Wednesday, May 6, 2026

მინიმა

 მინიმალისტური პოეზიიდან

ნეტავ რა გაცეკვ- გამღერებს,
როცა სამშობლოს უჭირს,
ვერ თოკავ აშლილ საღერღელს?
სული უჭირავს მუჭში.
მაია დიაკონიძე
3.05.2026 წელი

აქ დავრჩენილვარ

 აქ დავრჩენილვარ

არ მიმართლებდა, არც გამიმართლოს,
სანამ შენ მყავხარ მწარე სვე- ბედით,
აბა, შენ წელში რით გაიმართო,
სულ გადამრჩენელს თუკი ეძებდი.
ვით დამსხვრებულა შენი ჩუქურთმა,
წინ არ მიგვიძღვის ჯვარი ლაშარის,
გადაიფრინა ანგელოზთ გუნდმა
და მიგვატოვა ხელში სატანის.
ხანდახან ღმერთსაც ჩაეძინება,
,,ფერი უფეროს" იტყვის ხანდახან,
აწ დავრჩენილვართ ამის იმედად,
წმინდა გიორგი ურჩხულს დალახვრავს.
მაია დიაკონიძე
5 05.2026 წელი

მინიმა

 ყველგან ერთი და იგივე სახეები,

ყველგან - ერთი და იგივე მახეები,
დახუნძლულ სუფრას უსხედან მუდამ,
ქვეყნის შენებას სხვა რაღა უნდა.
მაია დიაკონიძე
6.05.2026 წელი

Monday, May 4, 2026

ახლა მხოლოდღა განაჩენს ველი!

ახლა მხოლოდღა განაჩენს ველი!
შენ მომიტანე სურნელი მთების,
აყვავებული მწვანე ჭალების,
ახლა მხოლოდღა განაჩენს ველი, –
ბედის გზაზე თუ დამემგზავრები?!
ველიდან ფუტკრის ბზუილი მესმის,
ყაყაჩოს ცეცხლის მწვავენ ალები,
ახლა მხოლოდღა განაჩენს ველი, —
ბედის გზაზე თუ დამემგზავრები.
შეიტკბო ჩიტმა ალუჩის წვენი,
თვალს მჭრის სითეთრე მთა-სანახების,
ახლა მხოლოდღა განაჩენს ველი, —
ბედის გზაზე თუ დამემგზავრები?!
არაგვს დაჰყეფავს მთებიდან მგელი,
დაიზრდებიან ლეკვნი ალგეთის,
ახლა მხოლოდღა შენს პასუხს ველი, —
ბედის გზაზე თუ დამემგზავრები?!
მაია დიაკონიძე
12.04.2023 წელი

უფალო!

უფალო!
გამოუჩნდება პატრონი
ქვასაც მდინარის ფსკერზე,
ვით შემოვძახო: ,,ვაჰ, დრონი".
უკვდავების წყალს ვეძებ.
ყაყაჩოს ეტრფის ბალახი,
შემოუწვება გვერდზე,
როცა ცა ჭექას დაახლის,
იმ ცეცხლს მიიღებს მკერდზე.
ტყე იცავს თავის შვილებსა,
როს დაეძებენ მშველელს,
ნუ დამთმობ სულით შიშველსა,
გთხოვ, ხელი შემაშველე!
მაია დიაკონიძე
4.05.2025 წელი

Sunday, May 3, 2026

სახუმარო

 სახუმარო

სადა ვდიო გალაკტიონს,
გრანელსა და ტიციანს,
უფალმა მეც, ვით ,,აკტიორს".
მომცა ჩემი მისია.
გავახარო ლექსით, ზღაპრით
სულ პატარა სულები,
ვნახო თამარ მეფის ქამრით
ქართველი ასულები.
ბიჭმა დევი დაამარცხოს,
შორს ისმოდეს მისი ხმა,
აღარ იდგეს მტერი ახლოს,
ვთქვა, შესრულდა მისია.
მაია დიაკონიძე
1.05.2026 წელი

Saturday, May 2, 2026

ვით აფროდიტა

ვით აფროდიტა
ვით აფროდიტა, ვდგავარ ზღვის ქაფში,
ხელის თითებით ზეცას ვეხები,
როცა ვიყავი სიზმრების ბავშვი,
მაშინაც წყალში მედგა ფეხები.
ჭრელი კენჭებით ვქნიდი სამყაროს,
შუბლს მიგრილებდა ქარი ეკენის,
ახლა დიდება უნდათ ამყარონ
და მიმატოვონ, ვით მანეკენი.
მაია დიაკონიძე
2.05.2026 წელი

მეგობრობის ძალა (ზღაპარი)

 

     მეგობრობის ძალა

(ზღაპარი)
ერთხელ ოფოფმა სარკეში ჩაიხედა, ქოჩორი გადაივარცხნა, მერე ყელი მოიღერა და უცნაური ხმით წამოიწყო სიმღერა, ოფოფის ,,სიმღერას" სიმღერა ნამდვილად არ ეთქმოდა, მაგრამ ტაშისდამკვრელნი მაინც გამოუჩნდნენ ლამაზ ოფოფს,
- ოხ, რა ლამაზად მღერიხარ! - შესძახა ყვავმა, არც ჩხიკვმა დააყოვნა,
- დედა, ეს რა ხმა გქონიათ, მოხიბლული ვარ თქვენი სიმღერით! - მხიარულად დაიძახა და ისიც კი სთხოვა,
- კონცერტი ჩაგვიტარე, ჩვენო მშვენიერებავ!
ტაშით და დითირამბებით გაბრუებულმა ოფოფმა თავი მართლაც დიდ მომღერლად წარმოიდგინა და სასწრაფოდ განაცხადა თანხმობა.
განსაკუთრებულად მოემზადა ტყე კონცერტისთვის. ყველგან - მუხაზე, ვერხვზე, ნეკერჩხალზე აფიშები იყო გამოკრული.
აფიშა
ტყის მუსიკალური დასი გეპატიჟებათ კონცერტზე
მონაწილენი:
ბაყაყები: ლილია და გვიდო
ოფოფი - მარიზა
კალიების კვარტეტი
დანიშნულ დღეს ტყის ბინადარნი საგანგებოდ გამოწყობილნი მივიდნენ კონცერტზე. ხვლიკს ბრჭყვიალა მოსასხამი მოესხა ტანზე, მედიდურად შებრძანდა დარბაზში, გველი კი ყველაზე ლამაზი კაბით ყველას თვალს სწყვეტდა. ირმებიც მოვიდნენ, შვლებიც, მგლებიც და ტურებიც. ხელოვნება ხომ ყველას აერთიანებს.
ყველა ოფოფის გამოჩენას ელოდა. კუმ, თავის ბაკანზე შემოსკუპებული, მოიყვანა კონცერტზე ულამაზესი ჭრელი კაბით შემოსილი. ოფოფი. ის ტაშით შეაცილეს დარბაზში.
კონცერტი ბაყაყებმა გახსნეს, ლილია და გვიდო თავის ამპლუაში იყვნენ. ყიყინით გააყრუეს არემარე. კალიებმაც შემოსძახეს თავიანთი საყვარელი ჭრაჭიჭრუჭა სიმღერა.
აი, ოფოფის ჯერიც დადგა. ყველამ სული განაბა.
ოფოფმა მკერდი მიმოარხია, ჟანგისფერი ბუმბული შეისწორა კისერზე, ერთი-ორჯერ ნაზად ჩაახველა, მაგრამ საცოდავს ერთი-ორი ბგერა ძლივს წამოსცდა ყელიდან:
– ყაპ-ყაპ, წკრ-წკრ, – დაიძახა და შეჩერდა.... განმეორებით სცადა სიმღერა წამოეწყო, მაგრამ ერთი-და იმავე ბგერებს იმეორებდა:
– ყაპ-ყაპ, წკრ-წკრ... – სიცილი ატყდა დარბაზში, გაბრაზდნენ ყვავი და ჩხიკვი, რა ტყუილად გამოვიდეთ თავი ამის გულისთვის, როგორ შეგვარცხვინაო. ბაყაყებს შეეცოდათ ულამაზესი მეგობარი, ხელზე ეამბორნენ, არ ინერვიულო, ასე ჩვენც მოგვდის ხოლმე, ალბათ, გაცივდიო. სად იყო, სად არა, სცენაზე შაშვი და ბულბული შემოფრინდნენ. შუაში მოიქციეს ოფოფი, ხელი გადახვიეს და ისეთი სიმღერა-გალობა დასცხეს, მთელი ტყე გაირინდა.
ოფოფიც გამხიარულდა და მხსნელად მოვლენილ მეგობრებს მადლობა გადაუხადა.
მაია დიაკონიძე

2.05.2025 წელი                                        

Friday, May 1, 2026

მთა-ველო არაგვიანო!

მთა-ველო, არაგვიანო!
გული დამწყვიტე, ცხოვრებავ,
მუდამ ფეხს ითრევ, გვიანობ,
ან თუ მელის მე ცხონება,
მთა-ველო, არაგვიანო?!
შენთან დარჩენა მწადია,
განა კი ტყუილად ხმიანობ,
ჩქერები ხელებს მაწვდიან,
კარი შენთან მაქვს ღიაო.
ჩაგეკვრი, ჩაგეკონები,
აქ არ კი მიმიღიანო,
მამთხვიე იის კონები,
შენ ტალღა ღიღინიანო.
მაია დიაკონიძე
29.04.2026 წელი

Wednesday, April 29, 2026

საბავშვო

 წვიმა მოდის კანტიკუნტად,

მგელი მიდის სტუმრად კუსთან,

საჩუქრად რომ მიაქვს ქოლგა,

კუს ბაკანიც ხომ მას მოჰგავს?!

მოდი, მოდილიან!

მოდი, მოდილიან!
მოდის კანტიკუნტად
სიცილ-ტირილის ხმა,
ღამე მოიკუნტა,
დილა გამოფრინდა.
ფრთებით მოგვიტანა
ია და ზამბაზი,
აჟღერდა გიტარა,
ლაღი და ამაყი..
ხმა მისცა შოშიებს,
შაშვებს და ბულბულებს,
უფრთხიან გოშიებს,
იფერთხენ ბუმბულებს.
მოდიან, მოდიან
კანჯარი, ჯიხვბი,
მოდი, მოდილიან,
როცა არ ვიქნები.
მაია დიაკონიძე
29.04.2026 წელი

ამასობაში


ამასობაში

ამასობაში დამცვივდა ოქრო,
ზღვაშიც ჩამდგარა რუხი ნისლები,
ჯერ იმედი მაქვს, არ არის ბოლო,
როგორც ღრუბელი, წვიმად ვიცლები.
ვერცხლის სვეტები ამაგრებს მიწას,
ცასთან არ გაწყდეს სულის კავშირი,
ძაღლი შეჰყმუვლებს, მიდამოს მცივანს
კარს მოსდგომია სველი ნახირი.
მაია დიაკონიძე
28.04.2026 წელი 

Monday, April 27, 2026

ბრუნვა წუთისოფლისა, ავტ. ელგუჯა ციგროშვილი, ახალი წიგნისთვის

 ბრუნვა წუთისოფლისა ...

1 . სულ მადარდებდა
დ ა ც ე მ უ ლ თ ა
ს უ ლ ი ს დაკოდვა ,
კრძალვით ვუსმენდი
ე ვ ა ს ქვითინს ,
გ უ ლ ს დანაკვნესებს ...
არ გამიკილავს
სხვათა მცირე , თუ
დიდი ც ო დ ვ ა ,
თვით ს ა ტ ა ნ ა შ ი ც ,~
ა ნ გ ე ლ ო ზ უ რ ს
ვეძებდი ფესვებს !
2 . არ დამიგმია ,
ზ ა მ თ რ ი ს სუსხი
და ზ ვ ა ვ ი თოვლის ,
არ დამცდენია
ს ა ყ ვ ე დ უ რ ი ,~
სულ ერთი ციდა ;
რადგან იცოდა
ჩემზე კარგად ,
შ ე მ ქ მ ნ ე ლ მ ა
ყ ო ვ ლ ი ს ,
რომ ამ ყველაფერს ,~
თავისივე
მ ს გ ა ვ ს თ ა თ ვ ი ს
ჰქმნიდა .
3 . დ რ ო ი ს წესია ,
რომ ს ი ბ ე რ ე ს
სცვლის ს ი ჭ ა ბ უ კ ე ,
დასვენება სჯობს ,
დრო ~ ჟამ გავლილ
ბ ე ბ ე რ გულისთვის ...
მერე ზ ა მ თ ა რ ს ა ც
შევახსენე ,
დ რ ო ა ო უკვე ,~
თავისი ტ ა ხ ტ ი
რომ დ ა ე თ მ ო
გ ა ზ ა ფ ხ უ ლ ი ს თ ვ ი ს !
4 . არც ნაზ
გ ა ზ ა ფ ხ უ ლ ს
დავხვედრივარ
შეკრული შუბლით ,
წიწილასავით
რომ წიოდა
სარკმლის გადაღმა ...
ვუცქერდი ,
როგორ ერთობოდა
საავდრო ღრუბლით ,
ნაზამთრალ ცაზე
რომ აფრენდა
აღმა და დაღმა .
5 . არ დამიტუქსავს
გ ა ზ ა ფ ხ უ ლ ი ს
ა ნ ც ი ყმაწვილი ,
მ ა რ ტ ი , ~
ქ ა რ ~წ ვ ი მ ა ს
ზედ რომ ახლის
ფანჯრის მინაზე ,
რადგან ყველა ვართ
ამ ცხოვრების
მცირე ნაწილი
და ... მ ა რ ტ ი ს
შ ფ ო თ ვ ა ს
აშოშმინებს
ი ი ს სინაზე .
6 . მთელი წლის
ფ ს ო ნ ე ბ ს ,
კაცნი მუდამ
ამ დ რ ო ზ ე დებენ ,
ფავორიტია
ჩემთვის მუდამ
ზ ა ფ ხ უ ლ ი ს ხანა ;
მ ზ ე და ზ ა ფ ხ უ ლ ი ,
ირგვლივ ქ ა ლ ე ბ ს
რომ ა შ ი შ ვ ლ ე ბ ე ნ ,
მასზე უკეთესს ,
კ ა ც ი ს თვალი
იხილავს განა ?
7 . შ ე მ ო დ გ ო მ ა ზ ე ,~
მოზვავდება
ლ ხ ი ნ ი ორ~წილი ...
ხ ვ ა ვ ი თ , ბ ა რ ა ქ ი თ ,
ს ა ვ ს ე არის
მ ა რ ა ნ ~ ბ ე ღ ე ლ ი ,
თვალ ~ გულს გვიხარებს
შ ე ყ ვ ა რ ე ბ უ ლ
წყვილთა ქ ო რ წ ი ლ ი ,
ზ ა მ თ რ ი ს პირამდე ,
ს უ ფ რ ა არის
აუღებელი !
8 . დ ე კ ე მ ბ რ ი ს
ბოლოს ,
ჩემს ს უ ლ შ ი კვლავ
ბ ა ლ ღ ი სახლდება
და მადლიერმა ,
მინდა უ ფ ა ლ ს
ვუძღვნა ო დ ე ბ ი ...
თოვლის პ ა პ ა ს
და მ ე კ ვ ლ ე ს ,
ჩემი ქებათა ~ ქება ,~
ბ ა რ ა ქ ი თ სავსე ,
მ შ ვ ი დ ო ბ ი ა ნ
წ ე ლ ს ველოდები !
ელგუჯა ციგროშვილი .
ქ . თესალონიკი .
26 . 04 . 2026 წელი .

Sunday, April 26, 2026

სახუმარო

 სახუმარო

აირია მონასტერი,
მე გჯობივართ, ყვირის ვაცი,
სასიკეთო არაფერი,
ხდება, ან არ ხდება, რაც კი.
ჯიქნებს აჩენს ჩვენი ძროხა,
გვერდს უმშვენებს ორი ქაჯი,
ნიჭი, ჭკუა რჩება ოხრად,
ეშმაკია ვხედავ მსაჯი.
მაია დიაკონიძე
25.04.2026 წელი

Saturday, April 25, 2026

მინიმა

 რა ცოტა დრო დამრჩა ზეცაში ღმერთამდე,

წახვალო, ნუ მეტყვით, წითელ ეშმაკებთან,
აქაც დამყვებიან ეგენი ფეხდაფეხ,
მე კიდევ ვაჟას ,,კაი ყმა" მენატრება.
მაია დიაკონიძე
24.04.2026 წელი

მთვარეს!

მთვარეს!
მხიბლავს მე შენი კანის ფერი, ტონი,
წვეთები თუ მიიღე ბელადონის,
ფერმკრთალი შემომცქერი სარკმელიდან,
თითქოს შენი სევდა ამეკიდა..
ცახცახებს ქარისაგან ნირშეცვლილი
გაშლილფრთაშემოსილი თეთრცერცვილი,
ოპალის გულსაბნევი დამეკარგა,
ზეცაში შენს სახედ დამექარგა .
მაია დიაკონიძე
24.04.2026 წელი




Thursday, April 23, 2026

წაიღე, არაგვო! (პატრიოტული)

წაიღე, არაგვო!
წაიღე, არაგვო, ჩემი წყენა-დარდი,
ამდენ გულის ხეთქვას შენ თუ გაუმკლავდი,
შენ უნდა ატრიალო ცოდვების ბორბალი,
შენ უნდა ჩამოფქვა სიკეთის ხორბალი.
შენ უნდა დამანახო ტალღების მჩქეფარება,
შენ უნდა მაჩვენო მზის შუქის ელვარება,
თორემ გულის ხეთქვას თუ ვერ გავუმკლავდი,
მიჯობს შამომხვიო შენი ფშაურ მკლავი..
მაია დიაკონიძე
23.04.2026 წელი

მინიმა

თქვენ ცდილობდით, არაფერი გაგემხილათ,
მეც ვცდილობდი, დამემალა თქვენდა,
მაგრამ თვალი უცნაურად ამეხილა, –
მივდიოდით ცის ბილიკზე ერთად.
მაია დიაკონიძე
22. 04.2026 წლი

ან რა უნდა ვთქვა?! (პატრიოტული)

ან რა უნდა ვთქვა?!
როდესაც სული ცარიელია,
ან რა უნდა ვთქვა, ან რა დავწერო,
ჩემი სამშობლო ტარიელია,
თვალცრემლიანი უმზერს სამზეოს..
ნესტან-დარეჯან ქაჯებს უპყრიათ,
აღარც ქალი და ვაჟი საძეო,
ვაჟას ზღაპარში ერთი ნუკრია,
სურთ სამოთხიდან რომ გააძევონ.
მაია დიაკონიძე
21.04.2026 წელი



Monday, April 20, 2026

სახუმარო

 სახუმარო:

იქნებოდა მე-21 საუკუნის დასაწყისი, მგონი, 2005 წელი. მეუღლე ავტრიაშია, ვენაში, კვალიფიკაციის ასამაღლებლად, მირეკავს, კარგად არ მესმის, მობილური კი მაქვს, მაგრამ სადაც ვარ, ვერ იჭერს, თან ფილტვების ანთება მაქვს და იმ წუთში ნემსს ვიკეთებ სიბნელეში, სანთლის შუქზე, გაბრაზებული მეძახის, ვენიდან ვრეკავ და წესიერად რატომ ვერ მელაპარაკებითო. მე აქედან ვპასუხობ: მე თეთრიწყაროში ვარ, არც დენი მაქვს, არც გაზი, არც წყალი და არც ლაპარაკის თავი...

Sunday, April 19, 2026

ქალის ფასი

ყვავსა გვჩრიან შაშვის ნაცვლად,
ფერით ჰგავსო, ~ მოგვძახიან,
გოიმებო, გახდა-ჩაცმის
ვერაფერი გაგიგიათ.

რა დრო დადგა, ქალის ფასი
სიშიშვლით რომ იზომება,
შემოაძრეს ერსაც გარსი,
თვით სატანა გვეომება.
მაია დიაკონიძე
18.04.2026 წელი

მინიმა

 ამ ჩემს ცხოვრებას დავარქმევ პროზას,

ხმელზე დარჩენილ ბრმა თევზის ფართხალს,
ბიძაჩემი რომ ღვინის ქვევრს გოზავს,
იმ ძველ დროს შევტრფი და არა ახალს.
მაია დიაკონიძე
19.04.2024 წელი

Friday, April 17, 2026

მინიმა

 ვხედავ, უკვე რომ აღარ გჭირდები,

ამოიწურა ჩემი ლიმიტი,

ჩამოფხავულა ჩემკენ ბინდები,

როგორც მზისაკენ, სხვისკენ მიილტვი.

მაია დიაკონიძე

12.04.2025 წელი



სიყვარული „ვეფხისტყაოსანში“ და დღევანდელი სამყარო, ესსე

 

სიყვარული „ვეფხისტყაოსანში“ და დღევანდელი სამყარო

რა არის სიყვარული დღეს?  ის, რაც ვეფხისტყაოსანი გვასწავლის, თუ ის, რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვხედავთ?

დღეს სიყვარულზე უნდა გელაპარაკოთ, იმ სიყვარულზე, რომელიც „ვეფხისტყაოსანში“ ზეცამდეა ამაღლებული და როგორც მზე, თითოეული ქართველის სულში შუქად იღვრება. იშვიათია ქართველი, განსაკუთრებით ჩემი თაობის, რომელსაც ამ უკვდავი პოემიდან ერთი სტროფი მაინც არ ახსოვდეს. ბევრს უნახავს მისი ილუსტრაციებიც — მიხაი ზიჩის, ირაკლი თოიძის, სერგო ქობულაძის, რომლებიც არა მხოლოდ თვალს, არამედ გულსა და გონებასაც ამდიდრებს.

მანამ კი, სანამ „ვეფხისტყაოსანს“ შევისწავლიდით, ბავშვობაში ვეცნობოდით იაკობ გოგებაშვილის ,,დედა ენას" და ,,ბუნების კარს". გვახსოვს პატარა კატო,  ნაყვავილარსახიანი გოგონა, რომელსაც დასცინიან, ეს პატარა მოთხრობა გვასწავლის, რომ არ უნდა დავცინოთ, არ უნდა გავიმეტოთ და არ უნდა ვატკინოთ გული სხვას. ეს იყო პირველი გაკვეთილები ადამიანობისა.

ამავე იდეალებზეა აგებული „ვეფხისტყაოსანიც“. მისი გმირებისთვის სიყვარული და მეგობრობა უმაღლესი ღირებულებაა. ავთანდილი და ტარიელი მზად არიან, საკუთარი სიცოცხლეც კი გასწირონ ერთმანეთისთვის. ნესტანის სიყვარულისთვის გაწეული თავგანწირვა გვიჩვენებს, რომ ჭეშმარიტი სიყვარული მსხვერპლს ითხოვს, მაგრამ ამავე დროს ამაღლებს ადამიანს და აზრს აძლევს მის არსებობას. მათთვის ფუფუნება და სიმდიდრე არაფერს ნიშნავს, თუ გვერდით არ ჰყავთ ის, ვინც უყვართ.

და მაინც, რა ხდება დღეს?

სამწუხაროდ, სურათი შეიცვალა. ხშირად ვხედავთ, რომ მატერიალური ღირებულებები სულიერზე მაღლა დგას. ადამიანები ერთმანეთს შორდებიან, კარგავენ თანაგრძნობას, ზოგჯერ კი სხვისი ტკივილიც აღარ ეხებათ. ძალადობა, უსამართლობა, გაუცხოება, - ეს ყველაფერი ნელ-ნელა ჩვეულებრივ მოვლენად იქცევა. ადამიანი ცდილობს, თავი დაიმკვიდროს არა შინაგანი, სულიერი  ღირებულებებით, არამედ გარეგნული ეფექტითა და სწრაფი წარმატებით.

ამ ფონზე განსაკუთრებით მძაფრად იგრძნობა, თუ რამდენად შორს წავედით იმ იდეალებისგან, რასაც „ვეფხისტყაოსანი“ გვასწავლის. დავივიწყეთ, რომ სიყვარული მხოლოდ გრძნობა არ არის. ის არის პასუხისმგებლობა, ერთგულება, ერთმანეთის გვერდით დგომა ყველაზე რთულ დროს.

დღეს ბევრი ადამიანი იჩაგრება  სიღარიბით, უსამართლობით, უიმედობით. ხშირად გვავიწყდება ერთმანეთის დახმარება, მაშინ როცა სიკეთე ყველაზე მარტივი და ამავდროულად ყველაზე ძვირფასი საქმეა. დაცარიელებული სოფლები, მიტოვებული სახლები, უცხოეთში წასული ადამიანები  - ეს ყველაფერი ჩვენი რეალობის ნაწილია და გვაფიქრებინებს, სად დავკარგეთ ის სითბო, რაც ოდესღაც გვაერთიანებდა.

და მაინც, იმედი არსებობს.

მჯერა, რომ ბოროტება ვერასოდეს გაიმარჯვებს საბოლოოდ. სანამ ადამიანში დარჩება სიყვარული, სიკეთე და თანაგრძნობა, სამყარო არ დაიღუპება. „ვეფხისტყაოსანი“ კი მხოლოდ წარსულის წიგნი არ არის, ის დღესაც ცოცხალია და გვახსენებს, როგორი უნდა იყოს ადამიანი.

თუ შევძლებთ, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ცოტაოდენად მაინც დავიბრუნოთ ეს იდეალები, მაშინ ჩვენი საზოგადოება და ჩვენი ერიც გადარჩება.

როგორც შოთა რუსთაველი ამბობს:
„ბოროტსა სძლია კეთილმა, არსება მისი გრძელია.“

წყარო, პატრიოტული

 წყარო

სხივებში ვლანდავ პატარა წყაროს,
ჩაჰკიდებია ზურმუხტის ველებს,
ყვავილ-ბალახი რომ გაახაროს,
არ დაივიწყებს სიმღერებს ძველებს.
მირაკრაკებს და კისკისით ართობს
კლდეებს, მაცქერალთ შორით და შორით,
მობრუნებულო სოფელში მგზავრო,
წყარო დაგხვდება სიწმინდით შროშნის....
მაია დიაკონიძე
27.02.2026 წელი

დღეს სიყვარულზე უნდა გელაპარაკოთ, ესსე

 დღეს სიყვარულზე უნდა გელაპარაკოთ, ,,ვეფხისტყაოსნის" სიყვარულზე, რომელიც ზეცამდე ამაღლებულა და როგორც მზე, თითოეული ქართველის სულში მზის შუქად ჩაღვრილა.

იშვიათია ქართველი, ჩემი თაობის", ,,ვეფხისტყაოსნიდან" ერთი სტროფი მაინც არ იცოდეს ზეპირად ან აფორიზმები მაინც, ბოლოს და ბოლოს, ილუსტრაციები მაინც არ დაეთვალიერებინოს მიხაი ზიჩის, ირაკლი თოიძის, სერგო ქობულაძის, რომლებიც ასევე დიდი საზრდოა ადამიანის თვალის, გულისა და გონებისათვის.
მანამ კი, სანამ ,,ვეფხისტყაოსანს" ვისწავლიდით, დაწყებით კლასებში გოგებაშვილის ,,დედა ენას" და ,,ბუნების კარს" ვსწავლობდით, გემახსოვრებათ, ნაყვავილარსახიანი პატარა კატო, რომელსაც ამხანაგები დასცინიან, გვასწავლიდნენ, არ უნდა დასცინო, არ უნდა გაიმეტო, გული არ უნდა ატკინო სხვა ადამიანს. დღეს სურათი შეიცვალა, ადამიანები ერთმანეთის მტრად ქცეულა და მათთვის სხვა ადამიანის სიკვდილიც კი არაფერია. მატერიალური ღირებულებები ბევრად ძვირფასი გახდა, ვიდრე სულიერი. მაშინ როცა ,,ვეფხისტყაოსნის" გმირებმა კარგად იციან, რომ არაფერია სიყვარულზე, მეგობრობაზე მაღლა. ისინი ფუფუნებაში ცხოვრებაზე უარს ამბობენ და ისწრაფვიან ერთმანეთს დაეხმარონ, ამისთვის კი, სიკვდილიც თამაშად უჩანთ. ,,ვეფხისტყაოსანი" , პირველ რიგში, ცხოვრების წიგნია, რომელიც გვასწავლის, რა იდეალებით უნდა ვიცხოვროთ, რომ არ წავიბილწოთ სული, არ წავიწყმიდოთ. მეორეც, ეს არის პოეზიის ნიმუში, რომლის მსგავსის დაწერა, უკვე 21- ე საუკუნეა, ვერავინ მოახერხა.
რა ხდება დღეს სამყაროში?! წელს საშინელი წელიწადი გვაქვს.
ბოროტი ძალები უკვე აშკარად გამოვიდნენ კეთილის წინააღმდეგ საბრძოლველად, მათ ნიღაბიც კი არ აქვთ. გამოქვეყნდა ებშტეინის ფაილები, რომლებითაც ისეთი ამაზრზენი ფაქტები გამოვლინდა, როგორიცაა ბავშვებზე ძალადობა, კაციჭამიობა, ახალგაზრდების გარყვნა, ადამიანების ხოცვა. არ ვიცი, ეს დანაშაული დაუმტკიცდებათ თუ არა, მაგრამ, ვარაუდია, რომ ამ საშინელ დანაშაულში მსოფლიო ელიტის წარმომადგენლებიც იღებდნენ მონაწილეობას. ამას მოყვა ირანში ახალგაზრდების ხოცვა, ამბობენ, 30 ათასამდე ადამიანია დაღუპული. მერე დაიწყო ამერიკა- ირანის ომი. ნებისმიერი ომი, სამართლიანობისთვის წარმოებულიც კი, იწვევს კატასტროფებს, უდანაშაულო მსხვერპლს. ბინძურდება ჰაერი, ზიანდება ეკოსისტემა, ამ ომების არაპირდაპირი მსხვერპლი იზრდება.
გარდაიცვალა ჩვენი იმედი - საქართველოს კათალიკოს- პატრიარქი, რომლის ლოცვა საქართველოს წონასწორობას უნარჩუნებდა, არ დავცემულიყავით, მიწაზე არ გვეფორთხა, ვხედავთ,
გააქტიურდნენ შავი ძალები.
ჩვენ ფეხქვეშ მიწა ირყევა, ვერ ვხვდებით, ხან უპატრონო ცხოველებს დავდევთ, სადისტური მეთოდებით, არადა ეს საქმე ჰუმანურად მოსაგვარებელია, ხან ამორალურობას შევცქერით, ცხოვრებაში, კომპიუტერის თუ ტელევიზორის ეკრანებზე და ყველაფერი ეს ჩვენთვის ნელ- ნელა მისაღები და ჩვეულებრივი ხდება. გოგონები ცდილობენ გაშიშვლებით დაიმკვიდრონ თავი ცხოვრებაში, იმიტომ რომ ამის მაგალითები უამრავია, მამაკაცები, მსუბუქად რომ ვთქვათ, ზოგი სასმელს მისძალებია, ზოგი ნარკოტიკს, ვისაც ხელი მიუწვდება, ის ფულის შოვნაზეა გადასული, არა პატიოსან გზებს ვგულისხმობ. ხალხის, სახელმწიფო ქონების ძარცვაც ჩვეულებრივი ამბავი გახდა, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ცოდვების საზღაური ძალიან მაღალია.
რამდენი პატიოსანი ადამიანი იჩაგრება უიმედობით, უსიყვარულობით, სიღარიბით.
,,მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები" ყველას დავიწყებია, ერთი- ორი მეცენატი და კეთილი ადამიანი თუ გამოჩნდა, გვიხარია, არადა ქვეყანა ჭაობში იძირება, დაცარიელებული სოფლები, უპატრონოდ დარჩენილი სალოცავები, რომელთაც მხოლოდ დღესასწაულზე მიაკითხავენ ხოლმე, სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაზრდილია და აღემატება შობადობის მაჩვენებელს, ხალხი უკანმოუხედავად გარბის საქართველოდან, იყრებიან თავიანთი ოჯახებით და შვილებით, განა კი არიან უცხოეთში არაქართულად გაზრდილი ბავშვები აქ დამბრუნებლები?!
და მაინც, იმედი მაქვს, ბოროტი ძალები, რომლებიც მთელ დედამიწას გველეშაპივით შემოჰხვევია და აღრჩობს,
განადგურდება
,,ბოროტსა სძლია კეთილმა, არსება მისი გრძელია".
სათქმელი კიდევ ბევრი მაქვს...

მინიმები

 ისევ მინიმალისტური პოეზიიდან:

------------------
თუ არ გჭირდები, არც მე მჭირდები,
ჩამომსხვრეულა ბროლის ხიდები,
გავსებულია ტყვიით მჭიდები,
რომ ვეღარ მნახავ, ამას გპირდები.
------------------
დრო გამოსცდის და აჩვენებს,
პატარასაც და დიდსაც,
მოკვდავო, ვერ გააჩერებ,
თუმცა ძალიან გინდა.
---------------------
იქე და იქე შენი თავი,
დრო და ხალხია შენი მსაჯული.
-----------------
ან რა ვთქვა და ან რა მეთქმის,
ეს ცხოვრება განვლე ტყუილად,
ეშმა შემხვდა არაერთი,
ვერ მივხვდი და თითებს ვიჭამ.
მაია დიაკონიძე
15.04.2026 წელი

,ელი, ელი, ლამა საბაქთანი" - დაე, აღსრულდეს ღვთის ნება!

,ელი, ელი, ლამა საბაქთანი" - დაე, აღსრულდეს ღვთის ნება!
აეხადა ფარდა ბოროტსა და ფარჩაკს,
მეორედ მოსვლამდე არაფრი დარჩა,
გამოჩნდება გმირი შენი მეოხებით,
,,გადარჩება ერი", მშვიდად მეუბნები.
განა ,ელი, ელი, ლამა საბაქთანი",
შენი ბოლო სიტყვა ბეჭედი არ არის?!
ვინ, ეშმაკის დაღით და ეშმაკის რქებით,
ერის მოღალატე ჩავა ჯოჯოხეთით.
ვინ კი აწევს დროშას შენი გამარჯვების,
მოიმატებს რიცხვი შენი დარაჯების,
იყოს ,,ელი, ელი, ლამა საბაქთანი",
აღსრულებას ელის უფლის სამართალი!
მაია დიაკონიძე
15. 04.2026 წელი

წავალ იქ

 წავალ იქ

რაღაში მჭირდება ლაპარაკი,
უკვე გაღებულა ალაყაფი,
წავალ იქ ჩემი არაკებით,
მსხვერპლად შეწირული ზვარაკებით,
ჩემი პირველი სამოსელით,
ჩემი პირველი გაოცებით,
ჩემი ქართული დედა ენით,
ჩემი ლამაზი ველაეთით.
მაია დიაკონიძე
14.04.2026 წელი

მინიმა

 ფული გაქვს?! შენ ხარ პოეტი,

ფული გაქვს?! - პროზაიკოსიც,
ხმა ვერ გახდები ორკესტრის,
ვერც ფერი მოზაიკების.
მაია დიაკონიძე
13.04.2026 წელი

მინიმა

 ეპოტინება ვინ დაფნის გვირგვინს?!

არაფერი მაქვს მათთან საერთო,
როცა ქაჯია ამდენი ირგვლივ,
მზე-თინათინი ზეცად აენთო.
მაია დიაკონიძე
11.04.2026 წელი

არც რა

 არც რა

ადრე ფრთები რომ მეგონა,
ზღაპრულ ფენიქსს რომ ვგავდი,
ვერ გადავლახე სვეგორა,
ყურებს მიყრუებს ზავთი.
ამ ქვეყნის მიეთ- მოეთმა
თავზარი ისე დამცა,
როგორც ღალატის მსტოვრებმა
სულში დატოვეს არც რა.
მაია დიაკონიძე
7.04.2026 წელი

ნეტავ, მართლა კაცი ვიყო!

 ნეტავ!

ნეტავ, მართლა კაცი ვიყო,
ღვინოს ვსვამდე შავს თუ წითელს,
მეცოდება ჩემი თავი,
რის ყურება მიწევს ფხიზელს:
ძმა ძმასა კლავს, დანას უყრის,
შევღაღადებ შვიდგზის, შვიდჯერ,
- ჰე, უფალო, მოძმის მკვლელებს,
გულზე ფეხი დააბიჯე.
მაია დიაკონიძე
4.12.2023 წელი






მინიმა

 ზოგი რომში მოგზაურობს, ზოგიც კიდევ პარიზში,

მე კი სახლი მელოდება მოზელილი ალიზით,
ტკბილი ბებო მელოდება, კეცზე მჭადი, ლობიო, -
რაა მათზე უკეთესი? ბებო რომ ვალოდინო.
მაია დიაკონიძე
16. 04.2026 წელი

Wednesday, April 15, 2026

სიყვარულგანამსჭვალები, ,,ქუჯისთვის"

სიყვარულგანამსჭვალები
შევტრფოდი ამირსპასალარს,
ძეს ინდოეთის მეფეთა,
ვერ დამიფარა ამალამ,
ვერცა სიფხიზლემ სეფეთა,
იმასთან ყოფნის სურვილი
გულს ისარივით მეკვეთა,
ვერ დავიამე წყურვილი,
მკლავზე ყაბაჩა მეკეთა.
ქაჯეთს შემასვეს სამსალა,
მადინეს ცრემლის ღვარები,
ჩემმა სისხლ-ხორცმა გამთვალა,
დამკიდა გლოვის ზარები.
უნდა წავეღე თავსხმას და...
ჩემს მზეს განა ეს ენება,
გამომიხსნა და ცად დამსვა,
ვარდმა დაიწყო თენება.
მზე-ლომი ისე ბრდღვიალებს,
ვეფხვის მეცა მაქვს ბრჭყალები,
არ ვემდურები ტიალ ბედს,
სიყვარულგანამსჭვალები.
მაია დიაკონიძე
2.03.2026 წელი

Monday, April 13, 2026

მინიმები

 მინიატურული პოეზიიდან:

თრობა ვინ ინატროს, თუ გრძნობა მაფხიზლებს,
იჭვების სხმულებით თუ კი ვარ სნეული,
ჩამჭიდე ხელი და ნურასდროს გამიშვებ,
რომ მუდამ ერთ ხორც,და სულ იყოს სხეული.
---------------------------------
მზე - აწყვეტილი მკერდიდან ბროში,
დაკიდებულა ზეცაში დისკოდ,
სიცოცხლე არ ღირს არცერთი გროში,
გრძნობის გარეშე და უიმისოდ.
================
აღარ მინდა რომ შევიმოსო მე აპრილებით,
აღარც მაისით, აღარ მხიბლავს აღარც აგვისტო,
გადამაფარე მტკივან გულზე სევდის ჩრდილები
და მოსაგონრად დამიტოვე ცირკი შაპიტო.
--------------------------
მე პანორამას შევყურებდი აცდენილ სხივთა
და ზღვაში როგორ იღვრებოდა ლურჯი მელანი,
სადღაც კი წვიმა უსასრულოდ ცრიდა და ცრიდა,
ცას კი აპობდა ფლოქვთა ცემა ტატოს მერანის.
________________________
შენი თვალები მიწვევდა ზეცას,
ლურჯ ზღვას გაჰქონდა მათში კამკამი
და მიზიდავდა მე ყველა ერთად,
ზღვაც, ზეცაც, თეთრი იასამანიც.
________________________________
ზოგს ფული უნდა და ამით ხარობს,
მე დამიბერე ამ ქვეყნის ქარო.
===============
ფრანც ფერდინანდის მოკვლას მოჰყვა მსოფლიო ომი,
არც დღეს იცვლება ომებისთვის საბაბ-მიზეზი,
ვერ გაუყვიათ დედამიწა, ვით გუნდა ცომის,
და შესევიან, ხორბლის ბეღელს, როგორც ვირთხები.
--------------------
მინდა ვიმღერო, მაგრამ რა მაქვს ნეტავ სამღერი,
ჩემი სამშობლო დარჩენილა უფეხ-უხელო,
ვეღარა ვხედავ ვაზს ზეცამდე ასულ-აღერილს,
უქართველებო საქართველოს რაღა ვუმღერო.
====================
რა საჭიროა დრამა,
დრო თვითონ ამბობს სათქმელს,
დავრჩებით აქ თუა არა?
გადაწყვეტს ჩვენი საქმე!
----------------------
მაია დიაკონიძე

ჯერ ვერ შეეხო ვერავინ!

ჯერ ვერ შეეხო ვერავინ!
ჩემ თვალწინ გაუფასურდა,
რაღაზე ვხარჯო მელანი,
სიყვარულს ქვეყნად რა უნდა, -
გადმომიქნიეს ენანი.
ჩემს ნაზ და ლამაზ ბულბულებს
უღვთოდ კორტნიან ძერანი,
ვისთვის ის გაუფასურდა,
რასაც შეეხო ვერავინ.
მაია დიაკონიძე
12.04.2026 წელი



Wednesday, April 8, 2026

ვიზრდებოდით ამ პირობით (პატრიოტული)

ვიზრდებოდით ამ პირობით
ქალები ვთინათინობდით,
ვაჟები ავთანდილობდით,
რომ გავმხდარიყავთ მათებრნი,
ვიზრდებოდით ამ პირობით.
ერთმანეთს ვეჯიბრებოდით,
ბოროტს, ფლიდს, ცრუს არ ვინდობდით,
რომ გავმხდარიყავთ მათებრნი,
ვიზრდებოდით ამ პირობით.
ხან ვნესტანდარეჯანობდით,
სიყვარულისთვის ვტიროდით,
რომ გავმხდარიყავთ მათებრნი,
ვიზრდებოდით ამ პირობით.
მოგვეც, უფალო, სიმშვიდე,
თმენა მოგვეცი იობის,
საღალატოდ ნუ მიგვიშვებ
ფიცარგამტეხელთ პირობის.
მაია დიაკონიძე
11.04. 2026 წელი

Tuesday, April 7, 2026

მინიმა

 დამიპატარავდა თვალები, 

ბავშვობაში მთელი სამყარო რომ ეტეოდა,

აღარ მინდა, ვუყურო ბოროტს!

მინიმა

 ნუღარ მიგულებთ მე თქვენს ამქარში,

ნუღარ მიწოდებთ პოეტს,

დაე, დავსველდე ამ წვიმა-ქარში,

დავხვდე ამ ქვეყნის მოეთს.

Saturday, April 4, 2026

მინიმა

მე ერთადერთი მეგონა თავი,
თურმე ვყოფილვარ ერთი ათასში,
თავზე დამეცა ზავთი და ზვავი
და სპეტაკ თოვლში დავრჩი მარადის.
მაია დიაკონიძე
4.04.2026 წელი


Thursday, April 2, 2026

იმედის ვარსკვლავი

 იმედის ვარსკვლავი

სიავის სამყარო ხარხარებს,
უშვებს სატანის საცეცებს,
ბავშვების ტირილი ახარებს,
თვალებს სიხარბით აცეცებს.
,,კეთილის არსება გრძელია",
საზღაურს ყველას მიაგებს,
ისე ვით სამყარო ძველია,
იმედის ვარსკვლავი ციაგებს.
მაია დიაკონიძე
2.04.2026 წელი

Wednesday, April 1, 2026

ვიღაცისთვის არ ვარ სულაც

 ვიღაცისთვის...

ვიღაცისთვის არ ვარ სულაც,
ვიღაცისთვის მზე ვარ დიდი,
ვისთვის - ძველისძველი სურა,
ვისთვის - მცველი, მეხამრიდი.
ყველა ჩვენ-ჩვენ გზას მივკვალავთ,
ზოგნი ვარდით, ზოგნი მშვილდით,
მინდა მივყვე უფლის კარნახს,
მის წინაშე წარვსდგე რიდით.
მაია დიაკონიძე
6.04.2026 წელი