გულჩვილი გავხდი!
გულჩვილი გავხდი, ყველაფერზე
ცრემლი მდის ახლა,
ასაკმა იცის,
შემომპარვია ფაქიზ გულში
ნაღველის მახრა
და ნახატებიც კი მატირებს
მიხაი ზიჩის.
,,ვეფხისტყაოსნის" გვერდებს ვფურცლავ,
ვარ დღეს თამარი,
ცრემლი მაწვება ქუთუთოზე,
არ ვიცი რისი,
ჩამომიშლია ნაწნავები,
წელს მაქვს ქამარი
ოქროს და ვერცხლის ბეჭდებით მაქვს
სავსე ეს თითი.
რომელსაც სტრიქონს გავაყოლებ,
მოქარგულ სიტყვას,
რითმა რითმაში იკარგება,
ევლება ზეცას,
სად ხარ, მგოსანო, რომ გიყვარვარ,
ამ წიგნით ითქვა,
შენ ბრწყინვალება მეც შემმატე
და მაღლა მზესაც.
გულჩვილი გავხდი, ყველაფერზე
ცრემლი მდის ახლა,
მეუბნებიან, ეს ამბავი
ასაკმა იცის,
შემომპარვია ფაქიზ გულში
ნაღველის მახრა
და ნახატებიც კი მატირებს
მიხაი ზიჩის.
მაია დიაკონიძე
5.10.2024 წელი
No comments:
Post a Comment