გიჟი?!
ზეწარი დახია სამ ნაწილად, ერთმანეთზე გადააბა, ერთი ბოლო
სახლში დივანის ფეხზე დაამაგრა, მეორე აივნიდან გადაუშვა, ზედ დაკონწიალებას და ძირს ჩახტომას აპირებდა,
რომ გარეთ ყვირილი ატყდა, - რას შვრებით, ბატონო, რა სასიკვდილოდ გადაგიდიათ
თავი, - იძახდა ერთი შლიაპიანი ქალბატონი. -- სდექ, მეგობარო, - ვიღაცა კაცი გამეტებით
იქნევდა ხელებს და შეჩერებას სთხოვდა. ნელ-ნელა ქვევით გვარიანად მოგროვდა ხალხი. ნახევრადგონებაზე
მყოფი ძლივ-ძლივ არჩევდა სახეებს, .ზოგი ეშმაკს მიამსგავსა, ზოგი - ანგელოზს. ანგელოზები
ეხვეწებოდნენ, არ გადმოხტეო. ეშმაკები კი უღიმოდნენ, თავისკენ იწვვდნენ, პატარა რქებს
არც კი მალავდნენ. გაუგებრობაში მყოფი რამდენჯერმე მიიმალა სახლში, რამდენჯერმე გამოვიდა
აივანზე. აგერ პოლიციელებიც გამოჩნდნენ, სიტუაცია დაზვერეს. კაცს ჩაეღიმა, ესენიღა
მაკლდნენ, -- ჯოჯოხეთს ერთი მუგუზალი აკლდაო,
ჩუმად ჩაიჩურჩულა. დრო გაიწელა, ზეწარს ქარი აფრიალებდა. ისევ მოჰკიდა ხელი, ისევ სცადა
ხელის ჩაჭიდება და გადმოხტომა. გარეთ ერთხმად
იზმუვლა ხალხმა. ამან უეცრად შეაკრთო. უკან დაიხია. ისევ სახლში შევიდა. კარებში გასაღები
გაჩხაკუნდა, სახლში შვილთან ერთად პოლიციელები შემოცვივდნენ. უკან ხელები გადაუგრიხეს
და დივანზე დასვეს. ზეწარიც ამოათრიეს ქვევიდან, ისიც გვრდზე ამოუდვეს.
- რა გინდოდა, მამა, - რაზე ხტებოდი,
- ესმოდა შვილის ხმა. - როდემდე უნდა აძახებინო ხალხს ,,გიჟი”? დავიღალე…
- აბა, რაზე ჩამკეტეთ? - გგონიათ ღვინის
სმას გადამაჩვევთ?! ღვინო სიყვარულია, სიყვარული მწყურია, სიყვარული მაკლია… - თავი ჩაქინდრა. იქით ფუნჯებს და საღებავებს გადახედა,
ცოლის პორტრეტს. მერე მეორე სურათს მიაჩერდა. სურათზე ფიროსმანი მოაბიჯებდა მისკენ ხელგაშლილი.
უნდოდა, ამდგარიყო, გულში ჩაკრობოდა , წამოდგომა სცადა, პოლიციელებმა შეაჩერეს, ადგილზე
დასვეს. კარგა ხანს ადგენდნენ დაკითხვის ოქმს, მეზობლებმა გამოგვიძახეს, უნდა შევადგინოთო.
ამასობაში კაცი გამოფხიზლდა. პირობა მისცა, ამას აღარ გავკეთებო. მამა-შვილი პირისპირ
დარჩნეენ. ორივე დუმდა.
-ხომ დავაყენე ფეხზე მთელი, უბანი. -
აქირქილდა კაცი. ანგელოზები თუ დაინახეო, ჰკითხა შვილს. მიხვდა შვილი, რომ მამა ისევ
არ იყო გონებაზე. სისხლი მოაწვა თავში. იმ ღამეს თვითონ გადახტა მეხუთე სართულიდან.
ვერაფერი გაიგო მამამ. დაინახა, ერთი ანგელოზი როგორ გაფრინდა მიწიდან.
დედას ხელები
თვალს არ ვაცილებდი დედას ხელებს, ერთი საკერავი მანქანის სახელურისთვის მოეკიდა
და სწრაფად ატრიალებდა, მეორეთი კაბის კალთა ეჭირა და ზედ ზიგზაგს ავლებდა, ასე უფრო
ლამაზი იქნება შენი კაბაო, მიხსნიდა. თეთრი ხელები ჰქონდა, ნაზი. სალონში რომ შევიდოდა
ფრჩხილების გასაკეთებლად, თმის დასაყენებლად, მეც წამიყვანდა. მე თმის საშრობის ქვეშ
დამაჯენდნენ, ჩართავდნენ, თმები მიფრიალებდა, თბილი ჰაერი სახეზე მელამუნებოდა. შორიდან
ვუყურებდი, როგორ ეფერებოდნენ, თავზე ეხვეოდნენ სალონის თანამშრომლები. ადრე საპარიკმახერო
ერქვა. რა ლამაზი ხართ, ქალბატონო, რა ლამაზი ხელები გაქვთო, თან თმას უხვევდნენ, თან
ფრჩხილებს უკეთებდნენ. რა ამაყი ვიყავი, ყველაზე
ლამაზი დედა მყავდა. გარეთ რომ გამოვიდოდით, ვამჩნევდი, უფრო მაღალი იყო, ვიდრე სხვა კაცები და ქალები,
დიახ, ალვის ხე იყო, ზეცას აბჯენდა თავს. ვღელავდი, ამსიმაღლე სახლში როგორ შემოეტევა
მეთქი, მაგრამ შემოდიოდა, იქაც ყველაზე მაღალი იყო, იქაც ჭერს აწვდენდა თავს. დაჯდებოდა,
ბლინებს, ალადებს გვიცხობდა, ფქვილში ხელებამოგანგლულს ვაკვირდებოდი, ფქვილი უფრო თეთრი
იყო, თუ დედას ხელები. ჩვენთან ერთად გუნდაობაც უყვარდა. ამ დროს ხელები და სახე უვარდისფრდებოდა,
იღიმებოდა. თეთრ კბილებს აჩენდა. კბილებს კი არა, მარგალიტებს. ლოყები ლალის ჰქონდა.
თვალები - გიშრის. თმები - ოქროსფერი, ყანასავით, ძნებად დაყრილი ღერებით შუბლზე. ხელები
თბილი ჰქონდა მე - ცივი, ჩაიდებდა ჩემს ხელებს თავის ხელისგულებში და მითბობდა. როცა
დედა გახდები, შენც გაგითბება ხელები, რომ შენს შვილებს გაუთბოო. მეტყოდა. ბოლოს დედა
რომ ვნახე, ხელები გაშავებოდა, ერთმანეთზე გადაეჭდო. ხელში ჯვარი ეჭირა. არა, ეს წუთიერად
დამებინდა თვალები, ეტყობა კარგად ვერ დავინახე, ზემოთ ავიხედე, მერე ისევ მის ხელებზე
გავაჩერე მზერა. თეთრი ჰქონდა თოვლივით. ანათებდა, მისი სახეც, თითქოს ათასი სხივი
მოედინებოდა მისი სპეტაკი სახიდან. სინათლემ თვალი მომჭრა, წავბარბაცდი. ვიგრძენი ყველა
სხივი როგორ გამოიქცა ჩემკენ, თითქოს ხელში ამიტაცეს, დამიჭირეს.
გუშინ ღამით გული ამიჩქარდა. ვიწექი, ვერ ვიძინებდი. მტკიოდა კისერი. მეგონა
თავში სისხლი არ მიეწოდებოდა. ლოგინში ვტრიალებდი, თავს ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ
ვატრიალებდი. საშველი არ იყო, თავბრუ მეხვეოდა. უცებ ზურგზე დედის ხელების შეხება ვიგრძენი.
ზურგი ნელ-ნელა გამითბა, სისხლი ამოძრავდა.
ნაკადი კისრიდან თავში გადაეშვა. სხეული დამიამდა. ნელ-ნელა ჩამეძინა. მე და დედა ისევ ერთად ვიყავით. სამყაროს საწყისი
და მისი გაგრძელება, წყაროს თავი და ერთ-ერთი განშტოება, რომელიც არასოდეს არ უნდა
ჩაიკარგოს მიწაში. ამინ! ამინ! ამინ!
განახლებული
სიმღერა
ერთი თუთის ქვეშ ურმის ბორბალი ეგდო,
ხეს ფოთლები განიერი ჰქონდა, ბორბლამდე წვიმის წყალიც კი იშვიათად აღწევდა, არ დაჟანგებულიყო
და უწინდელი იერი შეენარჩუნებინა, ნახევრად მიწაში იწვა, მაგრამ ხანდახან მხრებს წამოსწევდა
ხოლმე, გაიღიმებდა, იქნებ ეს ძველი გადაგდებული ვინმემ შემამჩნიოსო. და ერთ დღესაც
შეამჩნიეს... პატარა ზურიკო დასდგომოდა თავზე და აქეთ-იქით ატრიალებდა. სტუმრები სწვეოდნენ ძველ ოდა-კარს.. გაუკვირდა ბორბალს,
დიდი ხანია კაციშვილის ჭაჭანება აღარ იყო ამ არემარეში. ერთი ჩიტები თუ შემოსხდებოდნენ
თუთის ხეზე და ,,ოროველას" შემოსძახებდნენ,
კიდევ ხვლიკი და გველი თუ გადაუვლიდნენ თავზე, მათი დანახვაც უხაროდა, ამ ფუძის გველია
და სახლ-კარს იცავსო, გაიფიქრებდა პატივისცემით ცივსისხლიანზე, მგონი მაგას უფრო თბილი
სისხლი აქვს, ვიდრე ამ სახლის ბატონ-პატრონსაო. მაგრამ დღეს რაღაცა ხდებოდა ეზოში.
ახალგაზრდა კაცი გარშემო უვლიდა იქაურობას, ათვალიერებდა, ღობეს სინჯავდა, გამოდგება
თუ ახალი დამჭირდებაო. გავიხედოთ, ღობეც გალამაზდა, ადგილ-ადგილ ხის ბოძები შეუყენეს,
სახლიდან ქალის ხმა გაისმა, საჭმელად იწვევდა ქმარ-შვილს. გაეხარდა ბორბალს, იქნებ,
ჩემი საქმეც გამოჩნდესო. მალე ძველებური ურემიც გაიმართა ეზოში, ბორბალსაც თავისი ადგილი
მიუჩინეს, გაპოხეს და გააპრიალეს. აღიღინდა, ამღერდა, კი არ ჭრიალებდა, მიხტოდა, სიხარულისგან
გული ამოვარდნაზე ჰქონდა, როცა ურემი დაიძრა, რომელზეც პატარა ბიჭი შემოსკუპებულიყო,
ხარებს შოლტს უქნევდა, ,,ეჰე ჰეო", იძახოდა. სოფელში ახალი ცხოვრება იწყებოდა,
კვლავ გაისმა შეწყვეტილი სიმღერა....
მაია დიაკონიძე
30.06.2022წელი
No comments:
Post a Comment