Friday, November 13, 2026

 სევდა გიდგას ვხედავ თვალში,

ვერც გველეშაპს ამარცხებ,

ამოდიხარ ვერ კი ვალში,

ვეღარ ავსებ საწნახელს.


ვენახები გაიკაფა, 

ვაზს შეასხლეს ტოტები,

კვალში გიდგას კაიაფა,

გემუქრება ოტებით.


 სევდა გიდგას ვხედავ თვალში,

ვერც გველეშაპს ამარცხებ,

ამოდიხარ ვერ კი ვალში,

ვეღარ ავსებ საწნახელს.


შენ!

შენ ტოროლას დანახვაც კი გიხარია,
მხიარულობ, როგორც ცელქი ბავშვი,
ბალახებში უმალ ამჩნევ კუტკალიას
და გიზიდავს სუნი ველურ ავშნის.

კვლავ გასცქერი რუდუნებით კლდეზე ჩანჩქერს,
ელოდები იქ პირიმზეს მოსვლას,
როცა სტკივათ საქართველო, იმას ამჩნევ,
შენი გული, ვით არაგვი ბორგავს.


ვერ ჩანერგეს შენს დიდ სულში აპათია,
ტრფობის ცეცხლით ისევ გეწვის  გული,
ასე ვფიქრობ, რომ უფალმა გაპატია,
ყველა ცოდვა, გულში  დამარხული.
მაია დიაკონიძე
13.11. 2026 წელი

Thursday, November 12, 2026

 მე შენ მიყვარხარ ისევ,

შენც გეხსომები ალბათ,

ისევ ამინდებს მისევ

და ვეწაფები ხარბად

შენზე ნატვრას და ფიქრებს,

ქარს რომ მოჰყვება  გზნებით,

გული მხნეობას იკრებს

შენკენ სავალი გზებით.



კვალში მომყვება  ქარი,

მასთან ვიცეკვებ ტანგოს,

მახსოვს ციმციმი მთვარის,

თუთების შორიახლოს.


მთვარე კვლავ ჩემთან არი,

ფოთლებიც შემოდგომის,

ვერ მოგაბრუნე ძალით,

ტყვე ვარ უშენოდ ყოფნის.

Wednesday, November 11, 2026

თუკი არ გინდოდი სატრფიალო)

 თუკი არ გინდოდი, რაზე მეძახოდი,

თუკი სიყვარულსაც ყავლი გასდიოდა,

კაბა რომ მაჩუქე ყვავილტერაკოტის,

თურმე დავიწყების სუნი ასდიოდა..


ვეღარ მოვიბრუნე სული დანაკოდი,

ჩემი თვალის იებს ზეცა არიგებდა,

თითქოს მონუსხულმა მზერით ანაკონდის,

მუხლი მოვიყარე ზეცის კარიბჭესთან.



მინიმა

თვალის უფსკრულში გადავიჩეხე,
როგორც ჭრელშველი წყეულ ღამეში,
ეტყობა დაბლა არ ჩავიხედე,
ვერ დავინახე ცრუ გილგამეში.
მაია დიაკონიძე
10.11.2026 წელი

Monday, November 9, 2026

მინიმა

 მინიმალისტური პოეზიიდან:


მე არ მოვითხოვ შენგან არაფერს,
არც სიყვარულს და არც მოგონებას,
ქარი გადმოვა კლდეს და ქარაფებს
და გამშრალ ტუჩზე დამეკონება.
მაია დიაკონიძე

Sunday, November 8, 2026

 სიყვარულის ნოტები 

(სიმღრა)

ხორუმს ცეკვავს ცელქი წვიმა,

სველდებიან ფოთლები,

ორთქლი ასდის ქართულ მიწას,

იწერება ნოტები..

გალურსულან ჩიტუნები,

აღარ ისმის გალობა,

სველი ხის ქვეშ ვიწურები,

ვფიქრობ: მოხვალ? არ მოხვალ?

და ეს გული  წვიმასავით,

წკაპაწკუპობს, ფართხალებს,

იისფერი მინანქარი

მომანატრებს მაგ თვალებს.

სველდებიან ალუბლები,

შენი ტკბილი ტუჩები,

შენი თმების ბულულები

მახსენდება ურჩები.

 ხორუმს ცეკვავს ცელქი წვიმა,

სველდებიან ფოთლები,

სიყვარული ცვივა ციდან,

სიყვარულის  ნოტები.

გალურსულან ჩიტუნები,

აღარ ისმის გალობა,

სველი ხის ქვეშ ვიწურები,

ვფიქრობ: მოხვალ? არ მოხვალ?

 ხორუმს ცეკვავს ცელქი წვიმა,

სველდებიან ფოთლები,

სიყვარული ცვივა ციდან,

სიყვარულის  ნოტები.

სიყვარული ცვივა ციდან,

სიყვარულის  ნოტები.

სიყვარულის  ნოტები.

მაია დიაკონიძე

6.11.2026 წელი