Wednesday, July 17, 2024

თუ არ გჭირდები!

 თუ არ გჭირდები, შენზე ფიქრებს 

მოვუღებ ბოლოს,

გადაძახილსაც, ხიდან ხეზე 

ჩიტებს რომ დააქვთ,

ნურაფერს მეტყვი, დამაცადე,  

ბედ-იღბალს ვგლოვობ,

ჩემს  სიყვარულზე მოვუყვები 

რიონს და არაგვს.

ბაბუაწვერას თუ არ მისცეს 

ფრენის უფლება,

თუ კი სიხარულს არ მიუტანს, 

ვისთვისაც ცოცხლობს,

დაიფანტება ამქვეყანად 

ფაფუკ გულებად

თავისას არა, სხვის სატკივარს 

უწამლებს მხოლოდ.

თუ არ გჭირდები, შავი ყვავი 

იქნება მაცნე,

ან ყურს დავუგდებ ჩემს ეზოში 

მყეფარე ქოფაკს,

დაე, ეგ გული სიხარულით 

შენ გქონდეს სავსე,

მე შემოვიხვევ მწუხარების 

ძოწისფერ ქობას..


No comments:

Post a Comment