Thursday, October 31, 2024

მიტომ დაპატარავდი!

 მიტომ დაპატარავდი!

დარდი მკლავს ჩემი სამშობლოს,
ამიტომ ვპატარავდები!
,,ბუს რა ჰქონდა, ყვავს გაჰქონდა",
სულს მუხაში მალავდი,
შენიანი გგლეჯდა, გყოფდა,
მიტომ დაპატარავდი.
ყველგან იდგა გლოვის ზარი,
დიდისა თუ პატარის,
ძმამ ძმას დასცა როს თავზარი,
მაშინ დაპატარავდი.
თითქოს ვარდიც აღარ ვარდობს,
ხმაც არ მესმის არაგვის,
შენ გულს ვეღარავის ანდობ,
მიტომ დაპატარავდი.
თუ გაივსო მოღალატით,
ქუჩაცა და საყდარიც,
მტრის ჩაიცვეს თუ ხალათი,
მიტომ დაპატარავდი.
მაია დიაკონიძე
28.10.2024 წელი

მინიმა, ჩემს აივანზე

 ჩემთან აივანზე წითელი ფოთლები,

როგორც დაისები ყვავიან,
და თითქოს დამკიდეს მეც გულზე ორდენი,
ისე კმაყოფილნი არიან.
მაია დიაკონიძე
28. 10.2024 წელი

გამონათქვამები

 ვინც სულზე, გულზე მოიცხებს ტალახს,

იმას წვიმები რას ჩამორეცხავს.
_-----_--------
შეჩერდი, ადამიანო,
უკან დაბრმავებული საქართველოა,
ხელი შეაშველე..
_-_----_----------
ხანდახან თქვენი სისხლის ხმას მოუსმინეთ,
იქნებ, რას გეუბნებათ.
_--___--_----_
განა ისეთი ძნელია, სანთელი დავუნთოთ გმირებს?!
_---------------------
სიყვარულისთვის დრო არ გვაქვს,
სიძულვილისთვის - იცოცხლე.
_--_------------------
მარტო შენს შვილებზე ნუ იფიქრებ, სხვის შვილებზეც იფიქრე.
__--------------------
ქართველი ქართველად კვდება, ნუ მოისხამთ სხვის ქურქს.
_------------------
ბედნიერია კაცი, ვინც მამულის წინაშე მოიხადა ვალი. ის საუკუნო სასუფეველს ეზიარება.
_-----------------------
მზე მზედ დარჩება ყოველთვის, ნუ გაუთამამდები, მისთვის დიდხანს ცქერამ არ დაგაბრმავოს!
მაია დიაკონიძე
29.10.2024 წელი
ყველა 

იღვიძებს ქუჩა...

 იღვიძებს ქუჩა ბეჭდალეწილი,

დარდებისაგან ღამენათევი,
მოდის ოდესღაც გადახვეწილი,
კაცი, დამწვარი, როგორც სანთელი.
თან მოაქვს სევდა გარდასულ დღეთა,
და თავის აბგას სინათლით ავსებს,
დღეს მზე უპყრია ძარღვიან ხელთა,
დღეს ხელისგულზე შვილიშვილს არწევს.
მაია დიაკონიძე
29.10. 2024 წელი

ღალატი

 ღალატი

შენ შეგიძლია ღალატი,

მე გიღალატებ - ვერ.
შენ შეგიძლია ტყუილად
მცდარზე მიკრავდე კვერს,
ხან მადარებდე ცის კიდეს,
ხან ყვავილების მტვერს.
შენ შეგიძლია ღალატი,
მე გიღალატებ ვერ.
მაია დიაკონიძე
29.10.2024 წელი

ღმერთო!

 ღმერთო!

გადმორეკე ვარსკვლავები, ვით ცხვრის ფარა,
გამინათე ეს წყვდიადი ბნელი ღამე,
ჩემი დიდი იმედი ხარ, ღმერთო, მარად,
შემეშველე, არ გიმტყუნებ, არ ინანებ.
ერთგულებით აგიშენებ ციხე-კიშკებს,
მოვიწევ და დავამშვენებ პურის ყანას,
მრავლდებოდნენ ქართველების ბადიშები,
დადგეს ჩემი საქართველო ფეხზე მყარად.
გადმორეკე ვარსკვლავები, ვით ცხვრის ფარა,
გამინათე ეს წყვდიადი ბნელი ღამე,
ჩემი დიდი იმედი ხარ, ღმერთო, მარად,
შემეშველე, არ გიმტყუნებ, არ ინანებ.
მაია დიაკონიძე
30.10.2024 წელი

შენ, თბილისო!

 შენ, თბილისო!

ქონგური ვარ შენი ციხის,
ცეცხლის ნაპერწკალი ვარ,
რიყე-რიყე, ქუჩა- ქუჩა,
როგორც მთვრალი დავდივარ.
იეთიმ გურჯის ბაიათი ვარ,
ფიროსმანის ეტიუდი,
ყვავილოვან ბარათიდან
მარგარიტას დებიუტი.
ნარიყალაც, ქაშუეთიც
შენს სულს ქვაში ინახავს.
ხარ გრძნეული ამულეტი,
ჰგავხარ ცისფერ მინანქარს.
შენ, თბილისო, ზარდახშა ხარ,
საქართველოს გვირგვინი,
შენს სიტურფეს ბარაქალა,
ჟღერ აკაკის სიმივით.
მაია დიაკონიძე
30.10.2024 წელი

ამბავი ჩვენი ექიმებისა

 ჩემი მეგობარი რამდენიმე დღის წინ თვალის ექიმთან მივიდა. აღმოაჩნდა თვალის სიმშრალე, რომელიც საქართველოში ძალიან ბევრს აქვს, ალბათ, მოსახლეობის ნახევარს, გამოუწერა ძვირადღირებული თვალის დამატენიანებელი წვეთები, რომელიც მუდმივად უნდა იხმაროს. შეწუხდა ქალი, გაკვირდა, ნეტავ რამ გამიჩინაო ეს სიმშრალე. ახალგაზრდა ექიმმა დააწყნარა, ქალბატონო, თქვენ ისეთი დაავადება გაქვთ, - დიაბეტი, შეიძლება უცებ დაბრმავდეთ კიდეცო.

გამახსენდა, ადრე თბილისში ერთი ექიმი იყო, გვარად, ბარათელი. პაციენტს დაამშვიდებდა, დააწყნარებდა და ასეთი ლექსიც დარჩა მასზე:
,, გაუმარჯოს ბარათელსა,
ტკბილი სიტყვით მოგარჩენსა. "
ის ექიმიც ბარათელს მგვანებია სწორედ!

სახუმარო

 სახუმარო

რა დღეშია პოეზია,
ტურა- მგელი შეესია,
ვერ დარაჯობს ცერბერია
დარჩა ღია ეკლესია.
გაიხედავ ერესია,
უკუსვლა და რეგრესია,
მე დამეწყო დემენცია,
თუ დააკლდა ესენცია.
მაია დიაკონიძე
31.10.2024 წელი

არაგვო! ზაზა ფელიშვილის და ამირან გოდერძიშვილის კომენტარებით

 

არაგვო!
შენ რომ მიყვარხარ, არაგვო,
განა მიყვარდეს ვინ,
საცქერლადა ხარ საამო,
ღამ- ღამე მიფრთხობ ძილს.
შენი ყეფა და ღრიალი
მოასვენებს კი ვის,
შენი ბრუნვა და ტრიალი
მიმღვრევს გონებას, სისხლს.
გავყურსულვარ და დათრგუნულს,
აღარც კი მესმის ძმის,
შენს გადავარცხნილ თმის ბულულს,
აქვე გავიგებ ძირს.
წამიყვანე და დამტოვე
სადაც მთისქალა ზის,
რაშები დარჩა სადოღე,
არ შეარცხვენენ ჯიშს.
მაია დიაკონიძე
31.10.2024 წელი

ზაზა ფელიშვილი
.
ვახ! რა მაგრა გიყვარს არაგვი მაია!
ან რატომ არ უნდა გიყვარდეს? --- წერეთელს კი არა, მთელ თბილისს ასუფთავებს და წყურვილს უკლავს თავისი ჟინვალჰესით...
და თუ მართლა წაგიყვანა, ერთი ჭიამაია დააკლდება წერეთელს და არაგვის ხეობას შეემატება!...
კარგი ლექსია!

ამირან გოდერძიშვილი

ზაზა ფელიშვილი -ს ახლა რომ არა ვთქვა, ლექსი ულამაზესი და უმშვენიერესი არის-მეთქი, სხვა რომელი სიტყვით გამოვხატო ტატოს ნაფერები არაგვის გულში ჩახუტება და დასაკუთრება ჩვენი უნიჭიერესი პოეტის მიერ,
თანაც დასაკუთრებაც არის და დასაკუთრებაც,
,,წამიყვანე და დამტოვე,
სადაც მთისქალა ზისო” ესე იგი არაგვის სათავეეთან აჰყვება არაგვის ნიავს და იქ დასახლდება ჩვენი ულამაზესი ჭიამაია!!!!???
თბილისს რომ შუქი მოაკლდეს,
გაუხარდება ვის,
უსაყვარლესი დედის და, ულამაზესი დის!!!!
ბატონო ზაზა , მოდი ნება დავრთოთ, ქალბატონ მაიკოს ესტუმროს მთისქალს, მთისქალი დიდად გაიხარებს საპატიო სტუმრის მოულოდნელი სტუმრობით, მთისქალი ჩვენს მაიკოს აჩვენებს და აჩუქებს მთის საოცრებებს, წააკითხებს და მოუყვება ჯერ არსმენილ ცოცხალ ლეგენდებსა და ბალადებს, აჩვენებს იმ კლდეს , სადაც ნაპრალებზე ჩამოკიდებული ჯარჯის საშველად მხოლოდ სვავები გაეშერნენ და სხვები არავინ!!!!
მერე , ვიცი დიდხანს ვერ გაძლებს უთბილისოდ , თბილისის მშვენება ჩვენი მაიკო დიაკონიძე და არაგვის მოშრიალე და მოღრიალე ტალღებს ისევ მცხეთამდე ჩამოჰყვება და
მერე მცხეთა—-თბილისის ავტობუსით ისევ ჩვენ დაგვიბრუნდება!!!!

ისევ ისმის სიტყვა ძველი!

 ისევ ისმის სიტყვა ძველი!

შავთელის და ჩახრუხაძის,
მროველის და რუსთაველის,
ვინ აკადრებს მათ უკადრისს,
ისევ ისმის სიტყვა ძველი.
ჩემო გულო, რად ტირიხარ,
თუ კი მოგდგამს მათი გენი,
მე უბრალო ტირიფი ვარ,
სხვის ნაღველზე ცრემლთამდენი.
შავთელის და ჩახრუხაძის,
მროველის და რუსთაველის,
ვინ აკადრებს მათ უკადრისს,
ისევ ისმას სიტყვა ძველი.
მაია დიაკონიძე
30.10.2024 წელი

ქ--ნ მაია დიაკონიძეს, ავტ. გელა ციგროშვილი

 ქ--ნ მაია დიაკონიძეს

//ფშაურ კილოზე//

მავნე ენა გვაქვ ფშავლებსა,

თან ვფიქრობ,ხომ არ ვბერდები,

😁
სიტყვას საცერში ვატარებ,
კომპლიმენტისთვის ვჩერდები...
ეშმკს ყურები არ უჩან,
საფრთხილო არი გვერდები ..😁😁
ე მაგ ხეს,ათასწლოვანსა
შთამომავლად თუ ერგები..
რო დააკალმებთ,იქნება
მეც შამახვედროთ ნერგები😁😁
პატ.გელა ციგროშვილი
14.07.23წ.

პატივისცემით გელა ციგროშვილს

ფშავლის ენა რომ მწარია,
გაგონილი მაქვს ამბადა,
ფეისგვერდიც რო შარია,
სიფრთხილით მოგწერ ამადა.
ასაკს შენ ისეთს ვერ გატყობ,
ვერა თქვა კომპლიმენტია,
მიღებას არც მე ვუარობ,
მექნება ერთით მეტია.
კალმებს კი, როგორც იქნება,
უცილობელად მოგაწვდი,
თუ კი  უფალმა ინება,
საქმედ ვიგულვებ მომავლის.
მე მაინც მივალ იმ ხესთან,
ხელს ვერ შემიშლის ლოდები,
კალმებს აგიჭრი, სანაცვლოდ
კომპლიმენტს დაველოდები.
მაია დიაკონიძე
14.07.2023 წელი

,
 

ლიტერატურულ მესხეთში გაგზავნილი მასალა

 

                      სილამაზის საიდუმლო

                                                        (ჩანახატი)

     ბებიას ქერა თმები ჰქონდა, ოქროსფერი, მაგრამ ადგილ-ადგილ  ვერცხლისფერი შეჰპარვოდა. ოქრო და ვერცხლი ერთმანეთს ენაცვლებოდა. როცა თმებს ივარცხნიდა, თვალმოუშორბლივ ვუყურებდი, მეგონა ადრე, სანამ პაპა და ბებია დაქორწინდებონენ, ის მზეთუნახავი იყო, რომელიც პაპამ,, თეთრ ცხენზე ამხედრებულმა, მოიტაცა. მართლაც თეთრი ცხენი ჰყავდა პაპას. ჩემი ბავშვური ფანტაზია შორს მიდიოდა და მეგონა, სავარცხელი, რომლითაც ბებია თმას ივარცხნიდა, ჯადოსნური იყო, აბა, რატომ იყო ასეთი ლამაზი?!  მოვიპარავდი, ღამით ბალიშის ქვეშ დავიდებდი და ჯადოსნურ სიზმრებს ვნახულობდი. მეორე დღეს ბებია აყვირდებოდა, სად გაქრა ჩემი სავარცხელიო, მორცხვად მივურბენინებდი, განშორება კი არ მინდოდა მასთან.

  ქალაქში წამოსვლის წინ ბებიამ ეშმაკურად გადმომხედა და მითხრა: ვიცი, ჩემი სავარცხელი მოგწონს, წაიღე, თუ გინდაო.

   მას მერე შენახული მაქვს ეს სავარცხელი, გადავისვამ თმებზე და მზეთუნახავი ვხდები, როგორც ბებიაჩემი.

                                   

                                      გამარჯობა

                             (ჩანახატი)

 

      ერთხელ ბებიამ მითხრა, გამარჯობა, ღვთისაა, ნურავის დაამადლიო.

ჩამოვიარე სოფელში, ვინც შემხვდებოდა, გამვლელი-გამომვლელი, ყველას გამარჯობას ვეუბნებოდი. პატარა ვიყავი, მიხაროდა ჩემი საქციელი სიარულით რომ დავიღალე, მაღაზიაში შევედი, კუთხეში სკამი ედგათ, მოხუცები ჩამოსხდებოდნენ ხოლმე. - გამარჯობათ, - ვუთხარი ნოქარს, ნებართვა ვთხოვე, სკამზე დავმჯდარიყავი. გამიღიმა. რომ დავჯექი, დახლქვეშიდან პური და ყველი გამოიღო. მომაწოდა, ჭამეო. ასეთი გემრიელი პური და ყველი არასოდეს მიჭამია. გავიფიქრე, ღმერთს მიუვიდა ალბათ ყველა ჩემი გამარჯობა და დამლოცა მეთქი.

  იმ პურში მზე იყო, ყველში - დედის რძე, რომელიც სამყარომ ჩვენთვის გამოიმეტა ჩვენს დასანაყრებლად არა მარტო ჩვილობაში, არამედ მთელი ცხოვრების მანძილზე.

 

                       მელიაა თუ ადამიანი?!

                                         (ჩანახატი)

  გამხდარი ვიყავი და ბებიას პირველი საზრუნავი ის იყო, გავესუქებინე, სტუმარს ყველას ამას უჩიოდა, ინდაურის წონაა ეს ბავშვიო და ნაღვლიან მზერას ჩემკენ გამოაპარებდა. ცუდი მჭამელი ვიყავი მეთქი, ვერ ვიტყვი, ბებიას გაკეთებული საჭმელი ყველაფერი მიყვარდა. აგერ გობზე ეკალას შეკმაზავდა, ფხალი ნაირ-ნაირი გვქონდა, მაგრამ ბავშვს ეს ვერ მოაკეთებსო და ორ დღეში ერთხელ წიწილას შემიბრაწავდა. (რომ მაბანავებდა, სუქდი- სუქდიო, დაყოლებდა). იცოცხლე, მიყვარდა ქათმის ხორცი.  ქათმები რომ გამოელეოდა, ბაზრის გზას დავადგებოდით. ჩხარში შაბათ-კვირას დიდი ბაზრობა იმართებოდა. იყიდიდა ქათმებს, მოაკონწიალებდა ფეხებშეკრულებს. მეცოდებოდა სიცხისგან პიდაღებული გათანგული ქათმები. ავტირდებოდი, ბებია, არ დაკლა ესენი. ამასაც შევპირდებოდი, ფაფას შევჭამ-მეთქი, ჭირის დღესავით კი მეზარებოდა. ერთი-ორი დღე მართლაც შევჭამდი ძალის-ძალით, ხვდებოდა ბებია, ზიზღით ვჭამდი. ამ ბავშვს რა გაასუქებსო, გადაიქნევდა თავს. მამაშენს რა პირით შევხედო, შენს წასაყვანად რომ ჩამოვაო. დაკლავდა ისევ ქათამს. მერე პაპას ეტყოდა, ვერ გავიგე, ეს გოგო მელიაა თუ ადამიანი. რომელი მელია გამიჩანაგებდა ასე საქათმესო?! პაპაც გულიანად გაიცინებდა, ჭამე, ჭამეო, მეტყოდა და ახლა ის გასწევდა ბაზრისაკენ.

 

                                    სიყვარულის კაცი

                                                      (ჩანახატი)

 

         ერთ კაცს ყველა და ყველაფერი უყვარდა: სახლი, სადაც ის ცხოვრობდა, ღმერთმა მომცა თავშესაფარი, როგორ არ უნდა მოვუაროო, დაწკრიალებულ- დასუფთავებული ჰქონდა ეზო- ყურე; ცხოველებიც უყვარდა, კატაც ჰყავდა სახლში და ძაღლიც, ამათზე უკეთეს მეგობარს, რას შეიძენს კაციო, ამბობდა, ეფერებოდა და თავისუფალ დროს ელაპარაკებოდა კიდეც, ძაღლი ყეფით პასუხობდა, კატა- კნავილით, იმათი ენაც ესმოდა, რას ეუბნებოდნენ იცოდა; ყვავილებიც უყვარდა და ხეხილი, ეზოში მდგარი, ზრუნვას არ აკლებდა; ნათესავიც უყვარდა და მეზობელიც. უპურმარილოდ და უკმაყოფილოს სახლიდან არავის გაუშვებდა. ჰოდა, ამ კაცს, სიყვარულის კაცი შეარქვეს ახლობლებმა. სიყვარულის კაცი სწორედ იქ გაჩნდებოდა, სადაც ვინმეს უჭირდა.

ერთ დღესაც სიკვდილი მოვიდა მის წასაყვანად. ატირდა ეზო-კარი. არ წაიყვანოო, უთხრეს ყვავილებმა, ვინღა მოგვრწყავს და მოგვივლისო. კატამ პირველმა დაინახა სიკვდილი და კაცს, რომელიც ლოგინად იყო ჩავარდნილი, გვერდზე მიუწვა, მეც წამიყვანე, უპატრონოდ აღარ მინდა ცხოვრება, შეევედრა სიკვდილს. ატირდა ვენახი, ყანა, ატირდა ცოლ- შვილი.

სიკვდილმა ვერ გაუძლო ამდენ ცრემლს, თხოვნა - მუდარას და კაცის წაყვანა გადაიფიქრა. სიყვარულის კაცი გამოკეთდა. სულ სიყვარულით სავსე გულით დადის და გარშემო სიყვარულს არიგებს.

გავცეთ ჩვენც სიყვარული, მიიღოს იმან, ვისაც სჭირდება.

 

                               ,,ტყე შეუნახე შვილებსა!"

                                                         (ჩანახატი)

   ტყეში ერთი ბრძენი ბუ ცხოვრობდა. გამოცდილება დიდი ჰქონდა, კარგა ხანი ეცხოვრა უკვე, ამიტომ ხშირად ეკითხებოდნენ რჩევებს ტყის ბინადარნი. ისიც ყველას პასუხობდა. მაგრამ ერთ დღეს  საშინელი გაჭირვება დაუდგათ ცხოველებს და ფრინველებს. ადამიანებმა იწყეს მათ სამყოფელში სიარული. ხან ერთი ხე მოჭრეს, ხან - მეორე. რჩებოდნენ ცხოველები უბინაოდ. ფრინველები - ბუდის გარეშე. აგერ შაშვი აცრემლდა, რაღა ვქნაო. იქით ციყვი მიიყუჟა უცხო ადგილას, სად წავიდეო. შეკითხვები ბევრი იყო, სხვა ტყეებში იწყეს გადასვლა ტყის ბინადრებმა. ბუ ხომ ვერავის სცემდა პასუხს: რა იცოდა, რა რჩევა მიეცა, არც ის იცოდა, რას ფიქრობდა ადამიანი?! მაშინ გადაწყვიტა ღმერთისთვის ეთხოვა დახმარება. ბევრი იფიქრა, რა ენაზე დაეწერა წერილი და ბოლოს გადაწყვიტა ქართულად და იცით რატომ?! ქართული ხალხური ანდაზა გაახსენდა: ,,ტყე შეუნახე შვილებსა, მამაა, შენი ვალია!"

    ისმინა ღმერთმა ცხოველების და ფრინველების თხოვნა, შეწყდა ტყის კაფვა, ადამიანებს მხოლოდ ავადმყოფი ხის მოჭრის უფლება ჰქონდათ, მის მაგივრადაც ახალი ხე უნდა დაერგოთ. ბრძენ ბუს მადლობა გადაუხადეს მადლიერმა ფრინველებმა და ცხოველებმა. ამიტომაა, ასე ლამაზად რომ შრიალებენ ხეები საქართველოში, ბრწყინავენ და ელვარებენ დღისით მზის შუქზე, ღამით  - მთვარისაზე.

   ქართველი კაცი კი დღესაც მღერის, თითქოს ტყე ბუბუნებს:

     ,,ტყე შეუნახე შვილებსა,

      მამა ხარ, შენი ვალია!."

 

                                    ბებიას წინდა

                                         (ჩანახატი)

 

      მახსოვს, ბავშვობაში ბებია წინდებს გვიქსოვდა, გამოკიდებდა ჭრელ-ჭრელებს, ლამაზებს ეზოში თოკზე, ჰაერმა გაუაროსო, 18 წყვილს, 18 შვილიშვილი ვყავდით. აბა, რა სჯობდა მათ ყურებას, არაფერი. ვაშლებს შორის იყო თოკი გაბმული, აქეთ წითელ-წითელი ვაშლები იწონებდნენ თავს, აქეთ წინდები. ჩავიცმევდი ბებიას მოქსოვილ წინდას, თვალის ჩინივით ვუფრთხილდებოდი, არ დამეხეს მეთქი, მაგრამ ხან ბარდზე, წამოვდებდი, ხან – ეკალზე, დაიგლიჯებოდა ადგილ-ადგილ, ამოკემსავდა ბებია, ყველაზე ადვილად ქუსლი უცვდებოდა და თითების ადგილი, ამოიყვანდა თვლებს, ამოქსოვდა ისევ იმ ადგილებს, მაგრამ უცვეთელი აბა რაა, დამრჩებოდა დაგლეჯილი წინდები. დღეს ამ წინდებმა საქართველო გამახსენა. ვინმე მეტყვის, სად საქართველო და სად ბებიას წინდაო!!! მაგრამ სწორედაც იმ დარღვეულ, ადგილ-ადგილ ამოგლეჯილ წინდას მაგონებს ჩვენი ქვეყანა, ქუსლებგაცვეთილს, უთითებოს, ადგილ-ადგილ ამორღვეულს ჩვენივე მიწის ეკალ-ბარდითა თუ ვარდისავე ეკლით, ჩვენივე თვისტომის თუ მტრის მიერ დაგლეჯილს, ბედის უკუღმართობით თუ დროის ბორბალში მოყოლილ- დაზიანებულს. და სად არიან იმ 18 წინდის პატრონები, მათი შვილები, შვილიშვილები... მიმოიფანტნენ დედამიწის სხვადასხვა კუთხეში, ზოგი ავსტრიაშია, ზოგი - საფრანგეთში, ზოგი – ყაზახეთში, ღმერთმა ამრავლოს ქართული გენი, სადაც არ უნდა იყოს... მე კი ის დაფლეთილი წინდა მტკივა, ჩემი დაფლეთილი საქართველო, პატრონებიც რომ გაჰქცევია და ბედის ანაბარადაა მიტოვებული... გოგონა დიდი თვალებით

 

                                   მე - გოგონა დიდი თვალებით

                                                        (ჩანახატი)

   ბავშვობაში დიდი, დიდი თვალები მქონდა, ალბათ იმიტომ, რომ შიგნით ჩამეტია მზეც, მთვარეც, ვარსკვლავებიც, დედა, მამა, ჩემი და-ძმები, ბიძაშვილები, ნათესავები ახლო და შორეული, მეზობლები, სათამაშო ბურთები, ფერიც მახსოვს, ერთი მხარე ლურჯი ჰქონდა, მეორე - წითელი. ფერადი ბუშტები, კალედოსკოპი, მზეზე რომ გავცქეროდით და ათასფერ ნახატებს ვხედავდით, ჩიკორი, დიდზე დიდი, სხვებს როდი ჰქონდათ ასეთი, მამამ მომიტანა, დავატრიალებდი, დავაბზრიალები, საათობით შემეძლო ამით მეთამაშა, თოჯინები... არ დამავიწყდეს ყვავილებიანი მინდვრები, ყანები, სიმინდის თუ ხორბლის, თონეები, წყაროები, სახლები, მთები, ვენახები, ბროწეულის ხეები და არ ვიცი კიდევ რა...დიახ, ყველაფერი მინდოდა ჩამეტია ჩემს თვალებში. მახსოვს ერთხელაც უკრაინაში ჩავედით ბებიასთან. დეიდამ შემომხედა და მითხრა: - მაია, სად წავიდა შენი დიდი თვალები?! -  გაკვირვებულმა ჩავიხედე სარკეში, ასეთი რა შეამჩნია, რასაც მე ვერ ვხედავ მეთქი. გავოცდი, თვალები მართლა დამპატარავებოდა. იქნებ აღარც მინდოდა მეტი რამე მენახა და მეყო ის რაც ვნახე,  ღრმად შევინახე გონებაში, აზროვნების  ლაბირინთებში?! ან იქნებ ადამიანების უსაქციელობამ დამიპატარავა თვალები, ზოგჯერ ცდილობ, ნაკლები დაინახო. ან სულაც არ დაინახო არაფერი. ვინ იცის?!

 

                        

 

                                         პეპლები

 

    ნანუკას პეპლები ბავშვობიდან უყვარდა, მინდვრის, ჭრელი ფრთებით, ნაირფრად მოხატულები და ღამისაც, თეთრი, მოჩვენებასავით, იდუმალებით მოსილნი. ღამ-ღამობით თავისი სახლის ეზოში დაჯდებოდა, უყურებდა, როგორ მოფრინავდნენ ისინი ელექტრონათურის შუქზე, რომელიც აივნის თავზე ეკიდა. ეხვეოდნენ, ნელ-ნელა უახლოვდებოდნენ, ზოგი ისე ახლოს მიდიოდა მის რწყინვალებასთან, რომ ფრთებს იწვავდა და ძირს ვარდებოდა. ეცოდებოდა ისინი გოგონას, რატომ არ ფრთხილობენო, ეკითხებოდა ბებიას, მაგათ ხომ ჭკუა არა აქვთო, პასუხობდა ქალი, ცეცხლისკენ და შუქისკენ ილტვიან, მაგრამ ხანდახან ზედმეტი შუქი და ცეცხლიც საშიშიაო, უხსნიდა ნანუკას, დიდი შუქი ადამიანსაც თვალს ჭრის, არამცთუ პეპელას, ამიტომაც ეცემიან ძირს უსულოდ  და კვდებიანო. ეზოში დამხმარე შენობა ედგათ, მის თეთრ კედელებზეც ხშირად სხდებოდნენ ღამის პეპლები, ეტყობა, თეთრი ფერი იზიდავდათ. როცა კარგი ამინდი იყო, გადაივსებოდა ხოლმე იქაურობა, ადგილი აღარ მოიძებნებოდა, ზოგი დიდი იყო, ძალიან დიდი, ფრთებზე ოქროსფერი რგოლებით, ზოგი - პატარა, თეთრი კედელი არ წვავდა, არაფერს უშავებდა, მათ შემყურე გოგონას თვითონ ჩამოეძინებოდა ხოლმე ეზოში ხის კუნძზე მჯდომარეს, მამა აიტაცებდა და ლოგინში ჩააწვენდა, მაშინ პეპლები სიზმარში მოდიოდნენ, რაღაცას ეჩურჩულებოდნენ, უყვებოდნენ, ერთ დროს ადამიანები ვიყავით, ახლა პეპლებად გადავიქეცით, დიდმა სიყვარულმა მოგვიყვანა აქო. უკვირდა გოგონას, დილით ბებიას უამბობდა ამ ამბებს, არაფერს პასუხობდა ბებია, ცოტა ჩაფიქრდებოდა ხოლმე. გოგონა გაიზარდა, გათხოვდა, შვილიც ეყოლა, ბებიაც დიდი ხანია, ცოცხალი აღარ არის, ის ეზოც დაავიწყდა და პეპლებიც... ცხოვრებამ თავისი უკეთურობა ანახა, ახალგაზრდას მეუღლე გარდაეცვალა, ისევ მოვიდნენ პეპლები სიზმარში, სევდიანი სიყვარულის ისტორიებს უყვებიან, ცხადშიც უკან დაყვებიან, სადაც არ უნდა იყოს, რატომღაც ჰგონია, რომ ემზარის, მეუღლის სულიც ხშირად მოდის და  ესაუბრება სიყვარულის უკვდავებასა და მარადიულობაზე, რომ სიყვარული არსად არ მიდის, კოსმოსში რჩება, პეპლად გადაიქცევა, რომელიც თვალუწვდენელ მინდვრებს დაჰფარფატებს, თუ ბედნიერი სიყვარულის მონაწილეა, სევდიანი სიყვარულის შვილები კი თეთრ კედლებს ასხდებიან, ფრთებსაც ხშირად იწვავენ სანთლის ან ლამპიონის შუქზე, კვდებიან კიდეც. მას მერე ნანუკა სულ იმას ყვება, პეპლები დამდევენ, სადაც არ უნდა ვიყოო, - ეჰ, მგონი გაგიჟდა ეს ქალი, - იტყვიან ზოგიერთები, მართლა პეპლები ჰყოლიაო, - ამბობენ სხვები, მხოლოდ ცოტას თუ სჯერა მისი ისტორიების. გვირილების ველი

 

                               გვირილების ველი

 

    შინაბერა იყო, ორმოცს გადაცილებული, უფრო სწორედ, კი არ იყო, ასე  ეძახდნენ, თორემ თვითონ თავის საბედოს ჯერ კიდევ ელოდა. ერთ ღამეს საოცარი სიზმარი ნახა. გვირილების ველზე მიდიოდა და ვიღაცა ეძახდა, უყვარხარ, უყვარხარო. გაოცებულმა გაიღვიძა, ნეტავ, თუ ვინმეს მართლა ჩავუვარდი გულშიო. იმედი გაუკრთა, იქნება და ბედი მეხსნებაო. სამსახურში წავიდა, მთელი დღე ამაღლებულ ხასიათზე იყო, ოთახში შემოსულს, ყველას, გაფაციცებით ადევნებდა თვალს. არავის მიუქცევია მისთვის ყურადღება, დაღონდა, ღრმა ფიქრებში ჩაძირული გაემართა სახლისკენ.  ჭიშკართან ძაღლის ლეკვი დახვდა, ჭუჭყიანი, გაძუნძგლული, საცოდავად წკავწკავებდა, ეტყობა, დედას ეძებსო, არ შეჩერებულა, ალბათ, ვინმე მოვა და წაიყვანსო, თავი დაიმშვიდა. შუაღამემდე ტიროდა ლეკვი მის ფანჯრებთან, არ დაეძინა, გავიდა და სახლში შეიყვანა, დაბანა, გაასუფთავა, ფეხებთან მიიწვინა, აღარ იწკმუტუნებსო, ტკბილად ჩაეძინა. ისევ დაესიზმრა,  გვირილების ველზე მიდიოდა, ყვავილს ფურცლებს აცლიდა და იძახდა: - ვუყვარვარ, არ ვუყვარვარ, ბოლო ფურცელი რომ მოწყვიტა, ვუყვარვარო, სიხარულით წამოიძახა. გამოეღვიძა, ლეკვს გადახედა, მშვიდად ეძინა მის ფეხებთან, უნდა დავიტოვო, ამაზე მეტად, ნეტავ, ვიღას ვეყვარებიო, გაიფიქრა და ლოგინიდან წამოდგა. შაბათი დღე იყო. არსად ეჩქარებოდა, ეზოში გავიდა, ყვავილებს წყალი დაუსხა. ჭიშკართან ვიღაცას მოჰკრა თვალი, აკაკუნებდა. გააღო, მის წინ ათლეტური აღნაგობის მამაკაცი იდგა, სადად, უბრალოდ ჩაცმული, სიმპათიური, მოეწონა, ნეტავ, რა საქმე აქვსო, გაიფიქრა. უცნობმა, ძაღლის ლეკვი ხომ არ გინახავთო, ჰკითხა, სახლიდან გამოპარულა, ორი-სამი დღეა დავეძებო. გაეღიმა, ეზოში შეიპატიჟა, ჩემთან არის, ახლავე გამოგიყვანთო, ხელიდან ხელში გადასცა,  ჯადოსნური იყო შეხება. მას მერე ერთად არიან, ხშირად დადიან გვირილების ველზე და ახლა უკვე მოხუცები, იხსენებენ ძაღლს, რომელმაც ისინი ერთმანეთს შეახვედრა და დააკავშირა. გვირილების ველზე კი ყოველთვის ისმის შეყვარებულთა ჩურჩული: - ვუყვარვარ, არ ვუყვარვარ!

 

                                 ილია

 

     დავითობას კი გაჩნდა ილია, მაგრამ ტრადიციისამებრ, პაპის სახელი დაარქვეს. სასახელო ბიჭი იზრდებოდა, მშობლებს მზე და მთვარე მასზე ამოსდიოდათ, გადაკალმული წარბებითა და ლამაზი თაფლისფერი თვალებით ყველას ყურადღებას იპყრობდა, მზებიჭუნას ეძახდნენ, სანამ ერთ საბედისწერო დღეს, ცამეტი წლის ასაკში მისი ცხოვრება არ დასრულდა,  ძვლებში დაამსხვრია მანქანამ, უგრძნობმა და ცივმა, მაგრამ ხშირად ადამიანებიც ისევე ვიქცევით, როგორც მანქანა, ვამტვრევთ, ვანგრევთ ადამიანების გულებსა და ცხოვრებას, ხან გაუაზრებლად და ხანაც გააზრებულად.

                                                                  .............................

     ილიას დაბადების დღეა, თბილისში არიან სტუმრად, მაკამ დიშვილიშვილს შესანიშნავი ტორტი უყიდა, უფრო სწორედ, შეკვეთით დაამზადებინა, სპაიდერმენი უყვარს ილიასო და ტორტზე დიდი სპაიდერმენი დადგეს, ნამდვილს ჰგავს, ბიჭუნა ყოველთვის ოცნებობდა ასეთზე,  ქართულად, ადამიანი-ობობაა, რომელიც ყველგან დადის ჭერზეც, კედლებზეც, ლურჯ-წითელ სამოსშია გამოწყობილი, ოქროსფრად არის დაქსელილი მისი ზედა ჩასაცმელი, ყოველთვის მზადაა გაჭირვებულს დაეხმაროს და განა ეს ცუდია, ილიასაც რომ უნდა, მას ჰგავდეს? განსაკუთრებულად უყვარს ბიჭს მულტფილმების ეს გმირი, ამიტომაც არავის მისცა უფლება სპაიდერმენი შეეჭამათ, ტორტს ხელი არავინ ახლოსო,  უფეხო, უხელო, თავმოკვეთილი სპაიდერმენი როგორ იბრძოლებს სიკეთისთვისო, მაცივარში შედგეს, მართლაც სუფრაზე მყოფებს ხელი არ  უხლიათ ტორტისთვის, ლალის შერცხვა შვილის საქციელის, ეს რა ძუნწი იზრდებაო, ქეიფი დამთავრდა, სტუმრები დაიშალნენ, დარჩენილთაგან ყველა თავთავიანთ ოთახებში გაიკრიფა. დაგვიანებული სტუმარი მაკას ძმა, იური აღმოჩნდა,  მთვრალი მოვიდა, რას ჰქვია, ტორტის ჭამა აგვიკრძალესო, ახლავე გამომიტანეთო, გაჩუმდი, ხმამაღლა ნუ ლაპარაკობ, ბავშვები არ გააღვიძოო, ეძახდა და ძმას, უძალიანდებოდა, მაინც თავისი ხელით გამოიღო, მიჭრა და მოჭრა სპაიდერმენი, ჯერ ხელები დააჭრა, მერე - ფეხები და თავი, ერთმანეთში აზილა ყველაფერი, ისე შეჭამა. დილით ილიამ რომ გაიღვიძა, ტორტი აღარ დახვდა, გული დასწყდა, ოთახში ჩაიკეტა და დიდხანს არ გამოსულა იქიდან.

 

                           რატომ?!

                                             (ნოველა)

 

   გზაზე ხანშიშესული კაცი მოდიოდა, თეთრ სახეზე მოელვარე შავი თვალები უჩანდა და სახის ფერთან საოცარ კონტრასტს ქმნიდა. თანაბარი ნაბიჯებით გადაადგილდებოდა, გამვლელებს ყურადღებას არ აქცევდა. მოულოდნელად კისრისკენ წაიღო ხელები და მოიჭირა, სუნთქვა გაუძნელდა, აქოშინდა, თითქოს იხრჩობოდა, ნელ-ნელა დაეშვა მიწაზე, წამოწვა და გონება დაკარგა. ისედაც კანტიკუნტად დადიოდა ხალხი იმ ადგილას, ახლა კი რამდენიმე წუთი არავინ გამოჩენილა. აი, როგორც იქნა, ორმოციოდე წლის კაცმა გამოიარა. შეამჩნია ძირს დაწოლილი, მივიდა ახლოს, ჩაიმუხლა, რა მოგივიდა ბიძაჩემოო, ჰკითხა, ვინ უპასუხებდა? პერანგი შეუხსნა გულწასულს, პულსი გაუსინჯა, მიხვდა, ცუდად იყო საქმე. მობილური ამოიღო ჯიბიდან, სასწრაფო დახმარება გამოიძახა. თვითონ ხელებით მკერდზე დააწვა, გულის კუნთის მასაჟის ჩატარება დაუწყო, ხელოვნური სუნთქვაც გაუკეთა, არ შეზიზღებია მომაკვდავი, მოვიდა სასწრაფო დახმარების მანქანაც, გასინჯეს ავადმყოფი, გულის ბრალიაო, უთხრეს გამვლელს, მე თვითონაც ვიცი, ღიმილით უპასუხა, ერთ დროს სამედიცინოზე ვსწავლობდი, ცოტა რაღაცა გამეგებაო. ხანშიშესული საკაცეზე დააწვინეს, არ მოეწონა ორმოცი წლის კაცს, ავადმყოფს როგორ ექცეოდნენ, ფრთხილად წაიყვანეთ, ცოდოაო, ფული ამოიღო ჯიბიდან, სანიტარს ჩაუჩურთა, კარგ საავადმყოფოში მიიყვანეთ, ადამიანად იგრძნოს თავიო, დაემუქრა კიდევაც, დავრეკავ, გავიგებ ამ მოხუცის ამბავს, მაგას რომ შევხედე, გამზრდელი პაპა გამახსენდა, არ მინდა მოკვდესო. წავიდა სასწრაფო დახმარების მანქანა, კაცმა კი გზა განაგრძო, სამსახურში ეჩქარებოდა, მომსახურების სააგენტოში მუშაობდა, სანტექნიკოსი იყო. სამსახურში მისულმა აღელვებით მოყვა ეს ამბავი, დასცინეს, პირში ასუნთქავდი უცხო კაცს, ხომ შეიძლება რამე ავადმყოფობა გადაგედოსო, ხელი ჩაიქნია, ბედია ყველაფერი, ვინ რა იცის, რითი მოვკვდებაო.

   რამდენიმე დღის მერე არხეინად მიაბიჯებდა სანტექნიკოსი ქალაქის ქუჩაში, კარგ ხასიათზე იყო, სახლში არ ეჩქარებოდა, ცოლ-შვილი დასასვენებლად გაეშვა სოფელში. თავბრუსხვევა და გულისრევა იგრძნო, ალბათ სასმელის ბრალია, ცოტა მეტი მომივიდაო, მოხუცს თავისი გადამრჩენისთვის ორი ბოთლი საუკეთესო კონიაკი გამოეგზავნა, სამსახურში გახსნა, ბიჭებმა დალიეს, იქვე მაღაზიიდან თევზიც მოიტანეს, მწნილი, ყველი. სულის ხუთვა იგრძნო, ნეტავ, თევზმა ხომ არ მომწამლა, ტყუილად ხომ არ ამბობენ, რომელი თვის სახელშიც "რ" არ ურევია, თევზის ჭამა არ შეიძლებაო, ცუდად იყო, ძალიან ცუდად, სულის მოთქმა სცადა, ხროტინიღა ამოსდიოდა პირიდან, ცალი ხელი კისერზე მიიჭირა, მეორე გამვლელისკენ გაიშვირა, სთხოვა, მიშველეო,  ის სასწრაფოდ გაეცალა იქაურობას. მოწყვეტით დაეცა ასფალტზე, გულაღმა იწვა, თავის ქალიდან სისხლმა გამოჟონა, გამვლელებმა, ნასვამიაო, არავინ ყურადღება არ მიაქცია, ჩანთიდან გადმოცვენილი სამუშაო იარაღებიც ერთი-ორმა ხელს გააყოლა, მომაკვდავმა თვალები ფართოდ გახსნა და ზეცას შეაცქერდა იმედით. ამაოდ....

   იმ საღამოსვე გადაასვენეს პროზექტურაში ექსპერტიზის ჩასატარებლად.

   - რატომ?  - კითხულობდა მოტირალი ცოლი.

მალე დასკვნაც მოვიდა: - მართლა თევზს მოეწამლა.

 

                                     ზაზას ოინები

 

 პატარა ზაზას სულ ცელქობაზე ეჭირა თვალი, იმას ფიქრობდა, ისეთი რამე გაეკეთებინა, ქვეყანა გაეკვირვებინა. ხან სახლიდან გამოსულ ბებიას წინკარში დაუხვდებოდა თავზე დათვის ტყავგადაფარებული და ააყვირებდა შეშინებულს, ხან ღობის იქით დაიმალებოდა და პაპა-ბებიას, მის საძებნელად გამოსულებს, სიცილით გაეკიდებოდა უკან, ხან ხის ცხენზე გადაჯდებოდა და ქათმებს დასდევდა ეზოში, მაგრამ ბოლოს მობეზრდა ეს თამაშობანი და ახალი რამ მოიფიქრა.

   შემოდგომაზე, როცა მოსავალი აღებული იყო, გამხმარ სიმინდის ტაროს მარცვლებს ჩამოფშვნიდა, იქ ბებიას გარჩეულ ლობიოს აიღებდა მუჭით, გამოიტენიდა ჯიბეებს და დაუყვებოდა მეზობლებს, ნათესავებს, მეგობრებს. მივიდოდა რომელიმე ბავშვთან სტუმრად. დედებს და ბებიებს ბევრს ოთახის  მცენარეები ჰქონდათ მოშენებული თავიანთ სახლებში.  ქოთნებიდან იჭყიტებოდნენ: იები, კაქტუსები, გვიმრები... ალოე, სამკურნალოაო და ყველა ოჯახში ახარებდნენ, ზოგს ფიკუსი ჰქონდა, ზოგს - ჩინური ვარდი, სხვადასხვა ფერის ბალბა, და  ვინ  ჩამოთვლის კიდევ რა... ჩვენი ზაზა ჩუმად მიეპარებოდა ქოთნებს და ზოგში ლობიოს მარცვალს ჩააგდებდა, ზოგში - სიმინდისას. ხანდახან მზესუმზირის თესლსაც  გაააყოლებდა ხელს და მიწაში ჩაფლავდა.

   აი, შემდეგ წელს იწყებოდა აურზაური იმ ოჯახებში.

  - დედა, ეს სიმინდი როგორ წამოიქოჩრა ჩემს იასთან! - აყვირდებოდა რომელიმე ოჯახის დიასახლისი, აქეთ სხვა დაიძახებდა,

  - ეს ბარდა ლობიო აქ რამ ამოიყვანა, გამიფუჭა ალოე! - ესმოდა ბიჭს ყოველივე და სიცილით კვდებოდა. ამით ხალისობდა. მაგრამ ერთხელ მართლაც საოცრება მოხდა. მის მეგობარ თამოსთან მზესუმზირა ამოვიდა და გაზაფხულზე გაყვავილდა კიდეც. მათი სახლის ფანჯრებს მზესუმზირას ყვითელი ყვავილი ამშვენებდა, ყველა იძახდა:

 - ეს რა საოცრებაა, ნეტავ თესლი  როგორ მოხვდა ქოთანში და როგორ აყვავდა ამ  გაზაფხულზეო?!  ზაზას გულში ესიამოვნა კიდეც, რომ გაახარა თამოს დედა. გადაწყვიტა მხოლოდ მზესუმზირები გაემრავლებინა მეზობლების სახლებში. ასე ხან ერთი ოთახის ფანჯარაში გამოიჭყიტებოდა ყვითელი ყვავილი, ხან - მეორე, თითქოს ათასი მზე დანთებულა სოფელშიო.

  ნორჩმა ბოტანიკოსმა ამით არ დაამთავრა თავისი ხუმრობანი და თავის მეგობარ თანაკლასელ ლელასთან გაზაფხულზე აივანზე მდგარი ქოთნებიდან ერთ-ერთში საზამთროს თესლი ჩააგდო. თავიდან აივნის რიკულებსა და გისოსებზე გადაფენილმა ფოთლებმა ყურადღება არ მიიქციეს მაგრამ როცა ფოთლებს შორის მწვანე ბურთი გადმოეკიდა მეორე სართულიდან, აქ კი შეწუხდნენ უფროსები, მართლაც ბურთი ეგონათ, ფოთლებში გაჩხერილი. ნახეს საზამთრო იყო, დამწიფება აცალეს, მაგრამ აივნის ქვეშ გავლა ყველას აუკრძალეს. ვინმეს არ დაეცეს თავშიო, ბოლოს მოწყვიტეს, გაჭრეს, ზაზასაც დაუძახეს.

  მთელი ოჯახი შემოსხდომოდა სუფრას და პირს იტკბარუნებდა საზამთროს  წითელი გულით.

   ყველა საქმიანობა შეიძლება აქციო სასარგებლოდ,  - გაიფიქრა ბიჭმა და დიდობაში აგრონომი გახდა.

 

                                             მასწავლებელი

 

     მას მერე, რაც ქართველებსა და ოსებს შორის დაპირიპირება დაიწყო, პაპა ვანო ერთ საზღვრისპირა სოფელში გადასახლდა, გორის რაიონში. ადრე ცხინვალში ცხოვრობდა, იქ დაიბადა და გაიზარდა. უყვარდა იქაურობა. მამა ქართველი ჰყავდა, დედა- ოსი, გვარად კოდალაევი. ერთი დის ქმარი ქართველი ჰყავდა, მეორე- ოსი. თვითონ ოჯახი ვერ შექმნა და სხვის შვილებს იყო გადაყოლილი. ამბობდნენ, რუსეთში ერთი-ორი წყება ცოლ-შვილი ჰყავსო, მაგრამ ტყუილსა და მართალს ვინ გაარკვევდა?! სტუმართმოყვარე ოჯახში მუდამ სუფრა იყო გაშლილი, რომელზეც თავს იწონებდა  ქართული ხაჭაპურიცა და ოსური ხაბიზგინაც, ქართული ღვინოცა და ოსური ლუდიც. ნათესავიც ბევრი ჰყავდათ, ქართველიცა და ოსიც, სტუმრის ნაკლებობას არ უჩიოდნენ. მამამისი სკოლის დირექტორი გახლდათ, დამსახურებული პედაგოგი, იტორიკოსი, დედა ქართულის მასწავლებელი იყო, მათი ოჯახი საბჭოთა დროს დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. ინტერნაციონალურ ქალაქში სითბო და სიყვარული ტრიალებდა, ოსიც ცხოვრობდა, ებრაელიც, რუსიც, უკრაინელიცა და ქართველიც. ახალგაზრდა ვანოც მშობლების კვალს გაჰყვა და   თბილისის ალ.პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი დაამთავრა. უყვარდა თავისი პროფესია. არეულობა რომ დაიწყო, ქართველობას ვერ უღალატა, იძულებული გახდა დას გაჰყოლოდა თბილისში, შვილებითა და შვილიშვილებითურთ გაქცეულს, თვითონ დიდ ქალაქში ვერ გაჩერდა, მშობლიური ადგილებისაკენ მიუწევდა გული, საზღვრისპირა სოფელში ჩასახლდა. თავისი კავშირების წყალობით მეორე მხარეს ადვილად გადადიოდა,  სახლ-კარს ნახულობდა და უვლიდა, სხვა ქართველებსაც ეხმარებოდა, მოსავალსაც გამოატანინებდა ხოლმე. ოსები ეუბნებოდნენ,- შე, კაცო, არავინ გერჩის, აქ იცხოვრეო,- მაგრამ სამუშაოს ვერ თმობდა, სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად მუშაობდა, სხვა მასწავლებელი არც ჰყავდათ, არც არავინ მოდიოდა საშიშ ზონაში სამუშაოდ. ვანო პაპა ხშირად იტყოდა ხოლმე,- კიდევ კარგი, ჩემი მშობლები არ მოესწრნენ ამ ამბავსო,- თვითონაც ძალიან განიცდიდა ქართველებისა და ოსების დაპირისპირებას, ვისთან ეომა?! ოსებიც მისიანები იყვნენ და ქართველებიც. ქართულ სოფელში საერთო საცხოვრებელში გაამწესეს, ერთი ოთახი მისცეს, მაინც კმაყოფილი იყო, სამუშაოც ჰქონდა და თავშესაფარიც, თუმცა სოფელში ბოლომდე არ ენდობოდნენ, ოსების ჯაშუშიაო, ჩუმ-ჩუმად ლაპარაკობდნენ, პირში კი  არავინ არაფერს ეუბნებოდა.

       ერთ დღესაც ვანო პაპა ოსურ მხარეს გადასულიყო ნათესავების მოსანახულებლად, ცოტა დაელია კიდეც და უკანა გზაზე შეზარხოშებული ბრუნდებოდა. შორიდან ბავშვის ყვირილის ხმა მოესმა, მიაყურადა, ქართული სიტყვები გაიგონა, იქით დაიძრა. დაინახა ორ კაცს 11-12 წლის ბიჭი დაეჭირა და უმოწყალოდ ცემდნენ. ახლოს მივიდა, ყმაწვილი ეცნო, მისი მოსწავლე აღმოჩნდა. ბიჭს სახეზე აეფარებინა ხელები და პატიებას ითხოვდა. მოხუცმა აათვალიერა ბიჭი, დახეული შარვლის ჯიბეები დაბერვოდა, ჩანდა კაკლები მოეპარა. - რას ერჩით ბიჭს? - წყნარი ხმით იკითხა მოხუცმა ოსურ ენაზე, თუმცა იცოდა, რაშიც იყო საქმე,  მაგრამ გამოსავალს ეძებდა, როგორ დახმარებოდა ბავშვს. კაცებმა ახედ-დახედეს, თითქოსდა, შენ ვიღასი ტიკიტომარა ხარო და თავისი საქმე განაგრძეს, -დაინდეთ, - კვლავ განაგრძო მოხუცმა, - შეცდა, შეეშალა, მეორეჯერ აღარ იქურდებს, ..ოსის ბიჭია, მამა არ ჰყავს, ქართველებთან იზრდება, ოსურიც იმიტომ არ იცის,- მათ შეჩერებას ცდილობდა კაცი, მაგრამ კაციჭამიებს ჰგავდნენ დამსჯელები. იცნო, ვინც იყვნენ. ორი ძმანი, მათ შესახებ ბევრი რამ სმენოდა კიდეც, მაგრამ მათმა საქციელმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, იცოდა რა დაუნდობლები და კაცისმკვლელები იყვნენ, ასეთები ყველა ერში გამოერევა ხოლმე და სამარცხვინო ლაქასავით დაედება, რომლის ჩამორეცხვაც მერე ადვილი არ არის.- მე დავავალე კაკლების მოტანა სკოლაში,- აგრძელებდა მოხუცი, - მათემატიკის მასწავლებელი ვარ, რა ვიცოდი, აქეთ მხარეს თუ გადმოვიდოდა, - სიტუაციის განმუხტვას ცდილობდა, - არაფერი ჭრიდა, ერთმა სახეში მოარტყა მუშტი ბიჭს და ცხვირი გაუტეხა, სისხლი დაედინა ბავშვს მკრთალ გამხდარ სახეზე, რამდენიმე წუთში ისედაც უსუფთაო ტანსაცმელი სისხლში ამოესვარა, ამას კი ვეღარ გაუძლო მოხუცმა და ბრაზმორეული ყავარჯნით ხელში მაცემარებისკენ გაექანა. მოუტრიალდნენ გამხეცებულები, მასაც მოხვდა ერთი-ორი, თუმცა მოხუცი ხმას არ იღებდა, ისე უდრტვინველად იტანდა ყველაფერს, იმედი ჰქონდა,  ცემის ჟინი გადაუვლიდათ და ბიჭს თავს დაანებებდნენ, მაგრამ ყველაფერი უშედეგო აღმოჩნდა. ბავშვს ხელებზე თოკი მოაბეს და ძაღლივით წაათრიეს იქვე ახლოს მდგომი სახლისაკენ. ძირს დაგდებულ მოხუცს თავი დაანებეს. ვანო პაპა ადგა,  გამოუდგა წასულებს, ეხვეწებოდა, ბავშვი გაუშვით, დედამისი ინერვიულებს, მაგის მეტი არავინ ჰყავსო. არავინ უსმენდა, თავჩაქინდრულ ბიჭსაც ხმა ჩაწყვეტოდა ყვირილისგან. პატარა დამნაშავემ ახლაღა იცნო თავისი დამცველი, დასიებული თვალებიდან ძლივს იყურებოდა. გაუკვირდა, არ ეგონა,  თუ  მათემატიკის მასწავლებელი დაიცავდა ქურდსა და აბეზარს და მისი გულისთვის საშიშროებაში ჩაიგდებდა თავს, გაკვეთილებზეც არ უსმენდა, ხშირად აცდენდა, ერთხელ არ გასულა დაფასთან. მოხუცი უკან მიჰყვებოდა წინ მიმავლებს. ძმები უკან იხედებოდნენ, დაცინვით უყურებდნენ მოხუცს, რომელიც ბიჭის გათავისუფლებას ითხოვდა, რომ ვერაფერს გახდა, სთხოვა ნება დაერთოთ ბიჭს თან ხლებოდა, დათანხმდნენ. ეზოში შესულებს მეზობლები შემოეხვივნენ, მათაც გაეგოთ ყვირილის და ჩხუბის ხმა და მოსულიყვნენ, ზოგი სეირის საყურებლად, ზოგიც- საგულშემატკივროდ, ზოგიც -  ღმერთმა იცის, რისთვის. არავინ მოუწონა ძმებს საქციელი, მაგრამ უკან ვერ დაახევინეს, თურმე აპირებდნენ ქურდისთვის საბოლოოდ ესწავლებინათ ჭკუა, მაგრამ რა გზით, ჯერ არ ჰქონდათ გადაწყვეტილი. ვანო პაპამ მოსულებში ერთი-ორი  ნაცნობი აღმოაჩინა, დახმარება სთხოვა, დაჰპირდნენ, ძმებს დავათრობთ და მერე ბიჭს გამოვაპარებთ და წაიყვანეო, ასევე ბიჭის დედასაც შეატყობინებდნენ, რომ ბავშვი ცოცხალი იყო და საღ-სალამათი, ოსურ სოფელში დარჩა ვანო მასწავლებელთან ერთად და დილით დაბრუნდებაო. მოხუცი ცოტა დაწყნარდა, ნაცნობთან შეაფარა თავი. საწოლზე წამოწვა, ის იყო მიეძინა, გააღვიძეს, ბავშვი თავისუფალია და წაიყვანეო, სიხარულის ელდა ეცა, გული ეტკინა,  მარცხენა მხარეს ხელი წაივლო, მაგრამ ხვდებოდა რომ ამის დრო არ იყო, ბავშვს ხელი მოჰკიდა და სიბნელეში გაუჩინარდა. მოხუცმა ყველა კუთხე-კუნჭული ზეპირად იცოდა, ამიტომ იოლად მიიკვლევდა გზას. ხანდახან გული შეახსენებდა ხოლმე თავს და ჩერდებოდა, ტკივილი მატულობდა, მოხუცი ჩქარობდა, თენდებოდა, არავინ დაგვეწიოსო, მერე უფრო გართულდებოდა ბავშვის გამოხსნა. მიმავალთაგან არც ერთი არ იღებდა ხმას, ისე უსიტყვოდ მიუყვებოდნენ გზას მოსწავლე და მასწავლებელი. ბიჭი ახლა ძალიან ნანობდა, რომ კარგად არ სწავლობდა მათემატიკას, აბრაზებდა დედას, მერე ღმერთს პირობას აძლევდა, რომ თუ სამშვიდობოს გავიდოდნენ, კარგი მოსწავლე გახდებოდა, დედას გაახარებდა, ვანო მასწავლებელსაც... საზღვარს მიუახლოვდნენ, ქართული სოფელიც გამოჩნდა, - გაიქეცი, მე აქ დავრჩები, - თქვა მოხუცმა და მიწაზე დაჯდა, ტკივილისგან ბალახები მობღოჯა, მეორე ხელი გულზე მიიდო, სახე მოეღრიცა,- წადი, წადი, - ეძახდა ბიჭს, რომელიც ჩასჭიდებოდა მოხუცს და მის წამოყენებს ცდილობდა, - გაიქეცი, თუ დაგიჭირეს, მოგკლავენ,- ეუბნებოდა კაცი,- მათ დანდობა არ იციან, ისინი ადამიანები არ არიან, ხომ ნახე, - ძლივსღა ლუღლუღებდა, - წადი და პირობა მომეცი, რომ დიდი ადამიანი გახდები, - დაამთავრა მოხუცმა, ბიჭმა თავი დაუქნია, მიხვდა, რომ ავადმყოფის დახმარებას მარტო ვერ შეძლებდა, ხელი გაუშვა და ქართული სოფლისკენ გაიქცა. მოხუცი ხვდებოდა, რომ ბიჭი აუცილებლად მოიხედავდა უკან, არ უნდოდა წაქცეული დაენახა, სამუდამოდ დაამახსოვრდებაო, უკანასკნელი ძალები მოიკრიბა... როცა ბიჭმა მოიხედა, გაუნძრევლად იჯდა, თავი გვერდზე დაეხარა და მას შესცქეროდა, თითქოს მის ყველა მოძრაობის იმახსოვრებდა, თვალი თვალში გაუყარეს ერთმანეთს მასწავლებელმა და მოსწავლემ, თითქოს ერთმანეთს დაემშვიდობნენ.

       მეორე დღეს მთელ სოფელს მოედო ეს ამბავი, ცოტა ხანი ეძებეს მოხუცი. რომ ვერაფერი გაიგეს,  მიივიწყეს, ალბათ ოსებთან დარჩაო...იმიტომ, რომ იმედი არ გაჰქრობოდათ, ცოცხალიაო.  სკოლაში ახალი მათემატიკის მასწავლებელი მოვიდა. ბიჭს კი არასოდეს დავიწყებია თავისი მასწავლებელი, ის დღეს მართლაც დიდი კაცია და სამშობლოს ემსახურება.