Monday, September 22, 2014

მე შემოდგომის ფოთოლი ვარ! ( ვუძღვნი ემიგრანტებს)

მე შემოდგომის ფოთოლი ვარ, - მცივა და მტკივა,
ქარმა შორეთში, უგზოუკვლოდ, ფრენით წამიღო,
სხვის მიწა-წყალზე შევეხიზნე სიჩუმეს სტუმრად,
სამშობლოს ფერებს  მონატრებად მხრებზე დავიწყობ.
გამოლეულა მოთმინება, სიზმრებში ვტირი
დედას, უნახავს, (გულმოკლული დატოვებს სოფელს),
სულის ძაფები, გამობმული მშობლიურ სახლთან,
არ დაწყვეტილა, - სასოებით ეკვრიან შორეთს.
ფრესკები ძველი ეკლესიის ისევ მელიან,
ვფიქრობ შვილებზე, - უდედობის აჩნიათ დამღა.
ეს განშორება გასაოცრად სისხლისფერია, -
გულს შეეპარა ტკივილი და ცხოვრებით დაღლა...
მცივა და მტკივა,მხოლოდ ეკრანს ვეხები ხელით,
სინაზის, წყენის, სიყვარულის ლექსებს ვღიღინებებ,
შემოდგომის ქარს გამოვყვები ისევე ფრენით,
მშობლის საფლავზე უსასოო ცრემლით ვიტირებ.


Saturday, September 20, 2014

ისევ ვიპოვე სინათლე ჩემში

ქოლგას გამიხსნის ოქტომბრის ზეცა,
ზედ წვიმის წვეთი ლეკურსა ცეკვავს,
ძირს დაცვენილი ფოთლების ფერში,
ისევ ვიპოვე სინათლე ჩემში.

Friday, September 19, 2014

მონატრება (მოთხრობა)

     თავზე ლურჯი ცა მეხურა, მაგრამ თითქოს ჩემი არ იყო, რაღაც აკლდა, პირს სიამოვნებისაგან ვაწკლაპუნებდი, წინ მაყვლოვანი გადაშლილიყო, შავი ნაყოფი ცვარივთ ეყარა ბუჩქებს, კალათას გავავსებ, ბავშვებს გავახარებ,- ვფიქრობდი, ეკლებს არ ვეპუებოდი,ხელით ვწევდი ტოტებს, ფეხებსაც ვახმარდი, მალე დავსისხლიანდი, მაგრამ ტკივილს ვერ ვგრძნობდი, მახსენდებოდა ჩემი ბიჭის გაშავებული პირი და მხიარული სახე, ნეტა წამომეყვანა, -ვფიქრობდი, სისხლი მომაწვა სახეში, გამახსენდა, რომ ვერ დადიოდა, თბილისში ექიმებმა ცერებრალური დამბლა დაუდგინეს, ამ ავადმყოფობის სახელიც კი ძლივს დავიმახსოვრე. ტირილი მომინდა, მაგრამ გავხედე მაყვლოვანს, წარმოვიდგინე, როგორ გაიხარებდა ბავშვი და საქმე განვაგრძე. ორი ბიჭი მყავს, ერთმანეთზე უკეთესები, უფროსი კარგად სწავლობს სკოლაში, ენაცვალოს დედა, ისიც ჩაიგემრიელებს პირს, თორემ იმ პაწაწკინტელა სამოსახლოში, ომის შემდეგ რომ მოგვცეს, რა ხილი უნდა ჭამო, მართალია დიტომ ხეხილი ჩაყარა, მაგრამ ეგ როდის იქნება, ამიტომ მიწევს ტყეში სიარული, იქნებ შვილებს რამე მივუტანო,- ვფიქრობდი ნაღველით. ეჰ, ჩვენს ცხოვრებას თუ ცხოვრება ჰქვია, იმოდენა სახლ-კარი, ბაღ-ვენახი დავტოვეთ და ახლა აქ, პატარა მიწის ნაგლეჯზე ვცხოვრობთ,  ღმერთო, არ გეგონოს რომ უმადური ვარ, მიხარია რომ გადავრჩით,თუმცა ამდენი დარდისაგან ხეიბარი  შვილი შემეძინა. მერე რამდენი დაიღუპა.., რამდენი დასახიჩრდა,,, მაგრამ მაინც მინდა გითხრა, ჩემი სახლ-კარი მენატრება, ჩემი ჭალა, ჩემი ვენახი, ჩემი კარ-მიდამო, ჩემი მიწა, მერე როგორ გვიყვარდა ერთმანეთი მეზობლებს... ვინ იტყოდა, მე ქართველი ვარ და ის ოსიო...მეც ოსი ვარ, მაგრამ ვისზე ნაკლებად მიყვარს საქართველო?! ძნელია ავადმყოფი ბავშვის თბილისში ტარება, მასაჟები ჭირდება, ფული არა გვაქვს, ქმარი საშოვარზე თურქეთში წავიდა, მაგრამ იქაც ბევრი ვერაფერი იხეირა.ამას წინათ თამბაქოს პლანტაციებში მუშაობდა, მასთან ერთად ორი კასპელი კაცი ყოფილა, ერთს მეორესათვის 300 თუ 400 ევრო ესესხებინა, მსესხებელის შვილი გათხოვილიყო და ცოლმა ფული შემოუთვალა, ამანაც თურმე მევალეს ფულის დაბრუნება მოსთხოვა, მეორე დღეს ის უბედური ყელგამოჭრილი იპოვეს. იმ ამბის მერე ჩემს ქმარს იქ აღარ დაედგომებოდა, ეს ქართველები ვინა ყოფილანო, უკვირდათ თურქებს, რა დრო დადგა, რომ ქართველი კაცი ტვირთად დაწოლია დედამიწას და აგორებული ქვასავთ მოწყვეტილა....ფიქრისაგან ტვინი გამეხვრიტა, ისევ ჩემს საქმეს მივუბრუნდი, ყანებიდან მწყერის ხმა იმოდა, ჟრუანტელმა დამიარა ტანში, უფალო, არ მოაკლო საქართველოს ხვავი და ბარაქა, ადღეგრძელე და ადიდე. ჩემი ბიჭიც კარგად იქნება, ვჩურჩულებდი, - უცებ ყველაფერი განათდა, მზე ღრუბლებიდან გამოსულიყო, თავზე ხილაბანდი შემოვიჭირე და სავსე კალათით დავადექი სახლისაკენ მიმავალ გზას.

Thursday, September 18, 2014

ხტუნვა-ხტუნვით მოდის წვიმა

ხტუნვა-ხტუნვით მოდის წვიმა,
ყველა მინდორს დაურბინა,
მწყურვალ ველებს მისცა შვება,
მიწას ნაზად ეფერება.
ვარდმა გახსნა გულის კარი,
იღიმება დედოფალი,
მოანდომა ბულბულს სტვენა,
წვიმა ბრწყინავს ფერადებად.
თავს უკრავენ ზამბახები,
წყალს იწოვენ განაზებით,
სადღაც არ წვიმს შორიახლოს,
უნდა წვიმა მიეახლოს.

ჩამჩურჩულებენ იასამნები (ერთსტროფიანი)

აჰა, დამდგარა სიცოცხლის ბოლო,
კვლავ უსახური მოჩანს ლანდები,
"ვერ შეასრულე ორკესტრში სოლო",
ჩამჩურჩულებენ იასამნები.
მაია დიაკონიძე
18.09.2014 წელი

ესიზმრება დიდი კატა (საბავშვო)

შხაპუნია მოდის წვიმა,
თაგუნიას ტკბილად სძინავს,
ესიზმრება დიდი კატა,
სასაცილო პულტით მართავს.

წკაპა-წკუპით მოდის წვიმა (საბავშვო)

წკაპა-წკუპით მოდის წვიმა,
თამუნიამ დაიძინა,
ესიზმრება ტყე და მდელო,
გოგო არის სასახელო,
ეს რა მოაქვს მშრომელ გოგოს?
გაუვსია კაბის კალთა,
ნაწვიმარზე სოკოების
კრეფას ვეღარ აუთავდა.