მშვიდობის ლექსი
მე ტრაგედია მძულს ყველა თარგის,
არ მიყვარს მასზე გაზრდილი ხალხი!
- აგერა, ბიჭი ყანას რომ მარგლის,
ცა, რომ ლურჯია და მიწა მწვანე, -
რომ ნათელი აქვს ცხოვრებას აზრი;
რომ არაფერი არაა მწარე
და არაფერი არაა ხანძრის;
რომ არაფერი არაა თოფის,
დანის და... კიდევ ათასი ბნელის,
რომ ქვეყანაზე იღვრება ოფლი
და გაზაფხულის ზეიმობს ფერი!..
მიყვარს!..
რადგანაც ესაა ჩემი,
ტალღებს მშვიდად რომ მიაპობს გემი,
რომ დედაჩემის მთრთოლვარე ხელით
წყნარდება სული, გული და ნერვი;
რომ არ ზრიალებს ფანჯრებში ქარი,
და არვის თვალში არა დგას ცრემლი,
რომ ჩემი ნათო არწყულებს ყვავილს;
ო, ყვავილივით ნაზი და თხელი!..
მიყვარს!..
და არვის არ ვაძლევ ნებას,
(რაც იყო, იყო!.., რაც არის, არის!..)
ეს ხე უწყლობით ახლა რომ ხმება,
მოდით და ერთად დავუსხათ წყალი!
მოდით და ერთად დავმარხოთ თოფი
არც არასოდეს აღვმართოთ დანა,
და შხამით სავსე ჯამი თუ გობი,
არ შევატყუოთ ერთმანეთს წამლად!..
რაც იყო იყო,!.. რაც არის, არის!..,-
ცა ხომ ლურჯია და მიწა მწვანე,
ხომ ნათელი აქვს ცხოვრებას აზრი
და არაფერი არ არის მწარე?!
ბადრი ცირამუა
No comments:
Post a Comment