Sunday, February 9, 2020

დრომ არ დაგვინდო

დრომ არ დაგვინდო და ჩამოგვრეცხა,
ფსკერზე ვასვენივართ ნაშალები,
აღარც რაი გვცხია დავითისა,
აღარც გვეზრდებიან თამარები,
გონზე სწრაფად თუ ვერ მოვეგებით,
ჟამი თან წაგვიღებს გამალებით.

Friday, February 7, 2020

მე არ მეძინა (ერთსტროფიანი)

მე არ მეძინა წუხელის ღამით,
ვითვლიდი პულსით დაბერილ მაჯას,
რამდენი მქონდა ზღაპრული წამი,
გული კი ახალ სურვილებს მალავს.

სული ეშმაკებს მიჰყიდა (ერთსტროფიანი)

სული ეშმაკებს მიჰყიდა,
ხორცს კი ყორნები ჭამენ,
ვინაც ცოდვები იკიდა
ობლის, მიეზღოს მწარედ.

Saturday, February 1, 2020

იმედის ტალღა (ერთსტროფიანი)

სულში და გულში აქოჩრდება
იმედის ტალღა
და დავივიწყებ წყენასაც და
ტირილით დაღლას.

და მზეობანას ვთამაშობ ისევ (ერთსტროფიანი)

ბავშვივით ისევ ძაფებსა ვხლართავ
და მზეობანას ვთამაშობ ისევ,
ვუმზერ ქალაქზე დაკიდულ ანძას,
მაგრამ ის ხიბლი არა აქვს უკვე.

თუ გადავრჩებით...

ხან მაცივებს და ხან მაცხელებს,
რომ ვუცქერ აწმყოს
და არც მომავლის იმედი მაქვს,
არ ვიცი, რატომ.
სული არა ჩანს და თარეშობს
ცოდვილი ხორცი,
თუ გადავრჩებით, სინანულით,
მხურვალე ლოცვით.

ანო, ძაღლი ჯუნა და სიმღერა (საბავშვო ზღაპარი)

  ანოს სკოლაში სიარული ძალიან უყვარს, იქ ბევრ რამეს სწავლობს, წერა-კითხვა უკვე ისწავლა, ასამდე დათვლაც, ხატვასაც ასწავლიან, ბუნებასაც, მაგრამ სიმღერას არა, მასწავლებელი არ ჰყავთ, სოფლის სკოლიდან დიდი ხანია წავიდა, ახალი არა და არ მოდის. სიმღერა კი ანოს ძაღლ ჯუნას ძალიან უყვარს, სკოლის ეზოში ზის და მღერის ხოლმე, როცა ანო დაიძახებს "ა-ა-ა",  "ე-ე-ე", მერე "ი-ი-ი", "ო-ო-ო", ბოლოს "უ-უ-უ", სხვა ბავშვებმაც ხომ ისწავლეს ეს ხმოვნები, ისინიც იმეორებენ, ჯუნა მათაც აჰყვება ხოლმე და დგას სკოლის ეზოში "სიმღერა", ხან ბავშვები მღერიან, ხან - ჯუნა. მასწავლებლებს ხელი ეშლებათ გაკვეთილების ჩატარებაშიო, თქვა ბრაზიანმა დირექტორმა, დაუცაცხანა ბავშვებს და ჯუნასაც. გაბრაზდა "სიმღერა", ეს რომ გაიგო, უჩემოდ როგორ იქნებით, ვნახავო და სკოლა მიატოვა, აღარ ისმოდა სიმღერა არც სკოლის ეზოში და არც საკლასო ოთახებში. ყველამ მოიწყინა, მასწავლებლებმაც კი, ხანდახან "სიმღერა" თავს კი აბეზრებდათ, როცა გაკვეთილებს ხსნიდნენ, ხელი ეშლებოდათ,  მაგრამ უსიმღეროდ ყოფნა მეტისმეტი იყო.
    ერთ დღესაც მოწყენილმა ანომ გადაწყვიტა "სიმღერა" ეპოვა, სკოლიდან გამოვიდა და ჯუნასთან ერთად ტყისკენ გასწია, ჩიტები ხომ მღერიან, იქნებ მითხრან, "სიმღერა" სად ვიპოვოო. ჩიტებმა ტყის განაპირას ქოხზე მიუთითეს, იქ ცხოვრობს  "მუსიკა" თუ "სიმღერა", კარგად არ ვიცითო. მორიდებით დააკაკუნა კარებზე ანომ, კარები თეთრწვერა მოხუცმა გაუღო,"სიმღერას" ნამდვილად არ ჰგავსო, გაიფიქრა გოგონამ, ეგონა, "სიმღერა" ახალგაზრდა გოგო უნდა ყოფილიყო, მთლად გამოპრანჭული. შეიპატიჟა მოხუცმა ანო სახლში, ძაღლსაც მოუალერსა და ისიც შეიყვანა. გოგონამ ოთახის  კუთხეში დიდი შავი ყუთი შენიშნა, არც სახლში უნახავს ასეთი და არც სკოლაში, ნეტავ რა არისო, გაიფიქრა, მოხუცი თითქოს მიხვდა ანოს ფიქრებს, ყუთთან მიიყვანა, პიანინოაო, უთხრა, თავსახური ახადა, მიუჯდა და ულამაზესი ჰანგები გაიფანტა ჰაერში, რა ლამაზი ხმებიაო, გაიფიქრა, ამას მუსიკა ჰქვიაო, აუხსნა მოხუცმა, მაგრამ ეს სიმღერა არ იყო, მიხვდა გოგონა, ძალიან კი  ჰგავდა, მოულოდნელად მოხუცმა სიმღერაც ააყოლა მუსიკას, გოგონა გაოცებული უყურებდა მოხუცის თითებს, რომლებიც საოცრად ოსტატურად დარბოდნენ შავ-თეთრ კლავიშებზე, მასაც მოუნდა ასე დაეკრა მუსიკალურ ინსტრუმენტზე. მოხუცმა მუსიკალური ნოტებიც აჩვენა ანოს, შვიდი მუსიკალური ბგერა არსებობსო, აუხსნა, სიამოვნებით გაიმეორა გოგონამ "დო, რე, მი ფა, სოლ,ლა, სი", ჯუნაც აჰყვა, რასაკვირველია. "სიმღერა" ვიპოვეთო, გაეხარდა ანოს, მას მერე ანომ "სიმღერა" სკოლაშიც დააბრუნა და სახლშიც,  "მუსიკაც" მიაყოლა. მშობლებს პიანინო აყიდინა და ახლა პიანინოზე დაკვრას სწავლობს. ჯუნაც მასთან ერთად იმეორებს; "დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი...". სკოლაშიც მოიტანეს დიდი ლამაზი პიანინო, ოღონდ შავი არ არის, ყავისფერია, დირექტორიც მიხვდა, რომ "სიმღერის" და "მუსიკის" გარეშე არაფერი გამოვა. თეთრწვერა მოხუცი კი ყველას ასწავლის მუსიკას და სიმღერას, ვისაც მოუნდება, სკოლაში ხომ ახლა ისაა სიმღერის და მუსიკის მასწავლებელი.