Thursday, October 17, 2024

ავტ. ნონა ფიფია

 ნონა ფიფია

❤
მწიფობის თვეში,როგორც ნუგეში,
ლურჯად ღაღანებს ცაზე ღიღილო,
სანამ დაალბობს წვიმების თქეში,
იყოს_იღიმოს,იყოს_იღიმოს,
თორემ მზე როცა აიკრეფს სხივებს
და აიფარებს ღრუბლების რიდეს,
ღიღილო უმალ გულს გაიცივებს,
გაკუშტდება და თვალს აგვარიდებს.
მერე ნელ-ნელა_დღე,ღამე,დილით...
მიწას დატოვებს ძველი დიდება,
სველი ბაღიდან ხეების ჩრდილი
სახლებს კედელზე დაეკიდება
და როცა ქარი დაუკრავს ორგანს,
ხმას ააყოლებს ფოთლების ქორო...
იქ, ფანჯრებს მიღმა სამყარო ბორგავს,
აქ,ფანჯრებს აქეთ,გული ძგერს მხოლოდ.
გულს,როგორც მორევს,ნებით თუ ძალით,
კვლავ აამღვრევენ ძველი ეჭვები
და მღვრიე წყალში არც ერთი ცალი,
არ გამოჩნდება,რადგან, კენჭები,
მხოლოდ ისღა ჩანს,რაც არის მჩატე
და რაც დინებას ისეც მიჰყვება,
სანამ ოდესმე,გვიან თუ ადრე,
ნაპირებზე არ გაირიყება.
ახლა,ან ვის რა გაუკვირდება,
ხმა ჩაიკმინდეს როცა ფშანებმა,
როცა იწყება მთების,მინდვრების,
თეთრი ფიფქებით აშროშანება;
მაგრამ როდესაც გული დამცხრალი
განიკურნება_ქრება ეჭვები,
დაიწმინდება ერთხელაც წყალი,
დაითვლებიან ფსკერზე კენჭები.
დრო სხვა რაღაა? ქარივით ჩქარი,
მზის ირგვლივ ერთი შემობრუნება_
რადგან მოვიდეს უნდა ზამთარი,
რომ განაახლოს დედაბუნება;
უნდა აიმღვრეს დროდადრო წყალი
და მოიღრუბლოს დროდადრო კი ცა...
რომ კვლავ იფეთქოს ახალი ძალით,
ხომ ასვენებენ სავარგულ მიწას?!
და რომ აყვავდეს ცაზე ღიღილო,
დროდადრო უნდა ქროდნენ ქარები,
რომ ქართულ ცის ქვეშ კვლავ იღიღონოს,
ქართველს მოურჩეს ნატყვიარები.

No comments:

Post a Comment