Monday, October 7, 2024

ზაზას ოინები (საბავშვო მოთხრობა)

                            ზაზას ოინები

პატარა ზაზას სულ ცელქობაზე ეჭირა თვალი, იმას ფიქრობდა, ისეთი რამე გაეკეთებინა, ქვეყანა გაეკვირვებინა. ხან სახლიდან გამოსულ ბებიას წინკარში დაუხვდებოდა თავზე დათვის ტყავგადაფარებული და ააყვირებდა შეშინებულს, ხან ღობის იქით დაიმალებოდა და პაპა-ბებიას, მის საძებნელად გამოსულებს, სიცილით გაეკიდებოდა უკან, ხან ხის ცხენზე გადაჯდებოდა და ქათმებს დასდევდა ეზოში, მაგრამ ბოლოს მობეზრდა ეს თამაშობანი და ახალი რამ მოიფიქრა.
შემოდგომაზე, როცა მოსავალი აღებული იყო, გამხმარ სიმინდის ტაროს მარცვლებს ჩამოფშვნიდა, იქ ბებიას გარჩეულ ლობიოს აიღებდა მუჭით, გამოიტენიდა ჯიბეებს და დაუყვებოდა მეზობლებს, ნათესავებს, მეგობრებს. მივიდოდა რომელიმე ბავშვთან სტუმრად. დედებს და ბებიებს ბევრს ოთახის მცენარეები ჰქონდათ მოშენებული თავიანთ სახლებში. ქოთნებიდან იჭყიტებოდნენ: იები, კაქტუსები, გვიმრები... ალოე, სამკურნალოაო და ყველა ოჯახში ახარებდნენ, ზოგს ფიკუსი ჰქონდა, ზოგს - ჩინური ვარდი, სხვადასხვა ფერის ბალბა, და ვინ ჩამოთვლის კიდევ რა... ჩვენი ზაზა ჩუმად მიეპარებოდა ქოთნებს და ზოგში ლობიოს მარცვალს ჩააგდებდა, ზოგში - სიმინდისას. ხანდახან მზესუმზირის თესლსაც გაააყოლებდა ხელს და მიწაში ჩაფლავდა.
აი, შემდეგ წელს იწყებოდა აურზაური იმ ოჯახებში.
- დედა, ეს სიმინდი როგორ წამოიქოჩრა ჩემს იასთან! - აყვირდებოდა რომელიმე ოჯახის დიასახლისი, აქეთ სხვა დაიძახებდა,
- ეს ბარდა ლობიო აქ რამ ამოიყვანა, გამიფუჭა ალოე! - ესმოდა ბიჭს ყოველივე და სიცილით კვდებოდა. ამით ხალისობდა. მაგრამ ერთხელ მართლაც საოცრება მოხდა. მის მეგობარ თამოსთან მზესუმზირა ამოვიდა და გაზაფხულზე გაყვავილდა კიდეც. მათი სახლის ფანჯრებს მზესუმზირას ყვითელი ყვავილი ამშვენებდა, ყველა იძახდა:
- ეს რა საოცრებაა, ნეტავ თესლი როგორ მოხვდა ქოთანში და როგორ აყვავდა ამ გაზაფხულზეო?! ზაზას გულში ესიამოვნა კიდეც, რომ გაახარა თამოს დედა. გადაწყვიტა მხოლოდ მზესუმზირები გაემრავლებინა მეზობლების სახლებში. ასე ხან ერთი ოთახის ფანჯარაში გამოიჭყიტებოდა ყვითელი ყვავილი, ხან - მეორე, თითქოს ათასი მზე დანთებულა სოფელშიო.
ნორჩმა ბოტანიკოსმა ამით არ დაამთავრა თავისი ხუმრობანი და თავის მეგობარ თანაკლასელ ლელასთან გაზაფხულზე აივანზე მდგარი ქოთნებიდან ერთ-ერთში საზამთროს თესლი ჩააგდო. თავიდან აივნის რიკულებსა და გისოსებზე გადაფენილმა ფოთლებმა ყურადღება არ მიიქციეს მაგრამ როცა ფოთლებს შორის მწვანე ბურთი გადმოეკიდა მეორე სართულიდან, აქ კი შეწუხდნენ უფროსები, მართლაც ბურთი ეგონათ, ფოთლებში გაჩხერილი. ნახეს საზამთრო იყო, დამწიფება აცალეს, მაგრამ აივნის ქვეშ გავლა ყველას აუკრძალეს. ვინმეს არ დაეცეს თავშიო, ბოლოს მოწყვიტეს, გაჭრეს, ზაზასაც დაუძახეს.
მთელი ოჯახი შემოსხდომოდა სუფრას და პირს იტკბარუნებდა საზამთროს წითელი გულით.
ყველა საქმიანობა შეიძლება აქციო სასარგებლოდ, - გაიფიქრა ბიჭმა და დიდობაში აგრონომი გახდა.
მაია დიაკონიძე
6.10.2024 წელი

No comments:

Post a Comment