Thursday, November 13, 2014

"მე დღეს წვიმამ დამაღონა"

"მე დღეს წვიმამ დამაღონა",
ვერ გავშალე ლხენით ფრთები,
ვერ ვუთხარი გამარჯობა
მზეს,რომელსაც შევცქერ კდემით,
ცრემლის ფარდა დაშვებულა,
დარდი ფიქრში ამერია,
ველოდები ბრჭყვიალა ბურთს,
მოოქროვილხალებიანს.

Wednesday, November 12, 2014

ბიჭი არის პატარა

და ვიღაცას აძლევენ ხელში დანას, გალესილს,
ვიღაცას კი, ხელებში ოქროს ფულებს უთვლიან,
პირველს, როგორც კაცისმკვლელს, ჩააგდებენ ცოდვაში,
მეორეს კი, ქვეყანას სასახელოდ უზრდიან.
მტყუანი და მართალი, საცალფეხო ხიდზე დგას,
გააგორებს კამათელს ჯოჯოხეთში სატანა,
ჯერ თუ არ შეგიტყვია, ვიღაცაზე იტყვიან,
აღარ უნდა ეშმაკსაც ამდენ ცოდვის ატანა.
დაიღალა სატანა, ადამის ძე-ჯერ არა,
თავს მოაჭრის კაცისმკვლელს,
თვითონ მკვლელი კი არა,
ბიჭი არის პატარა.

მეხმიანება ნოემბრის ქარი

პირქუში ზეცა მიმატებს სევდას,
მეხმიანება ნოემბრის ქარი, -
ცარიელ სახლში ჭრიალით მიხმობს,
აყრილ იატაკს ასკდება ზარით.
ძველ კიდობანში ვეძებდი სიტყვებს,
მითხრეს, არაა ახლა მოდაში...
დაკოჟრილ ხელებს მაშველებს, თითქოს, -
ბებო მიმზადებს ქათამს ტომატში.

დაჩოქილთ

კარებთან დამდგარა სიკვდილის აჩრდილი,
სიგარით ხელშია, არ უჩანს ტიარა,
გარედან ლეშია, შიგნიდან-ფიქრები,
მეგზურად, დარდივით, საქმეში მიახლა.
შეხედე, გვესვრიან, ტყვიები არ ყოფნით,
სეფექალთ მაგონებს მდუმარე ვერხვები,
ამ ბედმა, ტიალმა, დამადო იარა,
ახლა კი, უჩუმრად, წამართვა ნეკნები.
და ისევ აქა დგას სიკვდილის აჩრდილი,
დაჩოქილთ შესცქერის უსიტყვო ვედრებით,
მის თვალშიც იალა აისმა, დაისმა
და გვამი გამოაქვთ უკუღმა, ფეხებით.

Tuesday, November 11, 2014

ხელახალი გამოცდა (იუმორისტული მოთხრობა)

    სამოთხის კართან ბევრი ქალი შეკრებილიყო, ყველა ცდილობდა ჭუჭრუტანაში შეეხედა, ზოგიც ღობეებში ეძებდა ღრიჭოს, კაცები გვერდზე გამდგარიყვნენ და როგორც ყოველთვის, შორიდან უყურებდნენ სეირს. მეც ახალმისული ვიყავი, ყურადღება გავაფაციცე, რამე არ გამომრჩეს-მეთქი, მინდოდა გამეგო, რა ხდებოდა შიგნით, რამაც ასე ააფორიაქა  ქალები, ჯერ რომ არ გაემწესებინათ თავ-თავიანთ ადგილებზე. მეც მათ ამქარში ვიყავი, შიშით ვთრთოდი, მეშინოდა ჯოჯოხეთის, მაგრამ უცებ ყველაფერი გადამავიწყდა, ქალურმა ცნობისმოყვარეობამ მძლია და მივასკდი სამოთხის კარს, ჩოჩქოლსა და აურზაურში ჭუჭრუტანასთან მოვხვდი, ცალი თვალით მოვათვალიერე იქაურობა და რას ვხედავ, წალკოტში მხოლოდ ადამი და ევაა, შიშვლები, სწორედ ისეთები, ძველი მხატვრების ტილოებზე რომ მინახავს, თავი  სიზმარში მეგონა,
აგერ მივიდა ადამი ვაშლის ხესთან, წითელ-წითელი ვაშლები უცინოდა, მაგრამ შენც არ მომიკვდე, არც გაუხედავს იქით, ახლა ევა გაემართა იმ ადგილისაკენ, გაუღიმა ვაშლმა, არც ევამ გამოიჩინა ყურადღება, მივხვდი, რამაც ააფორიაქა ქალები, ჩვენი მომავალი ეჭვქვეშ იყო... იარსებებდა კი კიდევ კაცობრიობა?!  თვალი ისევ ვაშლის ხისკენ გავაპარე. ხის ტოტზე გველი გაწოლილიყო, მერე რა ლამაზი იყო ის წყეული, ჩემდა გასაკვირად ეშმაკი ვერსად დავინახე, სცენარის განვითარებას ველოდი. ნამდვილად კინოს იღებენ- მეთქი, ვფიქრობდი, მერე გამახსენდა, რომ სამოთხის კარზე ვიყავი აკრული და ბაღში ნამდვილი ადამი და ევა დასერნობდნენ, სულ შიშვლები.  ისევ ჭუჭრუტანაში შევიხედე, თუმცა დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ ადგილი შემენარჩუნებინა. ვხედავ ევასთან მიცურდა გველი, პირში უზარმაზარი ალმასი ჰქონდა გაჩრილი, მცურავმა თავბრუსდამხვევი სისწრაფით მიაწოდა ევას ბრჭყვიალა ქვა, არ მეგონა თუ ქალი ამ ,,ტრიუკზე" წამოეგებოდა, რაში სჭირდებოდა ნეტავ ამ ბაღ-ბოსტანში ეს ხორცის სამკაული, მაგრამ ჩემდა საუბედუროდ, ევამ საჩუქარი აიღო, უხერხულობაც კი არ უგრძვნია, სირცხვილის გრძნობა დამეუფლა ყველა ქალის მაგივრად, ვერ გაუძლო ცდუნებას სუსტმა სქესმა!
     კვლავ მოვლენების განვითარებას დაველოდე, ყველა იქმყოფ ქალთან ერთად, ეს ჩვენი გამოცდა იყო!.  ახლა ვაშლი გაუწოდა ევამ ადამს და იმანაც ჩაკბიჩა ის, ოხერი, ვეძახოდით ადამს, არ შეეჭამა, მაგრამ ვინ გისმინა,მივხვდი რომ ადამმა და ევამ, შეიძლება სხვა სახელებიც დავარქვათ, ვერ გაუძლეს ხელახალ გამოცდას, ჩვენი არსებობა ეჭვქვეშ აღარ დამდგარა, მაგრამ ღირდა ამად? ისევ ჩემს ნაჭუჭს დავუბრუნდი და განაჩენს დაველოდე,

Friday, November 7, 2014

შენ ხარ ამქვეყნად ყველაზე კარგი

შენ ხარ ამქვეყნად ყველაზე კარგი,
სხეულს დააკლდა ზაფხულის სითბო,
მე უშენობის ვერ ვიკლავ წადილს,
შემოდგომის სუსხს ცრემლებით ვიხმობ.
ვფიქრობ, შენ ჩემზე ბევრად უკეთეს
ბედს იმსახურებ და გეტყვი: წადი!
პირში ვიგრძენი წარსულის სიტკბო,
გული დამზრალა ფარული დარდით.


Thursday, November 6, 2014

როგორ გითხრა (სიმღერა)

როგორ გითხრა, რომ მსურხარ და მენატრები,
როგორ გითხრა ჩემი გულის დარდები,
შენ ცაში ხარ, ანგელოზებს ედარები,
მე ეშმაკთან შემიკვრია ტანდემი.
ლურჯ ცაში ხარ შენ ვარსკვლავად, დაკიდული,
მე კი ბნელმა ჩამიღამა თვალები,
როგორ გითხრა, მიყვარხარ და მენატრები,
ჯოჯოხეთის კოცონს ვერ ვემალები.