Sunday, September 6, 2020

ახალგაზრდობის მოგონებებიდან

    სიყვარული ზოგიერთ ადამიანს თავს აკარგვინებს ხოლმე და ხშირად ძვირფას ადამიანებსაც კი. მახსოვს, ახალგაზრდობაში რამდენიმე გოგო ვმეგობრობდით, დიდი სიყვარული გვქონდა, სტუდენტები ვიყავით, ერთმანეთს ვსტუმრობდით, თითქმის სულ ერთად ვიყავით და თუ რამე დაგვაშორებდა, ვერასოდეს წარმოვიდგენდი. ერთ-ერთი ბინას ქირაობდა მთაწმინდაზე, კარგი ხალხი იყვნენ მეპატრონეები, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, პატარა ბავშვებით, კაცი გურული იყო, ქალი - მცხეთელი, ისინიც დაგვიმეგობრდნენ, ხშირად ვსტუმრობდით, ეზო-კარი ჩვენს განკარგულებაში იყო, შევკრებდით ფულს, ავაშიშხინებდით  მწვადებს, რა თქმა უნდა, ჩვენ გოგოებმა არა ვიცოდით ამ საქმის, გვყავდა მეგობარი ბიჭები, მეგობარს დღევანდელი გაგებით არ ვგულისხმობ, მართლა მეგობრები ვიყავით, როგორც საკუთარ თავს, ისე ვენდობოდით მათ. შემოვიარეთ რაჭა, სვანეთი, ერთ-ერთ მათგანს მანქანა ჰყავდა. ერთხელაც მაღლა გორაკზე მოგვიხდა ეკლესიის სანახავად ასვლა. გოგოებისთვის ძნელი იყო იმ კლდეებში სიარული, ასვლით ავედი, მაგრამ ჩამოსვლა გამიჭირდა და ერთ-ერთი ბიჭებიდან მომეხმარა ჩამოსვლაში, ხელი გამომიწოდა და მეც სიამოვნებით მივიღე დახმარება. ჩვენი ექსკურსია დამთავრდა, მაგრამ ამის შემდეგ ერთ-ერთი მეგობარი გოგონა გამებუტა, დაიწყო ჩემზე ირონიული საუბარი, მეგობრების და არამარტო მეგობრების წრეში შეურაცხყოფების მოყენება, არ ვეპასუხებიდი, ძალიან მიყვარდა, თუმცა საშინლად მტკიოდა გული, თვალები ცრემლებით მევსებოდა ხოლმე.  ყველა მისი გამოხდომის მერე. შევწყვიტე მასთან ურთიერთობა, მაგრამ ამ გაბრაზების და გაგულისების მიზეზს ვერაფრით ვხვდებიდი. სხვა გოგოებიც არაფერს მეუბნებოდნენ. ბოლოს თვეების მერე ერთი გამოტყდა, რომ ამ ქალბატონს ის ყმაწვილი ყვარებია, რომელიც კლდეებიდან ჩამოსვლაში მომეხმარა. რა იყო ჩემი დანაშაული, ვერ გავიგე, ალბათ, მისგან დახმარება რომ მივიღე, თორემ მე მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებდა მასთან, იმას თუ მოვწონდი, ან ვუყვარდი, ან იმ გოგონას თუ უყვარდა ეს ბიჭი, არაფერი ვიცოდი ამის შესახებ. არცერთს არაფერი უთქვამს ჩემთვის. წლების მერე ბოდიში მომიხადა ჩემზე განრისხებულმა, მაგრამ ის ურთიერთობა, რაც ჩვენ შორის იყო, სამუდამოდ დაიკარგა, ის გულისტკივილიც რატომღაც დღემდე შემომრჩა, უდიდესი გულისტკივილი, თითქმის ღალატი მეგობრის, თუმცა ალბათ ის პირიქით ფიქრობდა.

რადგან ვერ ვხედავთ დედას და მზეს

 არად ვაგდებდით დედების ცრემლს,

ვეშურებოდით ავბედით გზებს,

არ ვაფასებდით მლაშეს და  მწველს,

ახლა ვერ ვხედავთ დედას და მზეს.

ერეკებოდა გრიგალი ბზეს,

ანიავებდა ბზესა და ბედს,

ორიოდ სიტყვას, ორიოდ ღერს,

არ ვიმეტებდით, კვდებოდა დღე.

ახლა ჩვენს იღბალს სხვა ვინმე წყვეტს,

შრტიხი,  ხაზები ერთმანეთს კვეთს,

ვეღარ ავიღებთ ჩვენს თავზე მეტს,

რადგან ვერ ვხედავთ დედას და მზეს.





Thursday, September 3, 2020

ავტ. ანა (ანიკო ფერაძე) გალაკტიონის საპასუხოდ

 ქარს შემოვხვდი ქუთაისში, წყალტუბოდან ვარო,

მივესალმე, ვუთხარ, ვიცი, ვისი სუნთქვაც ხარო,
მგოსნის გულისნადები ხარ, სურვილების წყარო,
მისი ნაზი ამბორი ხარ, ჩემი სანეტარო!
წყალტუბოდან ქუთაისში მოფრენილი ხარო!
თუკი მკითხავ, ვით გავიგე, ჩუმი ზრახვა, მისი,
ვით გავიგე შენი ქროლა, შენი დასაწყისი.
უთხარ მგოსანს, რომ მიუხვდა ამას, ქუთაისი,
სავარდო და სამაისო, მისი ქუთაისი.

Wednesday, September 2, 2020

სიყვარულის რაფსოდია (სიმღერა) შეასრულა მაია სიჭინავამ

 აღარ მინდა შენი მოსვლა,

აღარც დაგელოდები,
ამ მიწაზე ერთად ყოფნის
ამოვწურეთ ქვოტები,
შენ ფიცხელი შევარდენი,
ბრწყინავ, როგორც მოზერი,
მე - პატარა ჩიტუნია,
სულ შენს მოსვლას მოველი.
აღარ მინდა სულში მყავდე,
მყავს პიკასო, გოგენი,
ამ მიწაზე ვეღარ გჩემობ,
ზევით დაგელოდები.
ჩამისახლდი, ამიჯანყდი,
გულზე შხამი მაპკურე,
შენ ბახი ხარ, მე - ვივალდი,
კრთის და ელავს საყურე.
მინდორში რომ დავფრინავდით,
მხრებზე მესხდნენ პეპლები,
ახლა შევჭკნი ყვავილივით,
შენ სხვას იკლებ ფერებით.

ოთხიათასი გმირი (სიმღერა)

 სიმღერა

ოთხიათასი მესხი
შევნატრი ბედს და იღბალს,
ოთხიათასი მესხის,
სადაც არიან ახლა,
ბედკრული კაცის ესმით.
იქ პატივს სცემენ მოხუცს,
იქ აფასებენ ვაჟკაცს,
არ ამოძრავებთ შური,
ღმერთს ადიდებენ მაღალს.
არდავიწყებას არა,
არ მიეცემა გმირი,
ოთხიათასი მესხის
საფლავზე დედა ტირის.
ღალატმა მოკლა კაცი,
ღალატს მოუკვდა თავი,
ოთხიათასი მესხის
აღარ გაცვდება მკლავი.
იცოცხლებს ყველა გმირი
სამშობლოს ვინაც ჩემობს,
ოთხიათასი გმირი
ისევ გაიტანს ლელოს.
ჯალალედინის ხმალსაც
გარნისს გაუცვდა პირი
ოთხიათასი მესხით,
ოთხიათასი გმირით,
მაგრამ რა ვუყოთ ღალატს,
ღალატს მოუკვდა თავი,
რამდენ სატკივარს მალავს
ძირგაცვეთილი ხამლით.
ქართული სიტყვის მადლად,
ხსოვნა-სიმღერად იქცნენ...
თავებს დავუხრით მდაბლად,
ცას გადავაფენთ ცისფერს.
ოთხიათასი მესხის,
ოთხიათასი გმირის,
შემოძახილი გვესმის,
მთაჭიუხების კიდით.
მაია დიაკონიძე
2.09.2020 წელი

ბედისწერის მსახვრალ ხელს ვერ გაექცევი

 ბედისწერის მსახვრალ ხელს ვერ გაექცევი,

დაგიჭერს და ტუსაღივით გაგკოჭავს,

აიწურე თუგინ მერე წყენით მხრები,

ტირილითაც არაფერი გამოვა.

სულში, გულში ზეციერის ხმები გესმის,

ტრიალებს და ბრუნავს ძველი არღანი,

ბავშვობას და შენს იისფერ მოგონებებს

დაუყრიათ სევდით ბრძოლის ფარ-ხმალი.

.

Tuesday, September 1, 2020

მეფერება მთვარე, შუქით მმოსავს (სიმღერა)

მეფერება მთვარე, შუქით მმოსავს,
თაველივით ოქროს სხივებს მაყრის,
ზევით მაღლა ხეთა ჩრდილი მოჩანს,
ბუ გაჰყვირის, როგორც ძველი ჩარჩი.
ამჩატდება ჩემი სული, იფრენს,
აღარ უჩანს ღამეს, მგონი, ბოლო,
გათენდება, გათენდება მაინც
და ტოროლა შეასრულებს სოლოს.
მზე მიმიღებს დობილად და შვილად,
ახლა ვიცი ის დამაყრის სხივებს,
ვყვარებივარ მზესაცა და მთვარეს,
ამ ორიდან მაინც მთვარეს ვირჩევ.