Monday, June 24, 2024

კატებზე

 კატებზე მოგიყვებით:

ჩვენს სადარბაზოში რამდენიმე კატა ცხოვრობს, ერთი წითური, რომელიც 12 წელზე მეტისაა, ქუჩაშიც გადიოდა, მოჩხუბარი და მებრძოლი, ახლა ცოტა ავადმყოფობს, ამიტომ ჩემს სართულზე ყუთში იჯდა მუდმივად, აქ დაცხოვრდა. წამოეწია ახალგაზრდა თაობა, შარშან კიდევ გაჩნდნენ კნუტები, შავმა ქუჩის კატამ მაინცდამაინც ჩვენი სადარბაზო აირჩია შთამომავლობის გასამრავლებლად, მონაგარი დაგვიტოვა, ერთი ჭრელი დედალი და ერთი შავი მამალი კატა. ეს სამი კატა აქამდე მშვიდობიანად თანაცხოვრობდა, მაგრამ ამ ჭრელმა დედალმა კატამ ახლახანს სამი კნუტი მოგვიყვანა. იმ ორ მამალ კატას სულ ბდღვირი ადინა, არცერთს აღარ უშვებს ჩვენს სართულზე. საოცარია დედის ინსტიქტი, ფიქრობს, მის კნუტებს ვინმემ რამე არ დაუშავოს.
თვითონ ეს დედა კატა ერთი წლისაც არ არის, მაგრამ შესანიშნავი დედა გამოდგა. საინტერესოა, რომ სანამ საჭმელს დაუდებ, ხელზე გეფერება, მადლიერებას გამოხატავს. თვითონაც მოფერებას ითხოვს. ყველა სულიერს სჭირდება მოფერება და თბილი სიტყვა.
მოვეფეროთ ერთმანეთს, გვიყვარდეს ერთმანეთი, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს!
ესაა ჩემი ლოზუნგი.

No comments:

Post a Comment