Wednesday, June 14, 2023

მაინც სიცოცხლის წყურვილი მჭირდა

 მაინც სიცოცხლის წყურვილი მჭირდა!

მე არასოდეს არ მქონდა ბედი,
ესე ცხოვრება სულ მუდამ მცდიდა,
მირტყამდა ხშირად ჯოხით და კეტით,
მაინც სიცოცხლის წყურვილი მჭირდა.
ხან მიცხადებდა მატსა და შამათს,
ყაიმი ხშირად ათასად ღირდა,
არ მიფასებდნენ შრომას და ამაგს,'
მაინც სიცოცხლის წყურვილი მჭირდა.
მაგრამ ხანდახან ხომ დგება წამი,
ერთი სიტყვისთვის სიკვდილი გინდა,
და რომ არ მოკვდი, მშვიდდები ამით, -
შენ ხომ სიცოცხლის წყურვილი გჭირდა.
მაია დიაკონიძე
11.06.2023 წელი

Tuesday, June 13, 2023

თევზაობა (საბავშვო მოთხრობა)

  ზაქროს და ილიას დილიდან სათევზაოდ წასვლა გადაეწყვიტათ. დილაუთენია გაიღვიძეს, დედას საგზალიც კი გაამზადებინეს, ნამდვილმა მეთევზემ მდინარის პირას უნდა წაიხემსოს კიდეცო. ანკესები ძილის წინ მოამზადეს, თავიანთ ოთახში იქვე კედელზე მიაყუდეს. ახალგაღვიძებულებმა ისაუზმეს, გადაიდეს ანკესები მხარზე და მდინარისკენ გასწიეს. ძაღლი ბათურაც იმათ აეტორღიალა. მდინარე ახლოსაა, იქვე სოფლის ბოლოში ჩამოდის. შევიდნენ ჭალაში, გზადაგზა ტირიფებს დაეხარათ თავი, ვერხვისა და არყის ხეებიც ბლომად იყო მდინარის პირას. ზაფხული იდგა და მზე ცხელ დღეს ჰპირდებოდა დედამიწას, ცაზე ღრუბლის ნატამალი არა ჩანდა. ბიჭებმა ფოთლებით ყველაზე დახუნძლული ხე შეარჩიეს და იმის ქვეშ მოიკალათეს, სიცხე აღარ შეგვაწუხებსო. ბათურა მხიარული ყეფით იკლებდა ახალგაღვიძებულ ჭალას. იქვე ხეზე ყვავი ყრანტალებდა, თითქოს იმუქრებოდა, ემანდ რამეს ზედმეტად არ ახლოთ ხელი, ჩემი სამფლობელოაო. გაშალეს ანკესები პატარა მეთევზეებმა, დაიწყეს თევზაობა, მაგრამ თევზი არა და არ ეტანებოდა კაუჭზე წამოცმულ ჭიაყელებს, წინა დღის საღამოს რომ შეეგროვებინათ ბიჭებს ახალნაწვიმარ მიწაში. ხმაური აშინებს თევზსო, თქვეს, ბათურას ყეფა აუკრძალეს, ჩუმად იჯექი, თევზს გვიფრთხობო და უეცრად ჩამომდგარ სიჩუმეში საიდანღაც კვნესა გაიგონეს. ძაღლმა ყურები ცქვიტა, ბავშვებმაც მიაყურადეს, უნდოდათ გაერკვიათ, ხმა საიდან მოდიოდა, კვნესა განმეორდა, ბიჭებმა სასწრაფოდ დაყარეს ანკესები და ძაღლთან ერთად ჭალაში შეტოპეს. ყვავიც ფრენა-ფრენით ბიჭებს გამოუდგა, ყველაფერი ხომ უნდა გაეკონტროლებინა,  ყვავები ძალიან ცნობისმოყვარენი არიან. ოციოდე ნაბიჯი რომ გადადგეს, მოხუცებული დაინახეს, მუხის ხის ფესვებზე მიწოლილი, ახლოს მივიდნენ, პაპა ერმილე აღმოჩნდა, მათი თანასოფლელი, მარტო ცხოვრობდა, შვილები ქალაქში გადასულიყვნენ საცხოვრებლად, მასაც ეპატიჟებოდნენ, მაგრამ სოფელი ვერ მიატოვა. ილიას და ზაქროს ტოლი შვილიშვილიც ჰყავდა, ანდრია, ზაფხულობით ჩამოდიოდა პაპასთან. ბიჭები მიცვივდნენ მოხუცს, ძლივძლივობით წამოაყენეს, აქეთ-იქიდან ამოუდგნენ  მხრებში და სოფელში წაიყვანეს. გზადაგზა ლოცავდა ბიჭებს მოხუცებული,. ფიჩხის შესაგროვებლად წამოვედი, ჩემები ჩამოდიან დღეს ქალაქიდან, მწვადი უნდა შემეწვაო. პაპა ერმილე სახლში რომ მიიყვანეს, მისიანები უკვე ჩამოსულები დახვდნენ, პირველი ანდრია შეეგება მოხუცებულს, მერე უკან ჭალაში დაბრუნებულ ბიჭებს თან გაჰყვა, პაპას შეგროვებული ფიჩხი მოატანინა ბავშვებს, თვითონ სახლში დარჩა, ზაქრომ და ილიამ კი თევზაობა განაგრძეს. გაავსეს ვარცლი ბიჭებმა თევზებით, ქორჭილას, ნაფოტას, ფარფლწითელას, გოჭას, ზუთხს და სხვა კიდევ რომელ თევზს არ ნახავდით აქ, თითქოს ბუნებამ დააჯილდოვა ბიჭები, კეთილი საქმე გაგიკეთებიათო. თევზების ნაწილი პაპას  და მის ახალჩამოსულ სტუმრებს მიუტანეს, ნაწილი სახლში წაიღეს.
     მეორე დღეს ბიჭებს ანდრიამ მიაკითხა, ბიჭები თავისთან მიიპატიჟა. სხვა სტუმრები ისევ ქალაქში დაბრუნებულიყვნენ, ანდრია კი პაპასთან საცხოვრებლად დარჩენილიყო, ასეთი იყო მისი ნება, მშობლებსაც წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. პაპას არასოდეს დავტოვებო, უთხრა ზაქროს და ილიას. საღამომდე იმათ ეზოში დარჩნენ ძმები, ანდრიას ეზო-კარის გამართვაში ეხმარებოდნენ, შეჰპირდნენ, ხვალაც მოვალთო. საღამოს მზის სხივებში გახვეული დატოვეს პაპა-შვილიშვილი ბიჭებმა. იჯდა მოხუცებული ჯოხით ხელში თავისი სახლის ჭიშკართან, გვერდზე ანდრია მისჯდომოდა, ერთი ხელი პაპასთვის მხარზე გადაედო, მეორეთი  ბიჭებს ემშვიდობებოდა.
26.06.2020წელი

 შენი თვალები ლილა არის,

გამშვენებს ვერცლის თმა, აბჯარი,

მთაო, შენი გული ამაგდარი,

სადღაც სხვა სიღრმეში ჩაფალი.

მთაო, მხრებზე წყალი გეწვიმება,

ეს ხომ დედაშენის ცრემლია,

ღვთიშობლის ნანაზე გეძინება,

მებრძოლი ეგ შენი მკერდია.

დახვდები მტერს, გულ-მკერდს შეულეწავ,

ხარ გმირთა გამზრდელი, აკვანი,

კაბას შავად ნუ შემიღებავ,

დაძარი, ეს მიწა დაძარი.



იყო ეს ღამე

იყო ეს ღამე

ათასწლეულებს გაატანდა ეგ შენი მზერა,
მიცქერდი სადღაც შორეული შუაღამიდან,
სულ სხვა მამალი ყიოდა და იდგა სხვა  ერა,
იყო ეს ღამე ძილგამკრთალი ამორძალისა.
ცეცხლი ენთო და ნაკვერჩხლები ღვიოდა გულში,
და მე მათბობდა ნაპერწკლები შენს ლამაზ თვალთა,
სულ ყოველივე ფერმკრთალდება და ხდება ფუჭი,
ოქრო და ვერცხლი, ბრჭყვიალება ალმასთა, ლალთა.
თუ კი გიყვარვარ, შენც ოცნების დააბი ცხენი,
ღვინოც დავწუროთ, საწნახელი სავსეა ყურძნით,
მთვარეც ჩააწვება აქვე ახლოს, ტბაში ჩვენ გვერდით,
რომ არ მოგვაკლოს არასოდეს მნათობთა შუქი.   




Monday, June 12, 2023

 ესეც გაივლის, სულ ყველაფერს აქვს თავის ბოლო,

გულში ეკალი არ დაგვრჩეს მხოლოდ.


გელოდი, აღარ მოგელი,

თოფს თუ გავმართავ ფალიანს,

გულს ჟანგი რომ მოსდებია,

სასროლად აღარ ვარგია.

ერთხელ მაინც ხომ გაისვრის,

ტყვია მაინც ხომ მარდია,

თვალთ დამეხატოს აისი,

ჩამყვეს თან შენი ხატია.




მზეო!

,,და ყოველივე როგორ ნაზდება, როცა ახლოა დრო შემოდგომის'', გალაკტიონი
მზეო!
მზეც ფერმკრთალდება, თვალში როცა გაკლდება შუქი,
ან როცა ზეცა იქუფრება, ღრუბელი ფარავს,
მზე მზე რომ იყო და და მათბობდა მზესავით გუშინ,
დღეს მომაგონებს შეწითლებულ დაცვარულ ხარდანს.
მთის იქიდან რომ იჭყიტება, მზეობას კარგავს,
ჩამავალ მზეს ხომ აღარა აქვს ის სითბო, შუქი,
სანამ ეს ღამე დამადგამდეს ბნელეთის კარავს,
მზეო, მოასწარ, ჩამანათე შიგ კაკალ გულში.
მაია დიაკონიძე
12.06.2023 წელი
ხარდანი - წითელყურძნიანი ვაზის ჯიში, კარგი ფერის, სასიამოვნო გემოს, სუფრის წითელი ღვინის დასამზადებლად.

Sunday, June 11, 2023

 ბოლო არა აქვს შურსა და მტრობას

და ვინ მტრობს ერთურთს? ალალი ძმები,

მე არ დავიწყებ არავის გმობას,

საფრენად მინდა მომესხას ფრთები.

არ მიყვარს ჭორი, ბილწი და ავი,

ან რას მოვიმკობ, სხვის გულისტკენით,

მინდა რომ ვიყო თუნდ ციდა შაშვი,

ალალი გულით, ალალი ბედით.

თუ კი ცხოვრება ერთ კარებს რაზავს,

ხვალ გაიხსნება კიდევაც ბევრი,

არ გავახარებ გულში ავ ზრახვას,

ერთი ლამპარი ვიქნები ქვეყნის.