Tuesday, June 11, 2024

წიგნი ,,გაზაფხულის კაბიდან გადმოვარდნილი ყვავილის ამბავი“

წიგნი ,,გაზაფხულის კაბიდან გადმოვარდნილი ყვავილის ამბავი“ აერთიანებს 18 ზღაპარს და თექვსმეტ მოთხრობას. მთავარი ხაზი, რაც მათ კრავს, არის ბუნების სიყვარული, რაც ბავშვებმა უნდა შეიმეცნონ და გაითავისონ. რათა არ მოსწყდნენ რეალობას, არ იქცნენ რობოტებად,  იყვნენ ბუნების ნამდვილი შვილები და უყვარდეთ ყველაფერი, რაც ჩვენ გარშემოა, რაც მრავალფეროვანს და საინტერესოს ხდის სამყაროს. კაცობრიობის გადარჩენის გზა ხომ სწორედ ამაშია, არ ვავნოთ ბუნებას, არ ჩავტეხოთ ხიდი მასა და ჩვენ შორის. ზღაპარში ,,გადაშლილი თეთრი წიგნის ამბავი“ ნაჩვენებია, თუ რა საიდუმლოებებს ინახავს ტყე და როცა თოვლი დაფარავს მიდამოს, მაშინ მრავალ საიდუმლოებას ფარდა აეხდება, მთავარია, მისი წაკითხვა და გამოცნობა შევძლოთ. ამით სხვა სულიერთაც დავეხმარებით და ჩვენს თავსაც. ზოგიერთ ზღაპარში გოგო მაიას, ზღაპრების ერთ-ერთი მთავარი გმირის, მესაიდუმლენი ძაღლი ბახულა, ჩხიკვი მახარა და თაგვი ნიგოზა არიან. ისინი ბევრ რამეს ასწავლიან გოგონას, რომელიც ძალიან ცნობისმოყვარეა და როდესაც გასაჭირშია, ბებია ჰყავს ავად, გულისხმიერი ჩხიკვი მახარა ძახველის, როგორც სამკურნალო საშუალების შესახებ შეახსენებს, რითაც  ბებიას განკურნებას შეუწყობს ხელს. ბავშვი ხვდება, რომ მეგობრობა დიდად ფასობს და მის გარეშე ძნელია ცხოვრების სიძნელეებს გავუმკლავდეთ. (,,ძახველი“)

   წიგნში ბევრი ზღაპარი შემეცნებითი ხასიათისაა. ბავშვები სწავლობენ, ვინ მოიგონა საპნის ბუშტები(,,საპნის ბუშტები“), ფერადი ფანქრები(,,ფანქრის მთლელი“), რა დიდი მნიშვნელობა აქვს ჭადრაკის ცოდნას. ამ საოცარი გონებამახვილური თამაშის ცოდნით აღჭურვილი პაპა-შვილიშვილი დაამარცხებენ ტყის მეფეს და მისი ტყვეობიდან დაიხსნიან თავს(,,პაპა“). ზღაპარი დატვირთულია ხალხური ზეპირსიტყვიერების ელემენტებით საინტერესოა ზღაპარი  ,,მწერების მოყვარული გოგონას ამბავი“, რომელშიც აღწერილია პატარა, თითქოსდა უსახური, მწერების დიდი დამსახურება ადამიანების - ბებია-შვილიშვილის გადარჩენაში, რისთვისაც მათ მთვარემ თავისი ნათელი უბოძა, ამიტომაც ადამიანებმა მათ ციდან მოსული ნათელი, ციცინათელები შეარქვეს. ციცინათელებისადმი ბავშვებისათვის სიყვარულის ჩანერგვას დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, მათ გადაშენების საფრთხე ემუქრებათ.

  თუ ზღაპრების და მოთხრობების უმრავლესობაში მთავარი მოქმედი პირნი ბავშვები არიან, ,,ერთი ლოკოკინას ამბავი“ ამით გამორჩეულია. ამ ზღაპრის მთავარი გმირი ლოკოკინა ერნაა, რომელსაც ისეთი თვისებები, როგორიც ცნობისმოყვარეობაა, ყველაფრის ცოდნის სიყვარული გადაარჩენს. მეგობრები: მელაკუდა - ბრაწო, ზღარბუნია - წიკო და და ბაჭია - ტატუნა კი ლოკოკინას საოცარ სახლს აუშენებენ, რომ მეტად აღარ დაიკარგოს, სულ თან ატაროს, ხოლო სიარულის დროს საოცარი ბრჭყვიალა თეთრი კვალი დატოვოს, რომ  მეგობრებმა ადვილად იპოვონ.

     წიგნში წარმოდგენილ მოთხრობებსა თუ ზღაპრებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება მზეს, სიცოცხლის შემოქმედს, რომელიც ნაწარმოებების გმირებს იშვიათი თვისებებით აჯილდოვებს: სიყვარულით, გულის სითბოთი,  რომელსაც შეუძლია გაყინული გულებიც კი დაადნოს(,,გულგაყინულთა ქალაქი“).

   ზღაპარი ,,ქარი და კლდე“ მეგობრობის იშვიათი მაგალითია. უსიყვარულობით გულშეწუხებულ შავ პირქუშ კლდეს მეგობარი ქარი იების თესლს აჩუქებს. კლდის გულის სითბო იებსაც ააყვავილებს და შავი გოლიათი ულამაზეს იების კლდედ გადაიქცევა, რომელიც მნახველს აოცებს თავისი მშვენიერებით.

  შური რომ არ არის კარგი მეგობარი, ბავშვები გაიგებენ ზღაპრიდან ,,მზისა, მთვარისა და ჯადოსნური ნემსი“. ყოველგვარი უარყოფითი თვისებების დაძლევა შეიძლება სიყვარულით. ბებიამ ეს კარგად იცის ეს და თავისი სიმღერა-დალოცვებით მზისას და მთვარისას შორის მეგობრობის ხიდს განამტკიცებს. აღდგება დარღვეული ჰარმონია, რომელიც სამყაროს ერთიანობაზე მიუთითებს, მზისა და მთვარის, ღამისა და დღის მონაცვლეობა ხომ კოსმიური წესრიგია, რომელსაც ყველა უნდა ვემორჩილებოდეთ.

  წიგნის სათაურად გამოტანილი ზღაპარი ,,გაზაფხულის კაბიდან გადმოვარდნილი ყვავილის ამბავი“ კი ბალბაზეა, რომელსაც თავისი სუნის გამო იწუნებენ სხვა ყვავილები, მაგრამ ის ყველაზე პოპულარული ყვავილი ხდება, გაზაფხული მას ათას ფერს ჩუქნის.

   მოთხრობების გმირები ასევე პატარა გოგონები და ბიჭები არიან, რომლებიც თავიანთი კეთილი თვისებებით, მიზანსწრაფულობით, სიკეთის დანახვის უნარით აუცილებლად დაიმსახურებენ ბავშვების ყურადღებას და სიყვარულს.

   განსაკუთებულ ყურადღებას იმსახურებს მოთხრობა ,,საშკო“, რომელიც ომის თემას შეეხება. ეს არის ომი, ბავშვის თვალით დანახული. რომელიც აღარასოდეს უნდა განმეორდეს.

    იმედია, წიგნი დაიმსახურებს მოწონებას!

 

 


No comments:

Post a Comment