Monday, July 1, 2024

,,ხორნაბუჟში" გაგზავნილი ლექსები

 

მგელს!

 

ვერ გაგხადეს შენ დარაჯი ეზოს,

უწვრთნელია, ვიცი, შენი ჯიში,

მგელი იყო, ძაღლზე უთქვამთ, ერთ დროს,

არა მჯერა, თუნდაც დამცენ მჯიღი.

საყელური დაიმშვენა ძაღლმა,

კუდის ქიცინს არ ეშვება ახლაც,

ოღონდ იყოს თბილადა და მაძღრად,

იხტუნავებს ცირკში მაღლა-მაღლა.

შენ კი მგელო, არ მიიღებ ლუკმას,

არამს, კუთვნილს ღატაკის და ობლის,

რა ვუთხარი დროს, უჟმურს და  უკმარს,

ფეხაკრეფით ქვეყნად მიდი-მოდის.

შეგამჩნიეს, თავს აფარებ არტანს,

ადამიანს, როგორც ეშმაკს უფრთხი,

არ დანებდე, ჩემს იმედებს გატან,

თორემ კაცთა  გაგიმზადეს ყულფი.

მაია დიაკონიძე

26.02.2024 წელი

 

ნუ შეახოცავ ცოდვიან ხელებს!

 

ნუ შეახოცავ გასისხლულ ხელებს

ერს, სიყვარული რომ მოგცა დიდი,

კიდევ სად ნახავ ფირუზის ხეებს,

სად ნახავ, როგორ ყვავილობს შინდი.

სად ნახავ ლურჯ ცას, ან ცას იისფერს,

სად ნახავ ამდენ ვარსკვლავს და მნათობს,

ეს უკვდავების ნიშნად მიიღე,

შენი სამშობლო თავის თავს განდობს.

ნუ გაუმტყუნებ დედას იმედებს,

მიხედე შენს სისხლს, ჯიშსა და გვარტომს,

თორემ სიცოცხლის ბოლო სიკეთედ,

აქ სიკვდილს ყველა ქართველი ნატრობს.

მაია დიაკონიძე

2.05.2024 წელი

 

მე რას მერჩოდი, მურადა!

 

მე რას მერჩოდი მურადა,

ამ სისხლს ურევ და  აოტებ,

რად ზიხარ, მითხარ,  ძმურადა,

ამ სოფლის სასაფლაოზე.

აქ არც მომსვლელი არა ჩანს,

აღარავინ ხნავს ალოებს,

არვინ უგზავნის ყაბაჩას

ამ სოფლის საპატარძლოებს.

აღარც ზარების ხმა ისმის,

აღარც დალოცვა ხევისბრის,

აღარც ჭახუნი სასმისის.

აღარც ცხენებით შეჯიბრი.

ძაღლო, კაცის ძეს რა მიყავ,

ქცეულხარ სოფლის მცველადა,

შენ ხომ მაშინაც აქ იყავ,

მამა ბალახს რომ ცელავდა.

მაია დიაკონიძე

25.06.2024 წელი

 

ეძღვნება თენგო ავსაჯანიშვილის ხსოვნას

ვოიო!

(დატირება)

 

ვოიო, მჯიღებს დაიცემენ ბებერი მთები,

ყაყაჩოები მოიხვევენ ნისლების თავშალს,

გასაცილებლად ამოვლიან ახალუხლები,

დაიწყევლიან გაჩენის დღეს და ამ დროს აშარს,

ვოიო, სიმწრით მოიხდიან ფაფახებს ძველნი,

-სიკვდილს რა უნდა შენთანაო, -გეტყვიან, - ბიჭო!

და თან წაგიყვანს შენ უფალი მზრუნველი ხელით,

რომელიც თავზე დაგადო და წყალობა გიყო.

მაია დიაკონიძე

4.06.2024 წელი

 

რომ ვარ ქართველი!

 

რომ ვარ ქართველი,

ჩემი ენა არის ქართული,

სხეული - ვაზი,

სისხლძარღვებად გადახლართული,

ვიზრდები ცამდე,

ქარვისფერი მტევნით ვივსები,

ვმაჭრდები, ვმღერი, ლურჯ

ცას სწვდება შხეფი - ისრები,

გავა ხანი და ძირძველ

ღვინოდ გადავიქცევი.

სიყვარულისთვის ღმერთმა მომცა

ღონე და ძალა,

რომ აგიტანო მზესთან ახლოს,

ღრუბლებზე მაღლა.

არ მიღალატო ოღონდ სისხლო,

ჯიშო, ჯილაგო,

რომ თეთრ ღრუბლებში

არწივივით შევკრა ირაო.

რომ ვარ ქართველი,

ჩემი ენა არის ქართული,

სხეული - ვაზი,

სისხლძარღვებად

გადახლართული,

იმიტომ ვდგავარ ზეცისაკენ

ხელამართული.

მაია დიაკონიძე

18.04.2024 წელი

 

შენ არაგვივით მოჰყეფდი!

 

შენ არაგვივით მოჰყეფდი,

მე მტკვარსა ვგავდი ფიქრიანს

და მხოლოდ სვეტიცხოველთან

ერთად ყოფნობამ გვიწია.

 

შევერთდით გულაჩვილებით,

შენ - ონისე, მე - ძიძია,

თავსაც კი მოგაშვილებდი,

ოღონდ არ გეთქვა: - სხვისია.

 

ოღონდ სულ შენთან მეთია,

გვხუროდა ცა ვარსკვლავების,

მაგრამ ცხოვრება მეტია,

ვიდრე მოხვევნა მკლავების.

მაია დიაკონიძე

23.06.2024 წელი

 

ქალი-ვაზი

 

ქალი და ვაზი, ქალი - მტევანი,

ის სიტკბოება მხოლოდ როდია,

გამოიარეს ტანჯვაც, დევნანი

და სამოთხიდან ერთად მოდიან.

ქალი და ვაზი, ქალი - მტევანი,

გადმოდიოდა გალობად, ოდად,

ისტორია და დიდი ძლევანი,

ვფიქრობ, ქალისთვის იწერებოდა.

მაია დიაკონიძე

7.06.2024 წელი

 

იმან გამალამაზა!

 

მეუბნები: ,,ვერ გავიგე,

ქალი ხარ თუ ავაზა?!"

წელზე ხელი რომ მომხვიე,

იმან გამალამაზა.

სიყვარულის ცეცხლი დამკარ,

მეძახი ნაზს, ლამაზსაც,

ყაბაჩა რომ მისახსოვრე,

იმან გამალამაზა.

 

,,მთის ქალს ჰგავხარ" - მიმეორებ

და მეძახი აღაზას,

თერგს აქეთ რომ გადმოხვედი,

იმან გამალამაზა.

 

ყვავილების თაიგული

დავიჭირე ანაზდად,

შიგ ფეთქავდა შენი გული,

იმან გამალამაზა.

მაია დიაკონიძე

1.06.2024 წელი

 

რა დროა და...

 

რა დროა და... სიყვარულის,

რა დროა და... აღმაფრენის,

შესევია კვირტი ქუჩას,

აღარ რჩება ჟამი თმენის.

აფეთქდება ალუბალი

და თეთრ კაბას დაიმშვენებს,

მე ისეთ კაცს რა ვუთხარი,

გულის მურაზს სხვაგან ეძებს.

ვაზი ტირის ვით მოხუცი,

რომ უყურებს ბადიშს თვისას,

მოგვიმრავლდეს ქორწილები,

ქართველთ მოდგმის, ასულ-ძისა.

რა დროა და... სიყვარულის,

რა დროა და... აღმაფრენის,

შესევია კვირტი ქუჩას,

გულისგულში სატარები.

მაია დიაკონიძე

28.02.2024 წელი

 

***

 

განა ფანტომებს ვხედავ მარტო მე,

მისჩერებიათ ათასი თვალი, —

ხლეჩენ ამ მიწას, როგორც ატომებს,

და დედამიწას იპყრობენ ძალით.

მე, როგორც ბავშვი მზესთან ვთამაშობ,

მისი ძალების ზღაპრით ვიწამე,

თქვენც მზეობანას თამაშს გთავაზობთ,

სანამ აქა ვართ, დედამიწაზე.

მაია დიაკონიძე

6. 02.2024 წელი

 

შორია ბარისახომდი

(სიმღერა)

 

შენს გულისცემას ვუსმენდი,

შენთვის ვცხოვრობდი, ვლაღობდი,

შენამდე ვეღარ მოვედი,

შორია ბარისახომდი.

ამ დროში გადაგავიწყდი,

ზღვა გადმოვიდა ნაპირებს,

ჭექა-ქუხილიც ამტყდარა,

გაწვიმებასაც აპირებს...

ეს ჩემი დღენი გავლიე

შენზე ფიქრსა და ნდომაში,

ბალღამიც ბლომად დავლიე,

საწუთისოფლო ბორგვაში.

შენს გულისცემას ვუსმენდი,

შენთვის ვცხოვრობდი, ვლაღობდი,

შენამდე ვეღარ მოვედი,

შორია ბარისახომდი.

მაია დიაკონიძე

13.07.2023 წელი

 

შენ, სევდისფერო ლეგა ღრუბელო!

 

შენ, სევდისფერო ლეგა ღრუბელო,

რად არ ჩამივლი გვერდით,

თითქოს ცხენი ხარ მთაში უბელო,

ნისლებს მიარღვევ მკერდით.

 

ხან დამაწვიმებ, ცრემლებს დამადენ,

ხან კი ღიმილით მავსებ,

მინდა ვეძებდე წვეთში ამარტებს

პატარა ბავშვსა ვგავდე.

 

სულში ნოტიო წვება ამინდი,

მერე დადგება გვალვა,

ჩემი სურვილი ყველა ცად მიდის,

ვით ტანაყრილი ალვა.

 

შენ სევდისფერო ლეგა ღრუბელო,

რად არ ჩამივლი გვერდით,

თითქოს ცხენი ხარ მთაში უბელო,

ნისლებს მიარღვევ მკერდით.

მაია დიაკონიძე

17.06.2024 წელი

 

შორენას ბედი                                  

 

მფრინავ პეპელას რა უნდა ნეტავ?!

წოვოს ყვავილის ტკბილი ნექტარი,

ეწიოს ფიქრებს ნაზსა და ნეტარს,

როგორც ასული ციხე კვეტარის.

 

და თუ გაფრენაც იქნება ბოლო,

ხანმოკლე არის სიცოცხლე პეპლის,

ნუ აღმოჩნდება ეს ფრენა ოღონდ,

გაზიარება შორენას ბედის.

მაია დიაკონიძე

27.06.2024 წელი

 

დღეიდან...

 

დღეიდან ჩემს გულს ვხურავ და ვკეტავ,

ან რა ყოფილა ერთი ავტორი?!

რამდენი ხანი გავუძლებ ნეტავ,

არ მოვისმინო ლუი ამსტრონგი.

 

აღარ ვიკითხო ჟორჟ სანდი, კაფკა,

ჩამოვიშორო ყველა საცდური,

მივხედო მიწას, ყანას და სამკალს,

დავწურო ღვინო - ალადასტური.

 

რით ნაკლებია ,,შენ ხარ ვენახი",

ანდა ,,ნადური", ანდა ,,მთიბლური",

ჩემი წინაპრის - დიდ მეინახის,

მსურს მოვისმინო ჰანგი ციური.

მაია დიაკონიძე

17.06.2024 წელი

 

მევენახეს!

 

გადამიწვინე შენს მკლავზე,

გამსხალ, ამხვიე, დამფურჩნე,

მოგყვები მეც შენს ნებაზე,

ოღონდ ღიმილი მაჩუქე.

შემომიბარე, მოვირგო,

ვიგემო მადლი მიწისა,

მზემ რომ სხივები მომფინოს,

დილაადრიან მიცდისა.

მერე მტევნებად დამწურე,

შენთვის დავდგები ქადაგად,

შენი სიკეთე მასხურე,

პირს ჩაგეწურო ბადაგად.

მაია დიაკონიძე

20.03.2023წელი

 

     ***

 

რამდენი ვარდი არსებობს,

რამდენი სიტყვა სეფე,

მაგრამ რატომღაც ერთიც კი,

ჩემთვის ვერ გაიმეტე.

რამდენი სურვილი მქონდა,

ცარცით ვაწერდი კედელს,

მაგრამ ახდენა ერთისაც

ჩემთვის ვერ გაიმეტე.

მაია დიაკონიძე

27.06.2024 წელი

No comments:

Post a Comment