Sunday, July 26, 2026

გუდის ყველი (მოგონებებიდან)

 გუდის ყველი

ჩემს ოჯახში ყველის სახეობებიდან, დედას სულგუნი უყვარდა, მამას - იმერული, მაგრამ მე გუდის ყველი შემიყვარდა იმ დღიდან, ჩემი მეგობრის სოფელში, ბოდბისხევში, რომ გავსინჯე. სკოლის მოსწავლე ვიყავი და კლასელმა დამპატიჟა ბებო-პაპასთან კახეთში.
ჩააცხობდა ლამარას ბებია დიდ თონეში პურებს, ამოყრიდა, გუდის ყველს დაგვაჭერინებდა ხელში და ისე გემრიელად ვჭამდით, თითქოს ამაზე ღვთიური საჭმელი არ მოუგონია კაცობრიობას. ეს სიყვარული ჩემს ბიჭსაც გამოყვა და ბავშვი რომ გამეხარებინა, ნავთლუღის ბაზარში დავდიოდი მის საყიდლად. ისე დიდი უჭმელი ვინმე გახლდათ და ეგებ, რამე შეჭამოს-მეთქი.
იცით, რა სუნი აქვს გუდის ყველს, ამიტომ 5 პარკში მაინც ვახვევინებდი ხოლმე გამყიდველს. მეტროთი თუ წამოვიდოდი სახლში, არა უშავს, ვაგონი მაინც დიდია და ეს სპეციფიკური სუნი ისე არ იგრძნობოდა. აი, ავტობუსში და სამარშრუტო ტაქსiში უფრო ცუდად იყო საქმე. და ერთხელაც სამარშრუტოში ავედი. ვინც ამოდიოდა, ყველა ცხვირზე იჭერდა ხელს. მძღოლის უკან ვიჯექი და განსაკუთრებით შეწუხდა. ბოლოს გავუმხილე, გუდის ყველი მიმაქვს მეთქი სახლში. მეგრელი აღმოჩნდა, თან იცინა, თან ირონიულად მითხრა: შენნაირ ქალს, გუდის ყველი რომ უყვარს, სახლში როგორ გავაჩერებდიო.

No comments:

Post a Comment