დიდების და პატარების ქვეყანა
(ესსე)
როგორია დიდების, ანუ ჩვენი ქვეყანა, და ბავშვების ქვეყანა? ჩვენ ერთსა და იმავე სამყაროში ვცხოვრობთ, მაგრამ მას სხვადასხვაგვარად აღვიქვამთ. ისე, როგორც სხვადასხვაგვარად ხედავენ ქვეყანას ბუზი და ფუტკარი.
ერთი აღმოსავლური იგავი მახსენდება: ბუზს რომ ჰკითხოთ, როგორი არის დედამიწა, გიპასუხებთ, რომ ყველგან ჭუჭყი, ნაგავი და სიბინძურეა. ფუტკარს თუ ჰკითხავთ, გეტყვით, რომ ქვეყანა ყვავილებით, სურნელითა და ტკბილი ნექტრით არის სავსე. სინამდვილეში არც ერთი ტყუის. ისინი იმას ხედავენ, რასაც ეძებენ.
ბავშვებიც სწორედ ასე უყურებენ სამყაროს. მათთვის ეს ქვეყანა საოცრებათა სამყაროა. ახარებთ ფერადი ბუშტები, ცაში რომ მიფრინავენ, ღამით ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, რომელშიც თავიანთ ვარსკვლავს ეძებენ, ბალახზე მოციმციმე ცვარი, წვიმის შემდეგ წარმოქმნილი გუბეები და ტალახიც კი, რომელშიც სიამოვნებით ამოიგანგლებიან. უყვართ ნაყინის გამყიდველი ქალი და სულაც არ აინტერესებთ, ლამაზია თუ არა, ძვირად აცვია თუ მოკრძალებულად — მათთვის მთავარი ის არის, რომ ადამიანს სიხარული მოაქვს. გულს სტკენთ, როცა ძაღლს ან კატას სცემენ, ხოლო დიდების ყვირილისას ყურებზე ხელებს იფარებენ, რადგან მათთვის სიკეთე და სიმშვიდე ბუნებრივი მდგომარეობაა.
დიდებს კი ხშირად ავიწყდებათ ზემოთ ახედვა. ისინი საათს დაჰყურებენ, ბავშვები კი — ღრუბლებს. დიდები დროს ითვლიან, პატარები კი ღრუბლებში ხან გემს ხედავენ, ხან ციხესიმაგრეს, ხანაც ზღაპრულ არსებებს. დიდებს წვიმაში დასველების ეშინიათ, ბავშვები კი წვიმის წვეთებს ხელისგულებით იჭერენ. ერთნი ყველაფერს სარგებლიანობითა და ფასით ზომავენ, მეორენი კი აფასებენ იმას, რასაც ფასი ზოგიერთის თვალში თითქმის არ აქვს – ღიმილს, ჩიტის გალობას, მეხრის შეძახილს, ზღაპარს, მეგობრობას.
ტყუილად კი არ ამბობდა ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის პატარა უფლისწული, რომ დიდები უცნაური ხალხია. ისინი ვარსკვლავებს მხოლოდ რიცხვებად აღიქვამენ, სახლს — ფასით აფასებენ, ადამიანს კი ხშირად მისი მდგომარეობითა და თანამდებობით. ბავშვები ჯერ კიდევ გულით ხედავენ სამყაროს. ამიტომ მათთვის ერთი უბრალო ყვავილიც შეიძლება მთელი სამყაროს ტოლფასი იყოს.
ალბათ ამიტომაც არ უნდოდა ჯეიმზ მეთიუ ბარის პიტერ პენს გაზრდა. მას არ სურდა დაეკარგა გაოცების, ოცნების და სიკეთის რწმენის უნარი. არც ალისა აღმოჩნდა შემთხვევით საოცრებათა ქვეყანაში: ლუის კეროლმა სწორედ ბავშვური წარმოსახვის უსაზღვრო ძალა გვაჩვენა, სადაც ყოველი დღე ახალი აღმოჩენაა, ყოველი ბილიკი კი — უცნობი თავგადასავალი.
არც ქართველ მწერლებს დავიწყებიათ ბავშვობის ქვეყანა. ისინი ხშირად უბრუნდებოდნენ იმ წლებს, როცა ბუნების ყოველი ხმა, ყოველი ყვავილი და ყოველი ზღაპარი ცხოვრების დიდ აღმოჩენად ეჩვენებოდათ. ამის ნათელი მაგალითია აკაკი წერეთლის „ჩემი თავგადასავალი“, სადაც ბავშვობის მოგონებები სითბოთი, იუმორითა და სინაზით არის გაცოცხლებული. პატარა აკაკი სამყაროს ცოცხალი და ხატოვანი შედარებებით აღიქვამს. სასახლეში პირველად მისული საკუთარ თავს ბუს ადარებს, გარშემომყოფებს კი — ჩხიკვებს: „ისე მეხვეოდნენ გარს, როგორც ჩხიკვები ბუს“. ეს შედარება სწორედ იმ უშუალო და ფერადოვანი ხედვის გამოხატულებაა, რომელიც ბავშვობის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია.ნოდარ დუმბაძის, რევაზ ინანიშვილის, ჯემალ ქარჩხაძის და სხვათა შემოქმედებაც ბავშვობის შუქითაა განათებული.
ალბათ ასაკის მატება გარდაუვალია, მაგრამ ბავშვობის დაკარგვა — არა. შეიძლება გავიზარდოთ და მაინც შევინარჩუნოთ გაოცების უნარი, სიკეთის რწმენა და სამყაროსადმი გახსნილი გული.
ნუ დავემსგავსებით იმ ბუზს, რომელიც მხოლოდ სიბინძურეს ამჩნევს. შევინარჩუნოთ ფუტკრის მზერა, რომელიც ყველგან ყვავილსა და ნექტარს ეძებს. მაშინ დიდების ქვეყანაც ბავშვების ქვეყანას დაემსგავსება, ხოლო ჩვენი ყოველდღიურობაც უფრო ნათელი, თბილი და ბედნიერი გახდება.
მაია დიაკონიძე
No comments:
Post a Comment