მეგობრობის ძალა
(ზღაპარი)
ერთხელ ოფოფმა სარკეში ჩაიხედა, ქოჩორი გადაივარცხნა, მერე ყელი მოიღერა და უცნაური ხმით წამოიწყო სიმღერა, ოფოფის ,,სიმღერას" სიმღერა ნამდვილად არ ეთქმოდა, მაგრამ ტაშისდამკვრელნი მაინც გამოუჩნდნენ ლამაზ ოფოფს,
- ოხ, რა ლამაზად მღერიხარ! - შესძახა ყვავმა, არც ჩხიკვმა დააყოვნა,
- დედა, ეს რა ხმა გქონიათ, მოხიბლული ვარ თქვენი სიმღერით! - მხიარულად დაიძახა და ისიც კი სთხოვა,
ტაშით და დითირამბებით გაბრუებულმა ოფოფმა თავი მართლაც დიდ მომღერლად წარმოიდგინა და სასწრაფოდ განაცხადა თანხმობა.
განსაკუთრებულად მოემზადა ტყე კონცერტისთვის. ყველგან - მუხაზე, ვერხვზე, ნეკერჩხალზე აფიშები იყო გამოკრული.
აფიშა
ტყის მუსიკალური დასი გეპატიჟებათ კონცერტზე
მონაწილენი:
ბაყაყები: ლილია და გვიდო
ოფოფი - მარიზა
კალიების კვარტეტი
დანიშნულ დღეს ტყის ბინადარნი საგანგებოდ გამოწყობილნი მივიდნენ კონცერტზე. ხვლიკს ბრჭყვიალა მოსასხამი მოესხა ტანზე, მედიდურად შებრძანდა დარბაზში, გველი კი ყველაზე ლამაზი კაბით ყველას თვალს სწყვეტდა. ირმებიც მოვიდნენ, შვლებიც, მგლებიც და ტურებიც. ხელოვნება ხომ ყველას აერთიანებს.
ყველა ოფოფის გამოჩენას ელოდა. კუმ, თავის ბაკანზე შემოსკუპებული, მოიყვანა კონცერტზე ულამაზესი ჭრელი კაბით შემოსილი. ოფოფი. ის ტაშით შეაცილეს დარბაზში.
კონცერტი ბაყაყებმა გახსნეს, ლილია და გვიდო თავის ამპლუაში იყვნენ. ყიყინით გააყრუეს არემარე. კალიებმაც შემოსძახეს თავიანთი საყვარელი ჭრაჭიჭრუჭა სიმღერა.
აი, ოფოფის ჯერიც დადგა. ყველამ სული განაბა.
ოფოფმა მკერდი მიმოარხია, ჟანგისფერი ბუმბული შეისწორა კისერზე, ერთი-ორჯერ ნაზად ჩაახველა, მაგრამ საცოდავს ერთი-ორი ბგერა ძლივს წამოსცდა ყელიდან:
– ყაპ-ყაპ, წკრ-წკრ, – დაიძახა და შეჩერდა.... განმეორებით სცადა სიმღერა წამოეწყო, მაგრამ ერთი-და იმავე ბგერებს იმეორებდა:
– ყაპ-ყაპ, წკრ-წკრ... – სიცილი ატყდა დარბაზში, გაბრაზდნენ ყვავი და ჩხიკვი, რა ტყუილად გამოვიდეთ თავი ამის გულისთვის, როგორ შეგვარცხვინაო. ბაყაყებს შეეცოდათ ულამაზესი მეგობარი, ხელზე ეამბორნენ, არ ინერვიულო, ასე ჩვენც მოგვდის ხოლმე, ალბათ, გაცივდიო. სად იყო, სად არა, სცენაზე შაშვი და ბულბული შემოფრინდნენ. შუაში მოიქციეს ოფოფი, ხელი გადახვიეს და ისეთი სიმღერა-გალობა დასცხეს, მთელი ტყე გაირინდა.
ოფოფიც გამხიარულდა და მხსნელად მოვლენილ მეგობრებს მადლობა გადაუხადა.
მაია დიაკონიძე
2.05.2025 წელი
No comments:
Post a Comment