კოპლიკა
კოპლიკა ჩვენი კორპუსის კატა იყო. აქ დაიბადა, წლინახევრის იქნებოდა, თეთრი შავი კოპლებით, ერთმა რაჭველმა მეზობელმა ამის გამო კოპლიკა შეარქვა. სამი თვის წინ სადარბაზოში დიდი აჟიოტაჟი ატყდა, რატომღაც ერთმა კატამ, მაკე აღმოჩნდა, მეხუთე სართულზე დაიწყო მოსაქმება. აღიძრა საქმე კატების წინააღმდეგ და მეზობლებმა გადაწყვიტეს კატების ლიკვიდაციის ოპერაციის ჩატარება. კატებს გაასტერილებენ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში და ან ისევ აქ მოიყვანენ ან უსაფრთხო ადგილზე დასვამენო.
ერთ ღამეს, პირველი იყო დაწყებული, კატის კივილი შემომესმა, გავედი, სადმე ხომ არ გაიჭედა მეთქი კატა. ზევით წავედი, არ იყო, ჩავედი მეხუთე სართულზე, უზარმაზარ გალიაში, ალბათ, ძაღლებსაც მაგით იჭერენ, ეს ჩვენი კოპლიკა ზის, მეზობლის სტუმარი გოგონები ეხვევიან თავს და კატასთან ერთად ტირიან, იხვეწებიან, გამოუშვითო. გამოვიდა მეზობელი, რომელსაც გალია ჰქონდა ჩაბარებული, საშინლად ყვიროდა, თქვენ ვინ გეკითხებათ ამ კატის ამბავს, ცხოველთა მონიტორინგის სამსახური მოვა და წაიყვანსო, გამოცვივდნენ სხვა მეზობლებიც, ფეკალუებში რატომ უნდა ვიცხოვროთო, ამასობაში კატა კრუნჩხვებში ჩავარდა, გონება დაკარგა, საშინელი ამბავი იყო. გამოვესარჩლე კატას, ოთხი ქალი ერთდროულად ყვიროდა. ამასობაში მოვიდნენ მონიტორინგის სამსახურის ბიჭები, კატა წაიყვანეს.
მეორე დღიდან სოფო რეკავდა მათთან, არკვევდა კატის მდგომარეობას. გაასტერილეს, რამდენიმე დღეში მოიყვანეს, ჩემს ავტოფარეხში შევიყვანე, ორი კვირა იქიდან არ გამოდიოდა, ვკვებავდით, ნელ- ნელა გათამამდა, გარეთაც დაიწყო სიარული, მაგრამ ხშირად კორპუსის კართან მოდიოდა და ტიროდა, შემომიშვითო. მაგრამ მეზობლების შიშით როგორ შემოვუშვებდი. კარგად ვაჭმევდი, დღეში ორჯერ- სამჯერ ჩამქონდა ძვირადღირებული საკვები. ერთი კვირის წინ შევხედე, დაზიანებები შევამჩნიე, თითქოს ზოლებად ბეწვი ჰქონდა ამოგლეჯილი, სისხლი არ ჰქონდა. მეზობელმა მითხრა, ალბათ, იჩხუბაო. გამიკვირდა, დედალი კატა როგორ იჩხუბებს მეთქი. გამომყვა, საჭმელი ჭამა, მომაფერებინა კიდეც, გავიფიქრე, ბეტადინს ჩამოვიტან, წავუსვამ ,მაგრამ იმ დღის მერე არ მინახავს.
სავარაუდოდ, მანქანამ დაარტყა და გვიან განუვითარდა სისხლჩაქცევები და მოკვდა. ერთი კვირაა ვეძახი, მაშინვე მორბოდა ხოლმე, აღარ ჩანს კოპლიკა. თითოეულ სულიერ არსებაზე გული მტკივა.
ძალიან განვიცადე ეს ამბავი.
სოფომ სიზმარში ნახა, ყურიდან სისხლი მოსდიოდა და შენს ოთახში იმალებოდაო. ალბათ, როგორ უნდოდა შველა.
მკლავს ადამიანების გულგრილობა, თუმცა რა გასაკვირია, ადამიანებს არ ინდობენ, კატა ვის შეეცოდება.
No comments:
Post a Comment