Saturday, May 30, 2026

შენ რომ იცოდე (სატრფიალოების ციკლიდან)

 ისევ სატრფიალოებიდან

შენ რომ იცოდე, მე ვინ ვარ,
მე რომ ვიცოდე, შენ ვინ,
დრომ ჩემი გრძნობა მინავლა,
მინავლა ალბათ შენიც.
მაგრამ შემორჩი კვირტებში,
მე კი პეპელის ფრთებში,
ალბათ, არ გაგიკვირდები,
როცა გეწვევი მთებში.
დაგყნოსავ, მოგეფერები,
ნექტარს ვიგემებ შენსას,
ლალბადახშეულ ფერებით
გაგიცისკროვნებ ზეცას..
მაია დიაკონიძე
29.05.2026 წელი

Thursday, May 28, 2026

ტირილი, ვხედავ, მაინც არა ღირს!

 ვჭკნები, ვით ხმება მზეზე ბალახი,

ერთი ბულული მინდორზე თივის,

ტირილი, ვხედავ, მაინც არა ღირს,

მივდივარ გზაზე წყნარი და მშვიდი.

ასწლეულების ვატარებ სევდას,

წინ მეღობება კლდე და ქარაფი,

ზეცა ხანდახან მიგზავნის მეხსაც,

ტირილი ვხედავ მაინც არა ღირს.

მწარე სინანულს მივეცი თავი,

ვიწამე უფლის გარდა არავინ

ვკარგავდით ლორეს, ხანძთას და ართვინს...

ტირილი ვხედავ, მაინც არა ღირს.

Tuesday, May 26, 2026

მინიმა

ჩემს თვალში გაქრა ალუჩები, 
გაქრა იები,
გამქრალა ზღვები, მოელვარე 
ბეგონიები,
მხოლოდ დამჭკნარი კაქტუსების 
ტყე უსიერი,
უდაბნოს ქარნი, ხორშაკები, 
რომ მუსირებენ.
მაია დიაკონიძე
26.05.2026 წელი

დედა ენას! (პატრიოტული)

 დედა ენას!

მიგულვე საკრეფ ვენახად...
და ბგერატკბილი ქართულით
გეტყვი: - ჩემთვის დრო შენა ხარ,
აწმყო, მომავალ, წარსული,
იმედის შუქად მინთიხარ,
ნუმც გნახო ფერგადასული!
მაია დიაკონიძე
18.03.2022

 სიტყვა ქართული

სიტყვა ძვირი და სიტყვა წყლიანი,
სიტყვა უთქმელი, სიტყვა მზიანი,
სიტყვა კაზმული, სიტყვა ქარგული,
სიტყვა სიტყვით და უსიტყვოდ სიტყვა,
გულში ჩამწვდომი ჩვენი ქართულით,
ღმერთთან პირისპირ რომ უნდა ითქვას!
მაია დიაკონიძე
1.12.2012 წელი
----------------------------
დედა ენას!
მიგულვე საკრეფ ვენახად...
და ბგერატკბილი ქართულით
გეტყვი: - ჩემთვის დრო შენა ხარ,
აწმყო, მომავალ, წარსული,
იმედის შუქად მინთიხარ,
ნუმც გნახო ფერგადასული!
მაია დიაკონიძე
18.03.2022

Monday, May 25, 2026

მინიმა

 პარტერიდან იარუსზე

მიმიჩინეს ადგილი,
არ იციან, რომ ზეცამდე
შემიმოკლეს მანძილი.
მაია დიაკონიძე
18.05.2026 წელი

და რაღა მომკლავს აწი მე?! (პატრიოტული)


და რაღა მომკლავს აწი მე?!
ვიზარდე, ფრთები გავშალე,
ცად დავეტოლე არწივებს,
ვამაგრებ მიწანაშალებს
და რაღა მომკლავს აწი მე,.
ფესვი გავიდგი, კლდედ ვიქეც,
ზეცაო, მათოვ- მაწვიმე,
გავუძელ გრიგალ- ქარცივებს
და რაღა მომკლავს აწი მე.
მაია დიაკონიძე
18.05.2025 წელი

დაბრუნდი! (ემიგრანტებს)

დაბრუნდი!
მე კოლექციონერი ვარ
ამ მთის, მდინარის კენჭების,
ყველა მილიონერია,
ვინაც მათ ვფლობთ და ვეხებით.
სხვის ზღვას და მიწას შესცქერი,
შენი არცა რა გწადია,
,,წინ - წყალი, უკან - მეწყერი,
შუაში შენი თავია".
ზურმუხტ-ფირუზებს აისხამ,
ხელებს აივსებ კენჭებით,
საჩუქრად ლალის ორ ასხმას
მიიღებ, ნუ ხარ ეჭვებით.
დაბრუნდი, შენი მიწა-წყლის
ქვაც შეუფასებელია,
ბორჯომ-ნაბეღლავ-მიტარბი
სულმოუთქმელად გელიან.
მაია დიაკონიძე
20.05.2026 წელი

დამრჩალა მარტო (პატრიოტული)

 დამრჩალა მარტო

მინდორში მწიფობს ქერი და შვრია
და როგორც ქვიშა, მეშლება ხელში,
მოგონებებს ვჭამ, თითქოსდა მშია,
მზე წვება ველზე უამრავ ფერში.
ვკენკავ ღვთის მარცვალს ნიბლია ჩიტი,
ჩემს გულისნადებს ჭრელ პეპლებს ვანდობ,
ამის მნახველი როგორღა იტყვის,
რომ საქართველო დამრჩალა მარტო.
მაია დიაკონიძე
22.05.2026 წელი

დამრჩალა - ფშაურ დიალექტზე, დარჩენილა

Sunday, May 24, 2026

მთაო! (ექსპრომტი)

მთაო!
(ექსპრომტი)
შენი ცქერითღა ვივსები,
მთაო, მზერას ვერ აგაწვდენ,
თავს დაგიხურავს ნისლები,
ვით ავისრულებ საწადელს,
თუ შენ ჩემთან არ მოდიხარ,
მე ვერ ვიქცევი არწივად,
ზეცასთან სახლობ ოდითგან,
გამზევ-გათოვა-გაწვიმა.
მაინც გედივით ყელყელობ,
ემეგობრები შენს მსგავსებს,
როცა ეს მიწა მერყეობს,
შენ ვერა დაგძრავს გულსავსეს.
გვერდზე გვიდგეხარ დამცველი,
გვასაზრდოებ და გვანაყრებ,
იდექ ათას და ასწელი,
რას ვნახავთ შენზე საყვარელს.
მაია დიაკონიძე
22.05.2026 წელი

Wednesday, May 20, 2026

ღალატი

ღალატი
გულს ისე რა ეტკინება,
როგორც ღალატი კაცის,
დღე ღამეს შეერკინება,
ცრემლით ივსება ვარცლი.
ყიამეთ წუთისოფელში
სადღა ვეძებო კარგი,
ხმას გავიგონებ ორფევსის
ქნარის, - სიზმარი არის.
გულს ისე რა ეტკინება,
როგორც ღალატი კაცის,
დღე ღამეს შეერკინება,
ცრემლით ივსება ვარცლი.
მაია დიაკონიძე
20.05.2026 წელი

Saturday, May 16, 2026

 მე თითქოს ზეციდან დავეშვი,

შენს თვალებს აღარც კი ვაჩნივარ,

ყოფილხარ შენ ცრუ გილგამეში,

სამყაროს ვუგზავნი საჩივარს!


მე ღმერთად, ღვთაებად გსახავდი,

მეგონე თბილი და კეთილი,

ახლა კი გეძახი ,,ნახვამდის",

დაგისვი მძიმე და  წერტილი!












Thursday, May 14, 2026

მინიმა

 ჯერ ვირ-ძაღლი შეჭამეს და

მერე კატა მიაყოლეს,
კიდევ კარგი, ვერ სწვდებიან
კანჯრებსა და ნიამორებს.

აფხაზეთიდან დევნილი მეგობრის ხსოვნას

 აფხაზეთიდან დევნილი მეგობრის ხსოვნას

სისხლის ცრემლები აჩნდა ქარიშხალს,
მე კი რატომღაც მეგონა წვიმა,
არ მომიხუჭავს თვალი წამითაც,
მას მერე მშვიდად აღარა მძინავს.
რით ვერ შევნიშნე, იხურებოდა
სარქველი გულის კაცის მართალის,
წინაპრის ხორცით ნაშენი ოდა
ედგა იმ გულზე, როგორც ხანჯალი.
მაია დიაკონიძე
14.05.2026 წელი

მინიმა

 ნეტავ, რას დაწერს უგრძნობი კაცი,

კეთილზე მეტი ავი მინახავს,
და სიტყვა დამრჩა უთქმელი რაც კი,
ყველა უფლისთვის შემომინახავს.
მაია დიაკონიძე
13.05.2026 წელი

Tuesday, May 12, 2026

მე კი ამ დროს...

მე კი ამ დროს...
მაგრამ ამ დროს შენ ყოველთვის გძინავს,
მე კი ამ დროს მოვიარე ველი,
ყვავილები რომ მოგართვა მძინარს,
გაგახსენო სიყვარული ძველი.
შენ მოგქონდა ჩემთვის ყოველ დილას
ლურჯი ცა და ყვავილების ველი,
ახლა გძინავს შენ ბავშვივით ტკბილად,
მე კი შენგან ძველ სიყვარულს ველი.
მაია დიაკონიძე

12.05. 2026 წელი 

კაფიობა, თავმას ჩოხელი, ელგუჯა ციგროშვილი, ციცინო ბაბუციძე, ლეილა არჩემაშვილის პოსტიდან

 ჩვენი ოჯახის უსაყვარლესმა მოძღვარმა, უძვირფასესმა ადამიანმა, ჩვენსავით თიანელმა, დეკანოზმა თავმას ჩოხელმა ძალიან გაგვახარა სტუმრობით. ცხადია, დამბალხაჭოს ხაჭო-ერბო უცებ უნდა წამომედუღებინა მისთვის, მასპინძლობა რომ ,,ქულად ჩამთვლოდა“...

❤🌺
მამა თავმასს ძალიან უყვარს ხოხბები და სუფრის წევრ ხოხობსაც სთავაზობდა: ჭამე შენც ხაჭო-ერბო, რა გემრიელია, აბა, დაიგემოვნეო. ამის გემოს რომ გაიგებ, მერე ლეილას სულ დევნას დაუწყებ, კიდევ მაჭამეო... ❤🌺
მამა თავმასს და ჩვენს მარეხს ლამაზი კაფიები აქვთ ამ ლამაზ ხოხობზე. ხან კი ჩუმად დაკვლას უპირებდნენ, 😃 ჩახოხბილი გავაკეთოთ, ლეილა ყრუვ გიორგის შვილთაშვილია, ეგეც ყრუ იქნება, მაინც ვერაფერს გაიგებსო...❤😁
***
ერთხელ ჯვარის მამის სახელობის ეკლესიაში მისვლა დამაგვიანდა და მამა თავმასმა კაფია გამომიგზავნა:
ფშავლების ქალო ლელაო,
მოსდიხარ ნელა-ნელაო,
აქუჩებ დამბალხაჭოსა
ქოთნებს პირამდე სწვერაო.
იარე ეკლესიაში,
არ იყო თავისწვერაო,
გფარავდეს ჭიჩოს პირცეცხლი,
კარგ ჩანახატებს სწერაო.
მერე მარეხს გამოუგზავნა კაფია:
ლელას დაუკალ ხოხობი,
პურას უხდება, ხმელასა,
ეგ ყრუვის შვილიშვილია,
მაინც გაიგებს ვერასა.
...აღდგომის მერე ამოვალ,
მეც ჩავიპოხავ ყელასა.
ჰოდა, მარეხმა გააფრთხილა მამა თავმასი:
არ მინდა მაგის ხოხობი,
ისევ პურას ვჭამ ხმელასა,
მართას მოდგმაა, მაშინებს_
ბოსელს დაგვამწყვდევს ყველასა!
***
ვნახოთ, რა იქნება...😃❤😁
ლეილა არჩემაშვილი
***
,,თანამეინახე"ხოხობს ვინ დაადებს ყელზე დანას, -
ძირძველი თბილისელია, განა სხვა ჩიტებსა გვანან...
დამბალხაჭო უჭამია, მიუღია ღვინო - პური,
გავიგონე, რომ დაგლოცათ ოჯახით და მარან-ჭურით!
ციცინო ბაბუციძე
***
სურათის კომენტარად
ლეილა არჩემაშვილს და
მამა თავმას ჩოხელს .
( ფშაურ კილოზე .)
1 . ღმერთსა ვთხოვ ,
რომ მააღწიოს
თქვენამდე ,
ჩემმა ხმამაო ,
კაფია გამოგიგზავნათ
თქვენმა
უფროსმა ძმამაო :
2 . ლეილამ სუფრა გააწყო ,
თუმც შრომა დარჩა ამაო ,
,, სალფეტკებ " დავიწყებია ,
არც მაიტანა სხვამაო ...
3 . ერბოიან ხელს ,
ხოხობზე ,
რა ყინჩად
იწმენდ მამაო ,
დაუფშვენ
პურის ნატეხი ,
ხოხობსაც
უნდა ჭამაო !
ელგუჯა ციგროშვილი .
ქ . თესალონიკი .
13 . 11 . 2024 წელი .
ელგუჯა ციგროშვილს კაფიის პასუხად
ნუ სდარდობ გამოგიგზავნი,
ხოხობსა, ხაჭოს კვერებსა,
არ გაგახსენდეს ,,სალფეტკი",
შარვლით იწმენდდე ხელებსა😔🤨😊💕
დეკანოზი თავმას ჩოხელი
კაფიის პასუხად
მამა თავმასს .
( ფშაურ კილოზე .)
1 . ხაჭოს და ხოხობს მპირდება
თავმასი , ჩემი ,, ფრენდია ,"
ვიდრე ლექს არ დავუწერე ,
დღემდე არც გავახსენდია ;
2 . გათხეფილ ხოხობ
რად მინდა ,
შენ ხელებ შანაწმენდია ,
თან თუ ლეილამ გაგიგო ,
იქნებ კიბიდან ჰფრენდია .
ელგუჯა ციგროშვილი .
ქ . თესალონიკი .
14 . 11 . 2024 წელი .
❤❤❤❤
ელგუჯა ციგროშვილს
მოგმართავ, დიდო პოეტო,
დაგძველებია რითმები,
ხოხობს კი ნუ დააღონებ,
დაწერე ლოგარითმები🤨😊😁💕
დეკანოზი თავმას ჩოხელი

ლექსპრომტი მაია დიაკონიძეს : ( ფშაურ კილოზე . ) , ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 მაია , სულითა და გულით გილოცავ ,,ლიტერატურული საქართველოს " კონკურსში გამარჯვებას . კიდევაც მრავალჯერ მომელოცოს ! რადგან საზეიმო

განწყობას ,,მშრალი" მილოცვა არ უხდება ექსპრომტ~,,ლექსპრომტიც" მიიღე ...
ლექსპრომტი მაია დიაკონიძეს :
( ფშაურ კილოზე . )
1 . გავიგე კაი ამბავი ,~
კაი , სუყველგან კაია ,
კონკურსში
გაგიმარჯვებავ ,
ჩვენო ძვირფასო მაია ;
2 . გეკუთვნის
მკითხველისაგან :
ვარდი , პირიმზე
და ია ,
აქ მივულოცავ ღაჭავას ,
გვერდში გყავს
ლალი დაია ;
3 . მოუკითხავი
არ დამრჩეს
ჩემ ძმობილ ,~
ჯუბა ღებელი ,
თქვენ კი არ დაგრჩეთ
არც ერთი
კონკურსი
მოუგებელი !
ელგუჯა ციგროშვილი .
ქ . თესალონიკი .
9 მაისი , 2026 წელი .

სახუმარო

სახუმარო
ვეღარაფრით გამოვედი
სიმარტოვის ბაღიდან,
ჩემი სულის წკრიალები
ყინვამ ლოლოდ დაკიდა,
გაამზადა ქარიშხალმა
ჩემთვის რკინის მარწუხი
და მიხდება ყვავ-ყორნისთვის
თქმა ამ ჩემი საწუხრის,
მაგრამ განა გისმენს ვინმე,
აქ ჩემთვის ვის სცალია,
შესთავაზეს გლოვის ფრინველთ
ბულბულების არია,
კი არ შეცბნენ, არ დაიბნენ,
შეიფერეს როლები,
დარჩება კი იმათ თავზე
ოქროს ორეოლები?!
მაია დიაკონიძე
12.05.2026 წელი
ორეოლი - .რომელიმე პიროვნების გარშემო შექმნილი დიდების, პატივისცემის გარემო.

Sunday, May 10, 2026

მოღალატეებს რა დათვლის

მოღალატეებს რა დათვლის?!
მოღალატეებს რა დათვლის,
მართალი კაცი მითხარ,
გამოვილოცე ავ თვალის,
ზეცას ვუმზერდი დიდხანს.
იქნებ ჯავშანი მოგვარგოს,
აღარ ვთქვათ ავი სიტყვა,
იქნება გონზე მოგვაგოს,
არ შევერიოთ ბილწთა.
მაია დიაკონიძე
10.05.2026 წელი


ლექსად გეტყვი (პატრიოტული)

,,აი, იაა" - რაც მიყვარს
მე ვერაფერი დავწერე,
შენ რომ გინდოდა, ვერც ის,
კალამი სისხლში ვაწე მე,
ფიციცა ვჭამე ვერცხლის.
გადავიარე იორზე,
ფეხი დავკარი რიონს,
სიტყვა სულ ერთი ფიორი,
მინდა მთასავით ვზიდო.
,,აი იაა", - რაც მიყვარს,
ჩემი ლოცვა და ღმერთიც,
ბაბუაჩემის ნათიხარს, -
ჩამოვქნი, ლექსად გეტყვი...
მაია დიაკონიძე
9.05.2026 წელი
ფიორი - ყოვლის რისამე უმცირესი

Friday, May 8, 2026

კლდეო! (ხალხურ მოტივებზე)

კლდეო!
კლდეო, რად დაგდის ცრემლები,
შენ ცის და ბარის ბინადარს,
თავით მაღლა ცას ეხები,
მიწა გიქცევავ ბინადა.
გული გაგიპო კაცის ძემ,
იმიტომ გვიმზერ ცივადა,
ე მანდ ლოდნი რომ დაიძრნენ,
ვხედავ, ცრემლებად გცვივადა.
მაია დიაკონიძე
8.05.2026 წელი

Thursday, May 7, 2026

ლიტერატურულ საქართველოში გაგზავნილი მასალა, ვაჟა-ფშაველაზე ლექსები, ავტტ. ელგუჯა ციგროშვილი, მაია დიაკონიძე

 

ავტორი: ელგუჯა ციგროშვილი

 

ღამე ვაჟას ჩარგალში

 

თავზე დაგვყურებს მცირე ცარგვალი,

თითქოს გადაზომ მტკაველ–მტკაველად,

რა პატარაა თურმე ჩარგალი...

და რა დიდია ვაჟა-ფშაველა!

ხარ–ირემივით ლაღად მყვირალი,

სამი გაფრენით სხვაზე მეტია,

ან კი რა არის გასაკვირალი,

ამ კუთხეში რომ ვერ დაეტია.

ყველა სულდგმულის ენა იცოდა,

ნიავს უსმენდა მინდიასავით,

ხმელი წიფელის დარდით იწვოდა, –

იას ეფერა ობოლ დასავით.

მიდამოს სევდის წვიმები აწვიმს,

ვინ შეაჯერა ასე ყეფით ცა...

დაკოდილ მხარში შეუდგა არწივს

და მხარკვერიანს ძმად შეეფიცა.

მთის წვერზე მთვარე დაბრძანდა მცხრალი,

ირგვლივ შუქს აფენს მტკაველ–მტკაველად...

რა პატარაა თურმე ჩარგალი, –

და რა დიდია ვაჟა–ფშაველა!

 

ელგუჯა ციგროშვილი

ქ. თესალონიკი, 29.07. 2013 წელი

 

 

ვკითხულობ   ვაჟას!

 

ვკითხულობ   ვაჟას...  არ  მასვენებს  ,,მბორგალი სული":

მე  ვარ   ალუდა,  ვარ   ბაკური  და...  ვარ  მინდია;

ხან   უკან   მომდევს, ხან  წინ  მისწრებს ქვეყნის  წარსული 

და  ვერც  კი ვიგებ, სარკმელს მიღმა რა ამინდია.

გულში  მზეა და თვალებშიც კრთის მისი ნათელი,

ავი  წყვდიადი  ვერას აკლებს  ღვთიურ  განთიადს...

ბერი  სანათას  დანთებული  თაფლის  სანთელი,

ერის   მომავლის  იმედად  და  რწმენად   ანთია! 

ღმერთო!  მასწავლე  ლოცვა, — შენი  სადიდებელი,

არ  მათქმევინო  სიტყვა: —  ფშუტე,  ბერწი, ლუგუმი,

შენ  მოუმართე  ერისკაცებს  საქმეში  ხელი,

,,ლაშარის   გორზე  შასადგომად" მოდის  ლუხუმი!

დრო  არ  არსებობს...  ვერ  მძლევია - ღვთიური   ნიჭის,

წარსულს  ვერ ვარქმევ: ,,დროს  გარდასულს",  ან  თუნდაც  ,,სხვა  ჟამს"... 

და  როცა  ძალზე   მიხარია, ან  ძალზე   მიჭირს,   

ვკითხულობ   ვაჟას!

ვკითხულობ   ვაჟას! 

ვკითხულობ  ვაჟას!

 

ელგუჯა ციგროშვილი

ქ. თესალონიკი, 15  აგვისტო, 2020 წელი

 

 

მელოდე!

 

ნაღველი  დამეტყო   ღიმილზე,

თვალებს  ვეღარ  ვხედავ  მზიანებს,

მთაში  მელოდება პირიმზე, —

მე  კიდევ  აქ  დავაგვიანე...

ავალ  და  დავკოცნი უთვალავს,

ვიცი, ეს  გაბუტვა  გაუვლის,

ბილიკს  დავადგებით უკვალავს

და  ფშავის  ხატობებს  დაუვლით.

ვადიდებთ  ლაშარს  და   იახსარს,

,,ღვთიშვილებს" გამოვთხოვთ  წყალობას!

მე – დამილოცავენ  ლამაზ  გვარს,

შენ ¬– გიდღეგრძელებენ ქალობას!

მაღლიდან  დავხედავთ ფშავის ხევს,

ცაში  ხელებს  შევყოფთ ღრუბელში...

ჯანღისფერ  ნაბადში  გაგახვევ

და... ნდომით  ჩაგხედავ  უბეში...

ვაჟას  მივაკითხავთ  ჩარგალში,

ვიფიხვნებთ  ამ  ქვეყნის  ვარამზე...

გორს  იქით  გადავალთ  არტანში, —

უნდა  ვინახულოთ  ხვარამზე!

ფეხდაფეხ  გავტოპავთ ივრის  წყალს,

ოცნებით  მოსძებნი  შენ  დობილს...

გაჩვენებ  ვაჟიკას  ცხენის  კვალს, —

ხვარამზეს  გრძნობებით ,,შეღობილს!"

ნუ  მიწყენ, თუ  ცოტას  ვყოვნდები,

მოვაღწევ  ჩემს  საქართველომდე,

შენ  ოღონდ  ნუ დამიღონდები, —

ჯიუტად  მელოდე, მელოდე!

 

 

ელგუჯა ციგროშვილი

ქ . თესალონიკი, 18.07. 2012 წელი 

 

 

ფოთოლცვენა...

 

ბოლო ფოთოლიც შეემატა დაფენილ ძმათა...

დგანან ხეები, – მრავლისმთქმელი იდუმალებით;

მე უნებურად გამახსენდა „ვაჟას სანათა", –

დახოცილ ქმარ-შვილს რომ სტიროდა გამშრალ თვალებით.

 

ელგუჯა ციგროშვილი

ქ. თესალონიკი, 05.11. 2016 წელი

 

 

ავტ. მაია დიაკონიძე

 

ზღაპარი

(ვაჟა-ფშაველას)

 

ლურჯია ჩემი ზღაპარი,

შიგ ჯადოსნური რაშებით,

ჭენებით ჩამოივლიან

სულ მზეჭაბუკი ვაჟები.

მათ შორის ერთი იქნება

ბრძენი, ჭკვიანი მინდია...

რომელსაც ,,სიბრძნე- სიცრუის"

ტვირთი ბეჭებზე ჰკიდია.

ისა გრძნობს, წუთისოფელი

ნათელია თუ ბინდია...

სწორედ ის ერთი მიყვარს და

სწორედ ის ერთი

მ ი ნ დ ი ა !

 

მაია დიაკონიძე

13.07.2021წელი

 

ვაჟას ლექსები მაცოცხლებს!

 

                    ფეხს რომ ვარიდებ ყვავილებს,

                     ვაჟავ, სულ შენი ბრალია.

                                               გიგლა ჭინჭარაული

 

ყვავილს ფეხი თუ დავადგი,

მეც ეგრე ვტირი ბავშვივით,

ასეთი საწყალი გული

ჩემი ყოფილა არჩივი,

იას ვეფარვი, არ მოკვდეს,

არ შეაფრინდეს ქარცივი,

ვაჟას ლექსები მაცოცხლებს,

ბედს მომდურავი არწივის.

 

მაია დიაკონიძე

 

ლიზა ოსურის კომენტარი ამ ლექსზე

 

დეკავ -- კლდეების სამშვენო,

ტოლს არ დაუდებ იასა,

შენს საფერებლად მოვდივარ,

ფეხზე ავიბამ წრიაპსა...

გზა-გზა გვირილებს შევაქებ,

აღმა ავყვები ნიავსა...

არც ლექსი გამომივიდა,

ვინ ჩასწვდეს ვაჟას წიაღსა!..

 

შენ იყავ ჩემი ჭირისუფალი!

 

(ვაჟა-ფშაველას)

მე შენში ლაღი ოცნება ვძებნე,

როგორც ზეცაში, ვძებნე უფალი,

არ გამიხედავს არც ერთხელ გვერდზე,

შენ იყავ ჩემი ჭირისუფალი!

ირემი ვიყავ, თოფით დაჭრილი,

ხან კი ქუჩი და ხმელი წიფელი,

არწივს მაყარეს პეშვით მარილი,

ცრემლი მადინე შენ მიწიერი.

ბალღამი დიდხანს ვატარე გულით,

შენ კი დამადე სიტყვა - მალამო,

თავს რომ დასწუის ბერმუხას მუმლი,

იმ ხის მკურნალო, იმის წამალო.

მე შენში ლაღი ოცნება ვძებნე,

როგორც ზეცაში, ვძებნე უფალი,

არ გამიხედავს არცერთხელ გვერდზე,

შენ იყავ ჩემი ჭირისუფალი!

 

მაია დიაკონიძე

16.03.2024 წელი

 

ვაჟას!

 

შენ სიყვარული მასწავლე,

ყვავილისა და ლოდების,

სამძიმარს იმათაც ვეტყვი,

იმათაც დავუღონდები.

ქუჩი და ხმელი წიფელი

გულს ჩამრჩენია ზმანებად,

,,კარგ ყმას" ვეტრფი და დავლოცავ,

გულს დამაქვს მისი ხატება.

შვლის ნუკრს ბავშვივით მივტირი,

დედის ცრემლიან თვალებსა,

ალუდა ქეთელაურის

დარდი მეც გამაწვალებსა.

ფეხი ჩვენც ვერ  ავარიდეთ 

მიწიერ ცოდვის  ბილიკებს... 

მტრად დამიგულოს, 

მინდიას  ფიქრებს ვინც გააქილიკებს. 

დიდო პოეტო,  სულის  ხმავ, 

უკვდავების წყლის  ნაჟურო, 

დედის ფიქრივით  ნაზო  და — 

სულით ხორცამდე  ვაჟურო!

  

მაია დიაკონიძე

14. 05. 2023 წელი

 

ქუჩი ვიყავი...

(ვაჟას მოტივებზე)

 

 შენ რომ მინდორში მეძებდი,

მინდვრად მოსვლას ვერ ვბედავდი,

გემალებოდი კლდეებში,

კლდესავით შეუხედავი.

ქუჩი ვიყავი, ბალახი,

წვრილ-წვრილი მქონდა ფოთლები,

განა პირიმზე ვიყავი,

სათავე ნაზი ოცნების.

გამშავებოდა ცხვირ-პირი, -

ქარ-ბუქი ზედ მტვერს მაყრიდა,

გამხუნებოდა ღიმილი,

წამოსულს გუდამაყრიდან.

ამ კლდეში შენ არ ამოხვალ,

მოსძებნი სადმე ღიღილოს...

წვიმა როდესაც წამოვა,

იქნებ მეც წავიღიღინო.

ოცნებას არვინ მოუკლავს,

მზის მწველ სხივებში დაგიცდი,

იქნება ჩემთვის მოსულხარ

ქვეყნად, არავინ არ იცის.

მაია დიაკონიძე

12.03.2024 წელი