წიწილების მცველი
(საბავშვო)
მელაკუდა ეშმაკუნა
აქ გაძვრა და იქ გამოძვრა,
ბატს და ქათამს ემსახურა,
ლამის ქებით ენა მოსძვრა.
ეს რა მონა ვიშოვეთო,
გაუკვირდათ ალალ ფრთოსანთ,
ვერ ავიტანთ სიშორესო,
მოეფერნენ ცრუ ღვთისმოსავს.
საქათმეში დაასაქმეს,
წიწილების მცველად უზით,
ითვლის კვერცხებს და თან ქათმებს
სულ გაავლო მელამ მუსრი.
მაია დიაკონიძე
22.06.2026 წელი
Izolda Chipashvili
(ექსპრომტად)
მელაკუდამ დრო იხელთა,
რა ქათამი... რის ბატი,
ჩქარა კრება მოიწვია,
გააჩაღა დებატი.
თავმჯდომარეც თვითონ იყო,
მდივანიც და წამყვანიც,
უთენია გვაღვიძებსო
და დასაჯა მამალი!
იქეთ დედლებს დაერია,
კვერცხის დებას უკლესო,
იხვი, ბატი მოინელა
და მიადგა ჭუკებსო.
სულ გაავლო მუსრი ყველას,
რა წიწილი, ვარია...
გაფუმფულდა წუწკი მელა,
საქათმე აბარია!
.................
ერთ დროს სავსე საქათმეში
სიხალვათე სუფევსო,
ასე იცის უმეცრებამ -
ეშმაკს გუნდრუკს უკმევსო
No comments:
Post a Comment