მწერალთა სახლი აცხადებს კონკურსს ლიტერატურული პრემიის „მუზა“ 2026 მოსაპოვებლად
თარიღი : 04.09.2026

დანართი №1
საქართველოს კულტურის სამინისტროს კონკურსის
„ლიტერატურული პრემია - „მუზა"
საკონკურსო დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს კულტურის სამინისტროს კონკურსის „ლიტერატურული პრემია - „მუზა" (შემდგომ - კონკურსი) საკონკურსო პირობებსა და კონკურსის ჩატარების წესს.
მუხლი 2. კონკურსის მიზნები
კონკურსის მიზნებია:
ა) ქართული ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა;
ბ) ქვეყანაში საგამომცემლო სექტორის მხარდაჭერა;
გ) ხელოვანთა შემოქმედებითი საქმიანობის წახალისება;
დ) ქართველი ავტორების პოპულარიზაცია და ახალი, ნიჭიერი ავტორების გამოვლენა.
მუხლი 3. კონკურსის ჩატარების პერიოდულობა და განმახორციელებელი
1. კონკურსი ყოველწლიურია და ცხადდება ყოველი წლის სექტემბრის თვეში.
2. კონკურსის განმახორციელებელია საქართველოს კულტურის სამინისტროს (შემდგომ - სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - მწერალთა სახლი (შემდგომ - მწერალთა სახლი).
3. მწერალთა სახლი კონკურსს ატარებს ამ დებულებით დადგენილი წესით.
4. კონკურსის განხორციელების მიზნით დაფინანსება გამოიყოფა შესაბამისი პროგრამის ფარგლებში, სამინისტროს მიერ მისთვის განსაზღვრული საბიუჯეტო ასიგნებებიდან, მწერალთა სახლის მომართვის საფუძველზე.
5. ამ დებულებით განსაზღვრული საკონკურსო განაცხადით წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა და კონკურსთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია ცხადდება მწერალთა სახლის მიერ, კონკურსის გამოცხადებასთან ერთად, ყოველწლიურად.
მუხლი 4. საკონკურსო პირობები
1. კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში:
ა) წლის საუკეთესო რომანი;
ბ) წლის საუკეთესო პროზაული კრებული;
გ) წლის საუკეთესო პოეტური კრებული;
დ) წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა/ესეი;
ე) წლის საუკეთესო დებიუტი (აღმოჩენა);
ვ) წლის საუკეთესო თარგმანი;
ზ) წლის საუკეთესო კრიტიკა/რეცენზია;
თ) წლის საუკეთესო პიესა/ინსცენირება;
ი) წიგნის საუკეთესო დიზაინი;
კ) წლის საუკეთესო ინოვაციური ლიტერატურული პროექტი;
ლ) ქართული მხატვრული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა"-„კ" ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ნომინაციებში საკონკურსო განაცხადის წარდგენის უფლება აქვთ:
ა) საქართველოში კერძო სამართლის იურიდიული პირის სახით რეგისტრირებულ გამომცემლებს/საგამომცემლო სახლებს;
ბ) საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ლ" ქვეპუნქტით განსაზღვრულ ნომინაციაში პირის წარდგენის მიზნით საკონკურსო განაცხადის წარდგენის უფლება აქვთ:
ა) საქართველოში კერძო სამართლის იურიდიული პირის სახით რეგისტრირებულ გამომცემლებს/საგამომცემლო სახლებს;
ბ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა"-„დ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ნომინაციებში განიხილება კონკურსის ჩატარების წელს წიგნად გამოცემული ან ამავე წელს შექმნილი და ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი ქართულენოვანი ლიტერატურული ნაწარმოები.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ნომინაციაში განიხილება ამ მუხლის მე-4 და მე-6-მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული მასალა, რომელიც შესრულებულია დებიუტანტი ავტორის მიერ.
6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ნომინაციაში განიხილება კონკურსის ჩატარების წელს წიგნად გამოცემული ან წიგნის ამავე წელს თარგმნილი და ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი ქართულენოვანი ლიტერატურული თარგმანი.
7. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ნომინაციაში განიხილება კონკურსის ჩატარების წელს ქართულ ენაზე წიგნად გამოცემული ან/და პერიოდულ გამოცემაში გამოქვეყნებული ლიტერატურული კრიტიკა/რეცენზია.
8. ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ნომინაციაში განიხილება კონკურსის ჩატარების წელს როგორც წიგნად გამოცემული, ასევე გამოუქვეყნებელი ქართულენოვანი ნაწარმოები, მათ შორის, ისეთი, რომელიც ჯერ არ დადგმულა თეატრალურ სცენაზე.
9. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ნომინაციაში განიხილება კონკურსის ჩატარების წელს გამოცემული წიგნის დიზაინი.
10. ამ მუხლის პირველი პუნქტის „კ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ნომინაციაში განიხილება კონკურსის ჩატარების წელს შექმნილი და ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი პროექტი.
11. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ლ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ნომინაციაში განიხილება განმცხადებლის მიერ ნომინაციაში წარდგენილი პირის შემოქმედების მნიშვნელობა ქართული მხატვრული ლიტერატურის განვითარებისთვის და მისი როლი თანამედროვე ქართული მხატვრული ლიტერატურის პოპულარიზაციაში.
12. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა"-„კ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ თითოეულ ნომინაციაში საკონკურსოდ შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ ერთი ავტორის მიერ შექმნილი ნაწარმოები, კრებული, თარგმანი, კრიტიკა/რეცენზია, დიზაინი ან პროექტი.
13. კონკურსი არ ვრცელდება სასწავლო და სამეცნიერო ლიტერატურაზე.
14. თითოეულ ნომინაციაში პრემიის ოდენობა შეადგენს 6 378 (ექვსი ათას სამას სამოცდათვრამეტი) ლარს (კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გათვალისწინებით).
15. ერთი და იგივე პირის სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვების შემთხვევაში, პრემია გაიცემა თითოეული ნომინაციისათვის ცალ-ცალკე.
მუხლი 5. საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენის წესი
1. კონკურსში მონაწილეობის მიზნით განმცხადებელმა საკონკურსო განაცხადის სახით უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება მწერალთა სახლის დირექტორის (შემდგომ - დირექტორი) სახელზე, ამ ბრძანების დანართი №3-ის შესაბამისად;
ბ) საპროექტო განაცხადის ფორმა (ინფორმაცია ნაწარმოების შესახებ), ამ ბრძანების დანართი №4-ის შესაბამისად, რომელსაც თან უნდა ერთოდეს:
ბ.ა) საკონკურსო განაცხადის იურიდიული პირის მიერ წარდგენის შემთხვევაში, ნაწარმოების ავტორის წერილობითი თანხმობა ნაწარმოების კონკურსში მონაწილეობის თაობაზე, შესაბამისი ნომინაციის მითითებით;
ბ.ბ) გამოქვეყნებული საკონკურსო მასალის არსებობის შემთხვევაში, მისი ხუთი ეგზემპლარი, მატერიალური სახით, რომლებიც უკან არ დაბრუნდება;
ბ.გ) გამოუქვეყნებელი საკონკურსო მასალის შემთხვევაში, მისი სრული PDF დოკუმენტი;
გ) ფიზიკური პირის შემთხვევაში პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო მეწარმე ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში - ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან. თუ პირს საგადასახადო კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული აქვს შესაბამისი სტატუსი - აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) ამ დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ლ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ნომინაციაში - ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დოკუმენტაციასთან ერთად ნომინაციაში წარდგენილი პირის წერილობითი თანხმობა და მისი შემოქმედებითი ბიოგრაფია;
ე) მწერალთა სახლის მიერ მოთხოვნილი სხვა დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
2. ფიზიკური პირის მიერ საკონკურსო განაცხადით შეიძლება წარდგენილ იქნეს მხოლოდ მის მიერვე შექმნილი/თარგმნილი საკონკურსო მასალა, შესაბამის ნომინაციაში.
3. საკონკურსო განაცხადები მიიღება ქართულ ენაზე მწერალთა სახლში მატერიალური სახით, მისამართზე: ქ. თბილისი, მაჩაბლის ქ. №13 ან ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: contest@writershouse.ge.
4. განმცხადებელი უფლებამოსილია, საკონკურსო განაცხადი წარადგინოს კონკურსის სხვადასხვა ნომინაციაში მხოლოდ ერთი საკონკურსო განაცხადით.
5. კონკურსის ერთ ნომინაციაში დასაშვებია მხოლოდ ერთი საკონკურსო განაცხადის წარდგენა.
6. განმცხადებელი უფლებამოსილია, შეცვალოს წარდგენილი საკონკურსო განაცხადი ან/და დამატებით წარადგინოს დოკუმენტაცია კონკურსის ფარგლებში განაცხადების მიღების ვადის დასრულებამდე.
7. საკონკურსო განაცხადით წარდგენილი მასალების, მათ შორის, ნაწარმოებისა და წარდგენილ წიგნში შეტანილი მასალების/ინფორმაციის გამოყენების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობასა და მასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებზე სრულად პასუხისმგებელია განმცხადებელი.
მუხლი 6. კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის წესი
1. ამ დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა"-„კ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ნომინაციებში კონკურსის გამარჯვებულად ცხადდება კონკურსის ფარგლებში წარდგენილი ნაწარმოების, კრებულის, თარგმანის, კრიტიკის/რეცენზიის, დიზაინის ან პროექტის ავტორი, ხოლო იმავე პუნქტის „ლ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ნომინაციაში, ნომინაციაზე წარდგენილი პირი - ავტორი/ლიტერატორი.
2. კონკურსის გამარჯვებულებს გამოავლენს და დირექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს საკონკურსო კომისია (შემდგომ - კომისია).
3. კომისიის გადაწყვეტილება გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ მტკიცდება დირექტორის ბრძანებით. ამავე ბრძანებით კონკურსის გამარჯვებული ჯილდოვდება ამ დებულებით განსაზღვრული პრემიით, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.
4. კონკურსის გამარჯვებულს გადაეცემა სიგელი, ამ ბრძანების დანართი №2-ით განსაზღვრული ფორმის შესაბამისად.
5. საკონკურსო განაცხადის შემოტანიდან კონკურსის დასრულებამდე პერიოდში, ამ დებულების მე-4 მუხლის მეორე პუნქტის „ბ" ქვეპუნქტით განსაზღვრული განმცხადებლის, ასევე, ამ დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ლ" ქვეპუნქტით განსაზღვრულ ნომინაციაზე წარდგენილი პირის გარდაცვალების შემთხვევაში, საკონკურსო კომისია განაგრძობს წარდგენილი განაცხადის განხილვას და გამარჯვებულად გამოვლენის შემთხვევაში, გარდაცვლილი განმცხადებლის/ნომინაციაზე წარდგენილი პირის სახელზე გაიცემა მხოლოდ ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სიგელი.
6. კომისია იტოვებს უფლებას, გამონაკლისის სახით დაუშვას ერთ ნომინაციაში ერთზე მეტი გამარჯვებულის გამოვლენა, რა შემთხვევაშიც გაიყოფა ნომინაციისთვის განსაზღვრული პრემია.
მუხლი 7. კომისიის შემადგენლობა და გადაწყვეტილების მიღების წესი
1. კომისიის შემადგენლობა მტკიცდება დირექტორის ბრძანებით ყოველ წელს. კომისიის წევრები ლიტერატურის სფეროს აღიარებული სპეციალისტები არიან. კომისიის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს სამინისტროს მიერ შერჩეული წარმომადგენელი. დირექტორი უფლებამოსილია სხვადასხვა წელს კომისიის წევრად მიიწვიოს ერთი და იგივე სპეციალისტი.
2. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება 5 (ხუთი) წევრით.
3. კომისიის შემადგენლობა კონფიდენციალურია კონკურსის შედეგების გამოცხადებამდე.
4. კომისიის თავმჯდომარე, ასევე, მისი არყოფნის შემთხვევაში, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი განისაზღვრება დირექტორის ბრძანებით კომისიის შემადგენლობიდან.
5. კომისიის მდივნის ფუნქციას ასრულებს დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული პირი.
6. კონკურსის ფარგლებში რეგისტრირებული განცხადებების განხილვასა და შეფასებას კომისია ასრულებს განცხადებების მიღების ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 3 (სამი) თვის ვადაში.
7. კომისიის ყველა წევრი ვალდებულია წერილობით დაადასტუროს, რომ ინტერესთა კონფლიქტის გამოვლენის შემთხვევაში იმოქმედებს ამ დებულებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში, კომისიის წევრი ვალდებულია, დაუყოვნებლივ განაცხადოს თვითაცილების შესახებ, დირექტორის წინაშე. კომისიის წევრი, რომელმაც განაცხადა თვითაცილების შესახებ არ იღებს მონაწილეობას კონკურსის შესაბამის ნომინაციაში განაცხადების განხილვაში.
8. კომისია თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია. არავის აქვს უფლება ჩაერიოს კომისიის წევრის საქმიანობაში ან/და მოახდინოს მასზე რაიმე ზეგავლენა.
9. კომისიის წევრის ინტერესთა კონფლიქტის გამოვლენის ან სხვა ობიექტური გარემოების არსებობისას, დირექტორი უფლებამოსილია შეცვალოს კომისიის წევრი.
10. კომისია უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
11. კომისია გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო განაცხადების ქულებით შეფასების საფუძველზე, ამ მუხლის მე-12 პუნქტით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით. ერთ ნომინაციაში წარდგენილი განაცხადების თანაბარი ქულებით შეფასების შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის შეფასება.
12. კომისიის მიერ საკონკურსო განაცხადების შეფასება ხორციელდება 15 ქულის ფარგლებში, შემდეგი კრიტერიუმებით:
ა) ამ დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა"-„კ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ნომინაციებში:
№ | შეფასების კრიტერიუმი | ქულა |
1. | საკონკურსო განაცხადის შესაბამისობა კონკურსის მიზანთან | 0-3 |
2. | წარდგენილი საკონკურსო მასალის მხატვრული ღირებულება | 0-12 |
სულ: | 15 | |
ბ) ამ დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ლ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ნომინაციაში:
№ | შეფასების კრიტერიუმი | ქულა |
1. | ნომინაციაში წარდგენილი პირის შემოქმედების კულტურული და ეროვნული მნიშვნელობა | 0-5 |
2. | ნომინაციაში წარდგენილი პირის ეროვნული და საერთაშორისო აღიარება | 0-5 |
3. | ნომინაციაში წარდგენილი პირის ინდივიდუალური ხელწერა მხატვრული ლიტერატურის განვითარებაში | 0-5 |
სულ: | 15 | |
13. კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს კონკურსის მონაწილე.
14. კომისიის წევრის საქმიანობა ანაზღაურებადია, თუმცა იგი უფლებამოსილია კომისიის წევრის საქმიანობა განახორციელოს ანაზღაურების გარეშეც.
15. კომისიის წევრები ვალდებულნი არიან დაიცვან კონფიდენციალურობის პრინციპი და პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები, ასევე, არ გაამჟღავნონ კონკურსის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, კონკურსის შედეგების დამტკიცებამდე.
16. კომისია საქმიანობას წყვეტს კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენის შესახებ გადაწყვეტილების დამტკიცებისთანავე.
მუხლი 8. დასკვნითი დებულება
1. სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე დაუშვებელია ამ დებულებით განსაზღვრული კონკურსის ჩატარება და პრემიის გაცემა.
2. საკითხები, რომლებიც არ რეგულირდება ამ დებულებით, წესრიგდება „კულტურის სფეროში მოღვაწე ფიზიკური და იურიდიული პირების დაფინანსების/ფინანსური ხელშეწყობის განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს კულტურის მინისტრის 2025 წლის 20 მაისის №05/09 ბრძანებით.
No comments:
Post a Comment