ავტობუსში
(ჩანახატი)
ავტობუსში ძლივს ავედი, მოხუცი ქალი გადაგვიდგა წინ, ადგილებს არჩევდა, ხან აქეთ სცადა დაჯდომა, ხან - იქით. ჩვენ დანარჩენები ვდგავართ და ველოდებით, როგორც იქნა, დაჯდა, ამოვისუნთქეთ, ავტობუსში გადავიჩოჩეთ შუისკენ, თავისუფალი სკამები აღმოჩნდა. დავსხედით. გვერდზეც ქალბატონი მიზის, წინაც - ქალბატონები. ქალი ამოვიდა ძალიან დაღლილი სახით, წინმჯდომარე ქალბატონი წამოხტა, ადგილი დაუთმო. ახალდამჯდარს ისეთი ნაღვლიანი სახე ჰქონდა, ისეთი სასოწარკვეთილი, მინდოდა მეკითხა: - ქალბატონო, ცუდად ხომ არ ხართ, რამე ხომ არ გიჭირთ?! - მომეჩვენა, სუნთქვა უძნელდებოდა. დავფიქრდი, ჩანთაში არანაირი წამალი არ მქონდა, თავი შევიკავე, რამე მეთქვა, თან ვიფიქრე, უხერხულობაში არ ჩავაგდო მეთქი. მხრებში მოხრილი, ტვირთით ხელში თავჩაქინდრული ჩავიდა დინამოსთან. ქალბატონი, რომელმაც ადგილი დაუთმო, ისევ დაჯდა. ახლა ხანშისესული მამაკაცი ამოვიდა, ისევ წამოხტა, ადგილს უთმობდა, მაგრამ იმან სასტიკი უარი განაცხადა. თქვენ იჯექითო. როცა იდგა ეს ქალბატონი, არადა არც ის იყო ახალგაზრდა, ლარივით იყო გამართული. საათივით არის მომართული ზოგიერთი ადამიანი, რომ სხვებს დაეხმაროს ახლა დამჯდარი ჩვენ თვალწინ მოიღვენთა. შევამჩნიე, ხელები, მკლავები დამწვრობის ნაწიბურებით ჰქონდა დაფარული. ახლა მისთვის მომინდა მეკითხა, სად დაიწვით მეთქი. ისევ თავი შევიკავე. იქნებ, არც უნდოდა, ის ამბავი გაეხსენებინა, როცა ხანძარში მოხვდა. ამ გარეგნულ ხინჯს მისი მშვენიერი სული არ დაეზიანებინა. ყოველ წუთში მზად იყო მოყვასის დასახმარებლად. ასეთი კეთილშობილი ადამიანების მხრებზე დგას სამყარო.
მაია დიაკონიძე
16.07.2026 წელი
No comments:
Post a Comment