0-5

2.

ნომინაციაში წარდგენილი პირის ეროვნული და საერთაშორისო აღიარება 

0-5

3.

ნომინაციაში წარდგენილი პირის ინდივიდუალური ხელწერა მხატვრული ლიტერატურის განვითარებაში

0-5

სულ:

15

 

13. კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს კონკურსის მონაწილე.

14. კომისიის წევრის საქმიანობა ანაზღაურებადია, თუმცა იგი უფლებამოსილია კომისიის წევრის საქმიანობა განახორციელოს ანაზღაურების გარეშეც.

15. კომისიის წევრები ვალდებულნი არიან დაიცვან კონფიდენციალურობის პრინციპი და პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები, ასევე, არ გაამჟღავნონ კონკურსის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, კონკურსის შედეგების დამტკიცებამდე.

16. კომისია საქმიანობას წყვეტს კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენის შესახებ გადაწყვეტილების დამტკიცებისთანავე.

 

მუხლი 8. დასკვნითი დებულება

1. სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე დაუშვებელია ამ დებულებით განსაზღვრული კონკურსის ჩატარება და პრემიის გაცემა.

2. საკითხები, რომლებიც არ რეგულირდება ამ დებულებით, წესრიგდება „კულტურის სფეროში მოღვაწე ფიზიკური და იურიდიული პირების დაფინანსების/ფინანსური ხელშეწყობის განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს კულტურის მინისტრის 2025 წლის 20 მაისის №05/09 ბრძანებით. 

 

განცხადების ფორმა

საპროექტო განაცხადი