გუშინ ავტობუსში ავედი ,,დინამოს" სტადიონთან. ქალი შევნიშნე, მოლურჯო-მომწვანო თვალებით, თავსაფარწაკრული, როგორც მუსულმანი ქალები არიან შემოსილები, ისე იყო ჩაცმული. ჩემდა გასაკვირად, თეთრი პირისახე ჰქონდა და არ ჰგავდა აღმოსავლეთის ასულს. ქართველი მეგონა, ალბათ, აჭარელია, გავიფიქრე. მის გვერდზე ადგილი გათავისუფლდა, მიიწია და დამსვა, ჩემდა უნებურად ვკითხე, ქართველი ხარ? ,,I don't speak Georgian". - არ ვლაპარაკობ ქართულად, - ინგლისურად მიპასუხა. მერე ტელეფონზე აკრიფა ტექსტი ქართულად: ,,რისი თქმა გინდოდათ?", ეტყობა რამე პროგრამას ათარგმნინა. ინგლისურად ვუთხარი: ,,You are a beautiful woman." - ლამაზი ქალი ბრძანდებით. უცებ გერმანულად მკითხა: ,,Sprechen Sie Deutsch?" გამეხარდა ეს შეკითხვა, გერმანული უკეთესად ვიცი, ვიდრე ინგლისური. ბავშვობაში და ახალგაზრდობაში ვსწავლობდი, ერთ დროს კარგადაც ვიცოდი, მაგრამ ახლა კი ცოტა დავიბენი. ვუთხარი: ,,wenig", ცოტა, თან თითებით ვაჩვენე, ორი თითი მივუახლოვე ერთმანეთს. ახლა გერმანულად გავუმეორე ,,Du bist eine schöne Frau"- თქვენ ლამაზი ქალი ხართ. გაიცინა, მარგალიტის კბილები გამოაჩინა. ,,Ich wollte das Gleiche sagen – Sie haben wunderschöne Augen."მითხრა. დაახლოვებით მივხვდი, რასაც მეუბნებოდა,: იგივე მინდოდა მეთქვა, ულამაზესი თვალები გაქვთო. ასე გავუცვალეთ ერთმანეთს ქათინაურები მე და ამ მუსულმანმა ქალბატონმა. ბოლოს მითხრა, პირველი ქართველი ქალბატონი ხართ, ვინც გერმანულად დამელაპარაკაო. იმის თქმაც მოვასწარი: ,,Ich habe in der Schule Deutsch gelernt, aber ich habe vieles vergessen." სკოლაში გერმანულს ვსწავლობდი, მაგრამ დამავიწყდა მეთქი. ჩასვლის დროც მოვიდა, დავემშვიდობე, ,,Auf Wiedersehen, schöne Frau." - ნახვამდის მშვენიერო ქალბატონო. ისიც დამემშვიდობა: ,,Auf Wiedersehen" - ნახვამდის.
Friday, June 26, 2026
შეხვედრა, ჩანახატი
არ ვიცი, რატომ მიმიზიდა ამ ქალბატონმა, რაღაც მშობლიური, ქართული ვიგრძენი მასში. ალბათ თურქეთიდანაა, გერმანიაში ცხოვრობს, გავიფიქრე, იქნებ ქართველია, ზღვის მოლურჯო-მომწვანო ტალღები ლივლივებდა მის თვალებში. საოცარი სითბო დამრჩა გულში. ზოგჯერ ასეთი შეხვედრები გვაბედნიერებს ადამიანებს, რაღაცას გვახსენებს, რაღაცას გვასწავლის, რაღაცა ნიშანს გვაძლევს.
გერმანულის ცოდნაც რომ გამომადგა, ესეც გამეხარდა. ორიოდე წლის წინ ჰერმან ჰესეს ერთი ზღაპრის გადათარგმნა მინდოდა, დავიწყე კიდეც, მერე მივატოვე ეს საქმე. ახლა გადავწყვიტე, ისევ ხელი მოვკიდო თარგმნას. ვნახოთ, რა გამომივა.
მაია დიაკონიძე
25.06.2026 წელი
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment